close
ედიცინა

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში? – დერმატოლოგ მაკა დოღოზაშვილის რჩევები

dermat

კანი სხეულის გარეგანი საფარველია, იგი მექანიკური დაზიანებისგან იცავს შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს, ასევე ხელს უშლის უცხო ნაწილაკების შეღწევას ორგანიზმში. აქვს თბორეგულატორული ფუნქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მონაწილეობას იღებს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში, უზრუნველყოფს სითბოს წარმოქმნისა და გაცემის პროცესების წონასწორობას. აგრეთვე, კანში მოთავსებულია რეცეპტორები, რომლებიც აღიქვამენ ტკივილს, სითბოს, სიცივეს, ეს კი საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა აირიდოს სხვადასხვა დაზიანება. აქვს გამომყოფი ფუნქციაც, კერძოდ, საოფლე ჯირკვლების დახმარებით ორგანიზმიდან გამოიყოფა წყალი, მარილები და შხამიანი ნივთირებები. კანში წარმოიქმნება D ვიტამინი, აგრეთვე, გამომუშავდება მუქი პიგმენტი, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს ორგანიზმს. როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კანი ზამთარში? – ,,დოქტრინას” კითხვებს კლინიკა ,,ჰეალაინისა” და სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის” დერმატოლოგი, მაკა დოღოზაშვილი, პასუხობს.

 ზამთარში კანი შრება, იქერცლება, კარგავს ტონუსსა და სიმკვრივეს, როგორ მოვუაროთ კანს აღნიშნულ პერიოდში?

ზამთარში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან სიცივე და სუსხი აუწყლოებს და კარგავს ტენიანობას, ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო ცხიმის უჯრედები პასიურდება, შესაბამისად, კანი კარგავს სიმკვრივეს. განსაკუთრებით საყურადღებო მშრალი კანის მოვლაა, რადგანაც ამ სეზონზე მას ყველაზე მეტად უჭირს. ტანსაცმლისგან დაუფარავ კანზე –  ხელებსა და სახეზე – სასურველია, ინტენსიური მკვებავი კრემების რეგულარული გამოყენება, რომელთა შემადგენლობაშიც შედის E ვიტამინი, კერამიდები, ცხიმოვანი მჟავები, სელექტიოზა, დემეტიკონი, ქოქოსის ან შის ზეთი და ა.შ.

ტუჩებისა და თვალების გარშემო კანი განსაკუთრებით თხელი და ნაზია, როგორ ავიცილოთ თავიდან აქერცვლა და გამოშრობა?

ტუჩებისა და თვალის ირგვლივი კანის დაცვა აუცილებელია აღნიშნული ზონებისთვის განკუთვნილი კრემ-ბალზამებით. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. კანის სიცივისგან დასაცავად გამოიყენება ე.წ. ქოლდ კრემის ხაზი, რომელიც საკმაოდ ბევრ კოსმეტიკურ თუ ფარმაცევტიკულ ქსელს აქვს, მისი გამოყენებისას ხელებისა და სახის კანზე გაორმაგებული დამცავი ლიპიდური გარსი წარმოიქმნება, ეს კი კანს ტენს უნარჩუნებს.

კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება ზამთარში?

ზამთარში ხშირად მწვავდება ისეთი დაავადებები, რომელთაც ახასიათებთ კანის სიმშრალე, მაგალითად: ატოპიური დერმატიტი, სებორეა, ეგზემა, ფსორიაზი და ა.შ. ამის ძირითადი მიზეზი კი კანის გამოშრობაა.

როგორც ხედავთ, აღნიშნულ სეზონზე სწორედ კანი იღებს პირველად დარტყმებს, თუ მას არ მოვუვლით, დაკარგავს ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს და ვიზუალურადაც არასასიამოვნო სანახავი იქნება. გაითვალისწინეთ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამატენიანებელ მალამოს აუცილებლად უნდა დაემატოს მზისგან დამცავი კრემი მაღალი SPF (Sun Protected Factor) ფილტრით. ქვიშა მზის სხივების 25%-ს ირეკლავს, თოვლი და წყალი – 80%-ს, სწორედ ამიტომ, ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დამცავი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2