close
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგიამსოფლიო

ვულკან კილაუეას ამოფრქვევები ჰავაიზე შესაძლოა წლების მანძილზე გაგრძელდეს

იმ ადამიანებს, რომელთა ევაკუაცია ჰავაის კუნძულების ხელისუფლებამ ლეილანი-ესტეიტსის დასახლებიდან ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო განახორციელა, სავარაუდოდ, იმაზე მეტხანს მოუწევთ საკუთარი სახლებისგან შორს ყოფნა, ვიდრე ფიქრობდნენ.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვულკანის მძვინვარება, სავარაუდოდ, კარგა ხანს გაგრძელდება. ვულკან კილაუეას ამოფრქვევა არა გასულ კვირას, არამედ 1983 წელს დაიწყო. მეცნიერები აცხადებენ, რომ ბოლო პროცესი, რომელიც ამოფრქვევის 62-ე ეპიზოდია, შესაძლოა, რამდენიმე კვირის, თვის და უფრო მეტიც, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

ვუკლან კილაუეას ცეცხლოვანი ლავის შადრევნებისა და ტალღის შედეგად, გაჩნდა 12 ვულკანური ბზარი. ზანტად მომდინარე გამდნარმა მაგმამ გაანადგურა ყველაფერი, რაც გზად ხვდებოდა. მეცნიერთა აზრით, ამ ყველაფრის უკან ეფუზიური ბზაროვანი ამოფრქვევა დგას.

ბოლო ამოფრქვევის მიზეზი ვულკანის მწვერვალზე, კრატერში მდებარე ლავის ტბის ფსკერის ჩანგრევა გახდა, რის შედეგადაც მთელი მისი გამდნარი მასა კილაუეას მიწისქვეშ დამალულ მაგმის სისტემაში ჩავიდა.

მეცნიერებმა რეზერვუარის ჩანგრევის ზუსტი მიზეზი ჯერ არ იციან, მაგრამ როცა ეს მოხდა, ახალ კლდოვან არხებში დაპრესილი მაგმის დაძვრამ მიწისძვრათა სერია გამოიწვია, მათ შორის 6,9 მაგნიტუდის ბიძგები, რაც ყველაზე ძლიერი იყო ჰავაიზე 1975 წლის შემდეგ.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid