close
სიქოლოგია

ბავშის განვითარების სტადიები და მათთან დაკავშირებული სირთულეები – ფსიქოლოგის რჩევა

unnamed

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,

 სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

თამუნა ჩიხლაძე – ექიმი, ნერვოლოგი , ფსიქოთერაპევტი/ პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი.

გთხოვთ,გვესაუბრეთ ბავშის განვითარების სტადიებზე,მათთან დაკავშირებულ სირთულეებსა და ფიქსაციებზე.

განვითარების რა სტადიებს გადის ბავშვი დაბადებიდან?

განვითარების სტადიების თავისებურებები რა გავლენას ახდენს ზრდასრულზე?

რჩევის სახით რომ გაგვიზიაროთ,როგორ უნდა ექცეოდეს მშობელი ბავშს თითოეულ სტადიაზე?

 

როდესაც ვეხებით ბავშვის განვითარების სტადიებს,  მნიშვნელოვანია თვალი გადავავლოთ პიროვნების განვითარების ზოგად თეორიებს. გამოიყოფა ოთხი ძირითადი მიმართულება:

დასწავლის თეორიები;

კოგნიტური თეორიები;

ფსიქოანალიტიკური თეორიები;

ჰუმანისტური თეორიები.

ძალიან მნიშვნელოვანია შვედი მეცნიერის, ერიკ ერიქსონის, წვლილი პიროვნების განვითარების ცნების გაფართოებაში. მისი თეორია, ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების  თეორია, შეიქმნა ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორიის გავლენით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი არ შემოიფარგლა მხოლოდ ბავშვობის ასაკით და განვითარების ეტაპები გააგრძელა სიცოცხლის ბოლომდე. მან ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელიც ხდება ადამიანის განვითარების პროცესში და აქცენტი გააკეთა ნორმალურზე, ჯანმრთელზე და არა პათოლოგიაზე. ის ოპტიმისტურად ხედავდა ყოველი სტადიისათვის დამახასიათებელ კრიზისს, როგორც გამოწვევასა და ბიძგს, პიროვნული ზრდის ხელშეწყობისათვის. მისი თეორია განვითარების 8 სტადიას მოიცავს, აქედან 5 სტადია ბავშვობაში მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი 3 ზრდასრულობაში. თითოეულ სტადიას აქვს დამახასითებელი კონფლიქტი, რომლის წარმატებით გადაწყვეტის შემთხვევაში  ხდება პიროვნული ზრდა და შემდგომ ეტაპზე წარმატებით გადასვლა.

პირველი  სტადია-დაბადებიდან 1,5 წლამდე პერიოდი-ორალურ სენსორული სტადია, ჩვილობის პერიოდი.

ამ სტადიაზე მთავარი გადასალახი კონფლიქტია ნდობა-უნდობლობის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანი ფიგურა ამ დროს არის დედა, რომელიც ბავშვს აძლევს უპირობო სიყვარულსა და სანდო დაცულ გარემოს, რომელიც შემდგომში ყალიბდება, როგორც ბაზისური ნდობა. ამ სტადიაზე ძალიან მნიშვნელოვანია დედის დამოკიდებულება, თუ როგორ უწევს ის ზრუნვას ახალშობილს, მისი დამოკიდებულება თბილია თუ ზერებლე, მხოლოდ მექანიკური.

ეს სტადია შეესაბამება ფროიდის ორალური განვითარების სტადიას. ფროიდის მიხედვით ამ სტადიაზე ფიქსაცია ზრდასრულებში იწვევს სხვადასხვა გამოვლინებებს. თუკი ფიქსაცია მოხდა ორალური სტადიის პირველ ნახევარში, ეს იწვევს შემდგომში ხალისიანი და ოპტიმისტური პასიური დამოკიდებულების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც გარემოდან მუდმივად მოელის დადებით შეფასებასა და ზრუნვას. სტადიის მეორე ნახევარში კი ფიქსაცია  ზრდასრულებში გამოვლინდება შემდგომ მახასიათებლებში, როგორებიცაა: პესიმიზმი, სარკაზმი, გარემოსადმი ცინიკური დამოკიდებულება.

მე-2 სტადია-ავტონომია, დამოუკიდებლობა-სირცხვილი.

იწყება 18 თვიდან და გრძელდება 3 წლამდე. ამ სტადიაზე ბავშვს აქვს მოთხოვნილება სამყაროს შემეცნების, ის აქტიურად ცდილობს გააკეთოს ბევრი რამ  დამოუკიდებლად, ცდილობს ჭამოს, დაიბანოს პირი, აარჩიოს ტანსაცმელი. ძირითადი მესიჯი არის „მე თვითონ“. ამ ეტაპზე ძალიან მნიშნელოვანია მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის დამოუკიდებელ ინტენციას და მოთმინებით მოეკიდოს მას. შედეგად კი მივიღებთ კონფლიქტის დადებით გადაწყვეტასა და შემდგომ სტადიაზე წარმატებით გადასვლას. ფორმირდება ნებისყოფა და თვითკონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყალიბდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ეჭვი და სირცხვილი. ზრდასრულ ასაკში ეს გამოიხატება გაუბედაობაში, სირცხვილის განცდაში, სხვების მიმართ მუდმივ თვითკონტროლში.

ეს სტადია შეესაბამება ფროიდის ფსიქოსექსუალური განვითარების ანალურ სტადიას. ფროიდის მიხედვით ამ სტადიაზე ფიქსაცია შემდგომში იწვევს ორი სხვადასხვა ტიპის პიროვნების ჩამოყალიბებას. ანალურ-შეკავებული ტიპი-უჩვეულოდ ჯიუტი, ხელმოჭერილი, პედანტი, და ანალურ-გამომყოფი ტიპი-მიდრეკილი ნგრევისადმი, იმპულსური, დაუნდობელი.

მე-3  სტადია-ინიციატივა-დანაშაულის გრძნობა, 3 დან 6 წლამდე პერიოდი.

ეს პერიოდი განსაკუთრებით აქტიურია სამყაროს შემეცნებისათვის, ამ დროს ბავშვები იწყებენ გარკვეული პატარა ამოცანების გადაჭრის გზების ძიებას, მოტორულ აქტივობებში ჩაბმას. უჩნდებათ სურვილი მეტად დამოუკიდებლად შეასრულონ ესა თუ ის ქმედება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა და ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია  მშობლებმა მისცენ გასაქანი, მხარი დაუჭირონ მათ წამოწყებას და არ მიიჩნიონ ის სისულელედ, თუმცა ბალანსის შენარჩუნება აქაც საჭიროა, რადგან მშობლებმა ისიც უნდა აუხსნან,  რომ შეიძლება მისი ნებისმიერი იმპულსი ვერ დაკმაყოფილდეს. ამ სტადიის წარმატებით გავლის შემთხვევაში ყალიბდება თავის თავში დარწმუნებული პიროვნება, რომელსაც აქვს მიზანი. თუკი მშობლები არ არიან მხარდამჭერები და ბავშვებს ხშირად მიმართავენ შემდეგი ფრაზებით-„ჯერ პატარა ხარ, არ გამოგივა, შენთვის ადრეა,“ ამ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება დანაშაულის განცდა, რომელიც მიყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ფროიდის თეორიის მიხედვით ეს შეესაბამება ფალურ სტადიას, სადაც ძირითადი კონფლიქტი არის ოიდიპოსის კომლექსი. ამ სტადიაზე ფიქსაცია მამაკაცებში იწვევს დონ-ჟუანის ტიპის პიროვნების  ჩამოყალიბებას, ხოლო ქალებში ვლინდება ფლირტის, მოუწესრიგებელი სექსუალური კავშირების სახით.

მე-4  სტადია-შრომისმოყვარეობა-არასრულფასოვნება 6 -დან 12 წლამდე.

ეს პერიოდი დატვირთულია სხვადასხვა სირთულეებით, ბავშვს უწევს შრომა, ნებისყოფის გამომუშავება, იზრდება გონებრივი დატვირთვა, ბავშვები ახალ ფსიქოსოციალურ გარემოში ხვდებიან, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო სპორტულ აქტივობებსა თუ  თამაშობებს, არამედ გონებრივი  უნარების გამოვლენას. ბავშვი თავს ადარებს თანატოლებს, ცდილობს არაფრით ჩამოუვარდებოდეს მათ.

ამ სტადიაზე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა, ბავშვში სხვადასხვა ინტერესების გამოწვევა, ნებისმიერ სირთულეში მხარდაჭერა და წაქეზება, მოტივაციის გაზრდა შექების გზით. მნიშვნელოვანია მშობელმა არ დააკნინოს ბავშვის არცერთი აქტივობა და არ ჩათვალოს ის უსარგებლოდ, ასევე არ არის სასურველი მათი შედარება სხვა თანატოლებთან, განსაკუთრებით სახიფათოა უფროსების მხრიდან ნეგატიური შეფასება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოყალიბდება არასრულფასოვნების განცდა და მუდმივი უკმაყოფილება საკუთარი თავის მიმართ.

კონფლიქტის დადებითად გადაწყვეტის შემთხევაში ყალიბდება კომპეტენტურობა.

ფროიდის მიხედვით ეს არის ლატენტური პერიოდი. ამ პერიოდში ბავშვის ლიბიდო სუბლიმაციის მეშვეობით მიმართულია სხვადასხვა ქმედებებისაკენ. ეს არის ზრდასრულობისათვის მზადების ეტაპი.

მე-5  სტადია პიროვნების იდენტობა- როლების აღრევა.

ამ  სტადიაზე მთავარი კითხვა არის „ვინ ვარ მე“. მოზარდის მთავარი ამოცანაა გააერთიანოს  დაგროვილი ცოდნა საკუთარი თავის შესახებ, ეს ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სხვების აზრი მათ შესახებ. ეს სტადია ერთგვარი გზაჯვარედინია, რადგან აქ ხდება ძალიან დიდი ცვლილებები ორგანიზმში ფიზიკურ და ბიოლოგიურ დონეზე, ხდება სქესობრივი მომწიფება, ყალიბდება გენდერული იდენტობა. პოზიტიური გადაწყვეტის შემთხვევაში მოზარდი იოლად სცემს კითხვაზე პასუხს, ვინ არის, რა სურს. უყალიბდება მიკუთვნებულობისა და მიჯაჭვულობის ჯანსაღი განცდა, რომელიც გადადის ერთგულებაში. თუკი მოზარდმა ვერ მოახერხა კონფლიქტის გადალახვა, ამ შემთხვევაში ყალიბდება რიგიდული, კონფორმული ტიპის პიროვნება, რომელმაც გარკვევით არ იცის ვინ არის, რაც ვლინდება შემდგომში სოციალური ნორმების მიმართ არაერთგვაროვან დამოკიდებულებებში.

ისევე როგორც ყველა სტადიაზე, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური გარემო და აღზრდა, თუკი მოზარდს არ აქვს მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა, ეს იწვევს შემდგომში დიფუზური იდენტობის ფორმირებას. მნიშვნელოვანია მშობლებსა და შვილებს შორის მუდმივი დიალოგი, კარგია თუ მშობელი ინტერესდება შვილის საქმიანობით, ჩართულია და მზად არის მხარი დაუჭიროს და მისცეს საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობა. ამ დროს ეცემა მშობლის ავტორიტეტი, რომელსაც ხშირად თან სდევს მოზარდის უხეშობა, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ერთგვარი ნიღაბიც კი იყოს. მშობელმა უნდა შეცვალოს შვილთან ურთიერთბის სტრატეგია და მფარველი მეურვიდან იქცეს მეგობრად. ვინაიდან, ზედმეტი მზრუნველობა ამ სტადიაზე ხელს შეუშლის მათ დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.

ფროიდის მიხედვით ეს არის გენიტალური სტადია და ამ სტადიაზე ხდება მოწიფული სექსუალობის ფორმირება და ყალიბდება პიროვნების იდეალური ტიპი, რომელიც არის პასუხისმგებელი სოციალურ ურთიერთობებზე  კონფლიქტებისა და ბრალეულობის განცდის გარეშე.

მეხუთე  სტადიით მთავრდება ბავშვობისა და მოზარდობის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, ერიქსონის მიხედვით შემდგომი სტადიების მოკლე მიმოხილვა ასე გამოიყურება:

მე-6 სტადია სიახლოვე-ინტიმურობა, სიმარტოვე-იზოლაცია;

მე-7 სტადია-ზრუნვა, გენერაციულობა-სტაგნაცია და მე-8 სტადია -ეგოს მთლიანობა-სასოწარკვეთა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი