close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

Washington post: რუსული „სპუტნიკით“ აცრილები შტატებში ვერ შევლენ

ა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ მალე გახსნის ქვეყანას უცხოელი მოგზაურებისთვის, მაგრამ ახალი წესები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ბევრს არ მოეწონება – ამერიკაში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ უცხოელებს ექნებათ და ვაშინგტონის მიერ აღიარებულ პრეპარატებს შორის არ მოხვდა რუსული „სპუტნიკი“.

ეს პირდაპირ ასობით ათას რუსს შეეხება. ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების მიუხედავად, 2019 წელს ამერიკას 300 000 რუსი მოქალაქე ესტუმრა. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, აშშ-ის გეგმა არის დარტყმა რუსულ პრეპარატზე, რომელიც მოსკოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინად გამოაცხადა.

პრეპარატი იყო ჩაფიქრებული, როგორც პანდემიური დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტი, მაგრამ მისმა შეზღუდულმა გავრცელებამ მსოფლიოში და მიწოდების ნელმა ტემპებმა „სპუტნიკის“ არა მხოლოდ დასავლური, არამედ ჩინური ვაქცინისგან ჩამორჩენა გამოიწვია.

„ეს დიდი პრობლემაა რუსებისთვის და ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც „სპუტნიკით“ აიცრნენ“, – განაცხადა ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა და რუსეთის ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტმა ჯუდიტ ტვიგმა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელმაც დააფინანსა ვაქცინის შექმნა, განაცხადა, რომ „სპუტნიკი“ აღიარებულია 70 ქვეყანაში და მისი სანდოობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია როგორც კლინიკური კვლევებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში რეალური გამოყენებით.

ამავე დროს აშშ-ში ნებადართული იქნება შესვლა იმათთვის, ვინც ჩინური ვაქცინებით Sinopharm-ით და Sinovac-ით აიცრა.

სპუტნიკის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ აღიარებული არაა – ამის მიზეზია რუსეთის მიერ პრეპარატის სტაბილური წარმოების და ყველა სტანდარტის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

ჯანმოს სწორედ ეს პოზიცია გახდა გადამწყვეტი, რის გამოც ჩინური ვაქცინა აღიარეს, რუსული კი არა.

ახალი წესები რუსების გარდა სხვა, ძირითადად ღარიბი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება – მსოფლიოში შესყიდულია „სპუტნიკის“ 448 მლნ დოზა, და ნოემბრიდან ამ ასობით მილიონი ადამიანისთვის შტატების კარები დიდი ხნით დაიკეტება.

მგზავრობის კუთხით შეზღუდვა სავარაუდოდ რუსული ვაქცინის პოპულარობას მსოფლიოში მკვეთრად შეამცირებს. „რუსეთმა ვაქცინის დიპლომატიურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობა ხელიდან უკვე გაუშვა“, – მიიჩნევს ტვიგი.

რუსეთის მოქალაქეებისთვის პრობლემას ისიც ართულებს, რომ რუსეთში არც ერთი სხვა ვაქცინა არ არის, „სპუტნიკის“ გარდა და ადამიანებს, სურვილის შემთხვევაშიც კი, არჩევანი არ გააჩნიათ – ან უნდა აიცრა „სპუტნიკით“, ან საერთოდ აუცრელი დარჩე.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება სავაქცინო ტურიზმს ბიძგს მისცემს – ტურისტული კომპანიები უკვე სთავაზობენ შეძლებულ ადამიანებს მოგზაურობას, მაგალითად, სერბეთში, სადაც მათ „ფაიზერით“ ვაქცინირება შეუძლიათ.

იმის მიუხედავად, რომ „სპუტნიკი“ მეტ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ჩინური ვაქცინები, საბოლოო ჯამში ჩინეთი უფრო სანდო პარტნიორი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთი, რადგანაც მოსკოვმა საორგანიზაციო პრობლემები ვერ გადაწყვიტა.

გარდა ამისა, ჯანმოს აღიარებამ ჩინური ვაქცინებისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

წყარო : washingtonpost.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0