close
ეკოლოგია

გაეროს გენერალური მდივანი : არსებობს საშიშროება, რომ გლობალურმა დათბობამ დაუბრუნებლობის წერტილს მიაღწიოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნების მცდელობამ, შეეჩერებინათ კლიმატური ცვლილება, ჯერ-ჯერობით „უკიდურესად არაადეკვატურია“ და არსებობს საფრთხე, რომ გლობალურმა დათბობამ დაუბრუნებლობის წერტილს მიაღწიოს.
ამის შესახებ ანტონიო გეტერეშმა მადრიდში, ორკვირიანი საერთაშორისო კლიმატური კონფერენციის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ტემპერატურის მატებამ დრამატული შედეგები მთელს მსოფლიოს მოუტანა.
„დაუბრუნებლობის წერტილი სწრაფად გვიახლოვდება, თუმცა ამას იმიტომ არ აღვნიშნავ, რომ იმედი მოგიკლათ, არამედ იმიტომ, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაცნობოთ, იმისათვის, რომ ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა შევაჩეროთ,“- განაცხადა გუტარეშმა.
დღეს მადრიდში საერთაშორისო კონფერენცია COP25 გაიხსნა, რომელიც 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. კონფერენციის ესწრებიან დელეგატები მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყნიდან. ისინი კლიმატის ცვლილებების შესახებ 2015 წელს პარიზში მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელებენ, მათ შორის, ნახშიროჟანგის შეზღუდვასა და ემისიების შემცირებაზე.
როგორც ცნობილია, პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსზე ნაკლებ ნიშნულამდე ჩამოწევას. ასევე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამისთვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0