close

მკვლევარებმა საშვილოსნოში მდებარე ნაყოფის გულის უპრეცედენტოდ დეტალური ფოტოები გაავრცელეს.

ორსულებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გადაუღეს და კომპიუტერით ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვების პატარა მფეთქავი გულების 3D მოდელები შექმნა.

King’s College London -ის, Guy’s და St Thomas’s-ის მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია გულის თანდაყოლილი დაავადებების მკურნალობას გააუმჯობესებს.

პატარა ვიოლეტს გულის გარშემო არსებულ სისხლძარღვებში სიცოცხლისთვის საშიში ანომალიები ჯერ კიდევ მაშინ განუვითარდა, როცა ის ჯერ კიდევ საშვილოსნოში იყო.

პრობლემები პირველად მაშინ აღმოაჩინეს, როცა ვიოლეტის დედამ ორსულობის 20 კვირის ვადაზე ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ჩაიტარა. იგი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო კვლევაში, რომლის მიზანი ბავშვის გულის დეტალურად ნახვა იყო.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ პატარას გულის მთავარი არტერია – აორტა დავიწროებული ჰქონდა, რაც დაბადების შემდეგ სისხლძარღვის ბლოკირებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ვიოლეტს გულში ორი ხვრელი ჰქონდა. ზუსტმა დიაგნოზმა მედიკოსებს საშუალება მისცა, მკურნალობა გოგონას დაბადებამდე დაეგეგმათ და საჭირო ოპერაცია დაბადებიდან რამდენიმე დღეში გაეკეთებინათ.

ამჟამად ვიოლეტი 11 თვის ჯანმრთელი გოგონაა.

 

როგორ მუშაობს ტექნოლოგია?

2D სურათები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით სხვადასხვა კუთხითაა გადაღებული, თუმცა ნაყოფის გული ძალიან პატარაა და თან გაცილებით სწრაფად ფეთქავს, გარდა ამისა, ბავშვი გამუდმებით მოძრაობს, ამიტომ გულის გამოსახულებები, როგორც წესი, ძალიან ბუნდოვანია.

დახვეწილი კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა კი გულის უპრეცედენტო  3D გამოსახულებას იძლევა და ექიმებს ანომალიების შესახებ სრულყოფილ სურათს აძლევს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველი 100 ბავშვიდან დაახლოებით 1 გულის თანდაყოლილი ანომალიით იბადება, რასაც სხვადასხვა ინფექცია ან ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება იწვევს. ასე რომ, ამ ანომალიების დიაგნოზირება მაშინ, როცა ნაყოფი ჯერ კიდევ საშვილოსნოშია მედიკოსებისთვის დროის მოგებაა, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

კვლევა  პროექტ iFind- ის ნაწილია, რომლის მიზანია ორსულობის სტანდარტული სკანირების დროს ჯანმრთელობის რაც შეიძლება მეტი პრობლემის აღმოჩენა გახდეს შესაძლებელი.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ  Lancet-ში გამოქვეყნდა.

ფოტოზე : BBC-ის კორესპონდენტი ჯეიმს გალაგერი, რომელსაც ხელის გულზე ჩვილის გულის 3D მოდელი აქვს მოთავსებული.

 

www.bbc.com

გაზიარება:
fb-share-icon0