close
კულტურასაქართველო

ქართული სახარება-პალიმფსესტი UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა

2017 წლის დეკემბერში UNESCO- მსოფლიო მეხსიერების რეესტრში უკვე მესამედ მოხვდა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული  ხელნაწერი, სახარება-პალიმფსესტი, რომლის ნახვაც არქივში მისულ დამთვალიერებელს 11 თებერვლამდე  შეეძლება, აქვე წარმოდგენილია UNESCO-ს მიერ 2013 და 2015 წლებში შესული უძველესი ხელნაწერებიც, რომელთა შესახებაც არქივის წარმომადგენელმა – ლიკა აბრალავამ გვიამბო.

გამოფენაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი სთავაზობს დამთვალიერებელს, წარმოდგენილია  UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტომასალები, რომელთა სიასაც გასული წლის დეკემბერში, კიდევ ერთი  ასეთი ხელნაწერი, სახარება-პალიმფსესტი შეუერთდა.

ხელნაწერის ფურცლების უმეტესობა პალიმფსესტურია, ზოგადად, პალიმფსესტი  წარმოადგენს ხელნაწერს, რომლის ფურცლებიც გადარეცხვის შედეგად ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად, რაც გამომდინარეობდა იქიდან, რომ ეტრატი დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული  და ამ გზით მოიპოვებდნენ საწერ მასალას, მაგრამ ვინაიდან ძველი ტექსტის კვალიც უმეტესწილად არ ქრებოდა, მსგავს ხელნაწერებში ქვედა ფენის ამოკითხვაც არის შესაძლებელი, აღნიშნული სახარება-პალიმფსესტის შემთხვევაში,  ქრონოლოგიურად სამი ფენა იკვეთება, მათ შორის უძველესი ფენა ასომთავრულია და  ჯერჯერობით IX-X სს-ებით დათარიღდა, ნუსხურია  შუა ფენა, რომელსაც XII-XIII სს-ებს მიაკუთვნებენ, ხოლო ზედა ანუ მესამე ფენაც ნუსხურადაა და, სავარაუდოდ, XIV საუკუნეშია დაწერილი.

              სახარება-პალიმფსესტის თავსამკაულები, XIV საუკუნე

ხელნაწერში გხვდება XIII-XVIII სს-ების  ანდერძ-მინაწერებიც, რომლებიც  შესრულებულია როგორც ასომთავრულით, ასევე ნუსხურითა და მხედრულით. შესაბამისად, ამ ხელნაწერის პალიმფსესტურ ფენებსა თუ ანდერძ-მინაწერებში გვერდიგვერდ ჩნდება ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპი, რომელთა კვლევა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ზედა, ნუსხური ფენის გადამწერი, როგორც წყაროდან ირკვევა ვინმე გიორგია, ხოლო მომგებელი – ბერი ესტატე, რაც შეეხება თვითონ ხელნაწერს,  სახარება ეროვნულ არქივში 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან მოხვდა და მისი შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს.

სახარება – პალიმფსესტის გარდა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულია ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და  „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013) და 2015 წელს შესული 8 უძველესი ხელნაწერი, რომელთა ნახვაც ექსპოზიციაზე მისულ ნებისმიერ დამთვალიერებელს ადგილზევე შეუძლია.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid