close
კატეგორიის გარეშე

უსაფრთხოა თუ არა ასპირინი ინსულტ გადატანილი პაციენტებისთვის

ახალი კვლევის თანახმად, პაციენტებს, რომლებსაც თავის ტვინში გაჟონვისგან გამოწვეული ინსულტი აქვთ გადატანილი, შეუძლიათ ასპირინის მიღება, რათა მომავალში ინსულტისა და გულის პრობლემების რისკი აიცილონ. 

ასპირინი ათხელებს სისხლს, რის გამოც ექიმები მის გამოყენებას სიფრთხილით ეკიდებიან იმის შიშით, რომ მედიკამენტმა შესაძლოა სისხლჩაქცევის განვითარებას შეუწყოს ხელი. 

თუმცა, The Lancet-ის კვლევის თანახმად, ასპირინი გაჟონვის გამეორების რისკს არ ზრდის და პირიქით, ამცირებს კიდეც მას.

ექსპერტები კვლევას დადებითად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად საკითხის მეტას შესწავლაა საჭირო.

ასპირინი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. შედარებით ნაკლები დღიური დოზა (75 მ/გრ) კი სისხლის სიბლანტეს ამცირებს და პაციენტს გულის შეტევისა და ინსულტისგან იცავს.

ზოგიერთი ინსულტს ტვინის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნა იწვევს – ზოგს- სისხლჩაქცევა. იმის გამო, რომ ასპირინი სისხლს ათხელებს, ბევრი პაციენტისთვის მისი მიღება რეკომენდირებული არაა და მისი მიღება ყველასთვის უსაფრთხო არ არის. მან შესაძლოა დისპესია (საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა) და კუჭის წყლული გამოიწვიოს.

ექიმის დანიშნულების გარეშე არასდროს მისცეთ 16 წლამდე ასაკის ბავშვს ასპირინი. მან შესაძლოა ბავშვებში იშვიათი დაავადება – რეიეს სინდრომი გამოიწვიოს. ეს გახლავთ დაავადება, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოს, თუმცა ყველაზე მეტი ტვინსა და ღვიძლს – იწვევს ტვინის შეშუპებას,  ღვიძლსა და სხვა ორგანოებში ცხიმების დაგროვებას.

The Lancet-ის კვლევის ფარგლებში 600-მდე ადამიანს 5 წლის განმავლობაში იკვლევდნენ. ის არ ამტკიცებს, რომ ასპირინი პაციენტებს სრულად იცავს ინსულტისგან, თუმცა აღნიშნავს, რომ რისკი მცირდება. კვლევა არც იმას ამტკიცებს, რომ ასპირინის მიღება ყველასთვის უსაფრთხოა. კვლევა მიანიშნებს, რომ მისი მიღება სასარგებლოა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჰემორაგიული (სისხლჩაქცევა ტვინში) ინსულტი აქვს. თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნებისა გასაკეთებლად და რეკომენდაციების გასაცემად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

BBC

გაზიარება:
fb-share-icon0