close
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეკონომიკასაქართველო

„Silkadvice-ი” – სტარტაპი, რომელიც ქართულ ბიზნესსექტორს პროდუქტის ჩინეთში რეალიზებაში ეხმარება

 „Silkadvice-ი“  არის ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აქტიურ როლს ასრულებს ქართულ და ჩინურ ბიზნესსექტორებსს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღვივებაში. კომპანიამ ძალიან მოკლე ხანში შეძლო საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელთა შესახებაც  მისი ხელმძღვანელი – მარიამ ასათიანი გაგვესაუბრა.

-მარიამ, საინტერესოა, როდის გაჩნდა და ვის ეკუთვნის სტარტაპის იდეა? 

-კომპანია „Silkadvice-ი“ (სილქედვაისი) წარმოადგენს საქართველო-ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომლის შექმნის იდეაც დაახლოებით ერთი წლის გაჩნდა და ჩვენი მთავარი მიზანი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაა. „სილქედვაისმა“ ოფიციალურად ოპერირება 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო და ჩვენ უკვე ჩინეთის ორ ქალაქში – სიჩუანსა და შანხაიში ვაფუძნებთ წარმომადგენლობით ოფისებს, მონაწილეობა მივიღეთ ქ. სიამენში გამართულ მსოფლიოში უდიდეს საინვესტიციო გამოფენაზე.

-რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ჩინეთის ბაზარი ? რა პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით საქართველოსთვის?

-ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, სადაც ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი და ჩინელ სამთავრობო-ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები დღითი-დღე ვითარდება. ჩვენ ვართ რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც რეკორდულ დროში მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ახალი აბრეშუმის გზის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტში – რომლის ინიციატორიც ჩინეთის პრეზიდენტია და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინებას ემსახურება. ასევე, მივიღებთ მონაწილეობას წელს თბილისში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმში, რომლის სახელწოდება სწორედ „ერთი სარტყელი, ერთი გზაა“.

-კონკრეტულად რას სთავაზობთ ქართულ ბიზნესსექტორს?

-ჩინეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ საქართველოს სრულად აითვისოს თითქმის ორ მილიარდიანი ბაზარი, დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს ნატურალური პროდუქტის ექსპორტირებაში, სანდო მომწოდებლების და პარტნიორების მოძიებაში, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში. ვპარტნიორობთ ძლიერ ჩინურ იურიდიულ კომპანიასთან და შეგვიძლია შესაბამისი იურიდიული რჩევების მიცემა.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართველ ბიზნესმენებს, ვისაც ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ფეხის მოკიდება სურთ და მივცეთ მათ სწორი მიმართულებები. ასევე ვაკვალიანებთ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ ჩინურ კომპანიებსაც და სხვადასხვა მასშტაბის საინვესტიციო პროექტებზე ვმუშაობთ ლოჯისტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

-ამ ეტაპზე როგორ შეაფასებდი კომპანიის მიერ განვლილ გზას?

-ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ სტარტაპისთვის უკვე საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს, გავაფორმეთ მემორანდუმი უძრავი ქონების და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, მე ასევე ამირჩიეს შანსის პროვინციის კულტურული გაცვლითი საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად. მომავალ კვირაში მონაწილეობას მივიღებთ შანის პროვინციაში გამართულ ფორუმზე, რომელიც ეძღვნება საქართველოს და სადაც სიტყვით გამოვალ. ოქტომბერში ველით პოტენციურ ინვესტორებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ სასტუმროს აშენება.

-უახლოეს მომავალში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

-ჩვენ უფრო და უფრო ვაქტიურდებით და მალე მზად იქნება ყველა ის პლატფორმა, რაც საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობას ბევრად უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

 

„დოქტრინა“ წარმატებებს უსურვებს სტარტაპს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი,  შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის Facebookგვერდს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response