close

დედამიწა

დედამიწაკვლევები

მიწისქვეშა კლიმატის ცვლილების გამო ჩიკაგო ჩაძირვის რისკის ქვეშაა – ახალი კვლევა

მაისში მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ შენობა-ნაგებობების სიმძიმის გამო ნიუ-იორკი იძირებოდა. როგორც აღმოჩნდა, იმავე ბედს იზიარებს ქალაქი ჩიკაგოც, თუმცა სულ სხვა მიზეზის, მიწისქვეშა კლიმატის ცვლილების, გამო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩიკაგოს შენობებს ჩამოშლის რისკი არ ემუქრება, ახალი კვლევის აღმოჩენები ნათელს ჰფენს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც 2,7 მილიონი ადამიანი დადგება მომავალი ათწლეულების განმავლობაში.

„მიწისქვეშა კლიმატის ცვლილება მდუმარე საფრთხეა. ნიადაგი დეფორმირდება ტემპერატურის ცვალებადობის შედეგად და არც ერთი არსებული სამოქალაქო სტრუქტურა ან ინფრასტრუქტურა არ არის შექმნილი ამ ცვლილებებთან გასამკლავებლად”, — აცხადებს წამყვანი ავტორი ალესანდრო როტა ლოირა, ასისტენტ პროფესორი ჩრდილო-დასავლეთ მაკკორმიკის საინჟინრო სკოლიდან.

ურბანული რაიონების ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესასწავლად მკვლევრებმა ქალაქის ცენტრალურ ბიზნეს ოლქსა (ჩიკაგოს მარყუჟი) და ილინოისის განაპირა მხარეებში დაამონტაჟეს 150 ტემპერატურის სენსორისგან შემდგარი უკაბელო ქსელი.

მათ აღმოაჩინეს, რომ მარყუჟის ქვეშ მიწისქვეშა ტემპერატურა ხშირად 10 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილია, ვიდრე გრანტ პარკის ქვეშ (რომელიც შენობებისგან შორსაა). ასევე დაადგინეს, რომ ჰაერის ტემპერატურა მიწისქვეშა ნაგებობებში, როგორებიცაა: პარკინგის ავტოფარეხები და მეტროს სადგურები — შეიძლება იყოს 25 გრადუსი ცელსიუსით უფრო მაღალი, ვიდრე გრანტ პარკის ნიადაგის ტემპერატურა.

მათ მიერ შემუშავებული 3D მოდელის გამოყენებით, მკვლევრებმა გააანალიზეს, თუ როგორ შეიცვალა ნიადაგი 1951 წლიდან (როდესაც ქალაქში მეტრო გაიხსნა) დღემდე. შემდეგ კი ჩაატარეს სიმულაცია 2051 წლამდე, რათა შეეფასებინათ, როგორ შეიცვლება ის მომდევნო ათწლეულებში.

სიმულაციამ აჩვენა, რომ უფრო თბილმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს მიწის ამობურცვა და ზემოთ მიმართული გაფართოება 12 მილიმეტრით. შენობის წონამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის შეკუმშვა და ჩაძირვა 8 მილიმეტრით.

„ეს არ გულისხმობს იმას, რომ შენობები უეცრად ჩამოიშლება. ყველაფერი ძალიან ნელა იძირება”, — განმარტა როტა ლოირამ.

მაგრამ, მიუხედავად შეშფოთებისა, მკვლევრების თქმით, არსებობს უამრავი საშუალება შენობებზე მიწისქვეშა კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასარიდებლად. მაგალითად, ზედმეტი სითბოს შესამცირებლად და ენერგოეფექტურობის გასაზრდელად, ურბანულ დამგეგმავებს შეუძლიათ მიწისქვეშა სივრცეების თბოიზოლაციით ან გეოთერმული ტექნოლოგიებით აღჭურვა, რაც, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს გათბობას ან ცხელ წყალს.

მკვლევრების თქმით, ამ ორი კონკრეტული და შედარებით მარტივი სტრატეგიის განხორციელება შეაფერხებს მიწისქვეშა კლიმატის ცვლილებას და მის გავლენას სამოქალაქო სტრუქტურებსა და ინფრასტრუქტურებზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

რატომ ცხელა წელს მსოფლიოში ასე ძალიან – მეცნიერების პასუხი

ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება აძლიერებს ამინდის ბუნებრივ ფენომენს, რომელიც აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სითბურ ტალღებს იწვევს; ამის გამო, მეცნიერები აცხადებენ, რომ 2023 შეიძლება ყველაზე ცხელი წელი იყოს კაცობრიობის მიერ აღრიცხულთა შორის.

სტატიაში გთავაზობთ ექსპერტთა განმარტებებს, თუ რატომ არის 2023 წელი ასე ცხელი და იქვე გვაფრთხილებენ, რომ რეკორდული ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, თუკი კაცობრიობა მკვეთრად არ შეამცირებს პლანეტის გამათბობელი აირების გაფრქვევას.

ელ-ნინიო და სხვები

2022 წლის რეკორდულად ცხელი ზაფხულის შემდეგ, დაბრუნდა წყნარი ოკეანის გამათბობელი ფენომენი, სახელად ელ-ნინიო, რომელიც ოკეანეებს ათბობს.

„ამან ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილი შეიძლება კიდევ უფრო გაათბოს, თუმცა, იმის გამო, რომ ელ-ნინიოს მოვლენა მხოლოდ ახლა იწყება, ეს ეფექტის ალბათ მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება“, — წერს ორგანიზაცია Berkeley Earth-ის ტემპერატურის მონიტორინგის ჯგუფის მეცნიერი რობერტ როდე.

ჯგუფის გათვლებით, 81 პროცენტია იმის შანსი, რომ 2023 ყველაზე ცხელი წელი გახდეს მას შემდეგ, რაც თერმომეტრის მონაცემთა ჩაწერა დაიწყო, მე-19 საუკუნის შუა წლებიდან.

მტვერი და გოგირდი

ატლანტის ოკეანის გათბობა შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფრა ორი ისეთი ნივთიერების რაოდენობის შემცირებამ, რომლებიც ოკეანიდან მზის სინათლეს უკან აირეკლავენ: ესენი საჰარის უდაბნოდან ატანილი მტვერი და გემების საწვავის მიერ გამოყოფილი აეროზოლები.

როდეს მიერ ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ რეგიონისთვის ჩატარებული ტემპერატურის ანალიზი მიუთითებს, რომ ბოლო თვეებში, საჰარიდან განსაკუთრებით ცოტა ოდენობის მტვერი მოდის.

გერმანიის ფედერალური კლიმატური სერვის-ცენტრის მეცნიერის, კარსტენ ჰაუსტეინის განცხადებით, ამის მიზეზი კი არის ატლანტიკური ქარების უჩვეულო შესუსტება.

ამავე დროს, 2020 წელს ნაოსნობაში შემოღებულმა ახალმა შეზღუდვებმა ტოქსიკური გოგირდის გამონაბოლქვი შეამცირა. როდეს განცხადებით, ეს მთლიანად არ უნდა ხსნიდეს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურის მატებას, მაგრამ უნდა აძლიერებდეს მის სიმწვავეს.

„უძრავი“ ანტიციკლონები

გამთბარო ოკეანე გავლენას ახდენს ხმელეთის ამინდზე, ზოგიერთ ადგილებში განაპირობებს სითბურ ტალღებს და გვალვებს, ზოგში კი შტორმებს და ა. შ. რიდინგის უნივერსიტეტის კლიმატურ მეცნიერებათა პროფესორის, რიჩარდ ალენის განცხადებით, ცხელი ატმოსფერო ერთ ადგილას ტენიანობას შთანთქავს და მას სხვა ადგილას გამოათავისუფლებს.

მეცნიერები ხაზს უსვამენ ხანგრძლივი ანტიციკლონური სისტემების სიგრძეს და სიძლიერეს, რაც სითბურ ტალღებს იწვევს.

„იქ, სადაც კონტინენტთა თავზე უძრავი მაღალი წნევის ზონები ნარჩუნდება, ჰაერი დაბლა ეშვება და თბება, შლის ღრუბლებს და იწვევს ზაფხულის მზიან დღეებს, ამ დროს კი ცხელდება მიწა და მის თავზე ჰაერი. ასეთ დროს სითბური ტალღები ადგილზე შეიძლება კვირების განმავლობაში დარჩეს“, — ამბობს ალენი.

ევროპაში, „აფრიკიდან შემოსული ცხელი ჰაერი ადგილზეა გაჩერებული, მაღალი წნევის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელდება ზღვის, ხმელეთისა და ჰაერის უფრო გაცხელება“, — ამბობს რიდინგის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი ჰანა კლოკი.

კლიმატის ცვლილების როლი

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) საკუთარ გლობალურ მოხსენებაში აღნიშნავს, რომ 1950-იანი წლების შემდეგ, კლიმატის ცვლილებამ მომაკვდინებელი სითბური ტალღები უფრო გაახშირა და გააძლიერა პლანეტის ხმელეთის უმეტეს რეგიონებში.

სიცხის პროგნოზი

Berkeley Earth გვაფრთხილებს, რომ ამჟამინდელმა ელ-ნინიომ 2024 წელს დედამიწა შეიძლება კიდევ უფრო გააცხელოს.

IPCC აღნიშნავს, რომ სითბური ტალღების რისკი უფრო ხშირდება და ძლიერდება, თუმცა, მთავრობებს კლიმატის ცვლილების შეზღუდვა ჯერ კიდევ შეუძლიათ სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებით.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. ნახშირბადის ემისიების ღრმა, სწრაფ და მდგრად შემცირებას ნულამდე, დათბობის შეჩერება შეუძლია, მაგრამ კაცობრიობას მომავალში უფრო ძლიერ სიცხესთან შეგუება მოუწევს“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გლობალურ ცვლილებათა მეცნიერების ხელმძღვანელი საიმონ ლევისი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერთა აზრით, გლობალური დათბობა შეწყდება, თუ დედამიწის 2%-ს თეთრად გადავღებავთ

2021 წელს შევიტყვეთ, რომ პერდიუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა მსოფლიოში უთეთრესი საღებავი შექმნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ფერი იმდენად თეთრია, რომ სინათლის 98% შეუძლია აირეკლოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სინათლე სითბოს წარმოქმნის, დედამიწაზე კი ტემპერატურა განუწყვეტლივ მატულობს.

მკვლევრების აზრით, შენობაზე უთეთრესი საღებავის გამოყენება ზედაპირის ტემპერატურას შეამცირებს. შედეგად შიგნითაც ნაკლებად ეცხელება და ჰაერის კონდიცირების საჭიროებაც დაიკლებს.

მაშ, რა მოხდება, თუ უთეთრეს საღებავს გაცილებით დიდ მასშტაბზე გამოვიყენებთ?

ამის საპასუხოდ ჯერემი მუნდეის, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორის (კალიფორნიის უნივერსიტეტი), აზრიშემდეგნაირად ჟღერს: უთეთრესი საღებავის მსგავს მასალას რომ დედამიწის ზედაპირის 1-2% დაეფარა, პლანეტის მიერ სითბოს შთანთქმაც საკმარისად შემცირდებოდა, რომ გლობალური ტემპერატურა სტაბილური გამხდარიყო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლიმატის პრობლემების მოსაგვარებლად ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკან გაბრუნებული სინათლე კოსმოსს დიდად არ დააზარალებდა — ეს დაახლოებით ჭიქა წყლის ოკეანეში ჩაბრუნებას უდრის.

შესაღებ ფართობს რაც შეეხება, ცნობილია, რომ დედამიწის ზედაპირის ჯამური ფართობი 510 227 658 კვადრატული კილომეტრია და მისი უდიდესი ნაწილი წყალს უკავია. შესაბამისად, ამის 1-2% დაახლოებით 5-10 მილიონი კვადრატული კილომეტრი იქნებოდა. შესადარებლად, შეერთებული შტატების ჯამური სახმელეთო ფართობი დაახლოებით 9 მილიონ კვადრატულ კილომეტრს უდრის.

რა თქმა უნდა, ამ საქმეს საკმაოდ ბევრი საღებავი დასჭირდებოდა. თითო გალონი დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრ ფართობს შეღებავდა, დედამიწის ზედაპირის 1%-ის დასაფარად კი დაახლოებით 139 გალონი უთეთრესი საღებავი დაგვჭირდებოდა.

თავისთავად, ზედაპირის 2%-ის შემთხვევაში ეს რიცხვიც გაორმაგდება. ამ დროს ისიც არაა გათვალისწინებული, რამდენად რთული იქნებოდა ოკეანეების, უდაბნოებისა და ხეების გადაღებვა.

საგულისხმოა, რომ ტემპერატურის შესამცირებლად რაღაცების შეღებვა ახალი იდეა სულაც არაა. მსოფლიოს არაერთ კუთხეში ზედაპირებს უკვე ღებავენ თეთრად, თუმცა პრობლემის გადაჭრამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერები ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილ იდუმალ „გრავიტაციულ ხვრელს” იკვლევენ

მეცნიერები ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილ იდუმალ “გრავიტაციულ ხვრელს” იკვლევენ. მისი არსებობის შესახებ ექსპერტებმა ჯერ კიდევ 1948 წელს შეიტყვეს, მაგრამ ხვრელის გაჩენის სავარაუდო მიზეზები მხოლოდ ახლა გაამხილეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, გრავიტაციული ხვრელები ჩნდება იქ, სადაც დედამიწის გრავიტაციული ველი არ არის ერთგვაროვანი – სიმკვრივისა და მასის განაწილების ცვალებადობის გამო. არის უბნები, რომლებიც უფრო მკვრივია, ვიდრე სხვები და სიმკვრივის ეს ცვალებადობა გრავიტაციის ძალაზეც მოქმედებს.

ამ მხრივ ინდოეთის ოკეანე გამორჩეული ადგილია დედამიწაზე, რადგან აქ გრავიტაციის დაბალი დონე აღინიშნება. ზუსტად ამიტომ, ოკეანის ზოგიერთ ნაწილში ზღვის დონე წარმოუდგენლად დაბალია და საშუალო მაჩვენებელს 100 მეტრით ჩამოსცდება. ასეთ “ჩავარდნილ” ადგილებს კი ხშირად ხვრელები იკავებს, რომელთაც “გრავიტაციული” წარმომშობი მიზეზის გამო ეწოდებათ. გრავიტაციულ ხვრელი პირველად მე-20 საუკუნის შუა ხანებში, შრი-ლანკის სამხრეთით აღმოაჩინეს და ამის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდი და გადაუჭრელ სამეცნიერო ფენომენად იქცა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში, მომდევნო 5 წელში, 14 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება

გლობალურ სამუშაო ბაზარს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დიდი შეფერხებები დაატყდება თავს, რადგან ეკონომიკა სუსტდება და კომპანიები სულ უფრო მეტად იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, – ამის შესახებ“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ (WEF) ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 800-ზე მეტი კომპანიის გამოკითხვებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა.
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ შეფასებით, დამსაქმებლები 2027 წლისთვის 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 83 მილიონი პოზიციის გაქრობას ელიან, რაც, საერთო ჯამში, 14 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს, ეს კი ამჟამინდელი სამუშაო ადგილების 2%-ს შეადგენს.
ამ პერიოდში შრომის ბაზრის რყევას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. განახლებადი ენერგიის სისტემებზე გადასვლა მძლავრი ძრავა იქნება სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხოლო ნელი ეკონომიკური ზრდა და მაღალი ინფლაცია ზარალს გამოიწვევს.
იმავდროულად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისკენ სწრაფვა იქნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ძალა.
კომპანიებს დასჭირდებათ ახალი თანამშრომლები, რომლებიც დაეხმარებიან მათ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვასა და მართვაში. WEF-ის თანახმად, მონაცემთა ანალიტიკოსებისა და მეცნიერების, მანქანათმცოდნეობის სპეციალისტებისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტების დასაქმება 2027 წლისთვის საშუალოდ 30%-ით გაიზრდება.
ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გავრცელება ბევრ პოზიციას საფრთხის ქვეშ დააყენებს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში რობოტები ანაცვლებენ ადამიანებს. WEF-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის, შეიძლება, აღრიცხვასა და ადმინისტრაციულ სამუშაოსთან დაკავშირებული 26 მილიონით ნაკლები სამუშაო ადგილი იყოს.
იმავდროულად, კომპანიებს ახალი მიდგომა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რა უნარები სჭირდებათ მათ თანამშრომლებს. WEF-ის თანახმად, ფირმები ახლა უფრო მეტად აფასებენ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების უნარს, ვიდრე კომპიუტერულ პროგრამირებას.

წყარო : edition.cnn.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

WMO: სამყარო საშუალო ტემპერატურის მატების 1,5C-გრადუსიან ზღვარს სავარაუდოდ 2027 წლამდე გადალახავს

მეცნიერების განცხადებით, დიდი ალბათობით, მსოფლიო საშუალო ტემპერატურის მატების 1,5C-გრადუსიანი ზღვარს 2027 წლამდე გადალახავს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი დასკვნა გაეროს სააგენტოს – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (World Meteorological Organisation) მკვლევრებმა ახალ კვლევაზე დაყრდნობით მიიღეს. WMO-ს პროგნოზით, 66%-იანი ალბათობა არსებობს იმისა, რომ 2023-2027 წლების განმავლობაში წლიური გლობალური ტემპერატურა 1,5C-გრადუსით აღემატება პრეინდუსტრიულ მონაცემებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე ტემპერატურა მუდმივად 1,5 გრადუსით გადააჭარბებს საშუალო მაჩვენებელს. მაგრამ WMO საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კაცობრიობა ამ მაჩვენებელს დროდადრო გადააჭარბებს და ეს უფრო ხშირი მოვლენა გახდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამას კატასტროფული და პოტენციურად შეუქცევადი მოვლენების კასკადი მოჰყვება.

სპეციალისტები ასევე განმარტავენ, რომ არქტიკა დანარჩენ პლანეტაზე სწრაფად თბება, რასაც გავლენა აქვს ამინდის გლობალურ სისტემაზე. მოსალოდნელია, რომ წელს ამაზონის რეგიონში, ცენტრალურ ამერიკაში, ავსტრალიასა და ინდონეზიაში ნაკლები წვიმა მოვა. სამაგიეროდ, მომავალი 5 წლის განმავლობაში ევროპაში, ალასკაზე, ციმბირის ჩრდილოეთთა და საჰელში ნალექის რაოდენობა საშუალოზე მაღალი იქნება.

აქამდე პრეინდუსტრიული ხანის მონაცემებთან შედარებით საშუალო წლიური ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1,28C გრადუსი იყო.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

მომდევნო 5 წელში შესაძლოა, ტემპერატურამ 1.5°C-იან ზრდის ზღვარს გადააჭარბოს – გაერო

ალბათ, ყველას სმენია პარიზის შეთანხმების შესახებ, რომლის მიზანიცაა, ტემპერატურის ზრდამ, პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, 1.5°C-იან ზღვარს არ გადააჭარბოს. ამის მიუხედავად, გაეროს ახალი პროგნოზის თანახმად, შესაძლოა, ადამიანის სამრეწველო საქმიანობისა და ანომალიური კლიმატური მოვლენების გამო, ეს მომდევნო 5 წელიწადში მოხდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კერძოდ, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განცხადებით, იმის შანსი, რომ გლობალურად დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის ყოველწლიური ზრდა 1.5°C-იან მიჯნას დროებით გადასცდეს, 66 პროცენტია. ეს ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება, რასაც ხელს, სავარაუდოდ, მოსალოდნელი თბილი სეზონური დინება, იგივე ელ-ნინიოც შეუწყობს. ეს და ჩვენ მიერ პროვოცირებული კლიმატის ცვლილება პლანეტას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინულის საფარის კოლაფსს, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სითბურ ტალღებს, ძლიერ გვალვებს, წყლის ნაკლებობასა და ექსტრემალურ ამინდს განაპირობებს.

გაეროში ამბობენ, რომ ელ-ნინიო მომდევნო თვეებში დაიწყება და სჯობს, ტემპერატურის მატებისთვის მოვემზადოთ. ამ დროს ქარი, რომელიც წყნარ ოკეანეში თბილ წყალს დასავლეთისკენ უბიძგებს, სუსტდება და მის ერთ ადგილზე დაგროვებას იწვევს. ეს კლიმატს მთელ მსოფლიოში ცვლის, ზოგან ჩვეულებრივზე მეტი ნალექი მოდის, ზოგან კი პირიქით, ძლიერი გვალვები იჩენს თავს. ცხელდება ატმოსფეროც, რაც სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს.

WMO-ს პროგნოზით, 98 პროცენტია შანსი, რომ მომდევნო 5 წელში ერთ-ერთი რეკორდულად ცხელი იყოს და 2016 წელს დაფიქსირებულ ნიშნულს, ტემპერატურის 1.28°C-იან ზრდას, გადააჭარბოს. მოსალოდნელია წვიმის შემცირება ცენტრალურ ამერიკაში, ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ამაზონის მიმდებარედ, ხოლო არქტიკის რეგიონში – ყინულის ლღობის აჩქარება, რაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურის მარეგულირებელ სისტემებზე ცუდ გავლენას იქონიებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

რატომ იკლავენ თავს ვეშაპები?

დასავლეთი ავსტრალიის სანაპიროზე, ჰამელინის ყურეში, ვეშაპების მასობრივი გამორიყვა მოხდა.
დასავლეთ ავსტრალიის პარკებისა და ველური ბუნების სამსახურის ინფორმაციით, 150 გამორიყული ვეშაპიდან 144 გარდაიცვალა, 6 კი ისევ ზღვაში დააბრუნეს.
ჰამელინის ყურის ჰოლიდეი პარკის მენეჯერმა მელისა ლეიმ სააგენტო ,,როიტერს” განუცხადა, რომ ეს აღნიშნულ სანაპიროზე ვეშაპების მასობრივი გამორიყვის მეორე შემთხვევაა ბოლო 15 წლის მანძილზე.
ვეშაპების მასობრივი გამორიყვის ანუ როგორც ამას ხშირად უწოდებენ, თვითმკვლელობის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ნაპირზე გამორიყული ზღვის ცხოველების დაბრუნება ოკეანეში ძალზე რთულია, ამიტომ გამორიყული ვეშაპების დიდი ნაწილი, როგორც წესი, იღუპება. რა მოზეზით მოხდა ეს ამჯერად მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ვეშაპების მასიურ თვითმკვლელობას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორისაა მტაცებელთა თავდასხმა, დაავადება, ექოლოკაციის დარღვევა, თევზებზე ნადირობისას ნაპირთან ახლო მიახლოება და აშ.
დასავლეთ ავსტრალიაში ვეშაპის ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გამორიყვა 1996 წელს ქალაქ დუნსბორგის სანაპიროზე მოხდა, როცა 320-მდე ვეშაპმა თვითგანადგურება განახორციელა.
400-ზე მეტი ვეშაპი გამორიყა ოკეანემ ახალი ზელანდიის სანაპიროზე გასული წლის ნოემბერში. მოხალისეებმა მათი მხოლოდ 30%-ის გადარჩენა შეძლეს.
2015 წლის 9 მაისს ჩილეს სანაპიროზე 40-მდე ვეშაპი გამოვიდა. 37 მათგანი დაიღუპა.

