close
ეს საინტერესოა

სასიკვდილო „გამოწვევა“ – იტალიაში 10 წლის გოგონა დაიღუპა სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკის გამო

epa08578273 (FILE) - A close-up shows the video-sharing application 'TikTok' on a smart phone in Berlin, Germany, 07 July 2020 (reissued 01 August 2020). US President Trump said he intends to ban Chinese social media app TikTok. EPA/HAYOUNG JEON

საშინელი ტრაგედია მოხდა 21 იანვარს იტალიის ქალაქ პალერმოში (სიცილია) – 10 წლის გოგონა დაიღუპა, რომელმაც სცადა, სახიფათო „გამოწვევა“ (Challenge) გაემეორებინა მოზარდებში პოპულარული სოციალური ქსელიდან – Tik-Tok-იდან.

10 წლის ანტონელა სიკომერომ (Antonella Sicomero) გადაწყვიტა, ეპასუხა მესენჯერში გამოწვევისთვის და ზუსტად გაიმეორა მისი ინსტრუქცია, რომლის მთავარი „მიმზიდველობა“ მოზარდებისთვის, როგორც ჩანს, ჟანგბადის ნაკლებობის გამო თვალებში დროებითი დაბნელება იყო. გოგონა „გამოწვევის“ ინსტუქციას მიჰყვა და კისერზე თასმა შემოიჭირა, თუმცა მისგან გათავისუფლება ვეღარ შეძლო და გონება დაკარგა. ამის შესახებ სააგენტო „Ansа“ წერს.

ეს მოკლეხნიანი ექსპერიმენტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საბრალო მოზარდის გულს ფეთქვა შეეწყვიტა. მშობლები, რომლებმაც სხეულის დაცემის ხმა გაიგონეს, ოთახში შეცვივდნენ და ბავშვი საავადმყოფოში გააქანეს. ექიმებმა რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გულის ამუშავება შეძლეს, თუმცა ტვინის უჯრედები უკვე მკვდარი იყო და გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. მწუხარებისგან განადგურებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვის ორგანოები დონორობის მიზნით შეეწირათ სხვა მოზარდების გადასარჩენად.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. პოლიციამ მოზარდის მობილური ტელეფონის კონფისკაცია მოახდინა, რათა  გამომძიებლებმა გაარკვიონ, ვინ ურჩია ბავშვს საკუთარი თავისთვის მსგავსი სახიფათო გამოცდა მოეწყო.

გამოძიების პირვანდელი რეკონსტრუქციის თანახმად, პატარა გოგონამ მიიღო გამოწვევა, რომელსაც აპლიკაციაში ეწოდება «hanging challenge» და თითქოს წინააღმდეგობის უნარის დასადგენ ტესტს წარმოადგენს. ეს გამოცდა კი მდგომარეობს იმაში, რომ კისერზე თასმა უნდა შემოიჭირო და რაც შეიძლება დიდხანს გაძლო უჰაეროდ.

იტალიის მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის ორგანომ (Garante privacy) 10 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, 22 იანვარს განცხადება გაავრცელა და 13 წლამდე მომხმარებელთა გამოსავლენად და მათი დაბლოკვისთვის ტიკ-ტოკს ვადა 15 თებერვლამდე მისცა.

განცხადების თანახმად, აპლიკაციის ხელმძღვანელობამ უკვე დადო პირობა, რომ 13 წლამდე მოზარდებს ტიკ-ტოკით სარგებლობის უფლება არ ექნებათ, თუმცა კონტროლი საკმარისად მკაცრი არ არის და მოზარდები მაინც ახერხებენ აპლიკაციაში შესვლას. იტალიელი მარეგულირებლები მოუწოდებენ სოციალურ ქსელს, დაბლოკოს მომხმარებლები, რომელთა ზუსტი ასაკის დადგენა ვერ ხერხდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის იტალიაში, როდესაც ბავშვების მიერ სოციალური ქსელების უკონტროლო მოხმარება ტრაგედიით მთავრდება. 2020 წლის 11 სექტემბერს ნეაპოლში 11 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელმაც  Tik-Tok-ის ნაცნობის მიერ შეთავაზებული „საინტერესო თამაშის“ ინსტრუქცია შეასრულა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0