close
კვლევები

კვლევა: იზოლაციის შემდეგ მდედრი თაგვები უფრო მეტს ლაპარაკობენ

კორნელის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა ცხოველების ქცევაზე იზოლაციის გავლენა შეისწავლეს. ამის შესახებ National Geographic-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ თემაზე მეცნიერები წარსულშიც მუშაობდნენ, პანდემიის პირობებში კი, როცა იზოლაციაში მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა, ეს საკითხები განსაკუთრებულად აქტუალური გახდა. ამჯერად სპეციალისტები ლაბორატორიულ თაგვებს აკვირდებოდნენ.

თაგვები და ვირთხები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ულტრაბგერებს იყენებენ, რომლებიც ადამიანებს არ ესმით. ეს სიცილის, ტირილის და ამოსუნთქვის ერთგვარი ანალოგია, რომელიც მღრღნელებს ემოციურ მდგომარეობას გადმოსცემს.

მეცნიერებმა ათობით სხვადასხვა სქესის თაგვი იზოლირებულ გალიებში მოათავსეს, სადაც მათ სხვა ცხოველებთან ვიზუალური კონტაქტის საშუალებაც არ ჰქონდათ. სამი დღის შემდეგ კი გალიებში „სტუმრად“ სხვა თაგვები მიჰყავდათ და რეაქციას თაგვის სქესისა და ასაკის გათვალისწინებით აფიქსირებენ.

გაირკვა, რომ მამრობითი სქესის თაგვების ქცევაზე იზოლაციას პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ ჰქონია. თუმცა მდედრი თაგვები სამდღიანი მარტოობის შემდეგ ოთხჯერ უკვე მეტს „ლაპარაკობდნენ“ ვიდრე საკონტროლო ჯგუფის მონაწილეები – თაგვები, რომლებიც ჯგუფებში დარჩნენ. ამასთან, დედლები უფრო აქტიურად ამყარებდნენ კონტაქტს სტუმრებთან.

ეს დაკვირვება მეცნიერების შემდეგი ნაშრომის საფუძველი გახდება – ისინი ქცევის ცვლილებებს ნეირონების დონეზე შეისწავლიან.

გაზიარება:
fb-share-icon0