close
კატეგორიის გარეშე

ნაწყვეტი გალაკტიონის დღიურიდან: ,,… ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი”

,,დოქტრინა”  გთავაზობთ ნაწყვეტს გალაკტიონის დღიურიდან. 1932 წელი. 31 დეკემბერი:
,,ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთადერთი მიღწევა –  ეს პალტოა, რომელიც, როგორც იქნა, ვიშოვნე…
რაც ყველაზე საშინელია, ისევ მაწვალებდა თვითმკვლელობის ფიქრი, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?..
მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბათ იმის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. ათასჯერ გამძარცვეს. ერთხელ პალტო წამართვეს, მეორეჯერ პიჯაკი დოკუმენტებით (ოო, ეს საშინელება იყო), მესამეჯერ – ფეხსაცმლები და კალოშები, მეოთხეჯერ – ქუდი (სულ სამი ქუდი დავკარგე ამნაირად)…
სხვადასხვა დროს დავკარგე ორი ახალთახალი შარფი, კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი…
დედაჩემმა სოფლიდან წყევლით გამომისტუმრა.
აბესალომი აქ ჩამოვიდა, ცარიელი „ლაი-ლაი“ გამართა და ისევ წავიდა.
ოლია სწორედ მაშინ გაჰქრება, როდესაც ავადა ვარ და წყალის მომწოდებელი კაცი არ არის. ამასწინათ მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი და კაცი ჩემთან არავინ მოსულა; მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი 24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მარტოდმარტო ვიყავი, კაცი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.
ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არც ერთი მეგობარი არ მოსულა, ნუ თუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოჰკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ 15 დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს.”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response