close
აქართველო

„ეპიდემიური მდგომარეობაა“ — თბილისში ძაღლებში ჭირის ვირუსის შემთხვევებმა იმატა

2B113745-275A-43C1-A7AF-E4DCA9B04250_w1023_r1_s

თბილისში ცხოველის ჭირის ვირუსის აფეთქებაა – ვეტერინარები, მეპატრონეები და აქტივისტები ამბობენ, რომ მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება სწრაფად ვრცელდება როგორც ქუჩის, ასევე შინაურ და ხშირად, ვაქცინირებულ ძაღლებში.

„როგორც კორონავირუსის პანდემია გვაქვს, ზუსტად ასე გვაქვს პანდემიური მდგომარეობა დაავადებების, რომლებიც ჭირის მსგავსი კლინიკური მახასიათებლებით მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით“, – ამბობს წვრილ ცხოველთა ვეტერინართა ასოციაციის ხელმძღვანელი, მარიკა ჩხიკვიშვილი.

თეკლე კერესელიძემ დიდი ხნის ოცნება აისრულა, როცა დედა დაითანხმა უსახლკარო ძაღლის აყვანაზე. ცხოველი ფოტოთი აარჩია თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ძაღლი ახალი მიყვანილი იყო.

„დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ ჩემი იყო“, – უყვება თეკლე რადიო თავისუფლებას. 12 დღე გავიდა და 1,3 წლის ძაღლს პატრონი არ გამოუჩნდა. დეკემბრის ბოლოს მიო უკვე თეკლესთან ცხოვრობდა.

„თავშესაფრიდან დამირეკეს – გავუკეთეთ სტერილიზაცია, ჯანმრთელია და შეგიძლიათ წაიყვანოთო“, – ამბობს თეკლე და განაგრძობს: „თავიდან თითქოს კარგად იყო. 2-3 დღე თამაშობდა კიდეც. ვეტერინართან რომ წავიყვანე, შემომთავაზა, ჭირზე ავიღოთ ტესტი, იმიტომ რომ ძალიან მოდებულიაო. გავუკეთეთ და დაუდასტურდა. არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდა, ძალიან უცაბედი იყო ჩემთვის“.

ვირუსის დადასტურებიდან მალევე მიოს დაეწყო მშრალი ხველა, გამონადენი თვალებიდან. შემდეგ ეპილეფსიური შეტევები. სიცხეებიც ჰქონდა. ძაღლს ასმევდნენ ანტიბიოტიკს, ორჯერ გაუკეთეს გადასხმა, 3 დღეში ერთხელ კი წვეთოვანს უკეთებდნენ. თუმცა 15-დღიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და მიო ჭირმა იმსხვერპლა.

თბილისში, ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, უსახლკარო ცხოველები 2015 წელს დათვალეს – მათი რიცხვი 43 000-ს აჭარბებდა. ორგანიზაცია ACT-ის 2017 წლის კვლევით, თბილისის მოსახლეობის 20%-ს ჰყავს შინაური ცხოველი ან ფრინველი. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია ძაღლი (60%).

ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ჭირის შემთხვევებზე თბილისის ვეტერინარულ კლინიკებში მიმართვიანობა გასული წლის სექტემბრის შემდეგ იზრდება. წვრილ [შინაურ] ცხოველთა ვეტერინართა ასოციაციის ხელმძღვანელი, კლინიკა „ვეტექსის“ ექიმი მარიკა ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ დღეში მინიმუმ სამ ძაღლს ტესტავენ ჭირზე, რაც „ერთი კლინიკისთვის ბევრია“. მისივე თქმით, ახალმა შემთხვევებმა იმატა სხვა კლინიკებშიც. სიტუაციას ართულებს ის, რომ წელს ჭირი ვაქცინირებულ ცხოველებშიც ხშირია, რაც, სავარაუდოდ, ახალი შტამის გაჩენაზე მიუთითებს, რომელიც ვაქცინაზე ძლიერია.

საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში ჭირის ვირუსის გავრცელებაზე ოფიციალური ინფორმაცია თითქმის არ არის.

რთული და ხანგრძლივი მკურნალობა

ხორცისმჭამელთა ჭირი არაპროგნოზირებადი ინფექციური დაავადებაა. ცხოველი შეიძლება ვერ გადარჩეს ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაშიც. ჭირის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია და შესაძლოა, საჭიროებდეს ძაღლის 4 თვემდე იზოლაციას.

ჭირს აქვს რამდენიმე ფორმა – ერთი ხასიათდება ხველით, ცხვირიდან და თვალიდან გამონადენით. არსებობს ჭირის ნერვული ფორმა, ასევე, ნაწლავური – რომლის დროსაც ცხოველს ფაღარათი და გულისრევა ეწყება.

ავგუსტი თვალებიდან გამონადენით
ავგუსტი თვალებიდან გამონადენით

ჭირის მკურნალობის პროტოკოლი არსებობს, მაგრამ სქემას ვეტერინარები ინდივიდუალურად ადგენენ. მარიკა ჩხიკვიშვილის თქმით, ჭირის მკურნალობაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ვეტერინარი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ყოველთვის იარსებებს რისკი არასრულფასოვანი მკურნალობის, რაც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს.

მეპატრონეებისა და აქტივისტების თქმით, საქართველოში უამრავი არაკეთილსინდისიერი ვეტერინარია, რომლებიც უხარისხო ვაქცინებს იყენებენ და არასწორი სქემებით ხელმძღვანელობენ.

„ჩვენი ვეტერინარები მოძველებული მეთოდიკით მკურნალობენ. მათ არ აქვთ ახალი ინფორმაცია. შეიძლება მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ამართლებდა, მაგრამ დღევანდელ შტამებს ძალიან მაღალი სიკვდილიანობა აქვთ“, – ამბობს ნანა ბუხსიანიძე, მეპატრონე. მისივე თქმით, ჭირის ყველაზე რთული ფორმის დროს არ შეიძლება იმუნიტეტის გაძლიერება, არადა, ქართველი ვეტერინარები ხშირად იმუნოსტიმულატორებს იყენებენ.

მაკა მანდარიამ და აბი ჩაგუნავამ უსახლკარო მეტისი ქუჩიდან გასული წლის აგვისტოში აიყვანეს და ავგუსტი დაარქვეს. გამოხატული სიმპტომების მიუხედავად, მათ ვეტერინართან რამდენიმე ვიზიტი დასჭირდათ იმისთვის, რომ ავგუსტისთვის ჭირის დიაგნოზი დაესვათ.

„მკურნალობის დაწყებიდან უფრო გაურთულდა. დაეწყო კრუნჩხვები, დღეში 3-4-ჯერ“, – ეუბნება მაკა რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: „ჭირი პროგრესირებდა და ძაღლსაც ახალი “წიკები” დაეწყო, მაგალითად, თვალის პაჭუნი“.

ავგუსტი

აბის თქმით, მოგვიანებით, ფეისბუკით მიაგნეს ადამიანებს, რომელთაც მართალია ვეტერინარის კვალიფიკაცია არ აქვთ, თუმცა ძალიან გათვითცნობიერებულები არიან. მათი დახმარებით, ავგუსტი დღეს კარგად გრძნობს თავს.

მკურნალობის პროცესში მაკა და აბი კიდევ ერთ პრობლემას შეეჩეხნენ – ავგუსტისთვის საჭირო მედიკამენდები ან ვერ იშოვეს, ან რეცეპტი დასჭირდათ.

„ნერვულ ფონზეც ფსიქოტროპულების დამატება მოგვიწია ძაღლისთვის, თუმცა, მაგალითად, „კლონაზეპამი“ ვერ ვიყიდეთ, რადგან რეცეპტი სჭირდება“, – ამბობს აბი.

აფთიაქებში არ იძებნება „რიბავირინი“, რომელიც ჭირის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მედიკამენტად ითვლება. ვეტერინარიაში ზუსტად იგივე მედიკამენტები გამოიყენება, რასაც ადამიანები მოიხმარენ.

როგორ აფეთქდა ჭირის ვირუსი?

ჭირის ვირუსი მსოფლიოს ყველა წერტილში არსებობს. განსაკუთრებით გავრცელებულია რუსეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში. ნაკლებად – ევროპაში.

ჭირი მარტივად ვრცელდება – ცხოველიდან ცხოველზე შეიძლება გადავიდეს თამაშით, ხველებით, ცემინებით. ვირუსი შეიძლება ჩარჩეს ნიადაგშიც, ექსკრემენტებში. ქალაქში ჭირი შეიძლება გავრცელდეს გარეული ცხოველებისგან, რომლებიც თბილისის შემოგარენში მრავლად არიან. ძაღლს ჭირი შეიძლება გადასდოს ადამიანმა, რომელსაც შეხება ჰქონდა დაავადებულ ცხოველთან და არ დაიბანა ხელები, არ გამოიცვალა ტანსაცმელი. ჭირი ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის.

