close
უძილობა ტვინი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილი ნეირონებისა და სინაფსური კავშირების დაზიანებას იწვევს, რომლის აღდგენა შეუძლებელია.

იტალიის ერთ-ერთი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძუძუმწოვრების ტვინის ის ნაწილი შეისწავლეს, რომელიც ძილის დარღვევებზეა პასუხისმგებელი და კარგად დასვენებულ და გამოუძინებელ ვირთაგვებს შორის უცნაური სხვაობა აღმოაჩინეს.

ისევე, როგორც ადამიანის სხეულის უჯრედებში, ადამიანის ტვინშიც ნეირონები მუდმივად ახლდება ორი სხვადასხვა ტიპის გლიალური უჯრედით, რომელსაც ხშირად ნერვული სისტემის წებოსაც უწოდებენ.

მიკროგლიალური უჯრედები პასუხისმგებელნი არიან ძველი და გაცვეთილი უჯრედების გაწმენდის პროცესზე, რომელსაც ეწოდება ფაგოციტოზი, რაც ბერძნულად „შთანთქმას“ ნიშნავს.

ასტროციტები  კი – ტვინში არასაჭირო სინაფსების რაოდენობას ამცირებენ, რაც ტვინის ხვეულების განახლებას უწყობს ხელს.

ეს პროცესი კი მაშინ ხდება, როცა გვძინავს, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგივე პროცესი მაშინაც მიმდინარეობს, როცა უძილობა გვჭირს. თუმცა ამას სიკეთის ნაცვლად ზიანი მოაქვს, ვინაიდან ზედმეტი გასუფთავებისგან ტვინი თვითდაზიანებას იწყებს. ეს შეიძლება შევადაროთ შემდეგ სიტუაციას: ვიღაცას თქვენი სახლიდან თქვენი ძილის დროს ნაგავი გააქვს, რამდენიმე  დღის შემდეგ კი ნაგავს აყოლებს ტელევიზორს, მაცივარსა და სხვა საჭირო ნივთს.

,,ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინაპსებს ასტროციტები უძილობის დროსაც ,,ჭამენ””- აცხადებენ კვლევის ავტორები.

მეცნიერებმა თაგვების ოთხი ჯგუფი შეისწავლეს:

1.თაგვები, რომლებსაც 6-8 საათი ეძინათ (კარგად დასვენებულები);

  1. თაგვები, რომლებიც პერიოდულად იღვიძებდნენ;
  2. თაგვები, რომლებიც უძილობა აწუხებდათ;
  3. თაგვები, რომლებსაც უძილობა ქრონიკულად აწუხებდათ.

როდესაც მეცნიერებმა ამ ჯგუფების ასტეროციტების აქტიურობა შეისწავლეს, პირველი ჯგუფის თაგვებში 5.7 პროცენტი სინაფსები აღმოაჩინეს, მეორეში –  7.3; მესამეში – 8.4, ხოლო მეოთხეში – 13.5.

მაგრამ, როდესაც მკვლევარებმა ამ ოთხი ჯგუფის მიკროგლიალური უჯრედები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მესამე და მეოთხე ჯგუფებში – უძილო და ქრონიკულად უძილო თაგვებში მათი აქტივობა მომატებული იყო, რაც შემაშფოთებელია, ვინაიდან მიკროგლიალური აქტივობა ალცჰეიმერის დაავადებასა და სხვა ნეიროდეგენერაციასთანაა დაკავშირებული.

ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, მაგალითად: მიმდინარეობს თუ არა იგივე პროცესი ადამიანების ტვინში და აღმოიფხვრება თუ არა დაზიანება ძილის შედეგად.

წყარო:   https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid