close
ეს საინტერესოასაქართველო

მანათობელი ხელჩანთები დატენვის ფუნქციით – კრეატიული პროდუქტი ქართულ ბაზარზე

რაც უფრო ნაფიქრია იდეა – მით უფრო გამართლებულია შედეგი. რთული არაა, შექმნა განსაზღვრული მიმართულების პროდუქტი – რთული ისაა, შექმნა ისეთი, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს. დღეს ჩანთას ბევრი მწარმოებელი ქმნის. თუმცა, „ინოფეშენი“ ქმნის ჩანთებს, რომლებსაც, სტანდარტულ დატვირთვის გარდა, სხვა მახასიათებლებიც აქვს.

შეკითხვებს „ინოფეშენის“ დიზაინერი, მეგი ჩეკურიშვილი პასუხობს:

როგორ გაჩნდა ბაზარზე „ინოფეშენი“?

„ინოფეშენი“ არის სტარტაპი, რომელის სამი გოგონასგან შედგება ( თამარ ჩიჩუა, მეგი ჩეკურიშვილი, მარიამ თოდაძე) და ჩამოყალიბდა პროფესიული კოლეჯის ,,ფაბლაბ მოდუსის’’ ბაზაზე. შევქმენით მანათობელი ჩანთები, რომლებიც, ასევე, ტენის მობილურ ტელეფონს.უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მართალია. ჯერ მხოლოდ პროტოტიპების დამზადება შევძელით, მაგრამ ჩვენმა ინოვაციურმა და მოდურმა ჩანთებმა იმხელა გამოხმაურება და ინტერესი დაიმსახურა, რომ უკვე ვიწყებთ წარმოებას. ამ ინოვაციური ბიზნესიდეით გავხდით პროექტ ,,აწარმოე საქართველოს’ გამარჯვებული და მოვიპოვეთ გრანტი. მანათობლების გარდა, გვაქვს სხვა ტიპის ჩანთები – ინოვაციური ელემენტების გარეშე, თუმცა დიზაინით გამორჩეულია და გულგრილს არავის ტოვებს.

საიდან გაჩნდა ამ ტიპის პროდუქციის დამზადების იდეა?

მანათობელი ჩანთის შექმნის იდეა გამიჩნდა კოლეჯში სწავლისას, თუმცა იდეის გახორციელება და სრულყოფა  გუნდის წევრებისა და „ფაბლაბის“დამსახურებაა. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი. თანაც, ამ პერიოდში ტექნოპარკს ჰქონდა პროექტი ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად’’ და სწორედ ამ პროექტისთვის შევქმენით ჩანთის პროტოტიპები. გუნდში ყველას გამორჩეული გემოვნება გვაქვს და გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც განსხვავებული, ლამაზი, მოდური, პრაქტიკული და ინოვაციური… ბევრი ადამიანი ირონიულად იყო განწყობილი ჩვენი  იდეის მიმართ, მაგრამ ბოლოს შედეგით ყველა გაოცებული დარჩა.

რით განსხვავდება თქვენი პროდუქცია სხვებისგან?

ჩვენი ჩანთები განსხვავებულია იმით, რომ ანათებს და ტენის მობილურს. ასევე – გამორჩეული დიზაინი აქვს. ინოვაციის სინთეზი მოდასთან, და იმ პრობლემის გადაჭრის მარტივი გზა, რომელიც გამუდმებით გვაქვს ყველა ჩვენგანს – ვგულისხმობ მობილური ტელეფონის დატენას. ეს ყველაფერი ერთად, ჩვენ გამოგვარჩევს კონკურენტებისაგან.

როგორ იქმნება ისინი?

ვიყენებთ ხეს, ორგანულ მინას, ტყავს… მასალაც და ჩანთის დამზადების პროცესიც ინდივიდუალურია – ჩანაფიქრისა და დიზაინის სპეციფიკიდან გამომდინარე. მოკლედ რომ ვთქვა, მასალის ასორტიმენტიც ისეთივე შეუზღუდავია, როგორიც ჩვენი იდეები და ფანტაზია. ძირითადად ვმუშაობთ ლაზერული ჭრისა და გრავირების დანადგართან, რომელზეც წინასწარ მომზადებული ციფრული პროექტის დაჭრა ხდება. შემდეგ კი მასალას ხელით ვამუშავებთ, ვკერავთ, ვქსოვთ, ტყავით ვაფორმებთ. და რაც ყველაზე მთავარია, ისინი იქმნება სიყვარულით!

მალე საკუთარი დანადგარი გვექნება, რომლის შეძენასაც მიღებული თანადაფინანსებით ვაპირებთ, ხოლო ამის შემდეგ დავიწყებთ უკვე სერიულ წარმოებას.

ბევრი დაინტერესდა თქვენი წარმოებით?

მოთხოვნა პროდუქტზე დიდია. მომხმარებლები უკვე გვყავს და მოუთმენლად ელიან, როდის შეძლებენ მის შეძენას. სწორედ ამის გამო, ვიწყებთ წარმოებას. დაინტერესება დიდია მედიის მხრიდანაც. სამომავლოდ იგეგმება ჩანთების ექსპორტზე გატანა.

კონკურენტად თუ აღიქვამთ ვინმეს?

კონკურენტად, შეიძლება,მივიჩნიოთ ყველა, ვინც აწარმოებს ჩანთებს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ტიპის ჩანთები ჯერ მსოფლიოში არ არის. რა თქმა უნდა, არსებობს ჩანთები, მობილურის დამტენის ფუნქციით და არსებობს სხვადასხვანაირი მანათობელი ჩანთებიც, თუმცა არა ამ მეთოდით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და არა – ამ სახით წარმოდგენილი. ასე რომ, ჩვენს პროდუქტს ანალოგი არ აქვს.

დიზაინი ვისი ინტერესებით იქმნება – თუ შეუძლია მსურველს, საკუთარი დიზაინი შემოგთავაზოთ?

დიზაინზე სამნი ვმუშაობთ, გუნდურად და, როგორც წესი, ჩვენ ვწყვეტთ ყველა დეტალს – თუმცა, შესაძლოა, გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილიც და დავუმზადოთ ექსკლუზიური პროდუქტი თავისი გემოვნებით.

იმავე იდეის მქონე სხვა ნივთების დამზადებას თუ გეგმავთ?

იდეები ძალიან ბევრი გვაქვს და, ჯერჯერობით, არ ვამხელთ – თუმცა ბევრ სიახლეს გპირდებით. ჩაფიქრებული გვაქვს, რომ შევქმნათ პროდუქცია, რომელშიც მოდა და ინოვაცია შერწყმულია. სტარტაპის სახელწოდებაც ამას გულისხმობს, INNOFASHION- როგორც ინოვაცია მოდაში.

გაზიარება:
fb-share-icon0