 

წყარო: CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერები – წყნარი ოკეანე გაქრობის შემდეგ დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი, “ამაზია” წარმოიქმნება

ავსტრალიელი და ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალი 200-300 მილიონი წლის განმავლობაში ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე და კარიბის ზღვა გაქრება, აზია „დაეჯახება“ ამერიკას და წარმოქმნის ახალ სუპერკონტინენტს სახელად „ამაზიას“.
ავსტრალიის კურტინისა და ჩინეთის პეკინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ წყნარი ოკეანე ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად, ყოველწლიურად დაახლოებით ერთი ინჩით მცირდება. ამიტომ, მათი აზრით, რაღაც მომენტში – ალბათ 200- 300 მილიონ წელში – ამერიკა და აზია გაერთიანდებიან ახალ სუპერკონტინენტად: ამაზიად.
„ბოლო ორი მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის კონტინენტები ერთმანეთს ეჯახებიან და ყოველ 600 მილიონ წელიწადში ქმნიან სუპერკონტინენტს, ეს პროცესი ცნობილია, როგორც სუპერკონტინენტური ციკლი. ეს ნიშნავს, რომ ახლა არსებული კონტინენტები კვლავ შეერთებიან რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ”- აცხადებს ჟურნალ National Science Review-ში გამოქვეყნებული კვლევის წამყვანი ავტორი,  დოქტორი ჩუან ჰუანი.
მეცნიერებმა, სუპერკომპიუტერის გამოყენებით, დედამიწის ტექტონიკური ფილების სიმულირება განახორციელეს. ჯგუფის მტკიცებით, მათ შეძლეს ეჩვენებინათ, რომ 300 მილიონ წელზე ნაკლებ დროში წყნარი ოკეანის შემცირება გზას გაუხსნის ამაზიის წარმოქმნას.
ამასთან, მეცნიერების განცხადებით, ავსტრალია უკვე აზიისკენ მიიწევს წელიწადში დაახლოებით 7 სანტიმეტრით, ხოლო ევრაზია და ამერიკა წყნარი ოკეანისკენ უფრო ნელი ტემპებით მოძრაობენ.
კვლევაში მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ ახალი სუპერკონტინენტის ჩამოყალიბებით, ჩვენი პლანეტა მკვეთრად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ახლაა.

წყარო : ndtv.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაკვლევებიმსოფლიო

აღმოაჩინეს ობი, რომელიც პლასტმასს რეკორდულ დროში ანადგურებს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ობი, რომელიც პლასტმასს რეკორდულ, 140 დღეში ანადგურებს.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორების განცხადებით, დროის ეს პერიოდი პლასტმასის დაშლის ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია. კვლევითი ჯგუფი ორი ტიპის ობს ამუშავებს, სახელწოდებებით Aspergillus terreus და Engyodontium album. ისინი მცენარეებსა და ნიადაგში გვხვდება.

„ეს არის მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დეგრადაციის მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, შედეგი მოსალოდნელი ეკოლოგიური ზიანის დაძლევაში დაგვეხმარება”, – აცხადებენ მკვლევრები.

პლასტმასის დიდი ნაწილი ოკეანეებსა და ნაგავსაყრელებზე გვხვდება. დღეისათვის მათი მხოლოდ 5%-ის გადამუშავება ხერხდება. დარჩენილი 95%, რომელთა გახრწნას, ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ასწლეულები სჭირდება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამაბინძურებელია. კოლუმბიის კლიმატის სკოლის თანახმად, პლასტმასის გადამუშავება ნარჩენების ინდუსტრიაში ჯერჯერობით მთავარ გამოწვევად რჩება.

ავსტრალიური მედიის ცნობით, სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერები ობის ეფექტიანობასა და გადამამუშავებელი მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას კვლავ ამოწმებენ. კვლევის პროცესს მომდევნო 3-5 წელი კვლავ დასჭირდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 36
Page 9 of 36