close
ს საინტერესოარაზები

“შენ საკმარისზე მეტი ხარ” — მიშელ ობამამ თავის ახალგაზრდა ვერსიას ემოციური წერილი მისწერა

sf

ძალიან რთულია სრულყოფილი ადამიანის წარმოდგენა, მაგრამ როცა მიშელ ობამას უყურებ, რთულია ნაკლი აღმოაჩინო.

ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ამერიკის ყოფილ პირველ ლედის ახალგაზრდობაში საკუთარი თავის მიმართ ეჭვები გააჩნდა.

სწორედ ამ ეჭვებსა და კითხვებს პასუხობს მიშელი წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ, CBS-ის სატელევიზიო შოუს Note to Self-ს გაუზიარა. წერილი მის სტუდენტობისდროინდელ მე-ს ეძღვნება.

ძვირფასო მიშ,

შენ აქ ხარ, ჯინსის ჟაკეტითა და ნაწნავებით. შორს ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა ბინიდან. შენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ხარ. იღიმი და ასეც უნდა იყოს. ამისთვის ხომ ბევრი იშრომე. მაგრამ თუნდაც ახლა, მას შემდეგ რაც შენს მიზნებს მიაღწიე, კვლავ არ ხარ დარწმუნებული, იპოვე თუ არა შენი ადგილი და ვერ გაურბიხარ ერთ კითხვას: “საკმარისად კარგი ვარ?”

არც ისე ბევრი ახალგაზრდაა შენი მსგავსი. ზოგი კამპუსში ლიმუზინით მოვიდა. შენი ერთი კლასელი ფილმის ვარსკვლავია, მეორეზე კი ამბობენ, რომ პრინცესაა. ამავე დროს, შენ მამამ გაჩერებაზე საოჯახო სედანით ჩამოგსვა.

წლების შემდეგ გაიგებ, რომ სწავლის გადასახადის დასაფარად, შენს მშობლებს კრედიტის აღება მოუწიათ. თუმცა, მიშელ, ერთ დღესაც გააცნობიერებ, რომ მხოლოდ საკუთარ ნაკლოვანებებს ამჩნევ და არა იმ ყველაფერს, რაც შენმა თავმა გაჩუქა.

როცა იზრდებოდი, შენ სიყვარულით იყავი გარშემორტყმული და სოულსა და ჯაზს უსმენდი. მშობლები გასწავლიდნენ, რომ საკუთარი სიტყვა უნდა დაგეცვა, ადამიანებს კი პატივისცემით მოპყრობოდი. ისინი გაძლიერებდნენ, რომ შენი ხმა გეპოვა და მისი გამოყენება გესწავლა. ეს გაკვეთილები იმაზე უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური რამ. ისინი მომავალში დაგეხმარებიან.

მამას უკანასკნელი გაკვეთილი მეტისმეტად ადრეული იყო. მან გასწავლა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. ასე რომ, იცინე მასთან ერთად მანამ, სანამ ლოყები არ გეტკინება. დატკბი მისი ჩახუტებითა და თვალებში არსებული სითბოთი და სინაზით. მოვა დღე, როცა მისგან მხოლოდ ეს მოგონებები დაგრჩება. მისი დანაკლისი ქვასავით დაგეცემა. შენ საკუთარ თავსა და მომავალს თავიდან გადაიაზრებ, მაგრამ არ ინერვიულო, ამ დროს მარტო არ იქნები.

შენ გულის კარს გაუღებ მას, ვინც ისევე აღზარდეს, როგორც შენ. ის იდეალებით მოქმედებს და ეს იმედის მომცემია. ის კეთილი, ჩამოყალიბებული და ძალიან ჭკვიანია. ოჰ, და სიმპატიურიც. ალბათ ამას დააფასებ.

შენ აღმოაჩენ, რომ თურმე სანიმუშო ურთიერთობასაც სჭირდება მუშაობა და ეს ნორმალურია. სწორედ ეს აძლიერებს თქვენს პარტნიორობას.

თქვენ ერთად ორი სრულყოფილი პატარა გოგონა გეყოლებათ, რომლებიც იმხელა სიხარულით აგავსებენ, რომ ამის გააზრება ალბათ გაგიჭირდება. სირთულეებიც შეგხვდება, როგორიცაა ოჯახის, ქმრის აღმავალი კარიერისა და საკუთარ თავს შორის ბალანსის პოვნა. მოითმინე, შენ ამას შეძლებ. და როცა მიხვდები, რომ ამას მიაღწიე, თქვენ ოთხი უსასრულობაში გაიტყორცნებით.

იგრძნობ, რომ რისკის ქვეშაა ყველაფერი ის, რისთვისაც ასე ძლიერ იბრძოდი — სტაბილურობა, ბალანსი, საკუთარი თავის რწმენა. შენ ის ადამიანები დაგესხმებიან თავს, რომლებსაც არასდროს შეხვედრილხარ და რომლებიც შენზე საერთოდ არ ღელავენ. ისინი ეცდებიან ზიანი მოგაყენონ, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღონ. არ დადგე მათ სიმაღლეზე, იმის მიუხედავად, როგორი სასურველიც არ უნდა ჩანდეს ეს. გამაგრდი იმ ღირებულებებით, რომლებიც შენმა მშობლებმა მოგცეს.

შენი ოჯახი ისტორიას შექმნის, დაამსხვრევს ბარიერებს და ამერიკული ისტორიის წარმოსახვას კიდევ უფრო გაამდიდრებს. შენ შეხვდები რომის ორ პაპსა და ინგლისის დედოფალს. ხალხი სტადიონებს გაავსებს, რომ შენი საუბარი მოისმინოს.

მარტივი გახდება იმის დაჯერება, როგორი განსაკუთრებული ხარ. უბრალოდ გახსოვდეს, რომ მილიონობით ადამიანია, ვინც შენს მსგავს პირობებში გაიზარდა, მაგრამ ამხელა აღიარება არ მიუღია. მიღებული სითბო მათ უკანვე დაუბრუნე.

გარშემო უამრავი შენი მსგავსია. შავკანიანი გოგოები და ყველანაირი უმცირესობები, მუშათა კლასის შვილები როგორც დიდი, ისე პატარა ქალაქებიდან. ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ. რომლებმაც არ იციან, სადაა მათი ადგილი, მაგრამ სამყაროსთვის ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ. გაუზიარე მათ შენი ისტორია, შენი სირთულეები, გამარჯვებები. ყველაფერი. აჩვენე მათ, რომ შიგნიდან იმაზე მეტი სილამაზე მოდის, ვიდრე მათ შეუძლიათ დაინახონ. სწორედ ასე უპასუხებ იმ კითხვას, რომელიც ყველგან დაგყვება. კითხვა, რომელიც ღამით არ გაძინებს.

შენ საკმარისზე მეტი ხარ, მიშ. შენ ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნები და ერთი სული მაქვს, როდის დაინახავ ამას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2