close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„ჯეიმს ვებმა“ ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც ლიმონის ფორმა აქვს🍋

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კოსმოსზე დაკვირვების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პლანეტა აღმოაჩინა. ობიექტი PSR J2322-2650b გარეგნულად ლიმონს წააგავს და მკვეთრად განსხვავდება ადრე აღმოჩენილი კოსმოსური სხეულებისგან.

The New York Times-ის ცნობით, პლანეტა, რომელიც ზომით იუპიტერს შეედრება, თავისი ვარსკვლავიდან სულ რაღაც 1 მილიონი მილის დაშორებით მდებარეობს, რაც უკიდურესად მცირე დისტანციაა. მასზე წელიწადი 8 დედამიწისეულ საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება. სისტემის ვარსკვლავი არის პულსარი – სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომლის ძლიერი გრავიტაციაც პლანეტას პირდაპირი მნიშვნელობით წელავს და მას წაგრძელებულ, ლიმონისებრ ფორმას სძენს.

სისტემის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ პულსარი ძირითადად გამა-დიაპაზონში ასხივებს, რაც „ვების“ ტელესკოპისთვის უხილავია. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, დაენახათ თავად პლანეტის სპექტრი ისე, ვარსკვლავის შუქის გარეშე.

ანალიზმა აჩვენა, რომ პლანეტის ატმოსფერო თითქმის მთლიანად ჰელიუმისა და ნახშირბადისგან შედგება. ეს ძალზედ უჩვეულოა, რადგან ცნობილი პლანეტების უმეტესობისთვის ძირითადი ელემენტები ჟანგბადი და აზოტია. ეგზოპლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით 20,500°C გრადუსს აღწევს.

ასტრონომები ფიქრობენ, რომ სრულიად ახალი ტიპის ობიექტი აღმოაჩინეს, რომლისთვისაც მეცნიერებას ჯერ სახელწოდებაც არ აქვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთვარეზე პირველი სასტუმროს აშენებას გეგმავს

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა სტარტაპმა GRU Space განაცხადა, რომ მთვარეზე სასტუმროების აშენებას გეგმავს. კომპანიის ცნობით, ტურისტები ამ სერვისით სარგებლობას უკვე 2032 წლიდან შეძლებენ.

GRU Space-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ SpaceX-ის საქმიანობის წყალობით, ორბიტაზე ტვირთის გატანის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. კომპანია მოელის, რომ მზარდი კონკურენციის ფონზე ფასები კიდევ უფრო დაიწევს. ამასთანავე, კოსმოსი უკვე ხდება სასურველი ტურისტული მიმართულება შეძლებული ადამიანებისთვის.

კლიენტებს სასტუმროებში SpaceX-ს ან Blue Origin-ის ლიცენზირებული კომერციული ხომალდებით გადაიყვანენ. GRU Space უზრუნველყოფს ტურისტების მომზადებას, სამედიცინო შემოწმებას, ფრენის დაგეგმვასა და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვევას.

2029 წლიდან სტარტაპი მთვარის ზედაპირის კვლევას და პირველი სასტუმროსთვის ტერიტორიის მომზადებას დაიწყებს. ეს იქნება დედამიწაზე შექმნილი გასაბერი კონსტრუქცია, სადაც ოთხ ადამიანს რამდენიმე დღით შეეძლება დარჩენა.

მოგვიანებით, რობოტების დახმარებით, გასაბერი სასტუმროს გარშემო უფრო მყარი გარე კონსტრუქცია აშენდება, რომლისთვისაც მთვარის ნიადაგსაც გამოიყენებენ. ამ შენობაში უკვე 10 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

პირველ სასტუმროში სტუმრობის ღირებულება 416 000 დოლარზე მეტი იქნება. მეორე ვერსიაში ერთი ღამის ფასი 83 000 დოლარიდან დაიწყება.

ტექნოლოგიების გამოსაცდელი მოსამზადებელი ფრენები 2029 და 2031 წლებისთვის იგეგმება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმედიცინასაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებულმა თაგვმა 9 ნაშიერი გააჩინა – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ჩინეთის კოსმოსური სადგურის ბორტზე 14-დღიანი მისიის შემდეგ მდედრმა თაგვმა დედამიწაზე წარმატებით გააჩინა ცხრა ჯანმრთელი ნაშიერი. როგორც Interesting Engineering წერს, ფაქტი, რომელიც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსის გამოყენების ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ცენტრმა დაადასტურა, კოსმოსური ბიოლოგიისთვის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევა.

მისიის „შენჯოუ-21“ ფარგლებში, 31 ოქტომბერს ოთხი თაგვი გაიგზავნა კოსმოსურ სადგურ „ტიანგუნზე“. 14 ნოემბერს დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი თაგვი წარმატებით დაორსულდა და 10 დეკემბერს ცხრა ნაშიერი გააჩინა.

„დედა ნორმალურად უვლის შთამომავლობას, ხოლო ნაშიერები ‘მაღალ სიცოცხლისუნარიანობას’ ავლენენ. მათგან ექვსი ამჟამად კარგად ვითარდება, რაც ადასტურებს, რომ მოკლევადიანი კოსმოსური ფრენები ძუძუმწოვრების რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს“, – აღნიშნულია მასალაში.

ოთხი თაგვი, რომლებიც კოსმოსური სადგურის ბორტზე მცირე ძუძუმწოვრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ მოდულში იმყოფებოდნენ, მიკროგრავიტაციის უნიკალურ პირობებში გადარჩენისა და ადაპტაციის კვლევის ობიექტები გახდნენ.

მკვლევართა თქმით, კოსმოსში ყოფნისას თაგვებს მოულოდნელ სირთულეებთან მოუწიათ შეჯახება. კერძოდ, კოსმოსურმა ნამსხვრევებმა აიძულა მისიის „შენჯოუ-20“ წინა ეკიპაჟი მოულოდნელად შეეცვალა დაბრუნების გრაფიკი, რის შედეგადაც მღრღნელები საკვების მარაგის გარეშე დარჩნენ, რომელიც სწრაფად ამოიწურა.

„სახმელეთო ჯგუფებმა და კოსმონავტებმა საგანგებო სამაშველო მისია დაიწყეს. კოსმოსური სადგურის გარე წყლის ინტერფეისის პროფილის შეცვლით მათ წარმატებით მიაწოდეს სითხე საცხოვრებელ მოდულს, რათა თაგვებისთვის წყალი უზრუნველეყოთ, პარალელურად კი ავარიული კვების ალტერნატიულ ვარიანტებს ამოწმებდნენ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ასევე, ასტრონავტებმა ადამიანებისთვის განკუთვნილი საკვების მარაგები შეამოწმეს, რათა ეპოვათ პროდუქტები, რომლებიც თაგვებისთვისაც იქნებოდა ვარგისი. დედამიწაზე ჩატარებული ინტენსიური ტესტირების შემდეგ მათ იდეალური ვარიანტი აღმოაჩინეს და ეს იყო სოიოს რძე.

გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქცევის ანალიზის სისტემა თაგვებს რეალურ დროში აკვირდებოდა, თითოეულ ყლუპსა და თითოეულ ძილს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ საგანგებო რაციონი ეფექტიანად მუშაობდა.

„მისია ადასტურებს, რომ მოკლევადიანმა კოსმოსურმა ფრენამ თაგვების რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინა, რაც ასევე უაღრესად ღირებულ მასალას გვაძლევს კოსმოსური გარემოს ზემოქმედების შესასწავლად ძუძუმწოვრების ადრეულ განვითარებაზე“, – აღნიშნა ჩინელმა მკვლევარმა, ზოოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ვან ჰუნმეიმ.

ამჟამად მეცნიერები ნაშიერების განვითარების დინამიკას აკვირდებიან, საბოლოო მიზანია გაირკვეს –  შეძლებენ თუ არა ეს შთამომავლები მომავალში საკუთარი შვილის ყოლას.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მომავალი კოსმოსური მოგზაურობებისთვის. თუ ადამიანები ოდესმე მთვარეზე ან მარსზე კოლონიზაციას დაიწყებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ სიცოცხლის გაგრძელება შესაძლებელია“, – აღნიშნულია გამოცემაში.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონავტებმა კოსმოსში ბარბექიუ პირველად მოამზადეს

ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში მწვადი პირველად მოამზადეს. ამისთვის მათ ორბიტალური სადგურის, „ტიანგუნის“ ბორტზე, ახალი, უწონობაში მუშაობისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა გამოიყენეს.

Global Times-ის ცნობით, ექსპერიმენტის ფარგლებში ეკიპაჟის ორმა წევრმა ქათმის ფრთები შეწვა, ხოლო მისიის ხელმძღვანელისთივს სტეიკი მოამზადეს. პროცესს 28 წუთი დასჭირდა. ხომალდის „შენჯოუ-20“ ეკიპაჟი ჩინეთის ორბიტალურ სადგურზე 24 აპრილს ჩაფრინდა. ჯგუფის შემადგენლობაში სამი ასტრონავტია: მეთაური ჩენ დუნი, ვისთვისაც ეს ფრენა კარიერაში მესამეა და ჩენ ჯუნრუი და ვანგ ძიე, რომლებიც კოსმოსში პირველად იმყოფებიან.

2020 წელს კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჩატარდა NanoRacks-ისა და Zero G Kitchen-ის წარმოების ღუმელის ტესტირება – მასში ხუთი შოკოლადის ორცხობილას მომზადებას 130 წუთი დასჭირდა.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

კოსმოლოგებმა სამყაროს გაფართოების შენელების ნიშნები აღმოაჩინეს – რას ნიშნავს ეს მოვლენა

სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა სამყაროს შენელებული გაფართოების ფაზაში შესვლის მტკიცებულებები გამოავლინეს, რაც ბნელი ენერგიის ცვალებად თვისებებს უკავშირდება. მათი ვარაუდით, ამან შესაძლოა „დიდ შეკუმშვამდე“ მიგვიყვანოს. სტატია ამ აღმოჩენის შესახებ ჟურნალში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

თეორიის თანახმად, სამყარო შეიკუმშება და „კოლაფსს“ განიცდის იმ საწყის მდგომარეობამდე, რომელიც დიდ აფეთქებამდე იყო, რის შედეგადაც ის შეიქმნა. ზოგიერთის აზრით, აფეთქება-შეკუმშვის ციკლი სამუდამოდ გაგრძელდება.

ჩატარებული გათვლები აჩვენებს, რომ ბნელი ენერგია უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

„თუ ეს შედეგები დადასტურდება, ეს გამოიწვევს უდიდეს პარადიგმულ ძვრას კოსმოლოგიაში ბნელი ენერგიის აღმოჩენის შემდეგ, რაც 27 წლის წინ მოხდა“, – განაცხადა იონსეს უნივერსიტეტის პროფესორმა, ლი იონ-ვუკმა.

თანამედროვე სამეცნიერო წარმოდგენების თანახმად, სამყარო ბნელი ენერგიის ზემოქმედების შედეგად აჩქარებით ფართოვდება. თუმცა, 2018 წელს „კოსმოლოგიური კრიზისი“ დაიწყო, რომელიც გაფართოების სიჩქარის გაზომვებში არსებულ შეუსაბამობებს უკავშირდება.

2025 წლის დასაწყისში ასტრონომებმა მონაცემებში ბნელი ენერგიის თვისებების ცვლილებები აღმოაჩინეს. კორეელმა მკვლევრებმა გააანალიზეს ინფორმაცია 300 შორეული ზეახალი ვარსკვლავის შესახებ და აფეთქების სიკაშკაშესა და გალაქტიკების ასაკს შორის კავშირი გაითვალისწინეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ ბნელი ენერგია შესუსტდა და გაფართოების სიჩქარის მუდმივი ზრდა შეწყვიტა. დაახლოებით 1 მილიარდი წლის წინ ეს ცვლილებები იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ სამყაროს გაფართოებამ შენელება დაიწყო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

მზესთან ახლოს მდებარე 3I/Atlas-იდან უცნობი რადიოსიგნალები დააფიქსირეს – რას ამბობენ მეცნიერები

ჩვენი დროის ყველაზე საიდუმლო ინტერსტელარულმა სტუმარმა ბოლოს და ბოლოს „ხმა ამოიღო“. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი უჩვეულოდ იქცეოდა და არ გააჩნდა ხილული კუდი და მოძრაობდა უპრეცედენტო ტრაექტორიით, თუმცა ახლა, პირველად, 3I/ATLAS-მა წარმატებით გამოსცა რადიოსიგნალი, რაც ადასტურებს, რომ იგი აქტიურად ურთიერთქმედებს გარემოსთან.

ეს მნიშვნელოვანი გარღვევა, რომელიც სამხრეთ აფრიკის ობსერვატორიამ ორ წარუმატებელ მცდელობამდე შემდეგ მოახერხა, ობიექტს „უბრალო კომეტისგან“ გარდაქმნის მეცნიერების განსაკუთრებულ ინტერესის საგნად, მათ შორის იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც უცხოპლანეტური სიცოცხლის ნიშნებს ეძებენ.

სწორედ ამ წარმატებულმა აღმოჩენამ კვლავ გააცოცხლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჰიპოთეზა: რომ შესაძლოა 3I/ATLAS იყოს იმ ცნობილი და ამოუხსნელი „Wow! სიგნალის“ წყარო, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაფიქსირდა.

ეს აღმოჩენა მონუმენტურ ნაბიჯად ითვლება ობიექტის კვლევის ისტორიაში, მას შემდეგ, რაც იგი პირველად 1 ივლისს აღმოაჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემები თერმულ ემისიაზე მიუთითებს, ამ ინტერსტელარული ობიექტისა და „Wow! სიგნალის“ დამთხვევა ობიექტის უკიდურესად უცნაურ ფრენის მარშრუტთან ერთად მეცნიერებს საგონებელში აგდებს და კვლავ აღძრავს ეჭვს, რომ მას შესაძლოა ხელოვნური, ანუ არაბუნებრივი წარმოშობა ჰქონდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

2083 წლისთვის დედამიწას ახალი „მთვარე“ ეყოლება

ახალი კვლევის თანახმად, კოსმოსში იდენტიფიცირებულია მცირე ასტეროიდი, რომელიც, როგორც ჩანს, დედამიწის ორბიტას მიჰყვება — ამის შესახებ წერს BGR.

ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების მიერ ჟურნალ AAS Research Notes-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ასტეროიდი სახელად 2025 PN7 მშვიდად დაფრინავს ჩვენი პლანეტის სიახლოვეს 1960-იანი წლებიდან. თუმცა, განსხვავებით ჩვენი ცნობილი მთვარისგან, ის სრულფასოვანი თანამგზავრი არ არის და, სავარაუდოდ, დედამიწის ორბიტაზე მხოლოდ დაახლოებით 60 წელი დარჩება.

განსხვავებით ჩვენი პლანეტის თანამგზავრისგან, PN7 სინამდვილეში ბრუნავს არა დედამიწის, არამედ მზის გარშემო, როგორც სხვა ციური ობიექტები. თუმცა, უბრალო დამთხვევის შედეგად, მისი ორბიტა თითქმის ზუსტად ემთხვევა დედამიწისას, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ასტეროიდი ჩვენს კვალს მიჰყვებოდეს. მეცნიერების თქმით, დედამიწის სიახლოვეს ასეთ მცირე ასტეროიდთა რაოდენობა საკმაოდ დიდია — მიმდინარე შეფასებით, ჩვენს გარშემო დაახლოებით რვა კვაზიმთვარე „მოძრაობს“ კოსმოსის სიცარიელეში.

აღსანიშნავია, რომ ასტეროიდი PN7 თავდაპირველად ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს წლის დასაწყისში. ღამის ცის დაგეგმილი დაკვირვებისას ერთ-ერთმა მკვლევარმა შემთხვევით შენიშნა უცნაურად მუდმივი წერტილი, რომელიც ვარსკვლავების ფონზე ზუსტად დედამიწის ორბიტის თანხვედრით მოძრაობდა. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ მათ მიმართეს NASA-ს ოფიციალური დასკვნისთვის, და შედეგი დადებითი აღმოჩნდა — ახლა ასტეროიდი შეტანილია NASA-ს ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ისტორიაში პირველად, ჩვენი გალაქტიკის მიღმა ყინულში სიცოცხლის საშენ მასალას მიაგნეს

ასტრონომებმა მაგელანის დიდ ღრუბელში არსებულ ყინულში რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს. ეს სისტემა ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკაა, სიცოცხლის საშენი მასალა კი იქ მდებარე ახლადწარმოქმნილი ვარსკვლავის გარშემო შენიშნეს. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აქამდე ჩვენი გალაქტიკის მიღმა მსგავსი აღმოჩენა არ გაკეთებულა.

შორეული ყინული ეთანოლს (CH₃CH₂OH), აცეტალდეჰიდსა (CH₃CHO) და მეთილფორმიატს (HCOOCH₃), შეიცავს, რომლებიც აქამდე ირმის ნახტომის გარეთ არასდროს დაფიქსირებულა. ასევე, იდენტიფიცირებულია ძმარმჟავა (CH₃COOH), რომელსაც ყინულში მთლიანი კოსმოსის მასშტაბითაც პირველად მიაგნეს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სიცოცხლის საშენი მასალა მთელს სამყაროშია მიმობნეული.

