close
ეს საინტერესოასაქართველო

გოგონა სომხეთიდან, რომელმაც ქართული ენა თავისით შეისწავლა

ნვარდ ხაჩატრიანს ერევანში შევხვდი. ჩემი მომენტალური გაოცება გამოიწვია იმან, რომ ველოდი ადამიანს, ვისაც ან ინგლისურად ან რუსულად უნდა დავლაპარაკებოდი და უცებ – ქართულად გამიბა საუბარი. აღმოჩნდა, რომ ქართული თავისით უსწავლია და შესანიშნავადაც მღერის ჩვენს ენაზე. მოკლედ, გაგაცნობთ ძალიან დადებით, შრომოსმოყვარე და მეგობრულ ადამიანს ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან.

ნვარდ, უპირველეს ყოვლისა, შენი თავი გაგვაცანი.

-ნვარდი მქვია, მაგრამ ქართველებმა ვარდო დამარქვეს. 23 წლის ვარ – ვასწავლი ინგლისურს.  ენების თეორიისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი ინტერესია, შევხვდე გონებამახვილ, სიცოცხლით სავსე და ბედნიერ ადამიანებს,  რათა მათთან ერთად გავიზიარო დაუვიწყარი მომენტები – ეს ხდის ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და თავგადასავლებით სავსეს.  ურთიერთობები არის ის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ცხოვრებაში.  რა თქმა უნდა, სხვა ინტერესებიც მაქვს, ამასთან ერთად.

ქართული ენის შესწავლა დაიწყე – ენის, რომელიც საკმაოდ რთულია. რატომ დაინტერესდი?

პირველად, როდესაც ქართული საუბარი მოვისმინე, მაშინვე შემიყვარდა, იმიტომ რომ სასიამოვნოდ მომხვდა ყურში მისი ტონი, დინამიკა... მომწონს, როგორ ჟღერს სიტყვები, მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად შემესწავლა, რომ ისე მცოდნოდა, როგორც იციან მათ, ვისთვისაც ქართული მშობლიურია. სწორედ ამიტომ –  სულ ვეკითხები ჩემს ქართველ მეგობრებს ყოველ სიტყვას, რასაც ვერ ვიგებ – ყველაფერი მინდა ვიცოდე და ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ.

ჩემი აზრით, ქართული სულაც არაა რთული ენა. სიტყვა ,,რთულს“ ჩავანაცვლებდი ,,საინტერესოთი“.  ყველაზე მეტად ქართულ ენაში არსებული გამონაკლისები მიზიდავს და მოკლე სიტყვებში ხანდახან 4-5 თანხმოვნის თანაარსებობა.

პირველად ჩემს თავს ვუთხარი – მე მსურს, ვისაუბრო ქართულად, უნდა ვისწავლო – ასე რომ, მიდი, შენ ამას შეძლებ!

დავიწყე საუკეთესო ლექსიკონების ძებნა – გრამატიკის წიგნების, შემდეგ ვუყურებდი სასწავლო კურსებს Youtube-ზე. საბოლოოდ, ყველაფერს ვინიშნავდი. ასე მივედი შედეგამდე.

მე ახლაც ვსწავლობ, ნებისმიერი მომდევნო ვიზიტისას საქართველოში, რაიმე ახალი შენაძენით აუცილებლად მივდივარ.

-თუ გაქვს სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც განსაკუთრებით მოგწონს?

-ძალიან ბევრი წინადადება და სიტყვა მომწონს, რამდენიმეს გამოვყოფ – ,,სიცოცხლე მინდა“’(მეგი გოგიტიძის სიმღერიდან დამამახსოვრდა, ძალიან მომწონს ამ სიმღერის ტექსტი. როცა ვთარგმნე, ძალიან დიდი ემოცია და შთაბეჭდილება მომიტანა).

ასევე, ხშირად ვიყენებ და მომწონს ფრაზები – ,,ნუ გეშინია“, ,,სულს მოგცემ“, ,,ნუ ჩამოუშვი ცხვირი“, ,,არ დაიდარდო“ – ფრაზები, რომლებიც ადამიანებს ამხნევებს.

სლენგებიც მომწონს – აი, მაგალითად, ,,ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ?!“ ,,ბაზარი არაა!“, ,,ძაან კაი ბიჭია“ – ყველაფერთან ერთად, სწორი ინტონაციით გამოთქმაც ვისწავლე.

-ქართულ ლიტერატურასაც ხომ არ გაეცანი?

-რა თქმა უნდა, უპირველესად, ილია ჭავჭავაძეს დავასახელებ, რომელიც ქართველების კულტურული ნაციონალიზმის ერთ-ერთ მამადააა მიჩნეული. ასევე, აკაკი წერეთელს, რომელიც ილიასთან ერთად იყო ამ პროცესში. ძალიან ცნობილი სიმღერა ,,სულიკო“ ხომ მის ლექსზეა შექმნილი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო შუასაუკუნეების პოეტი – შოთა რუსთაველი, რომელიც ქართული ოქროს ხანის თვალსაჩინო ფიგურაა თავისი პოემით – ,,ვეფხისტყაოსანი“. ეს ნაწარმოები ქართულ ნაციონალურ ეპიკურ პოემადაა მიჩნეული. აქვე – ძალიან საინტერესო ფაქტი – საქართველოში ეს წიგნი ყველა პატარძლის აუცილებელი მზითევი იყო.

მომიყევი შენი საქართველოსადმი დამოკიდებულებებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ჩემი საქართველოსადმი დამოკიდებულება პირდაპირ ადამიანებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც შევხვდი და ჩემთვის ძალან ძვირფასები გახდნენ. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა – შეუძლებელია, არ აღვნიშნო ქართული სამზარეულოც.

-რა განსხვავებებსა და საერთოს ხედავ საქართველოსა და სომხეთს შორის?

ორივე ქვეყანა ძალიან სტუმართმოყვარეა – კეთილი ხალხით სავსე, ვართ ქრისტიანები და პატივს ვცემთ ჩვენს ტრადიციებს – ძალიან პატრიოტები ვართ.

ყველაზე დიდი განსხვავება, რომელიც ახლა გონებაში ამომიტივტივდა და სახელს დავარქმევ, არის ,,საზოგადოება“ – ქართველებთან შედარებით, სომეხი ხალხი ბევრად უფრო კონსერვატორია ბევრ სხვადასხვა ასპექტში. მაგრამ, საბოლოო ჯამში, უფრო მეტ მსგავსებას ვხედავ ჩვენს ქვეყნებს შორის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid