პლანეტა მარსის ხსენებისას პირველი ადამიანი, რომლის სახელიც გონებაში ამოგვიტივტივდება, ილონ მასკია. ეს გასაკვირი სულაც არაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ SpaceX-ის თანადამფუძნებელი და CEO მარსის კოლონიზაციაზე საკმაოდ ხშირად საუბრობს. ამის ფონზე, კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო ჩანს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის “აღმოჩენა”, რომლის მიხედვითაც, ილონ მასკის სახელი 1953 წლის წიგნში მარსის კოლონიზაციის პროცესის აღწერისასაა ნახსენები.

ამ სახალისო დამთხვევის შესახებ ილონ მასკმა და მისმა გამომწერებმა 2020 წლის დეკემბერში, ილონის ტვიტის კომენტარებში შეიტყვეს. ილონმა ცნობილი ფილმიდან, Young Frankenstein-დან ბედისწერის შესახებ ფრაზა დატვიტა. კომენტარებში მას ერთ-ერთმა გამომწერმა, Toby Li-მ უპასუხა: “სანამ ბედისწერაზე ვსაუბრობთ, იცოდი, რომ ვონ ბრაუნის 1953 წლის წიგნში, სახელად Mars Project ადამიანი, სახელად ილონია ნახსენები, რომელიც კაცობრიობას მარსზე წაიყვანს? სიგიჟეა”.

გამომწერმა ამის საილუტრაციოდ კომენტარს თან წიგნიდან ფოტოც დაურთო. რა თქმა უნდა, ამით ილონ მასკი მაშინვე დაინტერესდა და კომენტარის ავტორს ჰკითხა, რამდენად შეესაბამებოდა ეს ამბავი სიმართლეს.

სიმართლეს ნათელი მეორე მომხმარებელმა, Pranay Pathole-მა მოჰფინა. მან ილონ მასკს ნაწარმოების ინგლისური ვერსიის ფოტო შესთავაზა და განმარტა, რომ წიგნში მარსის კოლონიზაციასთან დაკავშირებით “ილონი” მართლაც ნახსენებია, თუმცა ეს არა პერსონაჟის სახელი, არამედ კონკრეტული პოზიციის დასახელებაა.

“მარსის სახელმწიფოს 10 ადამიანი უძღვებოდა, რომელთა შორისაც ლიდერი საყოველთაო კენჭისყრით 5 წლის განმავლობაში აირჩიეს და ‘ილონის’ წოდება მიანიჭეს”, — ვკითხულობთ წიგნში.

როგორც ჩანს, ამ დამთხვევამ თავად ილონ მასკიც გაამხიარულა და ტვიტერის ბიოგრაფიის განყოფილებაში დროებით “მარსის იმპერატორი” დაიწერა.