ასტროფიზიკურ კონტექსტში რთული ორგანული მოლეკულები ისეთებს ეწოდება, რომელთაც სულ მხირე ექვსი ატომი აქვთ, იქიდან მინიმუმ ერთი კი ნახშირბადისაა. სწორედ ასეთებია ზემოთ ჩამოთვლილი ნაერთები: ეთანოლი, აცეტალდეჰიდი და მეთილფორმიატი. ისინი სიცოცხლის ფორმირებისთვის აუცილებელი ამინომჟავების, შაქრებისა თუ აზოტოვანი ფუძეების წარმოსაქმნელად უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება მაგელანის დიდ ღრუბელს, მისი გარემო ირმის ნახტომისგან განსხვავდება. იქ მძიმე მეტალების სიუხვე ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ მესამედს ან, მაქსიმუმ, ნახევარს უტოლდება. ასტრონომიულ კვლევებში ასე უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურ ელემენტს, რომელიც ჰელიუმზე მძიმეა: ჟანგბადს, ნახშირბადს, სილიციუმს და სხვა; ასევე, ამ სისტემაში სინათლის შემაფერხებელი ნაკლები მტვერია, ვარსკვლავები კი უფრო აქტიურად წარმოიქმნება, რის გამოც ჯუჯა გალაქტიკას ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება აქვს.

სწორედ ასეთი ვარსკვლავია ჩვენგან 160 000 სინათლის წლით დაშორებული ST6, რომლის გარშემო არსებული მატერიაც სპეციალისტებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელი კამერით შეისწავლეს. ეს მონაცემები შემდეგ სხვადასხვა რთული ორგანული მოლეკულის სპექტრს შეადარეს, რადგან თითოეული მათგანი სინათლეს განსხვავებული ტალღური სიგრძით ირეკლავს.

ასე გამოავლინეს ის ნაერთები, რომლებიც ყინულშია მოქცეული (დამატებით მეთანოლიც). მათგან ძმარმჟავა კოსმოსში აქამდე მხოლოდ ორთქლის სახით იყო დაფიქსირებული. კომპიუტერულ სიმულაციებთან და ლაბორატორიულ ექსპერიმენტებთან ერთად, ეს მიუთითებს, რომ ის მტვრის “მარცვლების” ზედაპირულ რეაქციებში მონაწილეობს. სწორედ ასეთ პროცესებთან აკავშირებენ პრებიოტური ნივთიერებების წარმოქმნას.

მსგავსი რეაქციების დროს კოსმოსში მიმოფანტული მტვრის პაწაწინა ფრაგმენტული შენაერთების გარშემო ყინული ჩნდება. რადიაციის მეშვეობით შიგნით არსებული ნაწილაკების ურთიერთქმედება შესაძლებელია, რის შედეგადაც ზოგჯერ რთული ორგანული მოლეკულები მიიღება.

მეცნიერთა კვლევის თანახმად, ასეთი პროცესები მძიმე მეტალების ნაკლებობისა და ძლიერი რადიაციის პირობებშიც შეიძლება წარიმართოს. მომდევნო ეტაპზე ისინი გეგმავენ, რომ მაგელანის დიდი ღრუბლის სხვა ვარსკვლავებიც შეისწავლონ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმედიცინა

მზის აქტივობა, შესაძლოა, გულის შეტევის რისკს ზრდიდეს – კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მზის აქტივობით გამოწვეული გეომაგნიტური დარღვევები შესაძლოა ადამიანებში გულის შეტევის რისკის ზრდასთან იყოს დაკავშირებული. აღნიშნული ნაშრომი ამ თემაზე არსებული მზარდი მტკიცებულებების ნაწილია.

დაახლოებით ერთი წლის წინ NASA-მ განაცხადა, რომ მზემ თავისი 11-წლიანი ციკლის აქტივობის პიკს მიაღწია. ასტროფიზიკური პერსპექტივიდან ეს ფაქტი მზის უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მზის შტორმებისა და უჩვეულო პოლარული ნათებების შესახებ უფრო ხშირად გვესმის.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა გეომაგნიტურ დარღვევებსა და გულს-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის შესაძლო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მიაგნეს.

გუნდი ძირითადად მიოკარდიუმის ინფარქტზე კონცენტრირდებოდა, რომელიც უფრო ფართოდ გულის შეტევის სახელითაა ცნობილი. მათ სან ხოსე დოს კამპოსის მუნიციპალიტეტის საჯარო ჯანდაცვის სისტემიდან 1998-2005 წლების სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს, რაც მზის 23-ე ციკლის უმეტეს ნაწილს მოიცავს.

ჯამში მათ გულის შეტევით ჰოსპიტალიზაციის 1 340 შემთხვევა გააანალიზეს და თარიღები იმ დროს დაფიქსირებულ გეომაგნიტურ აქტივობას შეადარეს.

როგორც ავტორები აღნიშნავენ ზოგიერთი დასკვნა მიოკარდიუმის ინფარქტზე უკვე კარგად ცნობილ ტენდენციებს ემთხვეოდა. მათ დაადგინეს, რომ გულის შეტევით უფრო მეტი კაცი დაზარალდა, ვიდრე ქალი, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსგავსი იყო.

საინტერესოა, რომ გეომაგნიტური აქტივობის მონაცემებმა უჩვეულო კორელაცია გამოავლინა. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მაშინ როდესაც გეომაგნიტური დარღვევები ფიქსირდებოდა, პარალელურად გულის შეტევით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებიც იზრდებოდა.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მათი დასკვნები საბოლოო არ არის, რადგან ისინი მხოლოდ ერთი რეგიონიდანაა. ამის მიუხედავად, საინტერესოა მათი ნაშრომის ბოლო წლების სხვა კვლევების კონტექსტში განხილვა.

2018 წელს საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ გულისცემის ცვალებადობა (HRV) გეომაგნიტური დარღვევების საპასუხოდ იცვლებოდა. ზოგადად, მაღალი HRV ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ავტონომიური ნერვული სისტემა გარემო პირობებზე კარგად რეაგირებს.

2023 წლის კვლევამ დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან მიღებული მონაცემები გეომაგნიტური არასტაბილურობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კორელაციის შესაფასებლად შეისწავლა. მონაცემები 1996 წლიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავდა. მეცნიერები წერდნენ, რომ მათი დასკვნებით გეომაგნიტური ველის ინტენსივობის მატებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის დადებითი კორელაცია შეინიშნებოდა. ამის მიუხედავად, ისინიც დამატებითი კვლევების მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს.

ამ თემის გარშემო ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად შეინიშნება, რადგან ყველა ნაშრომი სამომავლო კვლევებისკენ მოგვიწოდებს. ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, იწვევს თუ არა მზის შტორმები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ამჟამად HRV-ის მონაცემები შემდგომი ძიებისთვის უბრალოდ პერსპექტიულ ამოსავალ წერტილად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

კაცობრიობამ მზის სისტემის მიღმა უკვე 6 ათასი პლანეტა აღმოაჩინა

NASA-ში განაცხადეს, რომ მზის სისტემის მიღმა უკვე 6 ათასი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ეს პლანეტები დედამიწისგან ძალიან შორს არიან და ასტრონომებმა მათი აღმოჩენა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყეს.

პირველი ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავი გარშემო ბრუნავს 1995 წელს იპოვეს. მას 51 PEGASI B ჰქვია და ის გაზის გიგანტია, როგორც იუპიტერი ჩვენს სისტემაში.

მას შემდეგ ასეთი აღმოჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სულ რაღაც 3 წლის წინ ნაპოვნი ეგზოპლანეტების რიცხვი 5 ათასს შეადგენდა და, როგორც ირკვევა იმ პერიოდიდან დღემდე ასტრონომებმა კიდევ 1000 ახალი სამყარო აღმოაჩინეს.

„ჩვენ კვლევის ახალ დიდებულ თავზე გადავდივართ – სამყაროები, რომლებიც ჩვენს წარმოსახვას სცდება. ისეთი პლანეტების ძებნა, რომლებსაც სიცოცხლის მხარდაჭერა შეუძლიათ გვახსენებს, რომ სამყაროში კიდევ ბევრი ადგილია, რომელიც აღმოჩენას ელის“, – განაცხადეს NASA-ში.

6 ათასი ეგზოპლანეტიდან 2 035 ნეპტუნს ჰგავს, 1 984 იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტია, 1 761 სუპერდედამიწაა – მათ ასე იმიტომ ჰქვიათ, რომ დედამიწაზე დიდები, მაგრამ ნეპტუნზე პატარები არიან. 700 პლანეტას მყარი ზედაპირი აქვს, როგორც დედამიწას და მარსს. მეცნიერებმა ასევე იპოვეს 7 პლანეტა, რომელთა ტიპიც ასტრონომებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

ვიდეოში, რომელიც NASA-მ „საიუბილეო“ პლანეტის აღმოჩენის აღსანიშნავად გამოაქვეყნა, ნათქვამია: „ერთი ამ დრომდე ვერ გვიპოვია – პლანეტა, რომელიც ზუსტად ჩვენნაირი იქნება“.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 61
Page 1 of 61