close
ემიგრანტი

„ამჟამად, გახლავართ ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  მკვლევარი“ – დავით გიგილაშვილი, ქართველი მეცნიერი

განსხვავებული მიზეზებით, მიზნებითა და ამოცანებით, საზოგადოების ნაწილი იღებს გადაწყვეყილებას, პროფესიული ცოდნა სხვა ქვეყანაში გაიღრმაოს და წავიდეს იქ, სადაც ამის რესურსი ეგულება. დავით გიგილაშვილმაც სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საკუთარი კარიერული  ცხოვრება უცხო სახელმწიფოს – ნორვეგიას დაუკავშირა. მას აქვს ისტორია, როგორ მიიღო ხსებებული გადაწყვეტილება და რამდენად სწორი აღმოჩნდა ეს ნაბიჯი. საკუთარ ამჟამინდელ ყიველდღიურობაზე, მიზნის მისაღწევად განვლილ გზასა და გამოცდილებაზე დავითი „დოქტრინას“ ესაუბრა.

ამ ეტაპზე, სად და რას საქმიანობთ?

ამჟამად, გახლავართ ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) მკვლევარი − უფრო კონკრეტულად, ვმუშაობ უნივერსიტეტის ფერების ლაბორატორიაში. ძირითადად, კვლევით ვარ დაკავებული. მთავარი მიმართულება, რაზეც ვმუშაობ, არის ვიზუალური გამოსახულების აღქმა.
დიდი ხანია, მეცნიერებას აინტერესებს, როგორ აღიქვამს ადამიანი ფერებსა და ობიექტის სხვა ვიზუალურ მახასიათებლებს. ჯერ კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. ალბათ გემახსოვრებათ ის ცნობილი კაბა (#TheDress), რომელმაც მთელი სამყარო ორად გაყო და რომელსაც ზოგი ლურჯ-შავად, ზოგიც კი თეთრ-ოქროსფრად ხედავდა. ამ შემთხვევამ საგონებელში ჩააგდო როგორც ინტერნეტმომხმარებლები, ასევე მეცნიერებიც. ფერების გარდა, სხვა მახასიათებლებსაც აღვიქვამთ. მაგალითად, ადამიანს შეუძლია გაარჩიოს ლითონი ფაიფურისგან, მსხვრევადი ობიექტი დრეკადისგან, გამჭვირვალე გაუმჭვირვალისგან. ჩვენ ამას საოცრად სწრაფად და მარტივად ვართმევთ თავს, მაგრამ თუ ვეცდებით, იგივე უნარი კომპიუტერს შევასწავლოთ, მივხვდებით, რომ ამ, ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანის მიღმა ურთულესი გამოთვლები იმალება.
მეორე საკითხი, რომელზეც ვმუშაობ, არის არქეოლოგიური არტეფაქტების კომპიუტერული რეკონსტრუქცია. ნორვეგიაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ვიკინგების პერიოდის ტექსტილი, რომელიც დროთა განმავლობაში ბევრ პატარა ნაწილად დაქუცმაცდა. ჩემი ამოცანა ერთგვარი პაზლის აწყობასავითაა. ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ ალგორითმზე, რომელიც თითოეული ფრაგმენტის ფოტოს შეისწავლის და დაგვეხმარება მომიჯნავე ფრაგმენტების აღმოჩენაში, რათა ისინი შესაბამისად განვალაგოთ და თავდაპირველი ობიექტი აღვადგინოთ. თითოეული ფრაგმენტი საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს. მაგალითად, ზოგიერთ მათგანზე ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები, ბატალური თუ რიტუალური სცენებია გამოსახული და ეჭვგარეშეა, თავდაპირველი, სრული სურათის აღდგენა არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს.

როგორც ვიცით, ლექციებსაც კითხულობთ.

დიახ, კვლევის პარალელურად, ლექციებსაც ვკითხულობ. ხშირად მეკითხებიან, ერთი მეორეს ხელს ხომ არ უშლისო, მე კი პირიქით ვფიქრობ: კვლევისა და სწავლების პროცესი ერთმანეთს ავსებს და ამდიდრებს. ერთი მხრივ, კვლევა საშუალებას მაძლევს  მუდმივად განვაახლო და გავაუმჯობესო სასწავლო მასალა და სტუდენტებს ყოველ სემესტრში უახლესი მიღწევები გავაცნო; მეორე მხრივ, სასწავლო კურსი მოიცავს კვლევით კომპონენტს − სტუდენტები ირჩევენ მათთვის საინტერესო საკითხს, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გამოიკვლევენ. მე მათ საკურსო პროექტებს ვხელმძღვანელობ. ხშირად საკურსო პროექტი ისეთ საინტერესო შედეგებს იძლევა, რომ სემესტრის დასრულების შემდეგაც განვაგრძობ სტუდენტთან თანამშრომლობას, რათა კვლევა გავაფართოოთ და საკითხი უფრო ღრმად შევისწავლოთ.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ განგეხორციელებინათ თქვენი მიზნები?

ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის შედეგია ის, რომ ახლა აქ ვარ. ბავშვობიდან მიტაცებდა გეოგრაფია. ყოველთვის მინდოდა, მემოგზაურა და უცხო კულტურებს ვზიარებოდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ვგეგმავდი, რომ რაღაც დროის განმავლობაში აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა მეცხოვრა და მესწავლა. მიმაჩნდა, რომ, ერთი მხრივ, მაღალი დონის უცხოურ უნივერსიტეტში სწავლა კარგ აკადემიურ და პროფესიულ ცოდნას მომცემდა, ხოლო, მეორე მხრივ, უცხო, მულტიკულტურულ გარემოში დამოუკიდებლად ცხოვრება ჩემს პიროვნულ ზრდასაც შეუწყობდა ხელს. ამასთანავე, ამ ყველაფერს, როგორც ერთგვარ თავგადასავალს, ისე ვუყურებდი.

საბოლოოდ, გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად რამდენიმე კარგი შემოთავაზებიდან ის შევარჩიე, რომელიც ყველაზე მრავალფეროვან აკადემიურ და კულტურულ გამოცდილებას მომცემდა. თავიდან ერასმუს მუნდუსის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე წამოვედი და ამ ორი წლის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ვისწავლე. თითო-თითო სემესტრი გავატარე საფრანგეთში, ესპანეთსა და ნორვეგიაში, ხოლო სამაგისტრო ნამშრომზე აშშ-ში, სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტში ვიმუშავე. ამას გარდა, პირველი კურსის დასრულების შემდეგ, საზაფხულო სტაჟირებისთვის, იაპონიაში, ელექტროტექნიკის მწარმოებელ ცნობილ კომპანია „ოლიმპუსს“ ვეწვიე. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა მკაფიო გეგმა, თუ სად გავაგრძელებდი კარიერასა და ცხოვრებას. შემდეგ მივიღე შემოთავაზება ჩემი ამჟამინდელი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამიდან. ნორვეგიაში დოქტორანტურა სამსახურად ითვლება და არათუ თანხის გადახდა არ გიწევს, აქეთ იღებ ანაზღაურებას, როგორც ჩვეულებრივი მეცნიერ-თანამშრომელი.

როგორ შეეგუეთ ადგილობრივ ყოველდღიურობას?

ამ წლების განმავლობაში უფრო ახლოს გავიცანი ნორვეგიული სისტემა და ის უზარმაზარი მხარდაჭერა, ხელშეწყობა და დაფასება, რაც მეცნიერებსა და მეცნიერებას აქვთ ნორვეგიის სახელმწიფოსგან. აქ ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად ფსიქოემოციურ მხარდაჭერასა და ზოგად დამოკიდებულებასაც ვგულისხმობ. ალბათ სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ეტაპზე აქ დარჩენა გადავწყვიტე.
ჩვენი ლაბორატორია თანამშრომლობს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან და ყველანაირად ხელს გვიწყობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კონფერენციებზე მოხსენებებით წარვდგეთ და პარტნიორ უნივერსიტეტებს კვლევითი ვიზიტებით ვესტუმროთ, რათა უკეთ გავეცნოთ ჩვენი უცხოელი კოლეგების მიმდინარე პროექტებსა და სამუშაო კულტურას, გავცვალოთ იდეები და სამომავლო თანამშრომლობას ჩავუყაროთ საფუძველი. მაგალითად, შარშანდელი ზაფხული აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში გავატარე, შემოდგომა − იაპონიაში, ჩიბას უნივერსიტეტში. ამ უკანასკნელთან მჭიდრო თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა, წელს იაპონიაში საერთო საგაზაფხულო სკოლა-ტრენინგი ჩაგვეტარებინა. იაპონიიდან სულ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ახალი გამოცდილებით, შთაბეჭდილებებითა და კავშირებით. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა ნორვეგიის სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის იმ მხარდაჭერის გარეშე, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?

მე თავდაპირველად სასწავლად წამოვედი და ამ კონტექსტში უფრო კომპეტენტური ვიქნები, რადგან აქ განათლების მიღების შემდეგ ბევრად მარტივია სამუშაოდ და საცხოვრებლად დამკვიდრება, ვიდრე პირდაპირ სამუშაოდ წამოსვლა.
პირველ რიგში, გირჩევთ, რომ დიდი ხნით ადრე დაიჭიროთ თადარიგი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ საკუთარ გეგმას. მოწინავე დასავლურ უნივერსიტეტში ჩასარიცხად და მეტადრე სტიპენდიის მოსაპოვებლად კარგი აკადემიური მოსწრება და მდიდარი ბიოგრაფია, საინტერესო პროფესიული თუ კლასგარეშე გამოცდილება გჭირდებათ. ეს ისეთი რამაა, რასაც უცებ, ბოლო წუთს ვერ შეძლებ. აგურ-აგურ, წლების განმავლობაში უნდა აშენო საკუთარი ბიოგრაფია. აი, მაგალითად, თუ იცი, რომ მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ გინდა სწავლა, ბაკალავრიატის პირველი სემესტრის პირველსავე საგანში მაქსიმალური შრომა და მონდომება უნდა ჩადო, რადგან ბოლო წელს არასახარბიელო აკადემიური მოსწრების გამოსწორება უკვე გვიანი იქნება. მეორე რჩევა: ძალიან არ შეიზღუდო თავი, რადგან ზუსტად არასდროს იცი, რას გიმზადებს მომავალი და ამიტომ მაქსიმალურად ღია უნდა იყო სხვადასხვა შესაძლებლობისათვის.
მაგალითად, არ ჩააცივდეთ ერთ კონკრეტულ ქვეყანასა თუ უნივერსიტეტს. იქ თუ არ გამოვა, სხვაგან გამოვა და ის სხვა, შესაძლოა, უკეთესი ტრამპლინი გამოდგეს თქვენი მომავალი კარიერისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ოცნებებზე უარი უნდა თქვათ. არ დაგავიწყდეთ,  ყოველთვის არსებობს შემოვლითი გზები. არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი: თუ თქვენი მიზნისაკენ პირდაპირი გზა არ ჩანს, არ გაჩერდეთ, განაგრძეთ წინსვლა და აუცილებლად გამოჩნდება გამოსავალი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0