close
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა, გენური რედაქტირების ტექნიკების გამოყენებით, ფრინველის გრიპის მიმართ ნაწილობრივ რეზისტენტული ქათმები შექმნეს

მეცნიერებმა, გენური რედაქტირების ტექნიკების გამოყენებით, შექმნეს ქათმები, რომლებიც ფრინველის გრიპის მიმართ ნაწილობრივ რეზისტენტულები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ფრინველები სრულად იმუნურები არ არიან, მეცნიერების მტკიცებით, მათმა ნაშრომმა აჩვენა, რომ ვირუსის დაბლოკვა, შესაძლოა, სამ წელიწადში გახდეს შესაძლებელი.
უახლესი შედეგების თანახმად, ფრინველების დნმ-ში შემდგომი ცვლილებების შეტანამ, შესაძლოა, სრულად იმუნური ქათმები წარმოქმნას.
„ჩვენ მივედით იქამდე, რომ შედეგები ძალიან დამაიმედებელია და გვსურს ეს მიდგომა კიდევ უფრო გავაგრძელოთ“, – განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის როსლინის ინსტიტუტის პროფესორმა, ჰელენ სანგმა.
მკვლევარებმა დაადგინეს სამი გენი, რომლებიც, მათი აზრით, მნიშვნელოვანია ფრინველის გრიპის ვირუსის ქათმებში გავრცელებისთვის. მათ ერთ-ერთ გენში, გენის რედაქტირების ტექნიკის გამოყენებით, ორი მცირე ცვლილება შეიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის გრიპის მიმართ რეზისტენტობის ნებისმიერი ზრდა მისასალმებელია, პრაქტიკაში შესაძლებელია მხოლოდ იმ გამოსავლის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს სრულ იმუნიტეტს.
როსლინის ინსტიტუტის პროფესორის, მაიკ მაკგრიუს განცხადებით, ცდისთვის საჭირო მილებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თუ ცვლილებები სამივე გენში განხორციელდება, მაშინ შესაძლებელია სრულად რეზისტენტული ფრინველის შექმნა.
”ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ სამივე გენის რედაქტირება სრულ იმუნიტეტს გამოიწვევს“, – აღნიშნა მაკგრიუმ.
ფრინველის გრიპი არის გლობალური საფრთხე, რომელსაც დამანგრეველი გავლენა აქვს როგორც შინაურ, ასევე გარეულ ფრინველებზე. ითვლება, რომ ფრინველის გრიპი ჩინეთში, 1990-იან წლებში ინტენსიური მეფრინველეობის მეურნეობაში გაჩნდა. იშვიათ შემთხვევებში, ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაცია საშუალებას აძლევს მას დააინფიციროს ადამიანები და გამოიწვიოს სერიოზული დაავადება.

წყარო : BBC

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0