close
ატეგორიის გარეშე

როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე? – მეცნიერები ახალ მეთოდზე მუშაობენ

ლიფე

რატომ ვბერდებით ადამიანები? რა ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ჩვენში? სიბერის მექანიზმის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დაბერება გენეტიკურად დაპროგრამებული პროცესია, ისევე, როგორც დაბადება და განვითარება.

უჯრედის დაბერების განმსაზღვრელი ფაქტორებიდან ტელომერული პროცესები უნდა გამოვყოთ, ტელომერი დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის) ბოლოში არსებული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობაა, მისი უბნები მოკლდება, როდესაც განსაზღვრულ ზომას მიაღწევს, უჯრედს აღარ აქვს გაყოფის უნარი, შესაბამისად, ფუნქციური აქტივობა იკლებს და საბოლოოდ კვდება. მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით, შესაძლებელია ტელომერების დაგრძელებით სიცოცხლის გახანგრძლივება, სწორედ ამიტომ მუშაობენ ფერმენტზე, რომელსაც ტელომერაზა ეწოდება, იგი შეძლებს ტელომერის აშენებას ანუ დაგრძელებას.

ამ მიმართულებით არაერთი კვლევა ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის გენეტიკის კათედრის გამგემ, თსუ-ის გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ლეჟავამ. მან შექმნა დაბერების გენეტიკური თეორია, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს სამ აღმოჩენას, ერთ-ერთი სწორედ ტელომერებს ეხება. აღნიშნული აღმოჩენის მიხედვით, შემცირებული ტელომერის ნორმალიზაცია შესაძლებელია პეპტიდური ბიორეგულატორებისა და მძიმე მეტალების ერთობლივი მოქმედებით, ეს კი სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. მისმა კვლევებმა დაბერების გენეტიკაში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ,,დოქტრინასთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ მალე გაიმართება კონფერენცია, რომელიც შეეხება ადამიანის გენომის კვლევებს ნორმასა და პათოლოგიების შემთხვევაში. ჩვენი სამეცნიერო პორტალი, რასაკვირველია, მოგაწვდით ინფორმაციას ახალი აღმოჩენებისა და კვლევების შედეგების შესახებ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიბერის მექანიზმი ბოლომდე ვერავინ ამოხსნა, ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი თავისუფალი რადიკალებია, რომლებიც მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების გამო. მათ წარმოქმნას ხელს უწყობს არაჯანსაღი საკვები, გამონაბოლქვი, ჰაერში გაბნეული ნარჩენი აირები, ქიმიური ელემენტები, მტვერი და ა.შ. დროთა განმავლობაში თავისუფალი რადიკალების კონცენტრაცია იზრდება, უჯრედებში გროვდება ტოქსიკური ნივთიერებები, ნეირონებში ქვეითდება იმპულსის გატარების სიჩქარე, რაც პირველ რიგში იწვევს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ დაავადებებს, ეს კი სრულდება ორგანიზმის კვდომით. თუმცა თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლა და ორგანიზმიდან დროებით მაინც გამოდევნა შესაძლებელია ბუნებრივი ფერმენტების დახმარებით.

ასაკის მატებასთან ერთად ზიანდება ჰიპოთალამუსი, შუამდებარე ტვინის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოფიზთან და პასუხისმგებელია სხეულის შინაგანი ფუნქციების მუშაობაზე, მაგალითად, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აგრეთვე, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, საჭმლის მომნელებელი და გამომყოფი სისტემების მოქმედებას, აკონტროლებს ემოციურ ქცევებს (მაგალითად, შიშის რეაქცია). დროთა განმავლობაში ქვეითდება მისი ფუნქციები, ადამიანის ორგანოები ვეღარ ასრულებს სათანადო სამუშაოს და ბოლოს კვდება.

საუბარია იმაზეც, რომ უჯრედის დაბერებას სხვადასხვა გენეტიკური მუტაცია (ხარისხობრივი დარღვევა) იწვევს, გენური მუტაციის დროს მიმდინარეობს ცვლილება მოლეკულურ დონეზე, ერთი ნუკლეოტიდი იცვლება მეორით, შესაბამისად, იცვლება გენეტიკური ინსტრუქციებიც დნმ-ში, ამის შედეგად ხშირად წარმოიქმნება სიმსივნეები და სხვადასხვა სახის დაავადებები. მუტაციას აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ხასიათი, მუტაციის შედეგად, შესაძლოა, ორგანიზმი ადაპტირდეს გარემოში ან დაიღუპოს.

აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან კალენდარული, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკი:

  • კალენდარული ასაკი განისაზღვრება ადამიანის დაბადების თარიღით.
  • ბიოლოგიური ასაკი განისაზღვრება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობით.
  • ფსიქოლოგიური ასაკი განისაზღვრება ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმით.

ადამიანი სიბერეს თავს ვერ აღწევს, თუმცა არსებობს გზები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ნობელის პრემიის მფლობელი, ელიზაბეთ ბლექბარნი, გვირჩევს:

  • გავთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისგან, მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებს, რადგან ამით ვაჩქარებთ ასაკს და, შესაბამისად, ადრე ვბერდებით.
  • შეიგრძენით, დააფასეთ, იცხოვრეთ თითოეული წამით, გახსოვდეთ, რომ ვალდებულებებმა კი არ უნდა გაგტეხოთ, პირიქით, მოტივაცია უნდა მოგცეთ.

როგორც ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ჟაკ რუსო იტყოდა, ,,ყველაზე დიდხანს იმან იცხოვრა, ვინც იგრძნო ცხოვრება და არა იმან, ვისაც დიდი ასაკი აქვს”. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გვქონდეს ცხოვრება ისეთი მომენტებით სავსე, რომელთათვისაც არსებობა ღირს, რადგანაც სწორედ ეს გვაბედნიერებს და გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid