close
საქართველო

ცხრა წლის ქართველი საოპერო მომღერალი მანჩესტერიდან

სოციალურ ქსელებში პირად გვერდზე ნატალიას ქართულად უწერია: „მე ვარ ნატალია, 9 წლის, ქართველი გოგო ინგლისში. მიყვარს ოპერა და ადამიანებთან საუბარი. მიყვარხართ“. ამ მოკლე განმარტებაში პატარა, მაგრამ უკვე დიდი ადამიანის ზუსტი დახასიათებაა.

მიუხედავად ასაკისა, სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებთან ერთად სერიოზულ საოპერო არიებსაც ასრულებს. თუმცა ინტერნეტში არა მარტო ამ კუთხით გახდა პოპულარული.

ნატალია სარდლიშვილი

© PHOTO: COURTESY OF NATALIA SARDALI ნატალია სარდლიშვილი

თავის ვიდეომიმართვებში ნატალია პრობლემური გარეგნობის მქონე თანატოლებს მიმართავს და ამხნევებს. ამას გარდა სხვადასხვა თემაზე საკუთარ საინტერესო აზრსაც საკმაოდ ექსპრესიულად გამოთქვამს. ნატალიას და მის დედას, ქალბატონ ანა ასათიანს მანჩესტერში დავუკავშირდით.

დედასთან ერთად

© PHOTO: COURTESY OF NATALIA SARDALI დედასთან ერთად

– ქალბატონო ანა, ჯერ მინდა თქვენ გაგესაუბროთ. ნატალია თავის ასაკთან შედარებით ზედმეტად განვითარებული და სერიოზული ჩანს…

– შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ნატალია ბავშვური თითქმის არ მახსოვს. ყოველთვის დიდივით საუბრობდა და იქცეოდა, შესაბამისად, არც მიკვირს, რომ საოპერო ჟანრი აირჩია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მისი ვოკალის პედაგოგს, რომელიც საოპერო მომღერალია. სამი წლის ასაკიდან უკვე მღეროდა ნაწარმოებებს ალისია ქეის (Alicia Keys) და ნინო ქათამაძის რეპერტუარიდან, საბავშვო სიმღერები თითქმის არასდროს მოსწონდა.

ნატალია სარდლიშვილი

© PHOTO: COURTESY OF NATALIA SARDALI ნატალია სარდლიშვილი

– საბედნიეროდ, იმ ქართველი ბავშვებისგან განსხვავებით, ვინც უცხოეთში ცხოვრობს და საქართველო არ უნახავს, ნატალია ქართულ ენაზე საუბრობს…

– მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში სამი წლიდან არ ყოფილა და სულ დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ყველაზე მეტად მაინც საქართველო უყვარს. ძალიან პატრიოტი ბავშვია, საუბარი და ქართული წერა-კითხვა უკვე ექვსი წელია იცის. ორი წლიდან მღერის, თუმცა საოპერო ჟანრით შვიდი წლიდანაა გატაცებული. მისი საყვარელი მომღერალია ანიტა რაჭველიშვილი. ზოგადად, ძალიან უყვარს სწავლა, განსაკუთრებით მათემატიკა, კარგად ხატავს და უკრავს ფორტეპიანოზე.

– ნატალიას არა მარტო ნიჭის, არამედ მისი სიკეთის გამოც ბევრი იცნობს.

– დიახ, ის იწერს და ინტერნეტში ავრცელებს გამამხნევებელ ვიდეოებს იმ ადამიანებისთვის, ვინც განსხვავებულად გამოიყურება. მას აქვს თანდაყოლილი სახის ლაქა, რომელსაც საკუთარ ნიჭს და წარმატებას უკავშირებს. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას სურს, რომ ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის – გადატანილი ოპერაციის ან თანდაყოლილი სახის ლაქის გამო განსხვავებულად გამოიყურება, თავდაჯერებული და ბედნიერი იყოს.

ამის მერე თავად ნატალიას ვესაუბრეთ:

– ნატალია, ვიცი, რომ ძალიან კარგად ასრულებ საოპერო არიებს, თუ გაიხსენებ, როდის გახდა ეს ჟანრი შენთვის საინტერესო, რა მოისმინე პირველად?

– დიდი მადლობა. 7 წლის ასაკში მოვისმინე მოცარტის ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ არია, სახელად Voi Che Sapete და ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, რომ მეც მესწავლა. ჩემი ვოკალის მასწავლებელი ნატალია კომპანიეც-ჯოური ოპერის მომღერალია და ძალიან მეხმარება.

– რომელი საოპერო მომღერალი მოგწონს და თუ შეგხვედრია ცხოვრებაში?

– ძალიან მიხარია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩემი საყვარელი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილია. ქალბატონი ანიტა ჯერ ინტერნეტით გავიცანი და შემდეგ შევხვდი ბირმინგემის სიმფონიურ დარბაზში, სადაც მისი ლამაზი ხმა მოვისმინე. მეც მინდა მასავით წარმატებული და ცნობილი გავხდე.

ნიტა რაჭველიშვილთან ერთად

© PHOTO: COURTESY OF NATALIA SARDALI ნიტა რაჭველიშვილთან ერთად

– განსაკუთრებული ნიჭის ბავშვი ხარ და ეს სხვა ბავშვებთან ურთიერთობაში თუ გამოიხატება?

– ჩემს მასწავლებლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს სწავლა და კლასში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები მაქვს. ჩემმა მასწავლებლებმა იციან ჩემი სიმღერის შესახებ და ძალიან მეხმარებიან და მამხნევებენ. რაც შეეხება ბავშვებს, ზოგიერთ ბავშვთან ძალიან კომფორტულად და მხიარულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ნიჭი ხელს მიშლის იმაში, რომ ნამდვილი მეგობრები მყავდეს.

ნატალია სარდლიშვილი

© PHOTO: COURTESY OF NATALIA SARDALI ნატალია სარდლიშვილი

– ვიცი, რომ შენი ვიდეოებით თანატოლებს ათბობ და ბევრს მათი გამოხმაურება ახლავს ხოლმე…

– მე ორი სახის ვიდეოს ვწერ: მუსიკალურს და გამამხნევებელ–ანტიბულინგურს, სადაც ვამხნევებ ადამიანებს, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს. სულ რამდენი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, არ მახსოვს. ძალიან პოპულარული გახდა ქეთი მელუას ფესტივალზე ჩემ მიერ შესრულებული „სულიკო“. კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე შესრულებული საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ჰიმნი.

 წყარო : sputnik-georgia.com

გაზიარება:
fb-share-icon0