close
ეკოლოგიასაქართველოტურიზმი

წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება

აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე +20 გრადუსია. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ბათუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება.

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი, დღეის მდგომარეობით, ძირითადად ჩართულია ახალ სისტემაში, რომელიც ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება, აქედან კი ზღვის სიღრმეში გაფილტრულ წყალს უშვებენ. თუმცა, არის ამორტიზებული ძველი ქსელიც და ქალაქს შემოერთებული ტერიტორიები – საკანალიზაციო ქსელის გარეშე.

ახალი საკანალიზაციო ქსელი მოწყობილია და დაერთებულია ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე გონიო-კვარიათის ზღვისპირა ზოლშიც.

ზღვა-პორტი-ჭაობის დასახლება-გრიბოედოვის ქუჩას შორის მოქცეული ბათუმის ტერიტორია [მათ შორის ძველი ბათუმი მთლიანად] უკვე დაერთებულია ახალ საკანალიზაციო ქსელზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტერიტორიიდან, ანუ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან, დაბინძურებული წყალი ზღვაში ვეღარ ხვდება.

რაც შეეხება მწვანე კონცხს, მახინჯაურსა და სხვა, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს, ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

„გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, ბანკი დამატებით 60 მილიონ ევრომდე გამოყოფს, რომელიც მოხმარდება ძირითადად შემოერთებულ ტერიტორიებს – მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი. ამ დასახლებებში მთლიანად მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მერის მრჩეველმა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

მისივე თქმით, მერიას 2019 წლის ბოლოს უკვე ეყოლება კონსულტანტი, რომელიც დაიწყებს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალარინების ქსელის დაპროექტებას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფუძველზე. ეს კვლევა კი ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მთლიანად დასრულებულია ახალი საკანალიზაციო ქსელისა და სატუმბი სადგურების მოწყობა თამარის, ბარცხანისა და ბონი-გოროდოკის დასახლებებში. ახალ ქსელზე დაერთებები თითქმის დასრულებულია ბონი-გოროდოკში, მალე დასრულდება თამარის დასახლებაში, შემდეგ კი ბარცხანაში.

ე.წ. ჭაობის დასახლებაშიც დაერთებები დაწყებულია, თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ პრიორიტეტი არის ის ადგილები, სადაც წელს ქუჩების კეთილმოწყობაა დაგეგმილი. ჭაობსა და ბარცხანაში დაერთებები 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ბათუმის ხედები, 2019 წლის მაისი

წყალარინების ახალ ქსელზე დაერთებებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალი“ ახორციელებს.

რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას გრიბოედოვის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე [ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, ასლან აბაშიძის, ინასარიძის, აღმაშენებლის, ლეონიძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ანგისის დასახლება] აქ, ამ ეტაპზე, მუშაობს ძველი საკანალიზაციო ქსელი, თუმცა ის ამორტიზებულია.

ჯაბა ტუღუშის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა ინასარიძის ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის ასაშენებლად. მალე დაიწყება ახალ ქსელზე დაერთებები ჯავახიშვილის, გრიბოედოვის [ქუჩის მარჯვენა მხარე], კომახიძის [ქუჩის ბოლო], ხიმშიაშვილის და სხვა ქუჩებზე. გრიბოედოვიდან მდინარე მეჯინისწყლამდე ტერიტორია ახალ ქსელში მთლიანად ჩაერთვება 2020 წლის ბოლოს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვში წყალარინების ცალკე სისტემაა მოსაწყობი თავისი ცალკე გამწმენდი ნაგებობით, რომელიც ბათუმის ცენტრალურ სისტემაზე [ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე] ვერ დაერთდება. თუმცა, ამ ეტაპზე არც შესაბამისი პროექტია მზად და შესაბამისად არც ფინანსები. „ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა, ასევე მოლაპარაკებები დონორებთან. თუმცა ჩაქვში მობილური [მცირე] წყალარინების გამწმენდი ნაგებობა და სისტემა მოწყობილია და მუშაობს მდინარე ჩაქვისწყლის მარჯვენა მხარეს. იქ, სადაც მჭიდრო დასახლება და მრავალბინიანი სახლებია,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ბათუმის ხედი შარტავას ქუჩიდან გონიოს მიმართულებით

აჭარის სანაპიროს გასწვრივ ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი, ნორმის ფარგლებშია. ჩატარებული კვლევების ოფიციალური მონაცემებით, წყლის დაბინძურება ბაქტერიებითა თუ პათოგენებით არ ფიქსირდება.

გაზიარება:
fb-share-icon0