close
ასტრონომია - კოსმოსი

როგორი უნდა იყოს კოსმოსური კოსტიუმი?! – ვამეხ ხერხეულიძის პერსონა

სახელმწიფოები, ადამიანები ისწრაფვიან წინსვლისა და განვითარებისთვის. ამბიციებს საზღვარი აღარ გაქვს და ფართოვდება შესაძლებლობებიც. საკუთარი ინტერესის სფეროს შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენივე ქმედებები იყოს მასშტაბური, ინოვაციური და საინტერესო.

საკუთარი ცოდნისა და ინტერესებიდან გამომდინარე, ვამეხ ხერხეულიძე პლანეტა მარსისთვის მორგებული კოსტიუმის შექმნაზე მუშაობს. უსაზღვროდ საინტერესო იდეის ხორცშესხმას ის ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს. ამბობს, რომ ჯერ გარკვეული გზაა გასავლელი. თუმცა, მიზეზი ცხადზე ცხადია – როდესაც ადამიანი მარსზე ფეხს დადგამს, ის აბსოლუტურად ადეკვატურად უნდა იყოს ჩაცმული. “დოქტრინას” ხერხეულიძე თავად ესაუბრება.

დამთავრებული მაქვს სამედიცინო უნივერსიტეტი. ასე, 4 წლის განმავლობაში ვიმუშავე ექიმად. აქედან 2 წელი – ისრაელში. სამედიცინო განათლების სფეროში ვასწავლიდი ოთხ უნივერსიტეტში რამდენიმე წლის მანძილზე და ახლაც ვასწავლი. ამ ეტაპზე, გადმორთული ვარ ტექნოლოგიებზე”.

თქვენი იდეა მარსისთვის შესაბამისი კოსტიუმის  შექმნას გულისხმობს. უფრო დეტალურად, რას ითვალისწინებს ის?

იდეას თავისი ისტორია აქვს – ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შეგვექმნა ნამდვილი, სრულიად ახალი ტიპის კოსმოსური კოსტიუმი, კონკრეტულად მარსისთვის. რეალურად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული მარსზე ფეხის დადგმის შემთხვეევაში. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნები, მთავრობები, ლიდერები, კერძო კომპანიები უამრავ ტექნოლოგიას ქმნიან. მაგრამ არავინ ფიქრობს, შექმნას სრულყოფილი კოსტიუმი. ლოგიკურად, გამიჩნდა კითხვა, როგორ მივდივართ მარსზე, თუ არ გვაქვს კოსტიუმი?

აქედან დაიწყო ყველაფერი.

ამ იდეის განხორციელება ფინანსებთანაა დაკავშირებული. რა მეთოდს მიმართეთ?

მერე რომ მივხვდით, შესაბამის კოსტიუმს სამი ადამიანი ავტოფარეხში ვერ ააწყობდა, რადგან არაადამიანური თანხებია საჭირო, გადავწყვიტეთ, სხვა მეთოდი აგვერჩია, როგორიცაა სტარტაპი. ეს გზა დაიწყო მეხანძრის კოსტიუმით. გზა არის ასეთი – ტექნოლოგიების ძირითადი ნაწილი, რომელზეც კოსმოსური კოსტიუმი დგას, შესაცვლელია. ყველაფერი უნდა შეცვალო იმისთვის, რომ ძალიან მაგარი შედეგი მიიღო.

რისთვის გახდა საჭირო, რომ შეგექმნათ მეხანძრის უნიფორმა?

დავინტერესდით და მთელი ინდუსტრია შევისწავლეთ, თუ როგორი და რა შესაძლებლობების ფორმები აქვთ ახლა მეხანძრეებს. ვნახეთ, რომ საუკეთესო უნიფორმებსაც კი, ძვირადღირებულს, დაცვის უნარი აქვს 8-10 წამი. ჩვენი პირველადი ტესტებით მაშინ ვიყავით ასე ნახევარ წუთზე ასული. როცა ამ მიმართულებით გადავერთეთ, უკვე მინიმუმ ერთწუთიან დაცვაზე ავდივართ და თან ეს უნიფორმა უფრო მსუბუქია.  ამ უნიფორმას 18 თვე მოვანდომეთ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვქმნით ისეთი მატერიებისგან, რომლებიც არ “იქცევიან”, როგორც ნაჭრები. ანუ აბჯარი უნდა ააწყო და არა – ქურთუკი.

მიზანია, ნელ-ნელა, ეტაპობრივად  მივიდეთ კოსმოსურ კოსტიუმამდე. მაგრამ მანამდე, ერთი-ორი ახალი ტექნოლოგიის გამოგონებით, უკვე შევქმენით გარკვეული პროდუქტები სხვადასხვა ბაზრისთვის და, სანამ მარსამდე გავაღწევთ, იქამდე შევქმნით პროდუქტებს, გამოვიმუშავებთ თანხებს და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ გავიდეთ მარსამდე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response