close
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა შექმნეს რობოტები, რომლებიც დამოუკიდებლად მრავლდებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვერმონტის, ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილ „ცოცხალ რობოტებს“, იმავე ქსენობოტებს დამოუკიდებლად გამრავლება შეუძლიათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

სპეციალისტებმა მსოფლიოში პირველი „ცოცხალი რობოტები“ აფრიკული კლანჭებიანი ბაყაყის, Xenopus laevis-ის ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისგან შექმნეს. სწორედ მოცემული სახელიდან გამომდინარე უწოდეს მათ ქსენობოტები. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზმების ზომა ერთ მილიმეტრზე ნაკლებია. მეცნიერებმა ისინი საზოგადოების წინაშე პირველად 2020 წელს წარადგინეს. ამ დროს „ცოცხალ რობოტებს“ მოძრაობა, ჯგუფურად მუშაობა და თვითგანკურნება, ანუ აღდგენა შეეძლოთ.

ამჯერად მეცნიერებმა „მშობელი“ ქსენობოტები შექმნეს, რომლებიც ასობით ერთუჯრედიან ორგანიზმს შთანთქავენ და რამდენიმე დღის შემდეგ მათ „ჩვილ“ ქსენობოტებად აქცევენ. „ახალშობილი“ რობოტები „მშობლებს“ ჰგვანან, მათ მსგავსად მოქმედებენ და გამრავლების უნარით ხასიათდებიან.

სპეციალისტების განცხადებით, ახალი აღმოჩენა ბევრ ტექნოლოგიურ ინოვაციას დაუდებს სათავეს. მათი თქმით, მსგავსი უჯრედების პლასტიკურობისა და სხვადასხვა უნარის გამოყენება მომავალში შესაძლოა, არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0