close
კვლევები

ძაღლებს დედამიწის სუსტ მაგნიტური ველის გამოყენებით გზის გაკვლევა შეუძლიათ

ძაღლებს  მიმართულების განსაზღვრის კარგი უნარი აქვთ. პირველად სამეცნიერო ისტორიაში ჩეხმა მეცნიერებმა მოიპოვეს მტკიცებულება, რომლის თანახმად, ძაღლებს დედამიწის სუსტი მაგნიტური ველის შეგრძნება და მისი გამოყენებით გზის გაკვლევა შეუძლიათ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ზუსტად როგორ ახერხებენ ამას ძაღლები,  მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფარული გრძნობა, რომელიც ცნობილია როგორც მაგნეტორეცეპცია, ადამიანის ოთხფეხა მეგობრებში ნამდვილად არსებობს, ისევე, როგორც ბევრ სხვა არსებაში, მათ შორის ფრინველებში, სალამანდრებსა და ბაყაყებშიც.

ნადირობისას, ზოგი ძაღლი უბრალოდ საკუთარი ნაფეხურებით ახდენს ორიენტირებას და გზას თავისივე სუნის საშუალებით იკვალავს, მაგრამ ზოგიერთი ხანდახან საწყის წერტილზე სრულიად ახალი გზით ბრუნდება. ამ უნარს მეცნიერები „დაზვერვას“ უწოდებენ.

რამდენიმე წლის წინ, ჩეხმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები კუჭში გადიან და შარდავენ ჩრდილოეთი-სამხრეთის ღერძის გასწვრივ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მათ დედამიწის მაგნიტური ველის შეგრძნება შეუძლიათ. ცოტა ხნის წინ კი, ამავე უნივერსიტეტის მკვლევართა იმავე ჯგუფმა მოიპოვა მტკიცებულება, რომ „დაზვერვაც“ ამ ფარულ გრძნობას ეფუძნება.

ძაღლის გამოცდისას ერთი რომელიმე შეგრძნების გამოცალკავება რთულია, მაგრამ მკვლევრებმა უნიკალურ მეთოდს მიმართეს. GPS მონაცემებისა და სპორტული კამერების მიერ გადაღებული ვიდეოების გამოყენებით, ისინი ათი სხვადასხვა ჯიშის 27 მონადირე ძაღლს დააკვირდნენ, რომლებიც სხვადასხვა 62 ტყიან ადგილზე საწყის წერტილზე ბრუნდებოდნენ.

2004-2017 წლებში, ძაღლება 600-ზე მეტ ცდაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის იყო დევნა და პატრონთან დაბრუნება. აღნიშნულ ცდებზე დაფუძნებული ანალიზით, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ძაღლები, რომლებიც ცხოველის სუნს ედევნებოდნენ, პატრონთან დაბრუნებას ჩრდილოეთი-სამხრეთის ღერძის გასწვრივ დაახლოებით 20-მეტრიანი გარბენით იწყებდნენ, მიუხედავად იმისა, სად იდგა პატრონი. კვლევის ავტორებმა ამას „კომპასის სირბილი“ უწოდეს და ეჭვობენ, რომ ძაღლებისთვის ეს დაძვრამდე მაგნიტური რეცეპტორების ჩართვის გზაა.

იმის გათვალისწინებით, რომ ტყე ძაღლებისთვის სრულიად უცხო იყო, არ იყო კვალის მიყოლისთვის საჭირო სუნი, არ ქროდა ქარი, რომელსაც ადამიანის სუნის ძაღლამდე მიტანა შეეძლო, სქელი ფოთლები კი მზესა და გზის უმეტეს ნაწილს ფარავდა, მეცნიერენი ირწმუნებიან, რომ რომ მონადირე ძაღლები პატრონთან დასაბრუნებელი გზის საპოვნელად ნამდვილად იყენებენ მაგნიტორეცეფციას.

ეს უნარი გადამწყვეტია დიდ მანძილზე ნავიგაციისთვის და როგორც მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, ნამდვილად არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დღეს აკლია ჩვენს ცოდნას ძუძუმწოვრების სივრცული ქცევისა და შეცნობის შესახებ.

„სავარაუდოდ, მაგნიტორეცეფცია იმაზე გაცილებით მეტ სახეობაში არსებობს, ვიდრე ჩვენ ვიცით. არსებობს იმის შანსი, რომ ის ჩვენშიც კი იმალებოდეს. ფრინველებში ამ მალულ მეექვსე გრძნობაზე პასუხისმგებელი მოლეკულა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ძაღლებში, პრიმატებსა და დათვებშიც,“- აღნიშნავენ მეცნიერები.

კვლევა ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0