close
ანათლება

ასაკი- გამოწვევა თუ პრივილეგია ?!- ახალგაზრდა ლექტორი რჩევებს გვიზიარებს

133773482_688739458455371_8860054154586851807_n

საგანმანათლებლო სფეროში ყოფნა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ყველაზე ცოცხალ საქმეს ყველაზე ენერგიული, პასუხისმგებლიანი და კრეატიული ადამიანების ჩართულობა სჭირდება. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა ამ სივრცის გაახალგაზრდავებას შეუწყო ხელი. სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში ბევრ ახალგაზრდა კადრს შეხვდებით, რომლებსაც ასაკის მიუხედავად პროფესიონალიზმი არ აკლიათ და რაც მთავარია, საკუთარი საქმე უყვართ .

პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვები არაა. როცა საქმე სწავლა-სწავლების რთულსა და საპასუხისმგებლო პროცესს ეხება , ასაკი შეიძლება გექცეთ როგორც პრივილეგიად და წარმატებისკენ მიმავალი გზა გაგიადვილოთ, ასევე შეიძლება ამ ციფრებმა ბევრი სირთულე და გამოწვევაც შეგიქმნათ . თუმცა ცოდნასა და შრომისმოყვარეობას ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

ამ ჭეშმარიტებაში თავად დარწმუნდა, როცა რამდენიმე თვის წინ პირველად შეხვდა თავის სტუდენტებს , ისიც დისტანციურად. მიუხედავად უჩვეულო დასაწყისისა, სანდრო დღეს სტუდენტებისთვის საყვარელი ლექტორია და მასთან შეხვედრას მომავალი პედაგოგები დიდი ინტერესით ელოდებიან კვირიდან კვირამდე.

24 წლის სანდრო ტაბატაძე განათლების მეცნიერებათა მაგისტრია განათლების პოლიტიკის მოდულით. უმუშავია პედაგოგად როგორც ზოგად, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტია , ამის პარალელურად კი მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის სტუდენტებს ასწავლის და გამოცდილებას უზიარებს.  პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე მასზე უფროს სტუდენტებთან უწევს ურთიერთობა, თუმცა ზუსტად იცის ამ საქმის კეთილშობილება და სფეროს სიყვარული ყველაფრის დაძლევაში ეხმარება.

რას ფიქრობს ონლაინ სწავლებაზე და როგორ ესახება სამომავლო გეგმები, ამაზე თბილისი თაიმსს ესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ახალგაზრდა ლექტორი სანდრო ტაბატაძე :

„ სიმართლე ითქვას, რამდენიმე წლის წინ ჩამოვყალიბდი, რომ ჩემს თავს ძირითადად აკადემიურ სივრცეში ვხედავ, ამიტომ  სტუდენტებთან შეხვედრის დიდი მოლოდინი მქონდა. ალბათ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ვირტუალურად მოხდებოდა და ამან გარკვეულწილად ჩემი ემოციები შეცვალა. მართალია, სწავლების პროცესი ძალიან სასიამოვნოა და მოლოდინები გამართლდა, ჩემთვის აკადემია მაინც პირისპირი, ცოცხალი კომუნიკაცია და დინამიზმია.

მართლაც, ასაკი შეიძლება იყოს ხელისშემწყობიც და ხელისშემშლელიც. ვფიქრობ, რომ სტუდენტად ყოფნის ახალი გამოცდილება მხოლოდ მეხმარება სწავლების პროცესში. მგონია, რომ კარგად მესმის მათი საჭიროებები და გამოწვევები – ამდენად, ვცდილობ ჩემი მიღებული ცოდნითა და კომპეტენციით, სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო, ცოცხალი და უშუალო იყოს. რაც შეეხება ხელისშემშლელ ფაქტორს, ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება სტუდენტთა შესაძლო ზედაპირულ დამოკიდებულებას (რასაც, მე, თითქმის ვერ ვგრძნობ) და, მეორე მხრივ, ჩემი გამოცდილების ნაკლებობას. თუმცა თუ არ დაიწყე, გამოცდილებასაც ვერ მიიღებ.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-2 სემესტრია დისტანციურ სასწავლო პროცესში ვართ, რჩება გამოწვევები. ესენია: ტექნიკური გაუმართავობა, სწავლებისას ნაკლები დინამიზმი და ტექნოლოგიებთან გადატარებული ათობით საათი კვირაში – რაც ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, სწავლებისა და შეფასების სისტემისა და სქემის მორგების პრობლემა დისტანციური სასწავლო პროცესის ჩარჩოსთან ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის უფლება და ინტერესი და თან, არ გაკეთდეს შეღავათი სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით.

გარდა ლექტორობისა საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს სამსახურში და ვცდილობ, ვიმუშავო ჩემს დისერტაციასა და სხვა სამეცნიერო სტატიებზე. ამ ყველაფრის გარდა, განტვირთვისთვის ჩემს ეზოში მცირე რაოდენობის მწვანილსა და ბოსტნეულს ვთესავ და ა.შ.

იმდენად ცვალებადია მიმდინარე პროცესები, რომ რთულია თქმა -ვფიქრობ, მხოლოდ შრომა და ნებისყოფის ქონაა საჭირო, ნებისმიერი გეგმა მიღწევადია. ჩემს შემთხვევებში ეს გეგმები საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მეცნიერებას უკავშირდება.

ვფიქრობ,  მთავარია,  მიზანსწრაფულობა და ძალიან დიდი მონდომება. არ მგონია, რომ ასაკს არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ ადამიანს ეს საქმე ნამდვილად  უყვარს და ამისთვისაა დაბადებული, ის ყველა ბარიერს გადალახავს. ამდენად, მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით შევძლებთ საგანმანათლებლო სივრცის გაჯანსაღებას. „

მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი