close
მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღის შეჯამება

 29 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პრეზიდენტად დანიშვნიდან 100 დღე შესრულდა. ზოგადად, აშშ-ის პოლიტიკურ კულტურაში ეს პერიოდი აღიქმება, როგორც საპრეზიდენტო ძალაუფლების ფლობის ვადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ახალი პრეზიდენტები არიან უფრო მეტად პოპულარულები მოქალაქეებში. ამავე დროს, ცდილობენ აქტიური კამპანიის ჩატარებას, რათა მომავალი საპრეზიდენტო ვადის, 4 წლის, სამოქმედო გეგმა გააცნონ საზოგადოებას და მხარდაჭერა მოიპოვონ.

იმის შეფასება, თუ როგორი იყო პრეზიდენტის მოქმედებები ამ პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ამოცანა გაამარტივა. ჯერ კიდევ არჩევნებში გამარჯვებამდე მან გაასაჯაროვა „100 დღიანი სამოქმედო გეგმა“, რათა „ამერიკა გახდეს კვლავ დიდებული“. ეს გეგმა შეიცავდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაწყება, არალეგალური იმირაციის აღკვეთა „ტერორიზმისკენ მიდრეკილი“ ქვეყნებიდან, ჩინეთის, როგორც „სავალუტო მანიპულატორის“ ქმედებების პრევენცია და სხვა.

თუმცა, სხვადასხვა შეფასებით, პროგრესი ძალიან ნელი და ნაკლებშესამჩნევია, მიუხედავად იმისა, რომ  პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოსცა 30 აღმასრულებელი ორდერი, რაც 10-ჯერ აღემატება ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მაჩვენებელს (იმავე დროის ინტერვალში). ამ 30 ორდერიდან, რეალური ქმედებები არ დაწყებულა 12 მათგანის განხორციელებისათვის. დონალდ ტრამპის მთავარი დაპირება ჯანდაცვის სფეროს რეფორმისა და იმიგრაციული ბანის შემოღების შესახებ, დიდ წინააღმდეგობას წააწყდა კონგრესისა და სასამართლო შტოსგან.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „პარტნიორობა საჯარო სერვისისთვის“-  მიხედვით, პრეზიდენტმა 100 დღის განმავლობაში აღმასრულებელი შტოს იმ პოზიციებზე, რომელიც სენატის თანხმობას მოითხოვს, მხოლოდ 58 ოფიციალური პირი წარადგინა, ბარაკ ობამამ კი 190. სახელმწიფო დეპარტამენტები ცარიელია, ისევე, როგორც აშშ-ის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულს შესაძლოა იმედგაცრუებული დაეტოვებინა აშშ-ის პირველი პირი, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ფაქტებს დიდი გავლენა არ მოუხდენია მის მხარდამჭერებზე. 22 აპრილს ,,YouGov-მა“ ჩაატარა გამოკითხვა 1500 ამერიკელთან. მთავარი კითხვა იყო, ამართლებს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ მოლოდინებს. გამოკითხულთა 30%, რომლებიც თავს დემოკრატად ან რესპუბლიკელებად მიიჩნევს, აღნიშნავენ, რომ ბატონმა ტრამპმა გაამართლა მათი მოლოდინები. დანარჩენებისგან კი,  დემოკრატების 41 % ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა იყო „უფრო უარესი“, ვიდრე მოელოდნენ, რესპუბლიკელების 28 % კი პირიქით, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი იყო „უფრო უკეთესი“, ვიდრე მოელოდნენ.  შინაარსობრივად იგივე სიტუაციაა პარტიული ლოიალურობის მხრივაც. 88% რესპუბლიკელებისა ამართლებს ტრამპის პრეზიდენტობას, როცა დემოკრატების 82%, არა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბარაკ ობამას დროს საზოგადოებრივი აზრის მსგავსი პოლარიზაცია არ შეიმჩნეოდა. დონალდ ტრამპი საარჩევნო პერიოდშიც ახერხებდა პოლარიზებული გარემოს შექმნას, რაც, როგორც ჩანს, ოფისში ყოფნისასაც გრძელდება.

ზემოთ აღნიშნული გამოიხატება დონალდ ტრამპის რეიტინგშიც, რომელიც, როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ცივი ომის შემდგომი პრეზიდენტების რეიტინგთან შედარებით.

 

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid