close
ემიგრანტი

„მნიშვნელოვანია, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ადამიანს ახსოვდეს – რა მიზნით წავიდა საზღვარგარეთ“ – გიორგი ოუქლი

წლების წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაც საქართველოს დატოვებასა და საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას გულისხმობდა, გაამართლა და გზა არაერთი წარმატებისკენ გახსნა – ეს არის ამბავი, რომელიც გიორგი ოუქლის ეკუთვნის. ის კომპოზიტორია, ცხოვრობს ნიუ იორკში და მისი აქტივობების ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული. საკუთარ გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან კავშირსა და ყოველდღიურ სირთულეებზე, გიორგი „დოქტრინას“ ესაუბრა.

ნიუ იორკში ცხოვრობთ. ამას გარდა, სხვა ქალაქებში თუ უზიარებთ აუდიტორიას თქვენს შემოქმედებას?

ჩემი სურვილი და მცდელობაა, ვმოღვაწეობდე არა მხოლოდ ერთ ან ორ ქალაქში, არამედ – გლიბალურად, არაერთ ქვაყანასა და ქალაქში. ეს ჩემთვის დიდ ინტერესს უკავშირდება. სიამოვნებით წავიდოდი აფრიკის, აზიის, ევროპის ქვეყნებში. მსურს, ყველგან გავუზიარო ხალხს ჩემი შემოქმედება.

რამ განაპირობა, რომ საქართველო დატოვეთ?

იმ დროს, როდესაც მე საქართველო დავტოვე, ქვეყანა იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში – იყო გაუსაძლისი ფინანსური ვითარება, სიდუხჭირე. ხელოვნების ადგილი იმ დროს თითქმის არ იყო, რადგან ყველას თვითგადარჩენაზე გვიწევდა ფიქრი. ჩემი პროფესიით მოღვაწეობა საქართველოში იყო რთული. ამ დროს გამიჩნდა შესაძლებლობა, წავსულიყავი აშშ-ში და მიმეღო მონაწილეობა კონკურსში, ნიუ იორკში. ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო. გავხდი პორველი ადგილის მფლობელი. აქ გავიცანი ჩემი ნეუღლე, ინგა ქაშაკაშვილი, დავიწყეთ მეგობრობა, რაც გადაიზარდა სიყვარულში და შემდგომ შევუღლდით. 2003 წლიდან იწყება აშშ-ში ჩვენი მოღვაწეობა. ჩიკაგოში ორი წელი დავყავით, შემდგომ ნიუ იორკში გადავედით. 2008 წლიდან კი მე უკვე ვმოღვაწეობ, როგორც კომპოზიტორი.

სამშობლოში დაბრუნება თუ შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?

საქართველოში საქმიანობას, რა თქმა უნდა, ვგეგმავ. ჩემი სურვილია, როცა შესაძლებლობა იქნება, წარვდგე ქართველი ხალხის წინაშე. ეს 2019 წელს უკვე მოხდა. მქონდა ჩემი საავტორო კონცერტი, რამაც დიდი წარმატებით ჩაიარა. ყოველი ასეთი შესაძლებლობა ჩემთვის იქნება ძალიან სასიხარულო. არის ბევრი გეგმა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. საქართველოში ცხოვრებაზე, ჯერჯერობით, არ ვფიქრობ. რადგან ჩართული ვარ საკონცერტო მოღვაწეობაში. ახლახან დავამთავრე მუშაობა ჩემს მეორე სიმფონიიაზე. ცხადია, ვიმედოვნებ, სამომავლოდ საქართველოშიც დავიმკვიდრებ ჩემს საცხოვრებელ ადგილს. ეს ჩემი ერთერთი სურვილია.

რა ძირითადი სირთულეები ახლავს სხვა ქვეყანაში თავის დამკვიდრებას – რას ურჩევთ ადამიანებს, როგორ გაუმკლავდნენ მათ?

ყველას სხვადასხვა სირთულის გადალახვა გვიწევს. ასევე, მნიშვნელოვანია, ვის როგორ გაუმართლებს. ჩვენ თავიდანვე შეგვიკედლა ამირიკულმა ოჯახმა, რაც იყო უდიდესი ხელშეწყობა და ჩვენ შეგვეძლო კონცენტრირება მხოლოდ ჩვენს საქმეზე, თუმცა, არაერთ სირთულეს შევხვდით, გვქონდა მძიმე დღეებიც თავის სარჩენად. ამისთვის ყველა უნდა იყოს მზად. უცხო ქვეყანაში არ გვყავს მშობლები, ბევრი მეგობარი, ნათესავი. მხოლოდ საკუთარი შრომით გიწევს სირთულეების დაძლევა. მნიშვნელოვანია, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ადამიანს ახსოვდეს – რა მიზნით წავიდა საზღვარგარეთ. ზოგიერთი სირთულეს რომ გადააწყდება, კარგავს თავის მიზანს და მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობს. ვინც სხვა ქვეყანაში წავა, ყველას ვურჩევდი, დაამთავრონ რაიმე საგანმანათლებლო დაწესებულება ეს ძალიან უწყობს ხელს, რომ შეეგუონ იქაურ აზროვნებას, მენტალიტეტს. ასე იქმნება სანაცნობო წრე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0