close

მედიცინა

ემიგრანტიმედიცინა

„რა საბედისწერო შეცდომებს უშვებენ ქართველი ექიმები, რის გამოც კოვიდპაციენტები იღუპებიან?” – რა პრობლემებზე საუბრობს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი იმ შეცდომებზე საუბრობს, რასაც ქართველი ექიმები კოვიდპაციენტების მკურნალიობისას უშვებენ.

მისი თქმით, მიუხედავად გაწერილი მკურნალობის „გაიდლაინებისა“ სხვადასხვა პაციენტთან მკურნალობა განსხვავებული უნდა იყოს და არა ერთნაირი.

„რა საბედისწერო შეცდომებს უშვებენ ქართველი ექიმები, რის გამოც კოვიდპაციენტები იღუპებიან?

ინტუბაცია ამძიმებს პაციენტების მდგომარეობას

არასწორად მართვა ხდება! გასაგებია, რომ „გაიდლაინში“ წერია ანტივირუსულ მკურნალობაზეც, რემდესევირზეც ეწერა, კორტიზოლზეც, ანტიბიოტიკებზეც და იმუნურ ანტისხეულებზეც, გასაგებია, რომ რამდენიმე ათეული წამალია ნახსენები, მაგრამ ყველა ეს მითითება ზოგადია და არა ერთ პაციენტზე მორგებული. თავიდან ბოლომდე არასწორად ხდება ავადმყოფის მართვა, დაწყებული ტესტირებიდან, დასრულებული ინტუბირებამდე.

რატომ ვაკეთებთ ტესტირებას? რა გვინდა დავადგინოთ? არ აქვს სიმპტომი ადამიანს და გვინდა აღმოვუჩინოთ კოვიდი? და მერე რა? რა გვინდა იმ ადამიანისგან? გასაგებია, დატესტო სამედიცინო პერსონალი, რადგან მას შეხება აქვს პაციენტებთან, კონტაქტია. არადიფერენცირებული ტესტირება პრობლემაა. დანაშაულია ეს კოვიდ-სასტუმრო და კოლექტიური იზოლაციის ცენტრები. შეყრი 50 კოვიდიანს, თუნდაც ცალ-ცალკე ოთახებში და რა? აეროზოლური ფილტრიც კი არ აქვს ნომრებს.

ვამძიმებთ მათ მდგომარეობას დახმარების ნაცვლად. ასეთი კოლექტიური იზოლაციები დასავლეთში უკვე გამოირიცხა. რას აკეთებს იქ ადამიანი? წევს, ჭამს, ნაკლებს მოძრაობს, შესაძლოა, განუვითარდეს თრომბოზი.

შემდეგ მოდის კლინიკის ჰიგიენა, სად კეთდება ტესტირება? ყური მოვკარი, ორჯერ აცრილს ტესტირება არ უნდაო და ვინ თქვა ეგ? მკითხეთ, ერთი, გერმანიაშიც ასეა? – არა. ორჯერ და სამჯერ აცრილსაც ტესტავენ, თუ საჭირო გახდა.

შემდეგი, რით ვიტესტებით, ესეც მთავარი. შეცდომაა დაბალჩივილიანი პაციენტის დრამატიზირება. როგორც კი იტყვის, ვერ ვსუნთქავ კარგად, როგორც კი ნახავენ, რომ 80-ზე ჩამოდის სატურაცია, მართვის სუნთქვაზე გადაჰყავთ. დასავლეთში 70-80 პროცენტით შემცირდა ინტუბირება პაციენტების.

ამძიმებს ინტუბაცია პაციენტების მდგომარეობას. 25 წელია მედიცინაში ვარ და ათასობით ღამე მაქვს გათენებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ინტუბირება პაციენტს უხსნის სტრესს, არაა ცუდი, კარგია, მშვიდად აგრძელებ მკურნალობას, მაგრამ კოვიდის დროს პირიქითაა, დამღუპველია! რაც შეიძლება უნდა გადაწიო ეს პროცესი, სანამ გონებაზეა, მისი ინტუბაცია არ უნდა მოახდინო. სამწუხაროდ, გასულ წლის კვლევების მიხედვით, მართვით სუნთქვაზე გადაყვანილ პაციენტთა 80 პროცენტი გარდაიცვალა.

სწორედ ამიტომ, შემცირდა კოვიდპაციენტთა ინტუბირების რიცხვი დასავლეთში. საქართველოში პირიქითაა, სამწუხაროდ და, უნდა ვთქვა, ინტუბირებული პაციენტების მხოლოდ 20 პროცენტს აქვს გადარჩენის უნარი. კოვიდის დროს, ექიმი ერთმანეთთან აჯერებს რამდენიმე მონაცემს – 6 ლაბორატორიული მონაცემია აქედან და 4 სიმპტომური. მაგალითად, ხველა მშრალია, თუ ნახველიანი, სუნთქვის უკმარისობა, სიცხე მაღალია და წამალი მოქმედებს, თუ მაღალია და პარაცეტამოლი არ მოქმედებს?

 

ვაკეთებთ მერე ამ სიმპტომების პარალელს ლაბორატორიულ მონაცემთან – ინფექციური, ალერგიული აქტიურობა როგორია, იმუნოლოგიური, თრომბოემბოლიური მდგომარეობა როგორია, სისხლის ნაკლებობას ვნახულობთ, ხომ არ გვაქვს შეშუპებითი მაჩვენებელი, ვადარებთ ამ ყველაფერს ერთმანეთთან და გვაქვს ათეულობით კომბინაცია.

საქართველოში კი ერთი მიდგომაა, დაიწყებენ კორტიზოლით, მერე ანტიბიოტიკით გააგრძელებენ, მერე გადასხმებსაც გაუკეთებენ, მერე იმუნომკურნალობით გააგრძელებენ – და მერე მართვით სუნთქვაზეც გადაჰყავთ. ასე ჰყავთ პაციენტის ორგანიზმი ნაძვის ხესავით დახუნძლულია. შიშის ფაქტორით აკეთებენ ამას ალბათ, ეშინიათ, არ გარდაეცვალოთ პაციენტი, ან შესაძლოა პაციენტის და მისი ახლობლების მხრიდანაცაა ზეწოლა, მაგრამ ექიმმა უნდა აიღო პასუხისმგებლობა და ხანდახან გაკეთებას, არგაკეთება სჯობს.

მხოლოდ „გაიდლაინი“ რომ შველოდეს საქმეს და კომპიუტერი, ექიმი აღარ იქნებოდა საჭირო. ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ყველას ერთნაირად რომ გაუკეთებ ყველაფერს, რომ არ იცდი, რომ არ ეკითხები და რომ ეკითხები და გპასუხობს და მაინც გადაგყავს მართვით სუნთქვაზე, იმიტომ მძიმდება პაციენტი. მედიცინაში არსებობს პროფილაქტიკური მკურნალობა, მაგრამ კოვიდის შემთხვევაში, პროფილაქტიკური მკურნალობა არ ჭრის. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, კოვიდით დაავადებულ პაციენტებში ანტიბიოტიკურმა პროფილაქტიკურმა მკურნალობამ, გაცილებით მძიმე შედეგი გამოიწვია. ასევეა ანტისხეულების თერაპიაც, რომელიც არ უნდა ჩაუტარდეს ყველა ინტუბირებულ პაციენტს, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება ჰქონდეს ეფექტი.

პაციენტი, რომელსაც აქვს სუნთქვის მცირე უკმარისობა, ხვდება პალატაში, სადაც 4-5 კოვიდპაციენტი წევს, უნდა, თუ არ უნდა, აძლევენ ჟანგბადს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფილტვი თავისით უკვე ნაკლებს სუნთქვას, არ მოძრაობს, პირბადე უკეთია – დაგიმძიმდება ასეთი პაციენტი, აბა, რა მოუვა?

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ვინც კი ხვდება კლინიკაში, ყველას უნდათ, რომ გადასხმა გაუკეთონ. რა არის გადასხმა? სითხეა. ამ ვირუსის გამოყოფა როგორ ხდება? ლორწოვანი გზით – კუჭ-ნაწლავი და ცხვირ-ხახა.

3 ლიტრა სითხეს რომ გადავუსხამთ ადამიანს, მას წყურვილის გრძნობა აღარ აქვს. სჯობდა ლიტრი სითხე დაელია, ნაკლებად დამძიმდებოდა, გამოვიდოდა ვირუსი კუჭ-ნაწლავიდან, ან ამოახველებდა. უსაშინლესია უკონტროლო გადასხმები, სითხე უგროვდებათ ფილტვში პაციენტებს, ფილტვი ჩანს მერე თეთრი და ქაფიანი, რადიოლოგი კი წერს ქულას – და ეს ხშირად არის ზედმეტი ქულა.

პაციენტი იყო საქართველოდან, უთხრეს, რომ ფილტვი იყო ჩირქიანი, სინამდვილში ესეც იყო ქაფი, მისცეს შარმდენი და გამოვიდა მდგომარეობიდან.

ძალიან დიდი პრობლემაა ჭარბწონიანი ადამიანების მკურნალობა. მათი მდგომარეობა ხშირად რთულდება. მათი ფილტვების ვენტილაცია ისედაც დარღვეულია, რადგან დიაგრამა ვერ მოძრაობს, როგორც საჭიროა. მათ მართვით სუნთქვაზე როგორც კი გადაიყვან, მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდება…

თუ გინდა ასე არ მოხდეს, მისგან იმაზე მეტი სითხე უნდა ამოიღო, ვიდრე მისცემ. ასე თუ არ მოიქცევი, მისი ფილტვი შეშუპებას დაიწყებს.

მე მესმის, რომ სადღაც წერია, რომ გადასხმები უნდა გააკეთო, მესმის, რომელიღაცა კვლევებშიც ეწეროს შეიძლება, მაგრამ იმ კვლევაში არ წერია შენ პაციენტზე, სხვა პაციენტზე წერია და ყველა პაციენტი ინდივიდუალურია.

კოვიდი სჭირს ყველას, მაგრამ ყველა პაციენტი განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომაა ექიმი საჭირო, რომ ათეულობით გზიდან ერთი და სწორი გზა აირჩიოს“,- ამბობს გამოცემა „ალიასთან“ საუბრისას ფრანგიშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ინდოეთში მომაკვდინებელი Nipah ვირუსის სიმპტომები 11 ადამიანს გამოუვლინდა

მომაკვდინებელი ვირუსის Nipah-ის სიმპტომები ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, კერალას შტატში 11 ადამიანს გამოუვლინდა. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინდოეთის მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორის აშუტოშ ბისვასის თქმით, ვირუსის მატარებლები ხილისმჭამელი ღამურები არიან.

რესპირატორულ სიმპტომებთან ერთად, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გულისრევა.

“ხილის ღამურები ცხოვრობენ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. თუ ისინი დაფრინავენ სხვა ადგილებში, ბუნებრივია, ეს ვირუსი შეიძლება გავრცელდეს. ჩვენ არ ვფლობთ სპეციალურ მკურნალობის მეთოდებს ამ დაავადების მიმართ”, – თქვა მეცნიერმა.

მისივე განმარტებით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.

პროფესორმა დასძინა, რომ პრობლემა გლობალურია და ინდოეთის მახლობლად მდებარე რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მაგალითად ბანგლადეშმა უკვე განიცადა ვირუსის რამდენიმე აფეთქება.

Nipah ვირუსი

ნიპას ვირუსი ახლადაღმოჩენილი დაავადებაა, რომელიც თავისი ბუნებრივი მასპინძლიდან, ხილისმჭამელი ღამურიდან შესაძლოა გადავიდეს ცხოველებსა და ადამიანებზე. პირველად იგი 1998 წელს მალაიზიის ერთ-ერთ სოფელში, Sungai Nipah-ში გამოვინლინდა. ვირუსის ღორებს შორის აფეთქებამ დაახლოებით 300 ადამიანი დააინფიცირა და ერთი წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელების აღსაკვეთად, მალაიზიაში მილიონობით ღორი მოკლეს, რამაც ქვეყენის ეკონომიკას კატასტროფული ზიანი მიაყენა.

ბოლოდროინდელმა ეპიდემიებმა აჩვენა, რომ ვირუსი ადამიანს შინაურ ცხოველებთან, როგორციაა ღორი და ძროხა, უშუალო კონტაქტით გადაედება. ის ასევე გადადის დაბინძურებული ხილის მოხმარებით. 2004 წელს ბანგლადეშში ვირუსის აფეთქება პალმის წვენმა გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, ნაყოფი დაბინძურებული იყო ღამურის ნერწყვითა და შარდით.

ნიპას ვირუსით დაინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის აგრესიული ანთება, რომელსაც ენცეფალიტი ეწოდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 14 დღემდე გრძელდება. ინფექციის პირველი ნიშნები კი ჩნდება 3-დან 14 დღემდე პერიოდში.

პირველადი სიმპტომებია ცხელება, ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, ზოგიერთ პაციენტს კი აღენიშნება მწვავე რესპირატორული სინდრომი. საწყის სიმპტომებს მოსდევს დეზორიენტაცია, ძილიანობა და გონების დაბინდვა. დაავადებამ შეიძლება ორი დღის განმავლობაში გამოიწვიოს კომა და გარდაცვალება.

ნიპას ვირუსის სიკვდილობის მაჩვენებელი 70%-ია. ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ისრაელში, თავებით გადაბმული სიამის ტყუპი 12-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

ისრაელში 1 წლის ტყუპმა ერთმანეთი პირველად ნახა. ამ დროის განმავლობაში, ისინი თავების უკანა ნაწილებით იყვნენ გადაბმულნი. მათ განსაცალკევებლად, 12-საათიანი ოპერაცია ჩატარდა, – ამის შესახებ BBC წერს.

იქამდე, ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, ორივეს სკალპები გადაუნერგეს. პროცესში ჩართულნი იყვნენ სპეციალისტები როგორც ისრაელიდან, ისე – უცხო ქვეყნებიდან.

„ჩვენთვის სასიხარულოდ, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვიმედოვნებდით“, – ამბობს მათი ნეიროქირურგი.

ექიმების თქმით, გოგოები, რომლებიც 2020 წლის აგვისტოში დაიბადნენ, სრულიად ნორმალურ ცხოვრებას შეძლებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რატომ უქმნიან არავაქცინირებული ადამიანები საფრთხეს სხვებსაც?

არავაქცინირებული ადამიანების დიდი რაოდენობა ვირუსის  ვარიანტების წარმოქმნას უწყობს ხელს,  – ამის შესახებ დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა ქრისტოფერ მარტინმა განაცხადა.

ვირუსი, რომელიც კოვიდ-19-იწვევს, თვითგამრავლებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი „მასპინძელი“ ადამიანის ორგანიზმია. ვირუსი ამას ჩვენი უჯრედოვანი მექანიზმის მიტაცების გზით ახორციელებს, იმისთვის, რომ ადამიანის უჯრედების მეტი ასლის ნაცვლად მეტი საკუთარი უჯრედი მიიღოს. მაგრამ ეს პროცესი ქაოტურია და ვირუსის მიერ საკუთარი ასლების წარმოქმნისას გენეტიკურ კოდში შეცდომები ხშირად ხდება. ეს შეცდომები კი იწვევს მუტაციებს, რომლებიც ქმნიან შემოჭრილი პათოგენის განსხვავებულ ვერსიებს.

”თუ რომელიმე შემთხვევითი შეცდომა ამ ვირუსს უპირატესობას ანიჭებს, მაგალითად,თუ ის უფრო გადამდები გახდება, როგორც ეს „დელტას“ შემთხვევაშია, აღნიშნულივარიანტი შეიძლება სწრაფად გახდეს მოსახლეობაში დომინანტური,” – განაცხადა პროფესორმა მარტინმა.

მისი განმარტებით, რადგანაც ჩვენი სამყარო ასეთი ურთიერთდაკავშირებული, ვარიანტები შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. მაგალითად, დელტაარიანტი პირველად ინდოეთში 2020 წლის ბოლოს გამოვლინდა, აშშ – ში კი მაისის დასაწყისში. უკვე ივლისისათვის კი აშშ-ში ინფიცირების ახალი შემთხვევების 80%-ი „დელტა“ ვარიანტზე მოდიოდა.

პროფესორ მარტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირების ნაწილი მაინც ინფიცირდება, ინფიცირების მაჩვენებელი არავაქცინირებულებში გაცილებით მაღალია და შესაბამისად, ისინი ვირუსის გავრცელების უფრო მაღალ რისკს ჰქმნიან.

”თითოეული ჩვენგანი რისკის ქვეშ ვრჩებითმანამ, სანამ მსოფლიოში არავაქცინირებული ადამიანების რაოდენობა დიდია,” – აცხადებს მარტინი.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 183 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის, საერთო ჯამში, ვაქცინების 5.46 მილიარდი დოზა ადმინისტრირებული. დღეში იცრება, დაახლოებოთ, 39 მილიონი ადამიანი. ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 684 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 537 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 374 მილიონი.

წყარო : Bloomberg

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიმედიცინასაქართველო

ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკოს საერთაშორისო აღიარება – პირველად, ქართველი ქალი “თაიმს სქუერის” უდიდეს ეკრანზე

ლიდა ბუბუტეიშვილი სავარაუდოდ პირველი ქართველია, ვინც “თაიმს სქუერის” უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სალომე არაბული წერს, რომ ლიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის პრეზიდენტია, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევითაა დაკავებული. მათი კვლევების უკანასკნელი წარმატებული შედეგის უკან სწორედ ქართველი მეცნიერი დგას.

ეს ის ქართველი ქალია, რომელიც ვფიქრობ რომ უნდა გაიცნოს ქართულმა საზოგადოებამ… ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკო, სავარაუდოდ, პირველი ქართველია, რომელიც Time Square-ის უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა და ამის მიზეზი ძალზედ საამაყოა. ლიდა ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებს ორგანიზაციაში, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევებითაა დაკავებული და მათი კვლევების უკანასკნელი, წარმატებული შედეგების უკან ალბათ ხვდებით ვინც დგას…

ლიდა ბუბუტეიშვილის სტატიები და კვლევები უკვე წლებია, იბეჭდება მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო ჟურნალებში, ის ასევე წარმატებით თანამშრომლობს როგორც აშშ-ის ს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან და პროფესორებთან… ძალიან მწყდება გული, როდესაც ქართველი ჟურნალისტები და ტელევიზიები ვერ პოულობენ დროს იმისათვის, რომ ქართველების წარმატება გააჟღერონ, სამაგიეროდ ვინმე ქართველი „ბრგე” თუ ჩაიდენს დანაშაულს საზღვარგარეთ, ამას გვაზეპირებინებენ…

ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ლიდამ დატოვა საქართველო, „შუქის მოსვლას” რომ ყვირილით ვხვდებოდით, ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია… ამით მინდა წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორი რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა მან.

განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩემმა ბავშვობის წლებმა ლიდას, ჩემთვის საყვარელი ლიკას გვერდით გაიარა… ვამაყობ, რომ ასეთი წარმატებული ქართველია და თანაც ქალი.

წარმატებები ლიდა!

– წერს სალომე არაბული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

,,დელტა” შტამის მძიმე განვითარებისგან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები 100%-ით იცავს

სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ის პრეპრინტში (სამეცნიერო გამოცემა, რომელშიც წინასწარ იბეჭდება სხვა გამოცემისათვის განკუთვნილი მასალები) გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, Sinopharm-ისა და Sinovac-ის კოვიდვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის “დელტა” შტამის წინააღმდეგაც.

კვლევაში 10 00-ზე მეტ ადამიანი მონაწილეობდა, რომლის მიხედვითაც ჩინური წარმოების ვაქცინების Sinovac-ისა და Sinopharm-ის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე.

შედეგად მხოლოდ 19-ს განუვითარდა მძიმედ დაავადება, რომლებიც არ იყვნენ ვაქცინირებულნი.

კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინებს აქვს 100% -იანი ეფექტიანობა მძიმე/კრიტიკული დაავადების განვითარების წინააღმდეგ, 70% საშუალო სიმძიმის დაავადების, ხოლო 59%-ით იცავს სიმპტომური დაავადებისგან.

,,კვლევის და ვაქცინაციის მონაცემების გამოყენებით, ჩვენ შევაფასეთ ინაქტივირებული ვაქცინების რეალური ეფექტიანობა პნევმონიისა და მძიმე დაავადებების საწინააღმდეგოდ, გამოწვეული B.1.617.2 ვარიანტით. გავანაწილეთ როგორც არავაქცინირებული, ნაწილობრივ აცრილი (1 დოზა) და სრულად ვაქცინირებული (2 დოზა) ჯგუფები. შევაფასეთ ვაქცინირებული ჯგუფების შედარებითი რისკი (RR) და ვაქცინის ეფექტურობა (VE) არავაქცინირებულ ჯგუფთან მიმართებით”, – აღნიშნულია კვლევაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში, რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თავის კოლეგებს მიმართავს და შეახსენებს, რომ ალერგია არ შეიძლება იყოს აცრაზე უარის თქმის მიზეზი.

ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ის საკუთარ გვერდზე კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს.

“ახლა ჩემთან მოვიდა ვაქცინაციის ცენტრიდან გამობრუნებული ადამიანი, მიზეზი 25 წლის წინ ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ანამნეზში.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში (ასთმა, რინიტი, დერმატიტი, ურტიკარია, კვინკე…), რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას!,”- წერს კულუმბეგოვი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

,,ფაიზერმა” აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო

,,ფაიზერმა” აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო.

🔷ამ დრომდე, ფაიზერს სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

🔷„FDA-ს მიერ ფაიზერის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს“ – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

✅ „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.

✅ ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/

✅ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ისრაელში დამზადებული კოვიდპრეპარატის წარმატება

“90 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტის 93 %-მა, საავადმყოფო მედიკამენტის მიღებიდან 5 დღეში დატოვა” – საერთაშორისო მედია კიდევ ერთი ახალი, კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის ეფექტიანობაზე წერს. 

ისრაელში დამზადებული მედიკამენტი საბერძნეთის რამდენიმე საავადმყოფოში მყოფ პაციენტებზე გამოსცადეს, რადგან, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ისრაელს არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის შესაბამისი სიმძიმის პაციენტები.

კოვიდპრეპარატი თელავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შეიქმნა და ის ახლა საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის.

ცდის ავტორების განცხადებით, კვლევის წინასწარმა ანალიზმა ექსპერიმენტის პირველი ფაზის შედეგები კვლავ გაიმეორა, მაშინ (კვლევის პირველი ეტაპი ზამთარში განხორციელდა) მედიკამენტის მიღების შემდეგ, ზომიერად მძიმე 30 პაციენტიდან 29-მდე, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა.

“აღნიშნული კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის შემოწმება, რომ პრეპარატი უსაფრთხოა. დღემდე, ჩვენ არ გვაქვს რეგისტრირებული რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა, რომელიც კვლევის პირველ ან მეორე ფაზაში მონაწილე რომელიმე პაციენტში გამოვლინდა.” – თქვა პროფესორმა ნადირ არბერმა.

როგორც ისრაელის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო The Jerusalem Post წერს, არბერმა და მისმა გუნდმა, მათ შორის დოქტორმა შირან შაპირმა პრეპარატი შეიმუშავეს იმ მოლეკულის საფუძველზე, რომელსაც პროფესორი უკვე 25 წელია სწავლობს. ეს არის CD24, რომელიც ბუნებრივად არის ორგანიზმში. პროტეინი აკრავს უჯრედის მემბრანას და მრავალ ფუნქციასთან ერთად, აკონტროლებს მექანიზმს, რომელიც “ციტოკინურ შტორმზეა” პასუხისმგებელი.

“კლინიკური გაუარესების მთავარი მიზეზი იმუნური სისტემის გადაჭარბებული გააქტიურებაა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ციტოკინის ქარიშხალი”. კოვიდპაციენტთა შემთხვევაში, სისტემა იწყებს შეტევას ფილტვების ჯანსაღ უჯრედებზე. CD24 კი არის პატარა ცილა, რომელიც მიმაგრებულია უჯრედების მემბრანაზე და ის ასრულებს ბევრ ფუნქციას, მათ შორის ციტოკინის ქარიშხალზე პასუხისმგებელი მექანიზმის რეგულირების ჩათვლით.” – თქვა არბერმა და აღნიშნა, რომ ის, მთლიანობაში, გავლენას არ ახდენს იმუნურ სისტემაზე და მიზნად ისახავს სწორი ბალანსის პოვნას.

“მათი მიწოდებით ზუსტად იქ, სადაც საჭიროა, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ბევრ გვერდით ეფექტს.” – ამბობს პროფესორი.

ახლა გუნდი მზად არის, კვლევის ბოლო ეტაპი დაიწყოს.

აქვე, ნადირ არბერის განმარტებით, რაც უნდა პერსპექტიული იყოს მკურნალობის პირველი ფაზის დასკვნები, ვერავინ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, სანამ შედეგებს არ შეადარებენ იმ პაციენტების ანალიზს, რომლებიც პლაცებოს იღებენ.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებს, დაახლოებით, 155 კოვიდპაციენტი. მათს ორ მესამედს მისცემენ წამალს, ხოლო მესამედს – პლაცებოს.

კვლევა ისრაელში ჩატარდება და ის შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს სხვა ქვეყნებშიც, თუკი ისრაელში საჭირო პაციენტების რაოდენობა არ იქნება საკმარისი.

არბერი იმედოვნებს, რომ კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება და თუ შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, პროფესორი პირობას დებს, რომ მკურნალობა შესაძლებელი გახდება შედარებით სწრაფად და უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

“გარდა ამისა, წარმატებამ შეიძლება გზა გაგვიხსნას მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ” – ამბობს პროფესორი ნადირ არბერი.

შეგახსნებთ, ეს არ არის პირველი კოვიდპრეპარატი, რომლის ცდებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კორონავირუსის „იოტა“ შტამის ლეტალობა შესაძლოა 82%-ს აღწევდეს

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსის „იოტა“ შტამის ლეტალობა შესაძლოა 82%-ს აღწევდეს. შესაბამისი კვლევის შედეგები პორტალ medrxiv.org-ზე გამოქვეყნდა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჰიგიენის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა შეისწავლეს 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე ნიუ-იორკში შეგროვებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები და დაასკვნეს, რომ ვირუსის ეს ვარიანტი სხვა ცნობილ მუტაციებთან შედარებით 15-25%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

გარდა ამისა, „იოტა“ ვარიანტს ლეტალობის კოეფიციენტის გაზრდა შეუძლია. საკვლევ პერიოდში ეს მაჩვენებელი 45-64 წლის ადამიანებში 46%-ით, 65-74 წლის ადამიანებში 82%-ით, 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 62%-ით გაიზარდა.

„იოტა“ შტამი პირველად ნიუ-იორკში, 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ამჟამად ქვეყანაში „იოტა“ ვარიანტის 45 558 შემთხვევაა დადასტურებული. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს აშშ-ში დომინანტური „დელტა“ შტამი გახდა, „იოტას“ შემთხვევების რაოდენობა კი შემცირდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 47 48 49 50 51 102
Page 49 of 102