close

მედიცინა

მედიცინა

აშშ-ში ბავშვს გენური თერაპიის მეშვეობით სმენა აღუდგინეს

ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმებმა 11 წლის ბიჭს, ქვეყნის მასშტაბით პირველად, გენური თერაპიის მეშვეობით სმენა აღუდგინეს. ეს იმედის მომცემია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გენეტიკური მუტაციების გამო სმენა აქვთ დაქვეითებული.

აისემ დემი დაბადებიდანვე სმენადაქვეითებული იყო, რაც კონკრეტული გენის იშვიათმა ანომალიამ გამოიწვია. მეცნიერებმა გენური თერაპიით სწორედ ეს დარღვევა გამოასწორეს, მაგრამ ამბობენ, რომ იგივე მიდგომა სმენის პრობლემებთან დაკავშირებული სხვა 150-ზე მეტი გენის ნაწილის შემთხვევაშიც შეიძლება, გამოსადეგი იყოს. ამ მხრივ, უკანასკნელი მიღწევა ახალ კვლევებს უხსნის გზას.

“ჩვენ, ფიზიოლოგები, და მეცნიერები სმენის დაქვეითების სამკურნალო გენურ თერაპიაზე 20 წელზე მეტია, ვმუშაობთ. საბოლოოდ, ის უკვე ჩვენს ხელთაა”, — აცხადებენ მკვლევრები.

რაც შეეხება პაციენტს, მისი გენური ანომალია შიდა ყურში სმენითი უჯრედებისთვის საჭირო ცილა ოტოფერლინის გამომუშავებას აფერხებდა, რის შედეგადაც ბგერითი ვიბრაციები ქიმიურ სიგნალებად ვერ გარდაიქმნებოდა, რათა ტვინში გაგზავნილიყო. ასეთი დარღვევა ძალზე იშვიათია და დაბადებიდანვე სმენადაქვეითებულთა 1-8%-ს აღენიშნება.

2023 წლის 4 ოქტომბერს ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა მისი ყურის დაფის აპკი აწიეს და იქ უსაფრთხო ვირუსი შეიყვანეს. ეს უკანასკნელი ისე იყო გენურად მოდიფიცირებული, რომ ოტოფერლინის მოქმედი ცილები ყურის ლოკოკინას შიდა სითხეში გადაეტანა.

შედეგად, სმენით უჯრედებში ფუნქცია აღდგა. თითქმის 4 თვეში პაციენტს მდგომარეობა უკვე ისე გაუუმჯობესდა, რომ მხოლოდ სუსტი და საშუალო დიაპაზონის დაქვეითებული სმენა უფიქსირდებოდა. მან ბგერები ცხოვრებაში პირველად გაიგონა. ამის მიუხედავად, მან შესაძლოა, საუბარი ვერ შეძლოს, რადგან ტვინში მეტყველების დამსწავლელი “ფანჯარა” დაახლოებით 5 წლის ასაკში იხურება.

სპეციალურმა მარეგულირებელმა ორგანომ ეს თერაპია უსაფრთხოების მიზნით ჯერ შედარებით მოზრდილ ინდივიდებში დაუშვა. ასეთი ცდები არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და ჩინეთშიც ტარდება, სადაც თერაპიამ რამდენიმე პაციენტი განკურნა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე კვლევების ჩატარება მეცნიერებს ახალი მეთოდის ეფექტიანობის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმარება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ქალმა შვილი საკუთარი დედისგან გადანერგილი საშვილოსნოთი გააჩინა

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ეს ნამდვილად ასეა მაირა მონტესისთვის. მას არასდროს უფიქრია, რომ შვილს დედამისის საშვილოსნოს გამოყენებით გააჩენდა. დიახ, ქალმა შვილი სწორედ იმ საშვილოსნოს გამოყენებით გააჩინა, რომლიდანაც თავად დაიბადა.

წლების წინ მონტესს იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს. ეს მაიერ როკიტანსკ კუსტერ ჰაუზერის (MRKH) სინდრომია, იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობა, რომელიც საშოს, საშვილოსნოს ყელის და, ზოგადად საშვილოსნოს არასრული განვითარებით ხასიათდება.

თუმცა, ქალი არ დანებდა და ის საინტერსო კვლევაში ჩაერთო. კვლევის მიზანი MRKH-ს სინდრომის მქონე ქალებში ტრანსპლანტაციის ხელშეწყობა იყო. თუმცა, მაირას საშვილოსნო სჭირდებოდა. და აი ისიც, მაირას დედამ თავის შვილს საკუთარი საშვილოსნო გადასცა.

პარადიგმის ცვლილება მედიცინაში

პროცედურამ მაირას საშუალება მისცა დაორსულებულიყო და გაეჩინა ბავშვი. ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა ესპანეთში.

“ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს და ჩვენ ვაჩვენეთ არა ერთხელ, არამედ ორჯერ, რომ შეგვიძლია მისი ჩატარება”, — თქვა დოქტორმა ანტონიო ალკარასმა, ოპერაციის ხელმძღვანელმა.

ეს იყო სპეციალური სახის ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმებმა საშვილოსნო ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაიტანეს. გუნდმა პირველი მსგავსი შემთხვევისგან განსხვავებით ახალი ტექნოლოგიები გამოიყენა.

მათ ამისთვის გამოიყენეს ინსტრუმენტი სახელად ეგზოსკოპი, რომელიც საავადმყოფოს 2022 წლიდან აქვს. ამ მოწყობილობას ძლიერი ლინზა გააჩნია, რომელიც აჩვენებს მაღალი გარჩევადობის სურათებს.

საშვილოსნო საკმაოდ რთული ორგანოა. სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, რომლებსაც აქვთ მკაფიო, ხილული ვენები, საშვილოსნოს პატარა და დელიკატური ვენების ქსელი გააჩნია. ეგზოსკოპი ეხმარებოდა ექიმებს ოპერაციის დროს დაენახათ და დაემუშავებინათ ეს დელიკატური ნაწილები.

“მაირა ოდესღაც იმ საშვილოსნოში იყო, რომელიც ახლა მასშია. ეს ის სამედიცინო მიღწევაა, რომელიც დიდ დაფასებას იმსახურებს”, — თქვა ფრანცისკო კარმონამ, საავადმყოფოს გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა.

მაირამ ორსულობის 37-ე კვირას საკეისრო კვეთა გაიკეთა, რადგან ტრანსპლანტანტების გამო ბავშვის გაჩენა სხვანაირად შეუძლებელი იყო.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

FDA-ს დამტკიცებული პრეპარატები ინსულინის წარმოებას 48 საათში აღადგენს

კაცობრიობამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიაბეტის სამართავად ინსულინის რუტინული ინიექციების საჭიროების შესამცირებლად — ახალმა კვლევამ აჩვენა, როგორ შეიძლება აღდგეს ინსულინის მწარმოებელი უჯრედები პანკრეასში.

პანკრეასის სადინარის წარმომქმნელი უჯრედების გამოყენებით, რომლებიც პანკრეასის სადინარების საფარის ქსოვილებს წარმოქმნიან — მეცნიერებმა ბეტა უჯრედების ფუნქციის იმიტაცია შეძლეს; როგორც წესი, ეს უჯრედები არაეფექტიანია ან საერთოდ არ არის პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში.

ავსტრალიის ბეიკერის გულისა და დიაბეტის ინსტიტუტის მკვლევრებმა FDA-ს მიერ უკვე დამტკიცებულ პრეპარატთა ახალი გამოყენება შეისწავლეს, ისეთი მედიკამენტების, რომელთა სამიზნეც ადამიანის ქსოვილში ფერმენტი EZH2-ია. ჩვეულებრივ, ეს ფერმენტი უჯრედთა განვითარებას აკონტროლებს და წარმოადგენს ზრდის მნიშვნელოვან ბიოლოგიურ კონტროლს.

ფერმენტ EZH2-ის მიერ დაწესებული ზოგიერთი მუხრუჭის დასაძლევად, მეცნიერებმა გამოიყენეს კიბოს სამკურნალოდ უკვე დამტკიცებული ორი ინჰიბიტორი მოლეკულა — GSK126 და ტაზემეტოსტატი; შედეგად, სადინარის წარმომქმნელმა უჯრედებმა ბეტა უჯრედების მსგავსი ფუნქციები განივითარეს.

„ბეტა უჯრედების რეგენერაციული პოტენციალისთვის ფუნდამენტურია EZH2-ის მიზანში ამოღება. ექს-ვივო, ფიზიოლოგიური გლუკოზის გამოწვევის საპასუხოდ, პანკრეასის სადინარის უჯრედების გადაპროგრამება ინსულინის წარმოებას და სეკრეციას აჩვენებს“, — წერენ მკვლევრები.

წინა კვლევების მიხედვით, სადინარის სარჩულის წარმომქმნელი უჯრედები, რომლებსაც წვლილი ასევე შეაქვთ კუჭის მჟავიანობის მართვაში, შესაფერის გარემოში შეიძლება გარდაქმნილიყო ბეტა უჯრედების მსგავს რაიმედ. ამჯერად, უკვე გვაქვს კარგი იდეა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს.

რაც მთავარია, ახალ უჯრედებს შეუძლიათ გლუკოზის დონის შეგრძნება და ინსულინის გამომუშავების ამის შესაბამისად მორგება — ზუსტად ისე, როგორც ბეტა უჯრედებს. პირველი ტიპის დიაბეტში, რომელზეც კვლევა იყო ფოკუსირებული, ორიგინალი ბეტა უჯრედები სხეულის იმუნურმა სისტემამ შეცდომით გაანადგურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სისხლში შაქრისა და ინსულინის მართვა რეგულარული ინიექციებით უნდა მომხდარიყო.

ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა იგივე რეაქცია აჩვენა პირველი ტიპის დიაბეტის მქონე 7 და 61 წლის პაციენტებისგან და 56 წლის უდიაბეტო ადამიანისგან აღებულ ქსოვილთა ნიმუშებში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება, თაობებში იმუშაოს.კიდევ ერთი დადებითი ნიშანი ისაა, რომ ინსულინის რეგულარული წარმოების აღდგენას მხოლოდ 48-საათიანი სტიმულირება დასჭირდა.

მიჩნეულია, რომ მსოფლიოში დიაბეტი დაახლოებით 422 მილიონ ადამიანს აქვს; ისინი დამოკიდებული არიან სისხლში შაქრის ყოველდღიურად გაზომვასა და მართვაზე. კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, ჯერ წინ კლინიკური ცდებია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ ერთი პოტენციური გზაა ადამიანის ორგანიზმის დასაყოლიებლად, რომ ჩაანაცვლოს ის ფუნქციები, რომლებსაც დიაბეტი ართმევს.

ამას გარდა, ეს არ არის ერთადერთი პერსპექტიული გზა, რომელსაც მეცნიერები იკვლევენ; შექმნის პროცესშია ახალი ტიპის პრეპარატები და ამასობაში, მეცნიერები ასევე მუშაობენ გზებზე, რომლებიც ეფექტიანად დაიცავს ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს განადგურებისგან.

„მიგვაჩნია, რომ ეს რეგენერაციული მიდგომა მნიშვნელოვანი წინსვლაა კლინიკურ განვითარებაში. ამ დრომდე, რეგენერაციული პროცესი შემთხვევითი იყო და არც დასტურდებოდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დღემდე მწირად არის შესწავლილი ის ეპიგენეტიკური მექანიზმები, რომელიც ადამიანებში ასეთ რეგენერაციას განაპირობებენ“, — ამბობს ბეიკერის გულისა და დიაბეტის ინსტიტუტის ეპიგენეტიკოსი სემ ელ-ოსტა.

კვლევა Signal Transduction and Targeted Therapy-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიების 35 ახალი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ბაზელის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში პაციენტების ორგანიზმიდან აღებულ ნიმუშებშიბაქტერიების 30-ზე მეტ ახალი სახეობას მიაკვლიეს. ეს შესაძლოა, მათთან დაკავშირებული ინფექციების მკურნალობაში დაგვეხმაროს. უკანასკნელი კვლევა, ასევე, ცხადყოფს, რომ ბუნებაში მრავალი პათოგენია, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით.

„ბაქტერიების ახალი სახეობებისა და მათი კლინიკური გამოვლენის ასეთი პირდაპირი კავშირის შესახებ ნაშრომები წარსულში იშვიათადაა გამოქვეყნებული”, — აცხადებენ ავტორები.

მათ საერთო ჯამში 61 პათოგენი შეისწავლეს, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე პაციენტების ბიოლოგიურ ნიმუშებში მიაგნეს. ტრადიციული მეთოდებით ბაქტერიების გენომის გაშიფვრა მარტივი არ აღმოჩნდა, ამიტომ სპეციალისტებმა სხვა გზას მიმართეს და შედეგები უკვე იდენტიფიცირებულ შტამებს შეადარეს.

საბოლოოდ, 35 ახალი სახეობა გამოვლინდა, რომელთაგანაც 27 სისხლის კულტურებიდან ან ღრმა ქსოვილების ნიმუშებიდან გამოაცალკევეს. 7 სახეობა კლინიკურ შესაბამისობაშიც დაფიქსირდა, ანუ თითოეული მათგანი ინფექციის წყარო აღმოჩნდა.

ახალი სახეობების უდიდესი ნაწილი 2 გვარს მიეკუთვნება: Corynebacterium-სა და Schaalia-ს. მათში შემავალი ბაქტერიები ადამიანის კანისა და ლორწოვანი გარსის მიკრობიომის ნაწილია, მაგრამ შესაძლოა, სისხლში მოხვედრისას ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

61 ნიმუშიდან ერთ-ერთი ძნელად იდენტიფიცირებად ჯგუფში შედის. ეს პათოგენი ნელ-ნელა იკრებს ძალებს. ის 2022 წელს ძაღლისა და კატის ნაკბენებიდან აღებულ მასალაში აღმოაჩინეს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უკანასკნელი შედეგები ბაქტერიების კლინიკურ და ეკოლოგიურ როლში უკეთ გაგვარკვევს. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში BMC Microbiology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა – სისხლის მარტივი ანალიზით გულის შეტევისა და სიკვდილის რისკის შემცირებაა შესაძლებელი

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ახალი, მაღალი მგრძნობელობის სისხლის ანალიზის გამოყენებამ, შესაძლოა, გულის შეტევის უკეთ დიაგნოსტირებას შეუწყოს ხელი და ამ გზით, მომავალში, გულის შეტევისა და სიკვდილის რისკი შეამციროს.
ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის გამოყენებით, რომელიც ზომავს ტროპონინს – ცილას, რომელიც გამოიყოფა სისხლში გულის დაზიანების შემდეგ – შესაძლოა, რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში გულის შეტევები ხუთი წლის შემდეგ 10% -ით შეამციროს.
ანალიზის ეფექტურობის დასადგენად, მკვლევარმა ჯგუფმა ტესტის შედეგების დასადგენად თითქმის 50 000 ადამიანის მონაცემები გააანალიზა. მათ პაციენტებზე ხუთი წლის განმავლობაში დასაკვირვებლად მონაცემთა სერვისი DataLoch-ი გამოიყენეს.
სისხლის ახალი ანალიზის გამოყენებით ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ 10 000-ზე მეტ პაციენტს ტროპონინის მაღალი დონე ჰქონდა, რაც გულის დაზიანებაზე მიუთითებდა.
„სასწრაფო დახმარების განყოფილებებში სამედიცინო პროფესიონალებს სჭირდებათ ყველაზე ეფექტური და ზუსტი ინსტრუმენტები ადამიანებზე ზრუნვისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც საეჭვო გულის შეტევით შემოდის. ძალიან იმედის მომცემია იმის ნახვა, რომ ახალი ტესტი უკეთესია ამ პაციენტებისთვის გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირების კუთხით, ჰქონდათ თუ არა მათ გულის შეტევა თუ სხვა სახის გულის დაზიანება. ეს გამოიწვევს ასეთ პაციენტებზე ზრუნვის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.
”ეს ახალი მაღალი მგრძნობელობის ტესტი არის ინსტრუმენტი, რომელიც ექიმებს სჭირდებოდათ, რათა დაედგინათ და ემკურნალათ როგორც გულის შეტევებისთვის, ასევე ნაკლებად აშკარად გამოხატული გულის პრობლემებისთვის. ჩვენს კვლევაში, ამ ტესტის დანერგვამ გამოიწვია ამ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ჯგუფში მომავალი გულის შეტევების და სიკვდილიანობის რაოდენობის შთამბეჭდავი შემცირება“, – განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ედინბურგის უნივერსიტეტის ლექტორმა, დოქტორმა კენ ლიმ.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

გულის პირველი ნაწილობრივი ტრანსპლანტი, პაციენტი ბავშვის ორგანიზმთან ერთად იზრდება

2022 წლის გაზაფხულზე, ისტორიაში პირველად, ბავშვს გულის ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა.ახლა ცნობილი გახდა, რომ ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ პაციენტის ორგანიზმში გადანერგილი ქსოვილი მის სხეულთან ერთად იზრდება და ფუნქციას ინარჩუნებს.

„ეს პუბლიკაცია იმის დასტურია, რომ აღნიშნული ტექნოლოგია მუშაობს და შეგვიძლია, სხვა ბავშვების დასახმარებლადაც გამოვიყენოთ”, – აცხადებენ მეცნიერები.

ოუენ მონრო სულ რაღაც 18 დღის იყო, როცა დონორის გულის ქსოვილი გადაუნერგეს. მის დაბადებამდე ექიმებმა გამოავლინეს, რომ ბავშვს მხოლოდ ერთი დიდი სისხლძარღვი ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც გულიდან სისხლი გამოედინებოდა, წესით კი ორი მომცრო სადინარი უნდა განვითარებოდა.

ამ დროს ფილტვებს დიდი ოდენობით სისხლი მიეწოდება, რაც სუნთქვას ართულებს და სხეულის დანარჩენ ნაწილებში სისხლის სათანადოდ მიწოდებას აფერხებს. ოუენის სხეულში ან მთლიანი გული უნდა გადაენერგათ, რაც პრობლემური იქნებოდა, ან სარქველი, რომელიც ხშირად უნდა შეცვლილიყო. სპეციალისტებმა მესამე გზა აირჩიეს, რომელიც მანამდე მხოლოდ ღორებზე იყო ნაცადი.

მათ პაციენტის ორგანიზმში დაღუპული ჩვილის სარქვლებისა და არტერიების ტრანსპლანტაცია გადაწყვიტეს, ამის განხორციელებას კი 8 საათი დასჭირდა. ბიჭი საავადმყოფოდან 30 დღეში გაწერეს და იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტების შედარებით მცირე დოზა დაუნიშნეს.

 

 

პროცედურის შემდეგ ტრანსპლანტირებული სარქვლების ზომა ოუენის გულის დანარჩენ ნაწილთან ერთად გაიზარდა. ისინი თავიანთ ფუნქციას უწინდებურად კარგად ასრულებს, ხოლო ბავშვის განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.

2022 წლიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით 4 სამედიცინო ცენტრში, კიდევ 13 ასეთი ნაწილობრივი ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩატარდა.

„სრული ტრანსპლანტაციის კრიტერიუმებს დონაციის გზით მიღებული გულების დაახლოებით ნახევარი აკმაყოფილებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ იმავე რაოდენობის გულები გვაქვს, რომელთა სარქვლების გამოყენებაც შეგვიძლია”, — ამბობენ მეცნიერები.

სარქვლების მოპოვება იმ პაციენტებისგანაც შეიძლება, რომელთაც გულის სხვა ნაწილის დეფექტები აღენიშნებათ. მათ მთლიან ორგანოს უნერგავენ, ხოლო ძველი სარქვლები დონაციით შეიძლება, სხვისთვის გადაიცეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს

ცოტა ხნის წინ, სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფს დაავადებაზე უმკურნალეს. მათი დაავადება გაქრა და ამას ისინი ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდს უნდა უმადლოდნენ.

ეს იყო ძალიან მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკის კეტერინგის კიბოს ცენტრის ექიმების მიერ, სადაც პაციენტები ექვსი თვის განმავლობაში იღებდნენ წამალს, სახელად დოსტარლიმაბს. ცდის ბოლოს 16-მა პაციენტმა კიბო დაამარცხა.

ახლა, კიდევ ერთი გარღვევის მომსწრენი გავხდით. აღმოჩნდა, რომ ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარის მიერ, კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს, მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ეს ყველაფერი ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.

კვლევა, რომელიც ჩატარდა იზოლირებულ უჯრედებში და მოიცვა ადამიანების უჯრედებიც ჟურნალში Nature Cancer გამოქვეყნდა.

დოქტორი აჰნი უკვე წლებია მუშაობს მცირე მოლეკულებზე, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენენ. აქამდე მან შეძლო და ასეთი მეთოდით შეიმუშავა პოტენციური თერაპიული ნაერთები მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.

თავის ამჟამინდელ კვლევაში, აჰნმა და მისმა კოლეგებმა გამოსცადეს მათ მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი, სახელწოდებით ERX-41. ნაერთს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე უნდა ემოქმედა.

„ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. მეტიც, მან გაანადგურა სამმაგად უარყოფითი, ძუძუს კიბოს უჯრედები”, — ამბობს დოქტორი აჰნი.

კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სიმსივნე დაპატარავებას იწყებს. საბოლოოდ მოლეკულამ შეძლო და კიბოს უჯრედები სრულად გაანადგურა.

მხოლოდ ეს არ არის: მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ERX-41 ეფექტურია სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ, მათ შორის პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოსთან მიმართებაშიც. მეტიც, ის მუშაობს ტვინის კიბოს შემთხვევაშიც.

ამ ახალი მეთოდის შემქმნელების თქმით, ERX-41-ის კლინიკური კვლევები 2023 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ სულ მალე შეიძლება კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი და ეფექტიანი მეთოდი გვქონდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

„რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას“ – როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა

ყლაპვის გაძნელების სხვა უამრავი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება საყლაპავის პათოლოგიით იყოს გამოწვეული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური. ფუნქციურს წარმოადგენს ე.წ. საყლაპავის სპაზმი, აქალაზია და ასე შემდეგ,- ამის შესახებ გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” სპეციალისტები საუბრობენ.

ყლაპვის გაძნელების მიზეზთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნევროზული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემაა. სინამდვილეში, ყლაპვის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, დაღეჭილი ლუკმა საყლაპავ მილში თავისუფლად გაივლის და კუჭში ჩადის. ის არ რჩება საყლაპავში და არ ეჩხირება ადამიანს ყელში. მხოლოდ შეგრძნება გახლავთ. ეს შეგრძნება შეიძლება, ადამიანს არა მხოლოდ ყლაპვისას, არამედ სრულიად უმიზეზოდაც ჰქონდესა,-ამბობს რეზო ომიაძე.

რატიანის განმარტებით, ჰიპოკრატე ამ სიმპტომს ,,ისტერიულ სიმპტომს“ ეძახდა, ვინაიდან ის დამახასიათებელი იყო ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც ფსიქო-ემოციური სტატუსი წინა პლანზე ჰქონდათ გამოწეული. როცა ადამიანები უფრო ცუდ ხასიათზე არიან, შფოთვა, დეპრესია აქვთ, შეგრძნება მათთან უფრო ხშირად ვითარდება.

რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას, მოისმინეთ სრული განმარტება და მოგვარების გზები ნამდვილი ექიმებისგან:

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ყურადღება მიაქციეთ ამ 5 სიმპტომს – შესაძლოა ისინი გაფანტული სკლეროზის ადრეული ნიშნები იყოს

შესაძლებელია თუ არა გაფანტული სკლეროზის განვითარების ბიოლოგიური მექანიზმების დადგენა?ეს კითხვა დაუსვეს საკუთარ თავს პარიზის ტვინის ინსტიტუტის მეცნიერებმა თავიანთი ახალი ნაშრომის ფარგლებში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neurology.

მათ დაადგინეს, რომ არსებობს ხუთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან რამდენიმე წლის შემდეგ. ამრიგად, ისეთი დარღვევების სიხშირე, როგორიცაა დეპრესია, ყაბზობა და საშარდე გზების ინფექციები (კერძოდ, ცისტიტი) დაკავშირებულია გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან 5 წლის შემდეგ. სინამდვილეში, ასეთი შედეგები ხელს უწყობს დაავადების პროდრომული ფაზის აღწერას, მაგრამ არ იძლევა ადრეული გამოვლენის მეთოდის შემუშავებას.

გაფანტული სკლეროზი არის ნევროლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ნერვული სისტემა თავს ესხმის მიელინს, ნერვული ბოჭკოების გარშემო დამცავ საფარს. ის მნიშვნელოვანია ტვინსა და ორგანოებს შორის იმპულსების გადაცემისთვის. გაფანტული სკლეროზი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სპეციალისტების ამოცანაა დაავადების რაც შეიძლება ადრე გამოვლენა, მანამდეც კი, სანამ დაზიანებები MRI-ზე ხილული გახდება. განაგრძეთ კითხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ფაქტები, რომელიც 2023 წელს, მედიცინის ისტორიაში მოხდა

2023 წელს არაერთი სამედიცინო გარღვევის მომსწრენი გავხდით. ისტორიაში პირველად, ქალს ერთდროულად 2 ორგანო გადაუნერგეს. ეს ისტორიული მომენტია, რადგან გულ-ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთდროულად აქამდე არასდროს ჩატარებულა. დიდი ალბათობა იყო იმის, რომ პაციენტის ორგანიზმი მხოლოდ გულის გადანერგვას ვერ გაუძლებდა.

შესაბამისად, საჭირო იყო ღვიძლის გადანერგვაც. ოფიციალური განცხადებითდ, ორმაგი ტრანსპლანტაცია ეფუძნება იმუნოპროტექტორულ მიდგომას, რა დროსაც დონორის ღვიძლი იმუნოდაცვით ინდუცირებას ახდენს.

ისტორიაში პირველად: ექიმებმა ტვინის ქირურგიული ოპერაცია ნაყოფის დაბადებამდე ჩაატარეს

ისტორიაში პირველად, Brigham and Women’s Hospital-ისა და Boston Children’s Hospital-ის გუნდმა წარმატებით განკურნა სისხლძარღვების აგრესიული ანომალია ნაყოფის ტვინში, რათა მშობიარობის შემდეგ პოტენციურად ფატალური სიმპტომები აერიდებინათ თავიდან. ეს ისტორიული შემთხვევა აღწერილია ჟურნალ Stroke-ში დღეს გამოქვეყნებულ ნაშრომში.

“ყოველ ქირურგიაში, რომელიც ნაყოფს უტარდება, ორი პაციენტია: ნაყოფი და დედა. ნაყოფზე მიმდინარე ოპერაციების მნიშვნელოვანი ასპექტი ორივე მათგანზე ზრუნვაა”, — თქვა კვლევის თანაავტორმა, კეროლ ბენსონმა (მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი BWH-ში და BWH-ს High-Risk Obstetrical Ultrasound Service-ის ყოფილი თანადირექტორი). “უნდა დარწმუნდე, რომ ყველაფერი იდეალურ წესრიგშია, რაც ზუსტი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია.”

მკვლევრებმა გამოიყენეს ულტრაბგერით-ინდუცირებული ტრანსუტერინის იმბოლიზაცია გალენის ანომალიური ვენის პრობლემის მოსაგვარებლად ნაყოფის დაბადებამდე. აღსანიშნავია, რომ აგრესიული სიმპტომები, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ჩნდება ხოლმე, ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა. როგორც მკვლევრები იტყობინებიან, ექვსი კვირის თავზე ჩვილი საოცრად კარგად პროგრესირებს, არ საჭიროებს მედიკამენტებს, იკვებება ნორმალურად და იმატებს წონაში. თავის ტვინზე უარყოფითი გავლენის არანაირი ნიშანი დაფიქსირებულა.

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონები სრულად ხელოვნურად შექმნეს

ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონები ხელოვნურად შექმნეს.შესაძლოა, ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით არაერთი შეკითხვა იჩენს თავს.

სინთეზური ემბრიონები თაგვისა თუ მაიმუნის ღეროვანი უჯრედებისგან აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ემბრიონი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დაამზადეს.

გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერთა ნაშრომი, ჯერჯერობით, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. იგი პროფესორმა მაგდალენა ჟერნიკა-გოტცმა (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი) წარადგინა ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბოსტონში.

სინთეზური ემბრიონები ბუნებრივი სქესობრივი გამრავლების შედეგად არ იქმნება — მას ლაბორატორიულ პირობებში ამზადებენ ღეროვანი უჯრედებისგან. შესაძლოა, მათი მეშვეობით უკეთ შევისწავლოთ, როგორ ვითარდება ემბრიონი პირველი კვირების განმავლობაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროს იწყება არაერთი გენეტიკური დაავადება.

სინთეზური ემბრიონების კვლევა, ჯერჯერობით, კანონით არ რეგულირდება. გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის ბუნებრივი ემბრიონების კვლევა მხოლოდ 14 დღითაა შესაძლებელი, თუმცა რეგულაციები სინთეზურ ემბრიონებს არ ეხება.

ისტორიაში პირველად, მაიმუნები ხელოვნური ემბრიონებით დააფეხმძიმეს

ადამიანის ორგანიზმში ღორის თირკმლების გადანერგვის პროცედურები უკვე საუკუნეზე მეტია, ტარდება, თუმცა მათი ფუნქციონირება დღემდე პრობლემური იყო. ალაბამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევა აქვთ: მათ ტრანსპლანტაციისთვის გენმოდიფიცირებული ცხოველის ორგანო გამოიყენეს, რომელმაც მკვდარი ტვინის მქონე პაციენტის სხეული კრეატინინისგან გაათავისუფლა და შარდი წარმოქმნა.

კრეატინინი კრეატინფოსფორმჟავას ნარჩენი პროდუქტია, რომელიც ძირითადად ჩვენს კუნთებში გამოიყოფა. ის ორგანიზმიდან მხოლოდ თირკმლების მეშვეობით, შარდის სახით გაედინება, რაც ამ ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციის ერთ-ერთი უმთავრესი საზომია და აქამდე ასეთი დონეზე არასდროს მიღწეულა.

ორგანოების სახეობათაშორის გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება, რომელიც ადამიანებში ისეთი წარმატებით ვერ ხორციელდება. ეს იმიტომ, რომ ჩვენს ორგანიზმს უცხო ქსოვილების მიღება უჭირს. ამ დაბრკოლების გადალახვა თეორიულად იმუნური სისტემის მოტყუებითაა შესაძლებელი, რისთვისაც ცხოველთა გენებს ცვლიან. სწორედ მსგავს მეთოდს მიმართეს მეცნიერებმა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში.

მათ ღორის 4 გენი ამოიღეს და ადამიანის 6 გენი დაამატეს, რამაც ცხოველის თირკმელი “გააადამიანურა” და მან პაციენტის სხეულში 4 კვირის განმავლობაში იფუნქციონირა. სპეციალისტებმა ახლა უნდა გაარკვიონ, ეს მეთოდი თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებებთან ბრძოლის დროებით გზაა თუ საბოლოო თერაპია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მნიშვნელობა დიდია, რადგან ყოველწლიურად დონორის ლოდინში უამრავი პაციენტი იღუპება.

უნდა ითქვას, რომ წარმატების მიუხედავად, ამგვარი ქსენოტრანსპლანტაციის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. იმავე მეცნიერებმა გასულ წლებში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი მკვდარი ტვინის მქონე სხვა ინდივიდსაც გადაუნერგეს, მაგრამ მან საკმარისი ოდენობის კრეატინინი ვერ გამოდევნა. სისხლში ის ისევ ფიქსირდებოდა, შარდში კი — არა.

ჯერჯერობით მსგავსი ცდები ცოცხალ ადამიანზე არ ჩატარებულა, მაგრამ საამისოდ გენმოდიფიცირებული ცხოველის თირკმელი მაინც ყველაზე უსაფრთხოა, რადგან იმუნური სისტემა მას იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილის რისკი არსებობს.

ისტორიაში პირველად, კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

ბრაზილიელმა მეცნიერებმა ახალი ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადეს. ვაქცინა კოკაინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ შეიმუშავეს.

ვაქცინას Calixcoca ჰქვია და მან ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მკვლევრების თქმით, ვაქცინა იმუნურ პასუხს იწვევს და კოკაინს თავის ტვინამდე მიღწევაში ხელს უშლის. ეს ნარკოტიკზე დამოკიდებულებს ნივთიერებისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კოკაინზე დამოკიდებულები ნივთიერების ეფექტს ვეღარ იგრძნობენ.

“თუ მკურნალობა მარეგულირებელის დასტურს მიიღებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კოკაინზე დამოკიდებულების მკურნალობა ვაქცინით მოხდება”, — თქვა ფრედერიკო გარსიამ, მკვლევარმა და ვაქცინის შემქმნელმა.

ისტორიაში პირველად, თაგვების ორგანიზმში ადამიანის მინიატიურული ნაწლავები გაზარდეს

მედიცინის ისტორიაში პირველად, ადამიანის ნაწლავის ქსოვილის ბურთულები თაგვებს გადაუნერგეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ტრანსპლანტატებს იმუნური სისტემის საკვანძო თავისებურებები განუვითარდა. შესაბამისად, შესაძლოა, მოდელი ადამიანის ნაწლავური სისტემის საიმიტაციოდ წარმატებით გამოიყენონ. კვლევას გამოცემაში Nature Biotechnology გაეცნობით.

მიღწევა ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის მეცნიერებს ეკუთვნით. მაიკლ ჰელმრათმა და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტი მრავალპოტენტური ღეროვანი უჯრედებით დაიწყეს, რომელთაც სხეულის ნებისმიერ ქსოვილად შეუძლია გადაქცევა; შემდეგ სპეციალური მოლეკულური კოქტეილის საშუალებით ისინი ნაწლავის უჯრედებად გარდაქმნეს; ასე მეცნიერებმა ორგანოიდთა ბურთები მიიღეს, მერე კი ისინი ფრთხილად გადაუნერგეს თაგვებს.

ორგანოიდებს ზოგიერთი სტრუქტურა და ფუნქცია ნამდვილი ორგანოების ანალოგიური აქვს, ამიტომ ორგანოთა განვითარების, დაავადებების გაჩენისა და მედიკამენტების მოქმედების შესასწავლად მათ ხშირად იყენებენ.

გადანერგვიდან 20 კვირის შემდეგ მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ორგანოიდები დაახლოებით 20 ტიპის იმუნურ უჯრედს შეიცავდა.

“ეს ძალიან ჰგავს პოპულაციებს, რომლებსაც ადამიანის ნაწლავში ვხვდებით”, — განაცხადა ჰელმრათმა Wired-თან საუბრისას.

იმუნურ უჯრედთა ფუნქციონირების დასადასტურებლად მკვლევრებმა ისინი E. Coli ბაქტერიასთან მოაქციეს. შედეგად M უჯრედები გაჩნდა — იმუნური სიგნალების გადამცემი უჯრედები, რომლებიც ნაწლავის სარჩულში გვხვდება და, ჩვეულებრივ, ინფექციის ანდა ანთების შედეგად წარმოიქმნება.

გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალში მათი ორგანოიდები მომნელებელ სისტემაში გენეტიკური დეფექტების მქონე ანდა ისეთ ადამიანებს დაეხმარება, რომელთა ნაწლავიც გარკვეული მიზეზების გამო აღარ ფუნქციონირებს. მკვლევრებს სჯერათ ისიც, რომ, შესაძლოა, ადამიანისთვის გადანერგვის შემთხვევაში ორგანოიდები თავისითაც კი გაიზარდოს

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 91
Page 5 of 91