close
ემიგრანტი

ფუნდამენტური განათლება და პროფესიული გამოცდილება საუკეთესო საშუალებაა პიროვნების ტრანსფორმაციისა და გაძლიერებისთვის. სამშობლოში დაბრუნებული თითოეული გაძლიერებული  ქართველი კი ახალი, ძლიერი საქართველოს საძირკველია – აზა მანთაშაშვილი

საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებისეული გზა გავიარე; დავიბადე საბჭოთა საქართველოში, ულამაზესი ბავშვობა გავატარე სიყვარულით და ეროვნული იდეებით ანთებულ გარემოცვაში, უმაღლესი სამედიცინო განათლება მივიღე ახლად დანგრეული საბჭოთა სამედიცინო სისტემის პირობებში, საექიმო მოღვაწეობა დავიწყე დამოუკიდებლობის გზაზე ახლადშემდგარ საქართველოში, პროფესიული და პიროვნული ზრდა და განვითარება სრულიად განსხვავებულ ამერიკულ რეალობაში მომიწია. იყო ბევრი სიყვარული, ბევრი სიხარული, იყო დიდი ტკივილი და იყო რწმენით და იმედით გადარჩენილი სიცოცხლე. – ასე იწყება ქართველი ექიმის ისტორია. აზა მანთაშაშვილი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს, აქვს საკუთარი კლინიკა, მუშაობს საკუთარი მეთოდით, აქ ის ყოველდღიურად დგამს ნაბიჯებს კარიერული წინსვლისთვის, არ უშინდება გამოწვევებს და დეტალებისგან ქმნის მნიშვნელოვანს შანსებს. საკუთარ გავლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე,  აზა „დოქტრინას“ ესაუბრა.



რამ განაპირობა თქვენი სურვილი – პროფესიული წინსვლისთვის უცხო ქვეყნისთვის მიგემართათ?

პოსტსაბჭოთა საქართველოს მორღვეული განათლების სისტემის პირობებში კვალიფიციური პროფესიული ცოდნის მიღების დეფიციტი ბუნებრივიც იყო. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების და საექიმო ლიცენზირების შემდგომ, პრაქტიკოს ექიმად დავიწყე მუშაობა. მეც, ისევე – როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდების უმეტესობას, პროფესიული სიახლეების გასაცნობად უცხოეთისკენ მეჭირა თვალი. ადამიანის ცნობიერებით , ფსიქოლოგიით და ნეირომეცნიერებით მოგვიანებით დავინტერესდი. მენტალური ჯანმრთელობის სფეროში უახლესი ინფორმაციის მოპოვებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონფერენციებზე აქტიური მონაწილეობით ვახერხებდი.

რა იყო ის გარდამტეხი დეტალი, რამაც მოგცათ ბიძგი, იდეა რეალობად გექციათ?

მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შევქმენი მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინოვაციური თეორიული მოდელი და საკუთარი კლინიკის დაფუძნების გეგმა დავსახე. ზუსტად არ ვიცი – რამ, ამ გეგმის პრაქტიკულად განხორციელების სურვილით გამოწვეულმა მოტივაციამ, ჯანსაღმა ამბიციამ, ბედმა თუ ამ ყველაფერმა ერთად, 2014 წელს ოკეანე გადმოლახა და აღმოვჩნდი ნიუ იორკის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში –BRAIN WELLNESS CENTER- ში. აქ სპეციალური მოწვევით ჩამოვედი სამი თვით ტვინის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აპარატურული მეთოდების შესასწავლად.

ამ ეტაპზე, რა იყო თქვენი ძირითადი მიზანი?

მიზანი ძალიან ნათელი იყო: ცოდნის დაგროვება, საქართველოში დაბრუნება და საკუთარი კლინიკის დაარსება. BWC – ში სრულად ჩავერთე სამედიცინო-პრაქტიკულ და კვლევით პროცესში, რაც საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. პროფესორ ჰასან ასიფისგან უზომოდ ფასეული პროფესიული ცოდნა და გამოცდილება მივიღე. ასევე, მომეცა საშუალება ჩემი დაგროვებული ცოდნის და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა. დაიწყო ძალიან კრეატიული კლინიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის პროცესი. შევქმენით ჩვენი საკუთარი მეთოდოლოგია ,,HAZA,, რომელიც მოიცავს ტვინის და და ფსიქიკის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უთანამედროვეს აპარატურულ მეთოდებს. ეს უახლესი სიტყვაა მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. მეთოდს დღემე ვხვეწავთ და ვაფართოებთ. ჩვენი კლინიკისა და მეთოდის შესახებ დაწერეს „ვაშინგტონ პოსტში“. ეს დიდი და მნიშვნელოვანი საერთო აღიარება იყო.  დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი, როდესაც მივიღე შემოთავაზება – დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა მუშაობა BWC– ში. დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა, არასოდეს შემიწყვეტია ფიქრი ჩემს მთავარ გეგმაზე, რომელიც მოგვიანებით წარმატებით განვახორციელე. 2016 წელს თბილისში გავხსენით  BWC- NY – ის ფილიალი BWCGEORGIA სადაც  დავამკვიდრეთ მეთოდოლოგია ,,HAZA,,. ეს იყო დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული მენტალური ჯანმრთელობის სფეროში.

ამ მხრივ, კონკრეტულად, რას საქმიანობთ?

მოგეხსენებათ, ქართული საექიმო პრაქტიკა და ლიცენზია საკმარისი არ გახლავთ იმისათვის რომ ოფიციალურად მოღვაწეობა შეძლო ამერიკაში. ამიტომ გადავწყვიტე უნივერსიტეტში  მაგისტრატურაში გამეგრძელებინა სწავლა მენტალური ჯანმრთელობის განხრით, რამაც ძალიან გამიღრმავა ცოდნა ამ სფეროში. დღეს BWC- ში ვხელმძღვანელობ ნეიროფსიქოთერაპიის და ნეიროფითბექის დეპარტამენტს და სიამოვნებით ვმოღვაწეობ ჩემს მეუღლესთან, პროფესორ ჰასან ასიფთან და ჩემს შვილთან, ექიმ გიორგი გოგაშვილთან ერთად. გამოვიდა ისე რომ მთელი ოჯახი ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას ვემსახურებით. ყოველდღიურად ვეხმარებით ათობით პაციენტს, ახალი მეცნიერების შენებაში ვმონაწილეობთ, ვსწავლობთ და სიამოვნებით ვუნაწილებთ ცოდნას კოლეგებს კონფერენციებზე მოხსენებების და ტრენინგების მეშვეობით. ასევე, ვასწავლით ,,მაუნთ საინაის,, უნივერსიტეტის რეზიდენტურის ექიმებს და ინტერნებს, ვმონაწილეობთ ,,მაუნთ საინაის,, უნივერსიტეტის ფსიქიატრიული ფაკულტეტის კვლევებში. ვმუშაობ კვლევაზე, რომელიც ქართველი ემიგრანტების მენტალულ მდგომარეობას ეხება. ჩემს დიდ ინტერესს წარმოადგენს ქართველი ემიგრანტების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც ცალკე პროექტი წამოვიწყე. მეცნიერებისგან თავისუფალ დროს ვდილობ ჩემი თავი ხელოვნებაში აღმოვაჩინო: ვმღერი, ვხატავ და ვწერ ამჯერად არაკებს.

თუ გაქვთ რჩევები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მიზნად, პროფესიული განათლება საზღვარგარეთ მიიღონ?

ახალგაზრდა კოლეგებისა და საერთოდ ადამიანისთვის რჩევის მიცემას მოვერიდები, რადგან მგონია, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს თავისი ფუნქცია აქვს სამყაროში და ყველას გზა უნიკალურია ამ ფუნქციის მისაგნებად და საკუთარი თავის საპოვნელად. თუკი ჩემი გამოცდილების გაზიარება ერთ ადამიანს მაინც მისცემს მოტივაციას და მოეხმარება, ეს მე ძალიან გამაბედნიერებს. ამიტომ გავბედე ჩემი კარიერული ნაბიჯების გამომზეურება. ნელსონ მანდელა თვლიდა, რომ განათლება ყველაზე ძლევამოსილი იარაღია რომელიც შეგიძლია გამოიყენო  სამყაროს შესაცვლელად. რუმი  კი მისი ჩვეული სიბრძნით გვეუბნება: გუშინ ჭკვიანი ვიყავი და  მინდოდა შემეცვალა სამყარო, დღეს კი მე ბრძენი ვარ და ვცვლი საკუთარ თავს. საზღვარგარეთ მიღებული ფუნდამენტური განათლება და პროფესიული გამოცდილება საუკეთესო საშუალებაა პიროვნული ტრანსფორმაციის და გაძლიერებისთვის. სამშობლოში დაბრუნებული გაძლიერებული თითოეული ქართველი კი ახალი, ძლიერი საქართველოა.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მოცემულობა, რომელშიც პიროვნებაც ერქმევა „ემიგრანტი“?

პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ საკუთარ თავს ემიგრანტს არ ვუწოდებ. ორი ქვეყნის მოქალაქეობა არ ნიშნავს, რომ ორი სამშობლო გაქვს. მე ვფიქრობ რომ სამშობლოდან დროებით წასული ადამიანი თავისი ქვეყნის ელჩია და ყოველი მისი  ნაბიჯით წარმოაჩენს მას. ემიგრანტი ხდები მაშინ როცა სამუდამოდ ტოვებ სამშობლოს. მე ელჩის სტატუსში ვჯდები J. ემიგრაციას, ისევე – როგორც ყველა მოვლენას და პროცესს, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. სრულიად განსხვავებულ ხედვებსა და აზროვნებასთან ზიარება ძალიან საინტერესო პროცესია, მაგრამ მას ფონად გასდევს პიროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის სირთულე. განსხვავებული საზოგადოება, განსხვავებული კულტურა და სისტემა, საყვარელ ადამიანებთან დაშორება და ახალ გარემოში გადარჩენის აუცილებლობა საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. ერთადერთი შვილის აუტანელი მონატრება, ჩემი ტკბილი დედიკოს და ბრძენი მამის ჩაუხუტებელი გამგზავრება მარადისობაში, ჩემი დიდი და ლამაზი ოჯახის სითბოს მხოლოდ სიზმარში განცდა რასაკვირველია დიდი სტრესი იყო, მაგრამ შევეცადე კრიზისი შესაძლებლობად მექცია. ემიგრაციამ ხელი შეუწყო ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას და მეტამორფოზას. უსაზღვროდ საინტერესოა საკუთარი თავში ახალი შესაძლებლობების, ნიჭის, განუხორციელებელი პოტენციალის, მრავალწახნაგოვანი პიროვნული მხარეების მიგნება და განხორციელება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0