close
კვლევებირელიგია და მეცნიერება

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ადამიანის თავის ტვინის მდგომარეობა ლოცვის დროს

სანკტ-პეტერბურგის ვ.ბ. ბეხტერევის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ხანგრძლივი ცდების შედეგად აღმოაჩინა, რომ ადამიანი ლოცვის დროს განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება. ჟურნალმა „რუსკი დომ“ დაბეჭდა ინტერვიუ ამ აღმოჩენის ერთ-ერთ ავტორთან – ვ.ბ. სლეზინთან. გთავაზობთ მის თარგმანს.

– რამ გიბიძგათ ამ ფენომენის აღმოჩენისაკენ?

– დიდი ხანია, რაც ფუნქციონალური ნევროლოგიური მოშლილობებისა და ნევროზების მკურნალობის პრაქტიკაში გამოიყენება თვითჰიპნოზის მეთოდი ანუ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, მედიტაცია. სპეციალისტების აზრით, ამ მეთოდს შედარებით კარგი შედეგი მოაქვს. გადავწყვიტეთ, ლაბორატორიაში გამოგვეკვლია მედიტაციის დროს თავის ტვინის ქერქში მიმდინარე პროცესები. აღმოჩნდა, რომ მედიტაციისას თავის ტვინის ქერქში ირთვება აგზნების მექანიზმი; უცებ ჩვენ დაგვებადა კითხვა: რა ხდება თავის ტვინის ქერქში, როცა ადამიანი ლოცულობს? იოგთა სხვადასხვა სკოლის ზოგიერთი მიმდევარი ამტკიცებს, რომ მედიტაცია იგივე ლოცვაა, ურთიერთობა ღმერთთან.

ექსპერიმენტის სიზუსტისათვის ჩვენ მოვიწვიეთ ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი და ლოცვის დროს ჩავიწერეთ ენციფალოგრამა. მართლმადიდებელი მღვდელმსახურის ლოცვისას ელექტროენციფალოგრამა აჩვენებდა თავის ტვინის ქერქის სრულ გამოთიშვას, სრული ცნობიერების ფონზე. ადამიანი იჯდა და ლოცულობდა, მაგრამ მას სრულებით არ ჰქონდა თავის ტვინის მუშაობის დამადსტურებელი ელექტრონული იმპულსი. ე.ი. ჩვენ ვაკვირდებოდით თავის ტვინის ქერქის სრული გამოთიშვის მდგომარეობას, რომლის დროსაც ცნობიერება ნათელია… ამ ფენომენს ვუწოდეთ ადამიანის მეოთხე მდგომარეობა. ჩვენს აღმოჩენამდე მეცნიერება იცნობდა ადამიანის ცნობიერების სამ მდგომარეობას: სიფხიზლე, ნელი ძილი და ჩქარი ძილი, რომლებიც ერთმანეთისაგან თავის ტვინის ქერქში ელექტრონული იმპულსების ხასიათით განსხვავდებიან. ახლა ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი მდგომარეობა – თავის ტვინის აქტივობის სრული გამოთიშვა სრული ცნობიერების ფონზე.

– ჩვენ გვქონდა საშუალება შევხვედროდით ერთ უჩვეულო ქალს, ალექსანდრე ნეველის ლავრის წმიდა სამების ტაძრის მრევლს, რომელმაც გვიამბო თავისი ცხოვრების საოცარი ისტორია: კვდებოდა საავადმყოფოში კიბოს დაავადებით, ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, ქალს კი არ ასვენებდა ფიქრი საკუთარი შვილების ბედზე. ის დღედაღამ ევედრებოდა ღმერთს, რომ გადაერჩინა შვილების საკეთილდღეოდ და მოხდა სასწაული: ქალი გამოკეთდა და გამოჯანსაღდა, აღზარდა შვილები და განუწყვეტლივ მადლობს ღმერთს. როგორ ფიქრობთ, რაშია ლოცვის სამკურნალო თვისების საიდუმლო? მორწმუნისათვის ეს გასაგებია – ღმერთმა შეისმინა და განკურნა, მაგრამ მატერიალისტი მეცნიერისათვის?

– როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენეს, ჩქარი ძილის და სიფხიზლის დროს ელექტროენციფალოგრამა მსგავსია. აღმოვაჩინეთ, რომ თავის ტვინის ქერქის სრულად ითიშებ  როგორც ნელი ძილის, ისე ლოცვის დროს. გამოდის, რომ ლოცვითი მდგომარეობა ისეთივე თვისობრივი და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის, როგორც მანამდე ცნობილი სამი. ადამიანის ცხოვრებაში შეინიშნება ცნობიერების ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასხვა. არსებობს შეკავებისა და გათიშვის სისტემები… როცა ადამიანის ცხოვრებაში მისივე ნებით გამოირიცხება თავის ტვინის მეოთხე მდგომარეობა, იწყება გარკვეული უარყოფითი პროცესები. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ განსაკუთრებით სასულიერო პირთათვის, ეკლესიურ მოღვაწეთათვის, ბერ-მონაზვნებისათვის დამახასიათებელია სულიერი სიმშვიდე (სულის მშვიდობიანი მდგომარეობა).

– ყველანაირ ლოცვას თუ ახლავს თავის ტვინის ქერქის ასეთი მდგომარეობა? გქონიათ თუ არა შესაძლებლობა, გამოგეკვლიათ თავის ტვინის მდგომარეობა სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა ლოცვის დროს?

– ჩვენ ჩავიწერეთ კათოლიკე მღვდლის ელექტროენციფალოგრამა. აქ არ შეიმჩნეოდა თავის ტვინის ქერქის სრული გათიშვა, თუმცა ამის ნიშნები მაინც აღინიშნა. მანვე აღიარა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები უფრო კარგი მლოცველები არიან, რომ მათ ბერ-მონაზვნებში უფრო შემონახულია იესოს ლოცვის უწყვეტი პრაქტიკა. მოვიწვიეთ მუსულმანი მღვდელმსახურები, პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები, მაგრამ ისინი არ გამოეხმაურნენ ჩვენს წინადადებას.

ნამდვილი ლოცვის დროს ხდება სინამდვილისაგან მოწყვეტა, რაც იწვევს პათოლოგიური კავშირების ნგრევას. ამქვეყნიურობიდან, პათოლოგიური მდგომარეობიდან გამოსვლა ადამიანს ხელს უწყობს გამოჯანმრთელებაში. მეოთხე მდგომარეობა – ეს არის გზა ჰარმონიისაკენ.

ჩვენი გამოკვლევების მეშვეობით აღმოვაჩინეთ ისიც, რომ როკ-მუსიკას ადამიანი გამოჰყავს ჰარმონიული მდგომარებიდან და იწვევს თავის ტვინის ქერქში ეპილეფსიური გულყრების მსგავს ელექტრულ იმპულსებს.

– შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე მდგომარეობა ეწინააღმდეგება თანამედროვე მასობრივი კულტურის  ძალას?

– ადამიანის ცხოვრებაში ოთხივე ფიზიოლოგიური მდგომარეობა უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს. ერთ-ერთის არარსებობდა არღვევს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, რასაც მივყავართ მის გადაგვარებამდე, ავადმყოფობამდე. ამიტომაც ვბედავ იმის მტკიცებას, რომ მეოთხე მდგომარეობა საშუალებას აძლევს, ეხმარება ადამიანს ადამიანად დარჩენაში.

თარგმნა იზა კუხიანიძემ
ჟურნალი „საფარველი“ № 1, ზუგდიდი, 2003 წ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid