close
კომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

მარკ ,,სორიბერგს” კონგრესის შემდეგ ევროპარლამენტში იბარებენ

მარკ სორიბერგი – ასე უწოდეს 33 წლის ინტერნეტმაგნატს ორდღიანი სკანდალური დაკითხვის შემდეგ.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი ორი დღის განმავლობაში კონგრესმენების მწვავე შეკითხვებსა და კრიტიკას ისმენდა.

მას მოუხდა განემარტა, როგორ მოხვდა მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ცნობილი ბრიტანული კომპანიის, „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში და იყო თუ არა ეს ყველაფერი აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან კავშირში. ცუკერბერგმა საბოდიშო განცხადებები არაერთხელ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობას სრულად იღებს საკუთარ თავზე.

ცუკერბერგის გამოსვლის მთავარი თემები იყო რუსული ტროლები, სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა და ,,ფეისბუკის“ უსაფრთხოება.

უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ცუკერბერგის ფოტოებისა და კადრების გავრცელების შემდეგ მასზე ბევრს ხუმრობდნენ. ზოგიერთმა ბატონი ,,სორიბერგი” ანდროიდ ,,Star Trek’s Date-ს“ შეადარა, რომელიც ადამიანურ ქცევებსა და ემოციებს ებრძვის.

დაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე კონგრესმა გამოაქვეყნა „ფეისბუკის“ დამფუძნებლის ჩვენების ტექსტი, რომელშიც ცუკერბერგი ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.

ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 200-ზე მეტ პლებისციტში ჩაერია. მათ შორის იყო არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, ასევე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი.

ბრალდების მიხედვით ,,ფეისბუკმა” ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა.

ამ დრომდე კომპანიას სკანდალი მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ისევ აქტუალურია კამპანია #წაშალეფეისბუქი (#deletefacebook).

აღსანიშნავია, რომ მარკ ცუკერბერგის კონგრესში გამოსვლის შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა 5%-ით, დაახლოებით 3 მილიარდით მოიმატა.

როგორც ჩანს, 11-12 აპრილის დაკითხვით ყველაფერი არ მთავრდება. ევროპარლამენტი მარკ ცუკერბერგს მოუწოდებს, საპარლამენტო კომიტეტების წინაშე კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკის“ საქმესთან მიმართებით ახსნა-განმარტებები გააკეთოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. საპარლამენტო ჯგუფები სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამფუძნებელს სთხოვენ, სამი კომიტეტის წინაშე წარდგეს.

„ვფიქრობ, რომ მარკ ცუკერბერგი უნდა წარდგეს ევროპარლამენტის წინაშე. ეს ევროპელი მოქალაქეების მონაცემებს ეხება და ეს დიდი პოლიტიკური პრობლემაა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა დეპუტატმა სოფი ინტველტმა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბტაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid