close

მედიცინა

მედიცინა

მეცნიერებმა თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება რამდენიმე საათში უკუაქციეს

მეცნიერებმა თაგვების თავის ტვინში აღადგინეს ბუნებრივი კარიბჭე, რამაც განაპირობა ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული გროვებისა და ხლართების წარმონაქმნების მოსუფთავება.

მხოლოდ სამი პრეპარატის ინექციის შემდეგ, თაგვებს, რომლებსაც ალცჰაიმერის მიმბაძველი რამდენიმე გენი ჰქონდათ, აღენიშნათ რამდენიმე ძირითადი პათოლოგიური მახასიათებლის შექცევადობა.

პირველი ინიექციიდან რამდენიმე საათში, თაგვების თავის ტვინში დაფიქსირდა ალცჰაიმერის დაავადების დამახასიათებელი ნიშნის — ამილოიდ-ბეტა ფიტფიტების (ბალთა) გროვების თითქმის 45 პროცენტით შემცირება.

იქამდე თაგვებს ჰქონდათ კოგნიტური დაქვეითების ნიშნები, მაგრამ სამი დოზის შემდეგ, ცხოველებმა სივრცითი სწავლისა და მეხსიერების ამოცანებში ჯანმრთელი თანატოლების დონეზე შეასრულეს დავალებები. სარგებელი სულ მცირე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ეს პრეკლინიკური შედეგები ადამიანებში წარმატების გარანტია არაა, მაგრამ წარმოადგენს წამახალისებელი დასაწყისია, რაც ავტორთა განცხადებით, „პრეპარატების კვლევაში ახალი ეპოქის დაწყებას“ აღნიშნავს.

„თერაპიული შედეგები სიღრმისეულია“, — აცხადებს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც კატალონიის ბიოინჟინერიის ინსტიტუტისა (IBEC) და სიჩუანის უნივერსიტეტის დასავლეთ ჩინეთის ჰოსპიტლის (WCHSU) მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ.

ალცჰაიმერის მკურნალობის მათეული მიდგომა გარდასახავს სისხლი-თავის ტვინის ბარიერს (ჰემატოენცეფალური ბარიერი) არა მხოლოდ გადასალახავ დაბრკოლებად, არამედ კარიბჭედ, რომელიც აღდგენას საჭიროებს.

სისხლი-თავის ტვინის ბარიერი ტვინის სისხლის სისტემას აცალკევებს დანარჩენი სხეულისგან და მისგან მოშორებით ინახავს სახიფათო ტოქსინებსა და ბარიერებს. ასევე ხელს უშლის ჩვენი წამლების დიდი ნაწილის შეწოვას.

უკვე წლებია, პრეპარატების მკვლევრები ამ ბარიერს მიღმა ალცჰაიმერის წამლების შეღწევას ცდილობენ ნანოსკოპური პაკეტების, იგივე ნანონაწილაკების გამოყენებით. ბარიერის მომენტალურად გასახსნელად და იქ წამლების შესასვლელად ასევე გამოიყენეს ბგერის ტალღები (ულტრაბგერა).

თუმცა, ეს მიდგომა ბარიერს უყურებს „როგორც კარიბჭეს, რომელიც უნდა გაიარო და არა დისფუნქციურ ქსოვილს, რომელიც აღდგენას საჭიროებს“, — წერენ კვლევის ავტორები, ჯუნიანგ ჩენი და პან სიანგი სიჩუანის უნივერსიტეტიდან.

ტვინში პრეპარატების შეყვანის ნაცვლად, მკვლევრები ცდილობენ, თავის ტვინიდან გამოსვლა გაუადვილონ ამილოიდ-ბეტას.

მათი ახალი მიდგომა მხარს უჭერს ახალ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, სისხლი-თავის ტვინის ბარიერი ალცჰაიმერის შემთხვევებში შესუსტებული ან დაზიანებულია, რის გამოც, ტვინისკენ ატარებს ნარჩენ პროდუქტებს.

ალცჰაიმერის დაავადებაში, პრობლემა წვდომას სცდება; თავად სატრანსპორტო მექანიზმი პათოლოგიურად მიკერძოებულია“, — წერენ მკვლევრები.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა დაასახელეს ორი წამალი, რომლის კომბინაცია, შესაძლოა, ალცჰაიმერის დამარცხებაში დაგვეხმაროს

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის 2022 წლის კვლევის მიხედვით, ალცჰაიმერის ეფექტური მკურნალობა არა ერთი კონკრეტული, არამედ რამდენიმე წამლის კომბინაციით იქნება შესაძლებელი.

პრობლემა ისაა, რომ ასეთი წამლების პოვნას დიდი დრო სჭირდება, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) ნებართვის მიღება კი პროცესს კიდევ უფრო ახანგრძლივებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში FDA-ის მიერ დამტკიცებული წამლები იყო განხილული, რომლებიც ამ ცვლილებების საპირისპირო ეფექტებს იწვევს.

ძიება დაახლოებით 1 300 წამლით დაიწყო და მოგვიანებით 5-მდე შემცირდა, რადგან FDA-სგან გამოყენების ნებართვა მათგან მხოლოდ ამ მცირე ნაწილს ჰქონდა.

მკვლევრებმა ეს მონაცემები UC Health Data Warehouse-ის მეშვეობით 65 წელს გადაცილებული 1.4 მილიონი ადამიანის ანონიმურ ჯანმრთელობის ჩანაწერს შეადარეს.

ორი მედიკამენტის შემთხვევაში მეცნიერებმა განსაკუთრებით გამოკვეთილი დადებითი კორელაცია შენიშნეს. ესენია ლეტრაზოლი და ირინოტეკანი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ თეორიული კვლევა კლინიკურად მალევე იქცევა და წამლების ეს კომბინაცია ამ დაავადების მქონე მილიონობით ადამიანს შვებას მოგვრის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

როგორ ქრება კიბოს უჯრედები ქიმიოთერაპიის შემდეგ – მეცნიერების განმარტება

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

საბედნიეროდ, ონკოლოგიაში თანამედროვე მიღწევები ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა. მეცნიერებმა სიმსივნესთან ბრძოლის თერაპია შექმნეს. სიმსივნის საწინააღმდეგო ისეთი მეთოდები, როგორიც ქიმიოთერაპიაა, ამ მავნე ქსოვილებს უტევს და თვითგანადგურებისკენ უბიძგებს. ჩნდება კითხვა – სად ქრება ისინი?

დაპროგრამებული სიკვდილისას, რომელსაც აპოპტოზი ეწოდება, მათი გარე მემბრანა სუსტდება. ასე იშორებს ორგანიზმი ჩვეულებრივ დაზიანებულ ან გამოუსადეგარ უჯრედებს.

ფაგოციტები კიბოს მკვდარ უჯრედებს ისეთ კომპონენტებად შლის, როგორიც შაქარი და ნუკლეინის მჟავაა.

სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიებს სხვაგვარი უჯრედული სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია, რომელიც ნეკროპტოზის სახელითაა ცნობილი. ამ დროს კიბოს უჯრედები კი არ მჭიდროვდება, არამედ, პირიქით, “იბერება” და სკდება. შედეგად გამოთავისუფლებულ ნაწილაკებს ისევ და ისევ ფაგოციტები შთანთქავს.

2023 წლის კვლევამ ცხადყო, რომ მომაკვდავი სიმსივნური უჯრედების ბირთვის გასკდომისას დნმ და სხვა მოლეკულები გარშემო იფანტება, რაც შესაძლოა, მეტასტაზების გავრცელებას დაედოს საფუძვლად. ეს ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ამის შედეგად კიბოს ქსოვილი თავდაპირველი ადგილიდან მოშორებითაც გაჩნდეს.

მეცნიერები ამ საკითხის შესასწავლად აქტიურად მუშაობენ. მაგალითად, 2018 წლის ნაშრომში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ნარჩენი ნაწილაკებით გამოწვეული ანთების თავიდან აცილების გზაზეა საუბარი. ესაა რეზოლვინები, რომლებიც ომეგა 3-დან მიიღება, ანთებას ამცირებს, ციტოკინებს არეგულირებს და ნარჩენებსაც ასუფთავებს.

ასეა თუ ისე, ამ პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არაა ცნობილი და შესაძლოა, მომავალში კვლევებმა კონკრეტულ ბიოლოგიურ მექანიზმებს მოჰფინოს ნათელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ და სად იმალება აივ-ინფექცია ადამიანის სხეულში

აივ-ინფექცია ცნობილია უნარით, ადამიანის სხეულში დაიმალოს ათწლეულების განმავლობაში; როგორც წესი, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, რათა არ გამოვიდეს მიძინებული მდგომარეობიდან.

ახალ კვლევაში, მკვლევრებმა გაარკვიეს, სად და როგორ იმალება აივ-ინფექცია ამ ლატენტურ რეზერვუარებში, რაც საკვანძო ნაბიჯია პაციენტების ამ ვირუსისგან განკურნების მცდელობაში.

თავის ფარულ სტადიაში, აივ-ს შეუძლია გარკვეულ მასპინძელ უჯრედებში დარჩეს მიძინებული „პროვირუსის“ სახით — ვირუსული გენომის, რომელსაც საკუთარი თავი შეჰყავს მასპინძლის უჯრედის დნმ-ში.

ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი აღმოფხვრა ასე რთულია, თუნდაც თანამედროვე ანტირეტროვირუსული პრეპარატებით. მათ შეუძლიათ ვირუსული გამრავლების დათრგუნვა, ვირუსული ჩატვირთვის შემცირება, დაავადების პროგრესის შეჩერება, მაგრამ მიზანში ვერ იღებენ დამალულ პროვირუსებს.

შედეგად, ანტირეტროვირუსული თერაპია აივ-ინფექციას იმორჩილებს, მაგრამ ვერ სპობს, რაც ბევრ პაციენტს აიძულებს, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელონ მკურნალობა ან თავი ვირუსის რეციდივის რისკის ქვეშ დააყენონ.

წინა კვლევები აჩვენებს, რომ აივ-ინფექციას სხეულის სხვადასხვა ქსოვილში დარჩენა შეუძლია, მათ შორის თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ა. შ.

იმუნური სისტემის T დამხმარე უჯრედები მთავარი ლატენტური რეზერვუარებია, მაგრამ არა ერთადერთი. აივ-ინფექცია ასევე იმალება კანის უჯრედებში, სისხლის თეთრ უჯრედებში, ორგანოსპეციფიკური უჯრედებში, როგორიცაა თირკმელების პოდოციტები და ნეირონების დამხმარე უჯრედები.

აივ ინფექციის ლატენტობის მრავალი დეტალი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მათ შორის არა მხოლოდ ის, თუ სად იმალება ვირუსი, არამედ ისიც, როგორ შედის ის სხვადასხვა ქსოვილსა და უჯრედის ტიპებში და როგორ სახლდება შემდეგ იქ.

ახალი კვლევის თანახმად, აივ-ინფექცია ამას ქსოვილ-სპეციფიკური მიდგომით აღწევს, მასპინძელი უჯრედის დნმ-ში იმალება თავისი ქცევის გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანით. მაგალითად, თავის ტვინში ის თავს არიდებს გენებს და დნმ-ის უფრო ნაკლებად აქტიურ რეგიონებში იმალება.

„დავადგინეთ, რომ აივ-ინფექცია შემთხვევითად არ ინტეგრირდება. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ქსოვილში მიჰყვება უნიკალურ მახასიათებლებს, რაც სავარაუდოდ ჩამოყალიბებულია ადგილობრივი გარემოსა და იმუნური პასუხების მიერ. ეს ხსნის, თუ როგორ ახერხებს აივ-ვირუსი ორგანიზმში ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებას და რატომ შეიძლება მოქმედებდეს ზოგიერთი ქსოვილი ინფექციის რეზერვუარის სახით“, — ამბობს ონტარიოს დასავლეთის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტივენ ბარი.

კვლევაში შეისწავლეს მონაწილეების სისხლის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავი მილის, წვრილი ნაწლავისა და კუჭის ქსოვილების ნიმუშები.

ავტორებმა შეისწავლეს, რამდენად ხშირად ინტეგრირდებოდა აივ-ინფექცია მასპინძელი გენომის სპეციფიკურ ნაწილებში, შემდეგ კი ეს ინფორმაცია შეადარეს მახასიათებლებს, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში დააკვირდნენ.

„იმის ცოდნა, სად იმალება ვირუსი ჩვენს გენომში, დაგვეხმარება, რომ გამოვავლინოთ ამ უჯრედების და ქსოვილების მიზანში ამოღების გზები ტარგეტირებული თერაპიული მიდგომებით — ან ამ უჯრედების ამოძირკვით ან ვირუსის „დადუმებით““, — ამბობს კალაგარის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი გიდო ფონ მარლი.

ეს აღმოჩენა მკვლევრებმა გააკეთეს ქსოვილების იშვიათი ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც პაციენტებისგან აივ/შიდსის პანდემიის დაწყების ადრეულ წლებში შეაგროვეს, იქამდე, ვიდრე თანამედროვე მედიკამენტები გახდებოდა ხელმისაწვდომი.

ამის წყალობით, მეცნიერები ვირუსს მის ბუნებრივ მდგომარეობაში დააკვირდნენ ერთი და იმავე ინდივიდის მრავალ სხვადასხვა ორგანოში; ასე გამომჟღავნდა არა მხოლოდ ახალი დეტალები აივ-ინფექციის შესახებ, არამედ ისტორიული ნიმუშების შენახვის სამეცნიერო მნიშვნელობაც.

„ჩვენი კვლევა წარმოადგენს მძლავრ მაგალითს იმისა, როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ ისტორიული ნიმუშებიდან, რათა უკეთესად შევისწავლოთ ვირუსი, რომელიც დღემდე ათეულობით მილიონ ადამიანზე ზემოქმედებს მთელ მსოფლიოში“, — ამბობს ბარი.

ეს ნიმუშები არსებობს იმ ადამიანთა წყალობით, რომლებიც მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ აივ-ინფექციის კვლევებში ამ პანდემიის დასაწყისში.

მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა – რა წერია ახალი კვლევის შედეგებში

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც წლების განმავლობაში სამეცნიერო ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა მისი პოტენციალი დაფარული დარჩა.

ნაერთი, სახელად პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი, ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა.

პოტენციურად, მას შეუძლია ბრძოლა ბაქტერიებთან, რომლებიც სულ უფრო რეზისტენტული გახდნენ თანამედროვე პრეპარატებისადმი; სინამდვილეში, ის შუალედური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სხვა ანტიბიოტიკის, მეთილენომიცინ A-ს წარმოების პროცესში წარმოიქმნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბაქტერია, სახელად Streptomyces coelicolor-ი, რომელიც გამოიმუშავებს მეთილენომიცინ A-ს და პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონს, არის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მოდელის სახეობა, რომელიც ფართოდ არის შესწავლილი 1950-იანი წლებიდან. ასეთ ნაცნობ ორგანიზმში ახალი ანტიბიოტიკის პოვნა ნამდვილი სიურპრიზია“, — ამბობს უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ლონა ალხალაფი.

ახლა საჭიროა პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონის უფრო მეტი პრეკლინიკური და ლაბორატორიული ტესტირება, რათა სრულად გაირკვეს მისი, როგორც ანტიბიოტიკის პოტენციალი, როგორც იმ მექანიზმებში, რომლებითაც ის მუშაობს, ისე მის სამიზნე პათოგენებში.

მკვლევრები ასევე ხედავენ პოტენციალს სხვა ანტიბიოტიკების შუალედური პროექტების კვლევაში, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა კიდევ უფრო მეტი ასეთი ნაერთის პოვნა.

„ეს აღმოჩენა მიუთითებს ახალ პარადიგმაზე ანტიბიოტიკების აღმოჩენაში. შუამავალი პროდუქტების გამოვლენითა და დატესტვით, შეიძლება მივაგნოთ ძლიერ ახალი ანტიბიოტიკებს, რომლებიც დაგვეხმარება ანტიმიკრობულ რეზისტენტულობასთან ბრძოლაში“, — ამბობს ჩალისი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დადგინდა, რომ რევმატოიდული ართრიტის ნიშნები სიმპტომების გამოჩენამდე წლებით ადრე ჩნდება

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რევმატოიდულ ართრიტს ხშირად წინ უძღვის ჩუმი, უსიმპტომო სტადია. ამ ავტოიმუნური დაავადების ადრეულ სტადიაზე „დაჭერა“ ნიშნავს სახსრების მტკივნეული ანთებისა და დაზიანების შემსუბუქებას ან პროგრესის მთლიანად შეჩერებას.

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც რევმატოიდული ართრიტი (RA) უვითარდება, რისკის ქვეშ მყოფად სახსრების ანთების (სინოვიტი) გამოჩენამდე წლებით ადრე მიიჩნევენ სისხლში ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების (ACPA) არსებობის გამო. თუმცა, ეს დაავადება ამ ანტისხეულების მქონე ყველა ადამიანს არ უვითარდება და შესაბამისად, ეს მეთოდი ზუსტ პროგნოზად არ ითვლება.

ახალ კვლევაში გამოავლინეს ახალი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც ექიმებს შეეძლებათ დაადგინონ, ვინაა რისკის ქვეშ; ამ ნიშნებს შორის არის ანთებითი ცილები სისხლში და იმუნური უჯრედების (რომლებიც მართავენ რევმატოიდულ ართრიტს) ქცევა.

კვლევა ამერიკელთა ჯგუფმა ჩაატარა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მკვლევრები ალენის იმუნოლოგიის ინსტიტუტიდან, სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და კოლორადოს უნივერსიტეტიდან.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მხარს უჭერს კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, რევმატოიდული ართრიტის ანთებითი დაავადება სახსრების აქტიურ ანთებამდე დიდი ხნით ადრე იწყება, უფრო ადრე, ვიდრე კლინიკურად გამოჩნდება. ეს კი ეს გავლენას ახდენს პრევენციული მკურნალობის დაწყების დროის შესახებ გადაწყვეტილებებზე“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევრები მიჰყვნენ 45 იმ ადამიანის პროგრესს, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის რისკის ქვეშ მყოფად მიიჩნეოდნენ ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების გამო. მათგან 16-ს სრული რევმატოიდული ართრიტი განუვითარდა. საკონტროლო ჯგუფის ჯანმრთელი ადამიანების მონაცემებთან ერთად, ამ კვლევამ მეცნიერებს ბიოლოგიური შედარების მრავალი წერტილი მისცა.

რისკის ქვეშ მყოფ მონაწილეთა სისხლში, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული ცილები გაცილებით უხვად და აქტიური იყო, B-უჯრედები (რომლებიც ანტისხეულებს წარმოქმნიან) და T-უჯრედები (რომლებიც კოორდინაციას უწევენ B უჯრედებს) კი ავლენდნენ უფრო მაღალი მზადყოფნის ეტაპზე ყოფნის ნიშნებს.

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზთან უფრო ახლოს, გაიზარდა ანთებითი მოქმედებისთვის მზადმყოფი T-ლიმფოციტებისა და B-უჯრედების რაოდენობა, მათ შორის იმ T-ლიმფოციტებისა, რომლებიც სხვა შემთხვევაში უფრო ნეიტრალურები არიან. თითქოს იმუნური სისტემა ხედავდა, რა ახლოვდებოდა.

ამ ფუნდამენტური ცვლილებების თვალსაზრისით, გარკვეული გადაფარვა იყო მათ შორის, ვისაც რევმატოიდული ართრიტი განუვითარდათ და მათ, ვისაც არ განუვითარდათ, მაგრამ მოგვცეს მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცევა რისკის ქვეშ ყოფნის ფაზა სრულ კლინიკურ დიაგნოზამდე.

ასეთი შედეგები სრულიად ახალია და შესაბამისად, სამკურნალო საშუალებებიც გზაშია, მაგრამ თუ უფრო მეტი გვეცოდინება იმის შესახებ, როგორ ძლიერდება იმუნური სისტემა და იცვლება მისი აქტივობა რევმატოიდული ართრიტის დაწყებამდე — მკვლევრებს დაეხმარება ამ ცვლილებათა მიზანში ამოღებაში.

რევმატოიდული ართრიტის მაღალი რისკის შემთხვევებში გამოყენებისთვის უკვე არსებობს პრეპარატი; მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის ზოგიერთი აქტივობის შექცევას, ისეთის, რაც ახალ კვლევაშიც გამოიკვეთა. ეს კი მომავალში პოტენციური სამკურნალო საშუალებების იმედებს ზრდის.

„ველოდებით, რომ ჩვენი კვლევის შედეგებს მხარს დაუჭერს სხვა კვლევებიც… რათა უკეთესად მოხდეს იმის პროგნოზი, ვის დაემართება რევმატოიდული ართრიტი, გამოვლინდება პოტენციური ბიოლოგიური სამიზნეები ამ დაავადების პრევენციისთვის და სამკურნალო საშუალებების გაუმჯობესებისთვის“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის რევმატოლოგი კევინ დინი.

კვლევა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია alleninstitute.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

ისტორიაში პირველად, ადამიანის კანის დნმ-ის გამოყენებით ფუნქციური კვერცხუჯრედი შექმნეს

მეცნიერებმა ზედმეტი ქრომოსომების მოცილების ახალი მეთოდის დახმარებითა და ადამიანის კანის დნმ-ის გამოყენებით კვერცხუჯრედები მიიღეს. რაც მთავარია, ამ უჯრედებს განაყოფიერების უნარი აქვთ და ზიგოტად ჩამოყალიბება შეუძლიათ. ეს იმედის მომცემია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფერტილურობის პრობლემა აქვთ, თუმცა ინოვაციური ტექნიკის კლინიკურად დანერგვას სულ მცირე 10-15 წელი დასჭირდება.

“სომატური უჯრედების ფუნქციის შესაცვლელად მომწიფებული ოვოციტის [ქალის პირველადი სასქესო უჯრედი] უჯრედული მექანიზმის გამოყენება შეგვიძლია. ასე პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების მისაღებად აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი უჯრედული კულტურის ზრდაზე, რასაც თვეები სჭირდება. თეორიულად, ეს დროს დაზოგავს და, პოტენციურად, გენეტიკური თუ ეპიგენეტიკური ანომალიების განვითარების რისკსაც შეამცირებს”, — აცხადებს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგი, პაულა ამატო.

უნაყოფობა არის მდგომარეობა, როცა დაორსულების მცდელობები 12 თვის შემდეგაც უშედეგოა (ქალის, კაცის ან ორივეს პრობლემის გამო). გლობალურად ამ სირთულის წინაშე მილიონობით ადამიანია. მას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის გამეტების არასრულფასოვანი ფუნქციონირება. კვერცხუჯრედების შემთხვევაში ამას შეიძლება სხვადასხვა დაავადება იწვევდეს, მაგალითად: სიმსივნე ან ოვოციტების ხარისხისა და რაოდენობის შემცირება, რაც ასაკთანაა დაკავშირებული.

ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი ინ ვიტრო გამეტოგენეზია (IVG), რომელიც პაციენტის გენეტიკური მასალიდან გამეტების შექმნას გულისხმობს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებში მოხერხდა, ადამიანებში კი — არა; IVG-ის ერთ-ერთი ფორმა სომატური (სხეულის, არასქესობრივი) უჯრედის ბირთვის გადატანაა (SCNT), რითაც კვერცხუჯრედის ბირთვს ანაცვლებენ.

ვინაიდან ამ გზით მიღებულ გამეტებში 23-ის ნაცვლად 46 წყვილი ქრომოსომაა, მათი რაოდენობის შემცირებაა საჭირო. ამისთვის მკვლევრებმა შეიმუშავეს ტექნიკა, რომელსაც უჯრედის მიტომეიოზს უწოდებენ — ის უჯრედთა ბუნებრივი დაყოფის პროცესს იმეორებს.

“მშობლის კანის უჯრედის ბირთვი ინერგება დონორის ოვოციტში, რომელსაც საკუთარი ბირთვი აქვს ამოცლილი. ამ რეკონსტრუირებულ კვერცხუჯრედს შემდეგ ქრომოსომების ნახევარი შორდება, რათა ჰაპლოიდი მიიღწეს [23 წყვილი ქრომოსომა]… მომდევნო ეტაპზე კვერცხუჯრედი უკვე მეორე მშობლის სპერმით ნაყოფიერდება და დიპლოიდური ზიგოტა მიიღება [ემბრიონი], რომელსაც ქრომოსომების ნორმალური რაოდენობა აქვს [46 წყვილი, ნახევარ-ნახევარი დედ-მამისგან]”, — ამბობს პაულა ამატო.

ამ მეთოდით მეცნიერებმა 82 ფუნქციური ოვოციტი შექმნეს და ისინი გაანაყოფიერეს. შედეგები შერეული იყო: მათმა უმეტესობამ უჯრედული დაყოფის მე-4-დან მე-10-მდე ეტაპზე განვითარება შეწყვიტა, დაახლოებით 9%-მა კი ბლასტოცისტად ჩამოყალიბება განაგრძო. მართალია, ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ადასტურებს, რომ ახალი ტექნიკა მუშაობს. ექსპერიმენტი მეექვსე დღეს შეწყდა, რადგან ბლასტოცისტს სწორედ ამ დროს ნერგავენ ხოლმე.

კვლევისას გამოკვეთილი მთავარი გამოწვევა ქრომოსომური ანომალიების ნიშნები იყო, რადგან ზედმეტი ქრომოსომები შემთხვევითობის პრინციპით მოაცილეს. ახლა მეცნიერები სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმედიცინა

მზის აქტივობა, შესაძლოა, გულის შეტევის რისკს ზრდიდეს – კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მზის აქტივობით გამოწვეული გეომაგნიტური დარღვევები შესაძლოა ადამიანებში გულის შეტევის რისკის ზრდასთან იყოს დაკავშირებული. აღნიშნული ნაშრომი ამ თემაზე არსებული მზარდი მტკიცებულებების ნაწილია.

დაახლოებით ერთი წლის წინ NASA-მ განაცხადა, რომ მზემ თავისი 11-წლიანი ციკლის აქტივობის პიკს მიაღწია. ასტროფიზიკური პერსპექტივიდან ეს ფაქტი მზის უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მზის შტორმებისა და უჩვეულო პოლარული ნათებების შესახებ უფრო ხშირად გვესმის.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა გეომაგნიტურ დარღვევებსა და გულს-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის შესაძლო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მიაგნეს.

გუნდი ძირითადად მიოკარდიუმის ინფარქტზე კონცენტრირდებოდა, რომელიც უფრო ფართოდ გულის შეტევის სახელითაა ცნობილი. მათ სან ხოსე დოს კამპოსის მუნიციპალიტეტის საჯარო ჯანდაცვის სისტემიდან 1998-2005 წლების სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს, რაც მზის 23-ე ციკლის უმეტეს ნაწილს მოიცავს.

ჯამში მათ გულის შეტევით ჰოსპიტალიზაციის 1 340 შემთხვევა გააანალიზეს და თარიღები იმ დროს დაფიქსირებულ გეომაგნიტურ აქტივობას შეადარეს.

როგორც ავტორები აღნიშნავენ ზოგიერთი დასკვნა მიოკარდიუმის ინფარქტზე უკვე კარგად ცნობილ ტენდენციებს ემთხვეოდა. მათ დაადგინეს, რომ გულის შეტევით უფრო მეტი კაცი დაზარალდა, ვიდრე ქალი, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსგავსი იყო.

საინტერესოა, რომ გეომაგნიტური აქტივობის მონაცემებმა უჩვეულო კორელაცია გამოავლინა. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მაშინ როდესაც გეომაგნიტური დარღვევები ფიქსირდებოდა, პარალელურად გულის შეტევით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებიც იზრდებოდა.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მათი დასკვნები საბოლოო არ არის, რადგან ისინი მხოლოდ ერთი რეგიონიდანაა. ამის მიუხედავად, საინტერესოა მათი ნაშრომის ბოლო წლების სხვა კვლევების კონტექსტში განხილვა.

2018 წელს საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ გულისცემის ცვალებადობა (HRV) გეომაგნიტური დარღვევების საპასუხოდ იცვლებოდა. ზოგადად, მაღალი HRV ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ავტონომიური ნერვული სისტემა გარემო პირობებზე კარგად რეაგირებს.

2023 წლის კვლევამ დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან მიღებული მონაცემები გეომაგნიტური არასტაბილურობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კორელაციის შესაფასებლად შეისწავლა. მონაცემები 1996 წლიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავდა. მეცნიერები წერდნენ, რომ მათი დასკვნებით გეომაგნიტური ველის ინტენსივობის მატებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის დადებითი კორელაცია შეინიშნებოდა. ამის მიუხედავად, ისინიც დამატებითი კვლევების მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს.

ამ თემის გარშემო ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად შეინიშნება, რადგან ყველა ნაშრომი სამომავლო კვლევებისკენ მოგვიწოდებს. ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, იწვევს თუ არა მზის შტორმები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ამჟამად HRV-ის მონაცემები შემდგომი ძიებისთვის უბრალოდ პერსპექტიულ ამოსავალ წერტილად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის პრეპარატი, რომელიც დაბერებას უჯრედულ დონეზე ეწინააღმდეგება

მეცნიერები დაბერებასთან შეწინააღმდეგებისა და ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნების გზების ძიებას აქტიურად ცდილობენ. მაგალითად, ერთ-ერთმა გუნდმა შექმნა ახალი ტიპის პრეპარატი, Rapalink-1, რომელიც საფუარ სოკო სქიზოსაქარომიცეტზე გამოცადეს. ეს ორგანიზმები მსგავსი ექსპერიმენტისთვის ხშირად გამოიყენება.

თავად მედიკამენტი იმუნოსუპრესანტ რაპამიცინის ფორმულას ეფუძნება — მან უჯრედებსა და მღრღნელებში სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტი აჩვენა. მკვლევართა მიერ ჩატარებულ ცდებში Rapalink-1-მა სოკოების სიცოცხლის ხანგრძლივობა სწორედ ასევე გაზარდა. მოლეკულურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატმა იმ ფერმენტების გამომუშავებაც გაააქტიურა, რომლებიც ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ აგმატინს სხვა ნაერთებად გარდაქმნის.

აქამდე ცნობილი იყო, რომ აგმატინს მიკრობების მასპინძელი ორგანიზმის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ახლა ისიც გავუგეთ, რომ იგივე ხდება მისი გარდაქმნით მიღებული ნაერთების შემთხვევაშიც, რადგან ისინი დაბერებასთან დაკავშირებულ გენებზე ირიბად ზემოქმედებს.

მეცნიერების თქმით, ასეთი პოტენციალის გამოვლენა იმედს გვაძლევს, რომ ოდესმე მას ადამიანებში გამოვიყენებთ. Rapalink-1-იცა და რაპამიცინიც TOR-ად წოდებული ფერმენტული მექანიზმის მეშვეობით მოქმედებს. უჯრედების დაბერებასთან და დაავადებებთან მისი კავშირი ცნობილია და ეს ჩვენზეც ვრცელდება.

კვლევის მეორე მნიშვნელოვანი მიგნება ისაა, რომ ახალი პრეპარატის ფუნქციონირება ცილოვან-ფერმენტულ კომპლექს TORC1-ს ემყარება. ის TOR-ის ნაწილია და უჯრედთა ზრდაზეა პასუხისმგებელი. Rapalink-1 მის მოქმედებას აფერხებს, რის შედეგადაც უჯრედები უფრო ნელა იზრდება და დიდხანს ნარჩუნდება. ამ პროცესების შესწავლა შეიძლება ჯანმრთელ დაბერებასთან და ზოგიერთ სიმსივნესთან TORC1-ის ასოციაციის გარკვევაში დაგვეხმაროს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ შორს ვართ ისეთი მედიკამენტისგან, რომელიც დაბერებას უბრალოდ შეაჩერებს. ასეთი კვლევებით უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ სიბერე მრავალმხრივი პროცესია და სხვადასხვა დაავადების რისკებს შეიცავს. Rapalink-1-ის მსგავსმა საშუალებებმა შეიძლება ეს რისკები შეამციროს, მაგრამ ჯერ დამატებითი ცდები და მონაცემებია საჭირო. შესაბამისად, აგმატინის მიღებაც საფრთხილოა, რადგან ზოგჯერ ის პათოლოგიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

უსინათლო ადამიანებმა ჭკვიანი სათვალისა და იმპლანტანტის მეშვეობით ისევ დაინახეს

თვალის ყვითელი ხალის, მაკულის, ასაკობრივი დეგენერაცია (AMD) პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც უსინათლობას იწვევს. ამ მდგომარეობის მქონე ათობით პაციენტში მეცნიერებმა ახალი მეთოდი გამოცადეს, რომელიც თვალის იმპლანტანტსა და ჭკვიან სათვალეს მოიცავს. მათი მეშვეობით ამ ადამიანებმა ხელახლა დანახვა შეძლეს.

მკვლევრების თქმით, პაციენტებს მხედველობა იმ დონეზე აღუდგათ, რომ კროსვორდის შევსება და ბეჭდური წიგნების წაკითხვა მოახერხეს. მონაწილეებს შორის იყვნენ 60 და მეტი წლის ის პირები, რომლებსაც ორივე თვალში AMD-ის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. მხედველობის მკაფიოობის შეფასების logMAR-ის ცხრილში მათი მაჩვენებელი 1.2 ან ნაკლები იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაავადება შეუქცევადია, რადგან თვალის ბადურას ცენტრალურ ნაწილში უჯრედები დროთა განმავლობაში ნადგურდება. სპეციალისტების მიზანი პაციენტებისთვის დაკარგული მხედველობის დაბრუნება იყო, რისთვისაც მზის პატარა ფოტოვოლტური პანელებისგან დამზადებული 2×2-მილიმეტრიანი მოწყობილობა გამოიყენეს. ის ბადურას ქვეშ ქირურგიულად გადანერგეს.

ჭკვიანი სათვალეები, რომლებიც პაციენტებს ეკეთათ, კამერითაა აღჭურვილი და გარემოს მიახლოებულ სურათებს იმპლანტანტს ახლო ინფრაწითელი სინათლით გადასცემს. ამის შემდეგ იმპლანტანტი მცირე ელექტრულ სიგნალს ოპტიკურ ნერვს აწვდის, რითაც ბადურას შემადგენელი უჯრედების ბუნებრივ რეაქციას იმეორებს.

კვლევის ფარგლებში გადანერგვის ოპერაცია 38 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგანაც 32 კლინიკურ ცდაში ერთი სრული წლის განმავლობაში მონაწილეობდა. ამ პერიოდის დასრულებისას 26 მათგანს მხედველობა გაუუმჯობესდა, წარმატებით მაჩვენებელი კი 80% იყო. მართალია, ისინი ჯერ კიდევ ბუნტად და შავ-თეთრად ხედავდნენ, თუმცა მეცნიერები ამ მიღწევას “გასაოცარს” უწოდებენ.

ეს ტექნოლოგია ნეიროკომპიუტერულ კომპანია Science Corporation-ს ეკუთვნის; მისი აღმასრულებელი დირექტორი, მაქს ჰოდაკი, ილონ მასკთან ერთად Neuralink-ის თანადამფუძნებელია. Science Corporation-მა თვალის იმპლანტანტის ტექნოლოგია ფრანგულ კომპანია Pixium Vision-ისგან მიიღო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 101
Page 2 of 101