„პროექტი ცხოველებისვის“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჭირი მონადირე ძაღლებს შემოაქვთ ქალაქში.

„მონადირეებში არის მითები, თითქოს, მაგალითად, აცრები ძაღლებს ყნოსვას უქვეითებს. ანტივაქსერთა მოძრაობა ისევე არის ცხოველების მეპატრონეებში, როგორც ადამიანებში, შეიძლება უფრო ძლიერადაც კი. შარშან იყო ცოფის გავრცელების 6 შემთხვევა, საიდანაც 5 პატრონიანი მონადირე ძაღლი იყო, რომელმაც [დაავადება] მოიტანა ველიდან“, – ამბობს ქეთა.

„ქუჩის ცხოველების დადანაშაულება არაფრით არ შეიძლება. ეს არის ადამიანების პასუხისმგებლობა და ძალიან ბევრი მეპატრონე შეიძლება არ ცრიდეს ძაღლს“, – ამბობს მარიკა ჩხიკვიშვილი.

თუმცა მეპატრონეები, აქტივისტები თუ ვეტერინარები ჭირის მასშტაბური გავრცელების მთავარ კერად თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ასახელებენ. მათი თქმით, თავშესაფარში არ იცავენ დეზინფექციის სტანდარტებს.

„ერთი და იმავე ვოლიერებში შეჰყავთ-გამოჰყავთ, შუალედებში კი დეზინფექცია არ ხდება. ახლა რომ გაატანო სტერილიზაციისთვის ძაღლი, 100%-ით დაავადებული მოჰყავთ უკან ჭირით, ენტერიტით ან ვოლიერულით“, – ამბობს ქეთა გაბუნია.

თავშესაფარში ამტკიცებენ, რომ ვოლიერიდან ყოველი ცხოველის გასვლის შემდეგ ატარებენ დეზინფექციას, დღეში ორჯერ კი – მთელ დაწესებულებაში.

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი მოვალეობაა ჰუმანური გზით ცხოველების პოპულაციის მართვა – თავშესაფარში გადაყვანა, კასტრაცია-სტერილიზაცია და შემდეგ აყვანის ადგილზე დაბრუნება. თავშესაფარში ამბობენ, რომ ჭირზე ცხოველებს მხოლოდ მაშინ ამოწმებენ, როცა კლინიკური ნიშანია გამოხატული, თუმცა ცხოველი შეიძლება ვირუსის მატარებელი იყოს, მაგრამ ამის გამოხატული ნიშნები არ ჰქონდეს.

„თუ დაუდასტურდა ჭირი თავშესაფარში ძაღლს, ვუკავშირდებით ინიციატორს და ვთავაზობთ ორ ვარიანტს – შეუძლიათ აიყვანონ და უმკურნალონ, თუ არადა ხდება მათი ევთანაზია“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თავშესაფრის მთავარი ვეტერინარი გიორგი სადათერაშვილი.

კიდევ ერთი დაავადება, რომელიც, ქეთა გაბუნიას მტკიცებით, თავშესაფრიდან ვრცელდება, „ვოლიერულია“, რომელიც ასთმური შეტევებით ხასიათდება. ის შინაური ცხოველებისთვის, მკურნალობის შემთხვევაში, მომაკვდინებელი არ არის.

ვეტერინარი მარიკა ჩხიკვიშვილი მეპატრონეებს ურჩევს, არ გაასეირნონ საკუთარი ძაღლები ხალხმრავალ ადგილებში – როგორებიცაა ვაკის პარკი, მზიური, იპოდრომი – და მოარიდონ ისინი ცხოველებს, რომელთაც დაავადების თუნდაც მინიმალური ნიშნები აქვთ.

„ძაღლები პარკებში აღარ დამყავს სასეირნოდ. ეზოში წრეს ვარტყმევინებ, სხვა ძაღლებთან არ ვაკონტაქტებ და ამომყავს. ამ დონეზე ვართ შეშინებულები“, – ამბობს ქეთა გაბუნია.

წყარო :  რადიო თავისუფლება 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი