close
მედიცინა

ზედმეტი წყლის მიღება ჯანმრთელობისთვის საშიშია

ექიმები გვირჩევენ, რომ დავლიოთ ბევრი წყალი, თუმცა ხშირად ავიწყდებათ გაგვაფრთხილონ, რომ გადაჭარბებული რაოდენობის წყლის მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მეტიც, შედეგი შესაძლოა ფატალურიც კი აღმოჩნდეს.

ლონდონის King’s College Hospital-ის ექსპერტებმა აღნიშნული რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც 59 წლის ქალბატონს უმკურნალეს, რომელიც ზედმეტი რაოდენობის წყლის მიღების შედეგად სერიოზულად დაავადდა.

ქალბატონს, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება, ექიმებმა ურჩიეს, რომ 30 წუთში ერთხელ ნახევარი პინტა (ტევადობის საწყაო = 0,57 ლიტრს) წყალი დაელია. მას გადაჭარბებული რაოდენობის წყლის მიღების შედეგად საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები განუვითარდა და ექიმებს მიმართა. დადგინდა, რომ ქალბატონის სისხლში მარილის დონე „სახიფათოდ დაბალი“ იყო. ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანი დროის მცირე მონაკვეთში წყლის დიდ რაოდენობას მოიხმარს.

სიმპტომები მოიცავს გულისრევას, თავის ტკივილს. სერიოზულ შემთხვევებში, შესაძლოა ტვინის შეშუპებაც გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ იწვევს კრუნჩხვას, კომასა და სიკვდილს.

აღსანიშავია, რომ სისხლში მარილის ანომალიურად დაბალი დონის მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებლი დაახლოებით 30 პროცენტია.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0