close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

როგორ ქრება კიბოს უჯრედები ქიმიოთერაპიის შემდეგ – მეცნიერების განმარტება

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

საბედნიეროდ, ონკოლოგიაში თანამედროვე მიღწევები ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა. მეცნიერებმა სიმსივნესთან ბრძოლის თერაპია შექმნეს. სიმსივნის საწინააღმდეგო ისეთი მეთოდები, როგორიც ქიმიოთერაპიაა, ამ მავნე ქსოვილებს უტევს და თვითგანადგურებისკენ უბიძგებს. ჩნდება კითხვა – სად ქრება ისინი?

დაპროგრამებული სიკვდილისას, რომელსაც აპოპტოზი ეწოდება, მათი გარე მემბრანა სუსტდება. ასე იშორებს ორგანიზმი ჩვეულებრივ დაზიანებულ ან გამოუსადეგარ უჯრედებს.

ფაგოციტები კიბოს მკვდარ უჯრედებს ისეთ კომპონენტებად შლის, როგორიც შაქარი და ნუკლეინის მჟავაა.

სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიებს სხვაგვარი უჯრედული სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია, რომელიც ნეკროპტოზის სახელითაა ცნობილი. ამ დროს კიბოს უჯრედები კი არ მჭიდროვდება, არამედ, პირიქით, “იბერება” და სკდება. შედეგად გამოთავისუფლებულ ნაწილაკებს ისევ და ისევ ფაგოციტები შთანთქავს.

2023 წლის კვლევამ ცხადყო, რომ მომაკვდავი სიმსივნური უჯრედების ბირთვის გასკდომისას დნმ და სხვა მოლეკულები გარშემო იფანტება, რაც შესაძლოა, მეტასტაზების გავრცელებას დაედოს საფუძვლად. ეს ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ამის შედეგად კიბოს ქსოვილი თავდაპირველი ადგილიდან მოშორებითაც გაჩნდეს.

მეცნიერები ამ საკითხის შესასწავლად აქტიურად მუშაობენ. მაგალითად, 2018 წლის ნაშრომში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ნარჩენი ნაწილაკებით გამოწვეული ანთების თავიდან აცილების გზაზეა საუბარი. ესაა რეზოლვინები, რომლებიც ომეგა 3-დან მიიღება, ანთებას ამცირებს, ციტოკინებს არეგულირებს და ნარჩენებსაც ასუფთავებს.

ასეა თუ ისე, ამ პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არაა ცნობილი და შესაძლოა, მომავალში კვლევებმა კონკრეტულ ბიოლოგიურ მექანიზმებს მოჰფინოს ნათელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

2083 წლისთვის დედამიწას ახალი „მთვარე“ ეყოლება

ახალი კვლევის თანახმად, კოსმოსში იდენტიფიცირებულია მცირე ასტეროიდი, რომელიც, როგორც ჩანს, დედამიწის ორბიტას მიჰყვება — ამის შესახებ წერს BGR.

ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების მიერ ჟურნალ AAS Research Notes-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ასტეროიდი სახელად 2025 PN7 მშვიდად დაფრინავს ჩვენი პლანეტის სიახლოვეს 1960-იანი წლებიდან. თუმცა, განსხვავებით ჩვენი ცნობილი მთვარისგან, ის სრულფასოვანი თანამგზავრი არ არის და, სავარაუდოდ, დედამიწის ორბიტაზე მხოლოდ დაახლოებით 60 წელი დარჩება.

განსხვავებით ჩვენი პლანეტის თანამგზავრისგან, PN7 სინამდვილეში ბრუნავს არა დედამიწის, არამედ მზის გარშემო, როგორც სხვა ციური ობიექტები. თუმცა, უბრალო დამთხვევის შედეგად, მისი ორბიტა თითქმის ზუსტად ემთხვევა დედამიწისას, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ასტეროიდი ჩვენს კვალს მიჰყვებოდეს. მეცნიერების თქმით, დედამიწის სიახლოვეს ასეთ მცირე ასტეროიდთა რაოდენობა საკმაოდ დიდია — მიმდინარე შეფასებით, ჩვენს გარშემო დაახლოებით რვა კვაზიმთვარე „მოძრაობს“ კოსმოსის სიცარიელეში.

აღსანიშნავია, რომ ასტეროიდი PN7 თავდაპირველად ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომებმა აღმოაჩინეს წლის დასაწყისში. ღამის ცის დაგეგმილი დაკვირვებისას ერთ-ერთმა მკვლევარმა შემთხვევით შენიშნა უცნაურად მუდმივი წერტილი, რომელიც ვარსკვლავების ფონზე ზუსტად დედამიწის ორბიტის თანხვედრით მოძრაობდა. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ მათ მიმართეს NASA-ს ოფიციალური დასკვნისთვის, და შედეგი დადებითი აღმოჩნდა — ახლა ასტეროიდი შეტანილია NASA-ს ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ისტორიაში პირველად, ჩვენი გალაქტიკის მიღმა ყინულში სიცოცხლის საშენ მასალას მიაგნეს

ასტრონომებმა მაგელანის დიდ ღრუბელში არსებულ ყინულში რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს. ეს სისტემა ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკაა, სიცოცხლის საშენი მასალა კი იქ მდებარე ახლადწარმოქმნილი ვარსკვლავის გარშემო შენიშნეს. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ აქამდე ჩვენი გალაქტიკის მიღმა მსგავსი აღმოჩენა არ გაკეთებულა.

შორეული ყინული ეთანოლს (CH₃CH₂OH), აცეტალდეჰიდსა (CH₃CHO) და მეთილფორმიატს (HCOOCH₃), შეიცავს, რომლებიც აქამდე ირმის ნახტომის გარეთ არასდროს დაფიქსირებულა. ასევე, იდენტიფიცირებულია ძმარმჟავა (CH₃COOH), რომელსაც ყინულში მთლიანი კოსმოსის მასშტაბითაც პირველად მიაგნეს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სიცოცხლის საშენი მასალა მთელს სამყაროშია მიმობნეული.

ასტროფიზიკურ კონტექსტში რთული ორგანული მოლეკულები ისეთებს ეწოდება, რომელთაც სულ მხირე ექვსი ატომი აქვთ, იქიდან მინიმუმ ერთი კი ნახშირბადისაა. სწორედ ასეთებია ზემოთ ჩამოთვლილი ნაერთები: ეთანოლი, აცეტალდეჰიდი და მეთილფორმიატი. ისინი სიცოცხლის ფორმირებისთვის აუცილებელი ამინომჟავების, შაქრებისა თუ აზოტოვანი ფუძეების წარმოსაქმნელად უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება მაგელანის დიდ ღრუბელს, მისი გარემო ირმის ნახტომისგან განსხვავდება. იქ მძიმე მეტალების სიუხვე ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ მესამედს ან, მაქსიმუმ, ნახევარს უტოლდება. ასტრონომიულ კვლევებში ასე უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურ ელემენტს, რომელიც ჰელიუმზე მძიმეა: ჟანგბადს, ნახშირბადს, სილიციუმს და სხვა; ასევე, ამ სისტემაში სინათლის შემაფერხებელი ნაკლები მტვერია, ვარსკვლავები კი უფრო აქტიურად წარმოიქმნება, რის გამოც ჯუჯა გალაქტიკას ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება აქვს.

სწორედ ასეთი ვარსკვლავია ჩვენგან 160 000 სინათლის წლით დაშორებული ST6, რომლის გარშემო არსებული მატერიაც სპეციალისტებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შუა ინფრაწითელი კამერით შეისწავლეს. ეს მონაცემები შემდეგ სხვადასხვა რთული ორგანული მოლეკულის სპექტრს შეადარეს, რადგან თითოეული მათგანი სინათლეს განსხვავებული ტალღური სიგრძით ირეკლავს.

ასე გამოავლინეს ის ნაერთები, რომლებიც ყინულშია მოქცეული (დამატებით მეთანოლიც). მათგან ძმარმჟავა კოსმოსში აქამდე მხოლოდ ორთქლის სახით იყო დაფიქსირებული. კომპიუტერულ სიმულაციებთან და ლაბორატორიულ ექსპერიმენტებთან ერთად, ეს მიუთითებს, რომ ის მტვრის “მარცვლების” ზედაპირულ რეაქციებში მონაწილეობს. სწორედ ასეთ პროცესებთან აკავშირებენ პრებიოტური ნივთიერებების წარმოქმნას.

მსგავსი რეაქციების დროს კოსმოსში მიმოფანტული მტვრის პაწაწინა ფრაგმენტული შენაერთების გარშემო ყინული ჩნდება. რადიაციის მეშვეობით შიგნით არსებული ნაწილაკების ურთიერთქმედება შესაძლებელია, რის შედეგადაც ზოგჯერ რთული ორგანული მოლეკულები მიიღება.

მეცნიერთა კვლევის თანახმად, ასეთი პროცესები მძიმე მეტალების ნაკლებობისა და ძლიერი რადიაციის პირობებშიც შეიძლება წარიმართოს. მომდევნო ეტაპზე ისინი გეგმავენ, რომ მაგელანის დიდი ღრუბლის სხვა ვარსკვლავებიც შეისწავლონ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ და სად იმალება აივ-ინფექცია ადამიანის სხეულში

აივ-ინფექცია ცნობილია უნარით, ადამიანის სხეულში დაიმალოს ათწლეულების განმავლობაში; როგორც წესი, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, რათა არ გამოვიდეს მიძინებული მდგომარეობიდან.

ახალ კვლევაში, მკვლევრებმა გაარკვიეს, სად და როგორ იმალება აივ-ინფექცია ამ ლატენტურ რეზერვუარებში, რაც საკვანძო ნაბიჯია პაციენტების ამ ვირუსისგან განკურნების მცდელობაში.

თავის ფარულ სტადიაში, აივ-ს შეუძლია გარკვეულ მასპინძელ უჯრედებში დარჩეს მიძინებული „პროვირუსის“ სახით — ვირუსული გენომის, რომელსაც საკუთარი თავი შეჰყავს მასპინძლის უჯრედის დნმ-ში.

ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მისი აღმოფხვრა ასე რთულია, თუნდაც თანამედროვე ანტირეტროვირუსული პრეპარატებით. მათ შეუძლიათ ვირუსული გამრავლების დათრგუნვა, ვირუსული ჩატვირთვის შემცირება, დაავადების პროგრესის შეჩერება, მაგრამ მიზანში ვერ იღებენ დამალულ პროვირუსებს.

შედეგად, ანტირეტროვირუსული თერაპია აივ-ინფექციას იმორჩილებს, მაგრამ ვერ სპობს, რაც ბევრ პაციენტს აიძულებს, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელონ მკურნალობა ან თავი ვირუსის რეციდივის რისკის ქვეშ დააყენონ.

წინა კვლევები აჩვენებს, რომ აივ-ინფექციას სხეულის სხვადასხვა ქსოვილში დარჩენა შეუძლია, მათ შორის თავის ტვინში, თირკმელებში, ღვიძლში, ფილტვებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ა. შ.

იმუნური სისტემის T დამხმარე უჯრედები მთავარი ლატენტური რეზერვუარებია, მაგრამ არა ერთადერთი. აივ-ინფექცია ასევე იმალება კანის უჯრედებში, სისხლის თეთრ უჯრედებში, ორგანოსპეციფიკური უჯრედებში, როგორიცაა თირკმელების პოდოციტები და ნეირონების დამხმარე უჯრედები.

აივ ინფექციის ლატენტობის მრავალი დეტალი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მათ შორის არა მხოლოდ ის, თუ სად იმალება ვირუსი, არამედ ისიც, როგორ შედის ის სხვადასხვა ქსოვილსა და უჯრედის ტიპებში და როგორ სახლდება შემდეგ იქ.

ახალი კვლევის თანახმად, აივ-ინფექცია ამას ქსოვილ-სპეციფიკური მიდგომით აღწევს, მასპინძელი უჯრედის დნმ-ში იმალება თავისი ქცევის გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანით. მაგალითად, თავის ტვინში ის თავს არიდებს გენებს და დნმ-ის უფრო ნაკლებად აქტიურ რეგიონებში იმალება.

„დავადგინეთ, რომ აივ-ინფექცია შემთხვევითად არ ინტეგრირდება. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ქსოვილში მიჰყვება უნიკალურ მახასიათებლებს, რაც სავარაუდოდ ჩამოყალიბებულია ადგილობრივი გარემოსა და იმუნური პასუხების მიერ. ეს ხსნის, თუ როგორ ახერხებს აივ-ვირუსი ორგანიზმში ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებას და რატომ შეიძლება მოქმედებდეს ზოგიერთი ქსოვილი ინფექციის რეზერვუარის სახით“, — ამბობს ონტარიოს დასავლეთის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი სტივენ ბარი.

კვლევაში შეისწავლეს მონაწილეების სისხლის, მსხვილი ნაწლავის, საყლაპავი მილის, წვრილი ნაწლავისა და კუჭის ქსოვილების ნიმუშები.

ავტორებმა შეისწავლეს, რამდენად ხშირად ინტეგრირდებოდა აივ-ინფექცია მასპინძელი გენომის სპეციფიკურ ნაწილებში, შემდეგ კი ეს ინფორმაცია შეადარეს მახასიათებლებს, რომლებსაც ისინი სხვადასხვა ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში დააკვირდნენ.

„იმის ცოდნა, სად იმალება ვირუსი ჩვენს გენომში, დაგვეხმარება, რომ გამოვავლინოთ ამ უჯრედების და ქსოვილების მიზანში ამოღების გზები ტარგეტირებული თერაპიული მიდგომებით — ან ამ უჯრედების ამოძირკვით ან ვირუსის „დადუმებით““, — ამბობს კალაგარის უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი გიდო ფონ მარლი.

ეს აღმოჩენა მკვლევრებმა გააკეთეს ქსოვილების იშვიათი ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც პაციენტებისგან აივ/შიდსის პანდემიის დაწყების ადრეულ წლებში შეაგროვეს, იქამდე, ვიდრე თანამედროვე მედიკამენტები გახდებოდა ხელმისაწვდომი.

ამის წყალობით, მეცნიერები ვირუსს მის ბუნებრივ მდგომარეობაში დააკვირდნენ ერთი და იმავე ინდივიდის მრავალ სხვადასხვა ორგანოში; ასე გამომჟღავნდა არა მხოლოდ ახალი დეტალები აივ-ინფექციის შესახებ, არამედ ისტორიული ნიმუშების შენახვის სამეცნიერო მნიშვნელობაც.

„ჩვენი კვლევა წარმოადგენს მძლავრ მაგალითს იმისა, როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ ისტორიული ნიმუშებიდან, რათა უკეთესად შევისწავლოთ ვირუსი, რომელიც დღემდე ათეულობით მილიონ ადამიანზე ზემოქმედებს მთელ მსოფლიოში“, — ამბობს ბარი.

ეს ნიმუშები არსებობს იმ ადამიანთა წყალობით, რომლებიც მოხალისეობრივად მონაწილეობდნენ აივ-ინფექციის კვლევებში ამ პანდემიის დასაწყისში.

მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა – რა წერია ახალი კვლევის შედეგებში

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ანტიბიოტიკი, რომელიც წლების განმავლობაში სამეცნიერო ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა მისი პოტენციალი დაფარული დარჩა.

ნაერთი, სახელად პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონი, ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა.

პოტენციურად, მას შეუძლია ბრძოლა ბაქტერიებთან, რომლებიც სულ უფრო რეზისტენტული გახდნენ თანამედროვე პრეპარატებისადმი; სინამდვილეში, ის შუალედური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სხვა ანტიბიოტიკის, მეთილენომიცინ A-ს წარმოების პროცესში წარმოიქმნება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბაქტერია, სახელად Streptomyces coelicolor-ი, რომელიც გამოიმუშავებს მეთილენომიცინ A-ს და პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონს, არის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მოდელის სახეობა, რომელიც ფართოდ არის შესწავლილი 1950-იანი წლებიდან. ასეთ ნაცნობ ორგანიზმში ახალი ანტიბიოტიკის პოვნა ნამდვილი სიურპრიზია“, — ამბობს უორვიკის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ლონა ალხალაფი.

ახლა საჭიროა პრე-მეთილენომიცინ C ლაქტონის უფრო მეტი პრეკლინიკური და ლაბორატორიული ტესტირება, რათა სრულად გაირკვეს მისი, როგორც ანტიბიოტიკის პოტენციალი, როგორც იმ მექანიზმებში, რომლებითაც ის მუშაობს, ისე მის სამიზნე პათოგენებში.

მკვლევრები ასევე ხედავენ პოტენციალს სხვა ანტიბიოტიკების შუალედური პროექტების კვლევაში, რათა ნახონ, შესაძლებელია თუ არა კიდევ უფრო მეტი ასეთი ნაერთის პოვნა.

„ეს აღმოჩენა მიუთითებს ახალ პარადიგმაზე ანტიბიოტიკების აღმოჩენაში. შუამავალი პროდუქტების გამოვლენითა და დატესტვით, შეიძლება მივაგნოთ ძლიერ ახალი ანტიბიოტიკებს, რომლებიც დაგვეხმარება ანტიმიკრობულ რეზისტენტულობასთან ბრძოლაში“, — ამბობს ჩალისი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დადგინდა, რომ რევმატოიდული ართრიტის ნიშნები სიმპტომების გამოჩენამდე წლებით ადრე ჩნდება

მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რევმატოიდულ ართრიტს ხშირად წინ უძღვის ჩუმი, უსიმპტომო სტადია. ამ ავტოიმუნური დაავადების ადრეულ სტადიაზე „დაჭერა“ ნიშნავს სახსრების მტკივნეული ანთებისა და დაზიანების შემსუბუქებას ან პროგრესის მთლიანად შეჩერებას.

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც რევმატოიდული ართრიტი (RA) უვითარდება, რისკის ქვეშ მყოფად სახსრების ანთების (სინოვიტი) გამოჩენამდე წლებით ადრე მიიჩნევენ სისხლში ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების (ACPA) არსებობის გამო. თუმცა, ეს დაავადება ამ ანტისხეულების მქონე ყველა ადამიანს არ უვითარდება და შესაბამისად, ეს მეთოდი ზუსტ პროგნოზად არ ითვლება.

ახალ კვლევაში გამოავლინეს ახალი გამაფრთხილებელი ნიშნები, რომელთა საფუძველზეც ექიმებს შეეძლებათ დაადგინონ, ვინაა რისკის ქვეშ; ამ ნიშნებს შორის არის ანთებითი ცილები სისხლში და იმუნური უჯრედების (რომლებიც მართავენ რევმატოიდულ ართრიტს) ქცევა.

კვლევა ამერიკელთა ჯგუფმა ჩაატარა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მკვლევრები ალენის იმუნოლოგიის ინსტიტუტიდან, სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და კოლორადოს უნივერსიტეტიდან.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მხარს უჭერს კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, რევმატოიდული ართრიტის ანთებითი დაავადება სახსრების აქტიურ ანთებამდე დიდი ხნით ადრე იწყება, უფრო ადრე, ვიდრე კლინიკურად გამოჩნდება. ეს კი ეს გავლენას ახდენს პრევენციული მკურნალობის დაწყების დროის შესახებ გადაწყვეტილებებზე“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევრები მიჰყვნენ 45 იმ ადამიანის პროგრესს, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის რისკის ქვეშ მყოფად მიიჩნეოდნენ ანტიციტრულინირებული ცილის ანტისხეულების გამო. მათგან 16-ს სრული რევმატოიდული ართრიტი განუვითარდა. საკონტროლო ჯგუფის ჯანმრთელი ადამიანების მონაცემებთან ერთად, ამ კვლევამ მეცნიერებს ბიოლოგიური შედარების მრავალი წერტილი მისცა.

რისკის ქვეშ მყოფ მონაწილეთა სისხლში, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული ცილები გაცილებით უხვად და აქტიური იყო, B-უჯრედები (რომლებიც ანტისხეულებს წარმოქმნიან) და T-უჯრედები (რომლებიც კოორდინაციას უწევენ B უჯრედებს) კი ავლენდნენ უფრო მაღალი მზადყოფნის ეტაპზე ყოფნის ნიშნებს.

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზთან უფრო ახლოს, გაიზარდა ანთებითი მოქმედებისთვის მზადმყოფი T-ლიმფოციტებისა და B-უჯრედების რაოდენობა, მათ შორის იმ T-ლიმფოციტებისა, რომლებიც სხვა შემთხვევაში უფრო ნეიტრალურები არიან. თითქოს იმუნური სისტემა ხედავდა, რა ახლოვდებოდა.

ამ ფუნდამენტური ცვლილებების თვალსაზრისით, გარკვეული გადაფარვა იყო მათ შორის, ვისაც რევმატოიდული ართრიტი განუვითარდათ და მათ, ვისაც არ განუვითარდათ, მაგრამ მოგვცეს მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცევა რისკის ქვეშ ყოფნის ფაზა სრულ კლინიკურ დიაგნოზამდე.

ასეთი შედეგები სრულიად ახალია და შესაბამისად, სამკურნალო საშუალებებიც გზაშია, მაგრამ თუ უფრო მეტი გვეცოდინება იმის შესახებ, როგორ ძლიერდება იმუნური სისტემა და იცვლება მისი აქტივობა რევმატოიდული ართრიტის დაწყებამდე — მკვლევრებს დაეხმარება ამ ცვლილებათა მიზანში ამოღებაში.

რევმატოიდული ართრიტის მაღალი რისკის შემთხვევებში გამოყენებისთვის უკვე არსებობს პრეპარატი; მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ის ხელს უწყობს იმუნური სისტემის ზოგიერთი აქტივობის შექცევას, ისეთის, რაც ახალ კვლევაშიც გამოიკვეთა. ეს კი მომავალში პოტენციური სამკურნალო საშუალებების იმედებს ზრდის.

„ველოდებით, რომ ჩვენი კვლევის შედეგებს მხარს დაუჭერს სხვა კვლევებიც… რათა უკეთესად მოხდეს იმის პროგნოზი, ვის დაემართება რევმატოიდული ართრიტი, გამოვლინდება პოტენციური ბიოლოგიური სამიზნეები ამ დაავადების პრევენციისთვის და სამკურნალო საშუალებების გაუმჯობესებისთვის“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის რევმატოლოგი კევინ დინი.

კვლევა Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია alleninstitute.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმედიცინა

მზის აქტივობა, შესაძლოა, გულის შეტევის რისკს ზრდიდეს – კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მზის აქტივობით გამოწვეული გეომაგნიტური დარღვევები შესაძლოა ადამიანებში გულის შეტევის რისკის ზრდასთან იყოს დაკავშირებული. აღნიშნული ნაშრომი ამ თემაზე არსებული მზარდი მტკიცებულებების ნაწილია.

დაახლოებით ერთი წლის წინ NASA-მ განაცხადა, რომ მზემ თავისი 11-წლიანი ციკლის აქტივობის პიკს მიაღწია. ასტროფიზიკური პერსპექტივიდან ეს ფაქტი მზის უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მზის შტორმებისა და უჩვეულო პოლარული ნათებების შესახებ უფრო ხშირად გვესმის.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა გეომაგნიტურ დარღვევებსა და გულს-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის შესაძლო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მიაგნეს.

გუნდი ძირითადად მიოკარდიუმის ინფარქტზე კონცენტრირდებოდა, რომელიც უფრო ფართოდ გულის შეტევის სახელითაა ცნობილი. მათ სან ხოსე დოს კამპოსის მუნიციპალიტეტის საჯარო ჯანდაცვის სისტემიდან 1998-2005 წლების სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს, რაც მზის 23-ე ციკლის უმეტეს ნაწილს მოიცავს.

ჯამში მათ გულის შეტევით ჰოსპიტალიზაციის 1 340 შემთხვევა გააანალიზეს და თარიღები იმ დროს დაფიქსირებულ გეომაგნიტურ აქტივობას შეადარეს.

როგორც ავტორები აღნიშნავენ ზოგიერთი დასკვნა მიოკარდიუმის ინფარქტზე უკვე კარგად ცნობილ ტენდენციებს ემთხვეოდა. მათ დაადგინეს, რომ გულის შეტევით უფრო მეტი კაცი დაზარალდა, ვიდრე ქალი, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსგავსი იყო.

საინტერესოა, რომ გეომაგნიტური აქტივობის მონაცემებმა უჩვეულო კორელაცია გამოავლინა. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მაშინ როდესაც გეომაგნიტური დარღვევები ფიქსირდებოდა, პარალელურად გულის შეტევით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებიც იზრდებოდა.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მათი დასკვნები საბოლოო არ არის, რადგან ისინი მხოლოდ ერთი რეგიონიდანაა. ამის მიუხედავად, საინტერესოა მათი ნაშრომის ბოლო წლების სხვა კვლევების კონტექსტში განხილვა.

2018 წელს საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ გულისცემის ცვალებადობა (HRV) გეომაგნიტური დარღვევების საპასუხოდ იცვლებოდა. ზოგადად, მაღალი HRV ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ავტონომიური ნერვული სისტემა გარემო პირობებზე კარგად რეაგირებს.

2023 წლის კვლევამ დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან მიღებული მონაცემები გეომაგნიტური არასტაბილურობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კორელაციის შესაფასებლად შეისწავლა. მონაცემები 1996 წლიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავდა. მეცნიერები წერდნენ, რომ მათი დასკვნებით გეომაგნიტური ველის ინტენსივობის მატებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის დადებითი კორელაცია შეინიშნებოდა. ამის მიუხედავად, ისინიც დამატებითი კვლევების მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს.

ამ თემის გარშემო ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად შეინიშნება, რადგან ყველა ნაშრომი სამომავლო კვლევებისკენ მოგვიწოდებს. ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, იწვევს თუ არა მზის შტორმები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ამჟამად HRV-ის მონაცემები შემდგომი ძიებისთვის უბრალოდ პერსპექტიულ ამოსავალ წერტილად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებისაბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სატურნის მთვარეზე, შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს – კვლევა

Associated Press-ის ცნობით, მეცნიერებმა სატურნის თანამგზავრ ენცელადიდან გამომავალ ყინულოვან გეიზერებში ორგანული ნივთიერებების ახალი ტიპები  აღმოაჩინეს.

ეს ადასტურებს იმის შესაძლებლობას, რომ ოკეანის სამყაროში სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები შეიძლება არსებობდეს.

მათი დასკვნები ეფუძნება NASA-ს კოსმოსური ხომალდის „კასინის“ მიერ 2008 წელს ენცელადის ახლო და სწრაფი გადაფრენის დროს ჩატარებულ დაკვირვებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ენცელადზე შესაძლოა ცხოვრება იყოს შესაძლებელი, არავინ აცხადებს, რომ იქ სიცოცხლე არსებობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ენცელადი საცხოვრებლად ვარგისია, მაგრამ არ ვიცით, არის თუ არა მასზე სიცოცხლე“, – თქვა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა.

საინტერესოა, რომ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გადაწყვიტა, სატურნის გეიზერების გვერდით გადაფრენისას „კასინის“ მიერ აღმოჩენილი პაწაწინა ყინულის ნაწილაკების ახალი ანალიზი ჩაეტარებინა. ეს ნაწილაკები ახალგაზრდა იყო სატურნის ერთ-ერთ ყველაზე გარე რგოლში აღმოჩენილ გაცილებით ძველ გეიზერის ნაწილაკებთან შედარებით.

ეს ახალი ნაწილაკები კასინის კოსმოსური მტვრის ანალიზატორს 40 000 მილი/სთ (64 800 კმ/სთ) სიჩქარით დაეჯახა, რაც ძველ ნაწილაკებზე სწრაფია. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გაზრდილი სიჩქარე მათ არსებული ქიმიური ნაერთების უკეთ გარჩევის საშუალებას აძლევდა.

მეცნიერებმა იგივე მოლეკულები აღმოაჩინეს ახალ ნაწილაკებში, რაც ადასტურებს მათ წარმოშობას მთვარის მიწისქვეშა ზღვიდან, ასევე ახალ ქიმიურ ნაერთებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Astronomy- ში.

საინტერესოა, რომ ენცელადზე, ყინულით დაფარულ წყლის სამყაროზე, რომლის დიამეტრი მხოლოდ 500 კილომეტრია და კლდოვანი ბირთვი აქვს, ოკეანის ფსკერზე ჰიდროთერმული ხვრელებია, რომლებიც შესაძლოა არქტიკაში აღმოჩენილი ხვრელების მსგავსი იყოს. კვლევის წამყვანმა ავტორმა განაცხადა: „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მოლეკულები ენცელადის მიწისქვეშა ოკეანიდან წარმოიშვა, რაც ზრდის მის პოტენციურ საცხოვრებლად ვარგისიანობას“.

მეცნიერები ენცელადის შემდგომი შესწავლის ახალ მისიებს უჭერენ მხარს. 1997 წელს გაშვებული კოსმოსური ხომალდი „კასინი“ დიდი ხანია გაუჩინარდა; კოსმოსური ხომალდი განზრახ ჩაეშვა სატურნში 2017 წელს, NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მისიის შემდეგ.

„მრავალფეროვანი ორგანული ნაერთების არსებობა არამიწიერ წყლის სამყაროში უბრალოდ ფენომენალურია“, – წერს კლენერი.

ევროპის კოსმოსური სააგენტო რამდენიმე ათწლეულში ენცელადზე დაშვების მისიის დაგეგმვის საწყის ეტაპზეა. ჩინეთმაც წამოაყენა ასეთი მისიის შეთავაზება.

„მთვარეებზე არსებული მიწისქვეშა ოკეანეები შესაძლოა საუკეთესო კანდიდატები იყვნენ ჩვენს მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის წარმოშობისთვის. ეს ნაშრომი მხოლოდ ადასტურებს შემდგომი კვლევის საჭიროებას“, – განაცხადა ნაიჯელ მეისონმა, კენტის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის პრეპარატი, რომელიც დაბერებას უჯრედულ დონეზე ეწინააღმდეგება

მეცნიერები დაბერებასთან შეწინააღმდეგებისა და ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნების გზების ძიებას აქტიურად ცდილობენ. მაგალითად, ერთ-ერთმა გუნდმა შექმნა ახალი ტიპის პრეპარატი, Rapalink-1, რომელიც საფუარ სოკო სქიზოსაქარომიცეტზე გამოცადეს. ეს ორგანიზმები მსგავსი ექსპერიმენტისთვის ხშირად გამოიყენება.

თავად მედიკამენტი იმუნოსუპრესანტ რაპამიცინის ფორმულას ეფუძნება — მან უჯრედებსა და მღრღნელებში სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტი აჩვენა. მკვლევართა მიერ ჩატარებულ ცდებში Rapalink-1-მა სოკოების სიცოცხლის ხანგრძლივობა სწორედ ასევე გაზარდა. მოლეკულურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატმა იმ ფერმენტების გამომუშავებაც გაააქტიურა, რომლებიც ბაქტერიების მიერ წარმოქმნილ აგმატინს სხვა ნაერთებად გარდაქმნის.

აქამდე ცნობილი იყო, რომ აგმატინს მიკრობების მასპინძელი ორგანიზმის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ახლა ისიც გავუგეთ, რომ იგივე ხდება მისი გარდაქმნით მიღებული ნაერთების შემთხვევაშიც, რადგან ისინი დაბერებასთან დაკავშირებულ გენებზე ირიბად ზემოქმედებს.

მეცნიერების თქმით, ასეთი პოტენციალის გამოვლენა იმედს გვაძლევს, რომ ოდესმე მას ადამიანებში გამოვიყენებთ. Rapalink-1-იცა და რაპამიცინიც TOR-ად წოდებული ფერმენტული მექანიზმის მეშვეობით მოქმედებს. უჯრედების დაბერებასთან და დაავადებებთან მისი კავშირი ცნობილია და ეს ჩვენზეც ვრცელდება.

კვლევის მეორე მნიშვნელოვანი მიგნება ისაა, რომ ახალი პრეპარატის ფუნქციონირება ცილოვან-ფერმენტულ კომპლექს TORC1-ს ემყარება. ის TOR-ის ნაწილია და უჯრედთა ზრდაზეა პასუხისმგებელი. Rapalink-1 მის მოქმედებას აფერხებს, რის შედეგადაც უჯრედები უფრო ნელა იზრდება და დიდხანს ნარჩუნდება. ამ პროცესების შესწავლა შეიძლება ჯანმრთელ დაბერებასთან და ზოგიერთ სიმსივნესთან TORC1-ის ასოციაციის გარკვევაში დაგვეხმაროს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ შორს ვართ ისეთი მედიკამენტისგან, რომელიც დაბერებას უბრალოდ შეაჩერებს. ასეთი კვლევებით უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ სიბერე მრავალმხრივი პროცესია და სხვადასხვა დაავადების რისკებს შეიცავს. Rapalink-1-ის მსგავსმა საშუალებებმა შეიძლება ეს რისკები შეამციროს, მაგრამ ჯერ დამატებითი ცდები და მონაცემებია საჭირო. შესაბამისად, აგმატინის მიღებაც საფრთხილოა, რადგან ზოგჯერ ის პათოლოგიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება – ახალი კვლევა

ადამიანის სიცოცხლის პროგრესად შეიძლება ჩავთვალოთ ცვლილებების თანდათანობითი თანმიმდევრობა დედის მუცლიდან საფლავამდე.

მაგრამ თუ ერთ მშვენიერ დილას სარკეში ჩახედვისას აღმოაჩენთ, რომ უცბად გაცილებით ხნიერად გამოიყურებით, შეიძლება ეს სულაც არ გეჩვენებოდეთ.

დაბერებასთან დაკავშირებულ მოლეკულურ ცვლილებებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები განიცდიან ორ მკვეთრ გადახრას დაბერებისკენ — ერთს დაახლოებით 44 წლის ასაკში და მეორეს დაახლოებით 60 წლის ასაკში.

„დროთა განმავლობაში თანდათანობით კი არ ვიცვლებით, არამედ ხდება მართლა დრამატული ცვლილებებიც. როგორც ჩანს, შუა 40-იანი წლები დრამატული ცვლილებების პერიოდია; ასევეა 60-იანი წლების დასაწყისიც. არ აქვს მნიშვნელობა, მოლეკულათა რომელ კლასს შეხედავ“, — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი მაიკლ სნაიდერი.

დაბერება კომპლექსურია და დაკავშირებულია ყველა სახის დაავადების რისკების ზრდასთან.

სნაიდერი და მისი კოლეგები დაბერების ბიოლოგიას იკვლევდნენ, რათა უკეთესად გაეგოთ, რა ცვლილებები ხდება ამ დროს და როგორ, რადგან თუ ეს ყველაფერი გვეცოდინება, უკეთესად მოხდება დაავადებათა მკურნალობა. ამისათვის შეისწავლეს 108 ზრდასრული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მათ რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე თვეში ერთხელ გადასცემდა ბიოლოგიურ ნიმუშებს.

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ალცჰაიმერისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში, რისკი დროთა განმავლობაში თანდათანობით კი არ იზრდებოდა, არამედ მკვეთრად იზრდებოდა გარკვეული ასაკის შემდეგ. ამიტომ სურდათ, ახლოდან შეესწავლათ დაბერების ბიომარკერები, რათა ენახათ, შესაძლებელს ხდიდნენ თუ არა ისინი დაკავშირებულ ცვლილებათა იდენტიფიცირებას.

ამ კოჰორტიდან აღებული ნიმუშების გამოყენებით, მკვლევრები თვალს ადევნებდნენ სხვადასხვა სახის ბიომოლეკულებს. მათ შორის იყო რნმ, ცილები, ლიპიდები და ნაწლავის, კანის, ცხვირისა და ორალური მიკრობიომის ტაქსონები, ჯამში 135 239 ბიოლოგიური ელემენტი.

626 დღის განმავლობაში, თითოეულმა პაციენტმა საშუალოდ 47 ნიმუში გაიღო, ყველაზე დიდხნიანმა მონაწილემ კი 367 ნიმუში. ასე ბევრმა მონაცემმა გამოიღო 246 მილიარდზე მეტი მონაცემთა წერტილი, რომლებიც მკვლევრებმა შემდეგ დაამუშავეს და შეისწავლეს ცვლილებათა მახასიათებლები.

რამდენიმე წინა კვლევამ დაადგინა არახაზობრივი ცვლილებები მოლეკულებში, რომლებიც ადამიანებსა და ვირთხებში შეიძლება დაუკავშირდეს დაბერებას. ხილის ბუზებზე, თაგვებსა და ზებრათევზებზე ჩატარებულმა კვლევებმა ასევე მიუთითა ეტაპობრივი დაბერების პროცესზე ამ სახეობებში.

სნაიდერმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ ადამიანის სხეულის მრავალი სახის მოლეკულაში ძლიერ მკაფიო ცვლილება ორ სხვადასხვა ეტაპზე.

მათ მიერ შესწავლილ მოლეკულათა დაახლოებით 81 პროცენტს ცვლილებები ერთ ან ორივე ამ ეტაპზე აღენიშნებოდა. ცვლილებები პიკს აღწევდა ადამიანის 40-იანი წლების შუა მონაკვეთში, შემდეგ კი 60-იანი წლების ასაკის დასაწყისში, ოღონდ ოდნავ სხვადასხვა იყო პროფილები.

40-იანი წლების შუა ხანების პიკში ფიქსირდებოდა ცვლილებები მოლეკულებში, რომლებიც დაკავშირებულია ცილების, კოფეინისა და ალკოჰოლის მეტაბოლიზმთან, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და კანისა და კუნთების დისფუნქციებთან.

60-იანი წლების ადრეული ხანების პიკი დაკავშირებული იყო ნახშირწყლებისა და კოფეინის მეტაბოლიზმთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, კანისა და კუნთების, იმუნური რეგულაციისა და თირკმლების ფუნქციასთან.

პირველი პიკი, 40-იანი წლების შუა ხანებში, ძირითადად მაშინ დგება, როცა ქალს მენოპაუზა ან პრემენოპაუზა ეწყება, მაგრამ მკვლევრებმა ეს, როგორც ფაქტორი გამორიცხეს: ამავე ასაკში, მნიშვნელოვანი მოლეკულური ცვლილებები კაცებსაც ეწყებათ.

„ეს იმაზე მიუთითებს, რომ მენოპაუზას და პრემენოპაუზას შეიძლება წვლილი შეჰქონდეს 40-იანი წლების შუა ხანებში ქალებში დაფიქსირებულ ცვლილებებში, მაგრამ სავარაუდოდ არსებობს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ამ ცვლილებებზე ახდენს გავლენას როგორც ქალებში, ისე კაცებში. ამ ფაქტორების გამოვლენა და შესწავლა სამომავლო კვლევათა პრიორიტეტი უნდა გახდეს“, — განმარტავს სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეტაბოლიზმის სპეციალისტი და კვლევის ავტორი, სიაოტაო შენი.

მკვლევრები შენიშნავენ, რომ მათი საკვლევი ნიმუშის ზომა საკმაოდ მცირე იყო და თანაც, შეამოწმეს შეზღუდული ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებიც 25-დან 70 წლამდე ადამიანებს ეკუთვნოდათ.

სამომავლო კვლევები შეიძლება ამ ფენომენის უკეთესად ამოხსნაში დაგვეხმაროს; საჭიროა უფრო დეტალური კვლევა სუბიექტთა უფრო ფართო დიაპაზონზე, რათა უკეთესად დადგინდეს, როგორ იცვლება ადამიანის სხეული დროთა განმავლობაში.

კვლევა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია med.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 114
Page 2 of 114