close
საქართველო

ოთხმა ქართველმა სტუდენტმა ქალაქის დასუფთავების ინოვაციური კონცეფცია შექმნა

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნეს-აქსელერატორ ,,სპარკის’’ ორგანიზებით Hardware Hackathon ჩატარდა, რომელში მონაწილეობა 10-მა გუნდმა მიიღო. 48-საათიანი ჰაკათონის მთავარი გამოწვევები უკავშირდებოდა ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის განვითარებასა და სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის ინოვაციურად გადაწყვეტას. პირველ ადგილზე გავიდა გუნდი ,,ბაკურიანის ბოთლი’’, რომელმაც წარმოადგინა ჭკვიანი ურნის პროექტი. იდეა 4 სტუდენტს – ტატო თაბაგარს, გიორგი ბოხოჩაძეს, თორნიკე მარიდაშვილსა და ლევან ჭიკაიძეს ეკუთვნის, რომელიც თავად გაგვაცნობს პროექტის არსს.

-ლევან, გვიამბეთ, კონკრეტულად რას გულისხმობს ჭკვიანი ურნის იდეა?
-ყუთი, იგივე ჭკვიანი ურნა, სენსორებით არის დატვირთული და მუდმივად გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მდგომარებაშია. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა შეგვატყობინოს, როდის ივსება ნაგვის ურნა. ეს ფუნქცია ძირითადად გათვლილია იმ ლოკაციებისთვის, რომლებიც არ არის მჭიდროდ დასახლებული და შესაბამისად, ნაგვის ურნა ყოველდღიურად არ ივსება, თუმცა მორიგე მანქანას მაინც უწევს მისვლა, რისთვისაც ხარჯავს ზედმეტ საწვავს და ამით აბინძურებს გარემოსაც.
ასევე, ნაგვის გადამზიდი ტრანსპორტის ზომა ხშირად ხდება საცობების მიზეზი, სწორედ ამიტომ მისი მარშრუტის შემცირება და ჭკვიანურად დაგეგმვა ნაწილობრივ განმუხტავს მოძრაობასაც.
ნაგვის ურნაში დამონტაჟებულია ალის სენსორიც, რომელიც გატყობინებს დაუდევრობის გამო გაჩენილი ხანძრის შესახებ და ასევე ვგეგმავთ, რომ დავამატოთ ავტომატური ცეცხლმაქრიც, რომელიც მსგავს ხანძრებზე რეაგირების დროს წამის მეასედებამდე დაიყვანს.
-ჰაკათონში „ბაკურიანის ბოთლის“ სახელით იღებდით მონაწილეობას, რატომ?
-დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდით, თუ რა სახელით გამოვსულიყავით ჰაკათონზე, გვინდოდა სახალისოც ყოფილიყო და პროექტთან შინაარსობრივად ახლოც. ბევრი უცნაური იდეა გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ გუნდისთვის სწორედ იმ გადასაგდები ნივთის სახელი გვეწოდებინა, რომელსაც ჩანთაში პირველად აღმოვაჩენდით, შესაბამისად, ასეთი სწორედ ბაკურიანის ცარიელი ბოთლი აღმოჩნდა.
-რამდენადაც ვიცი, ქართულ თუ უცხოურ ბაზარზე უკვე არსებობს მიახლოებითი ანალოგები, როგორ ფიქრობთ, რა განასხვავებს თქვენ მიერ შემუშავებულ კონცეფციას უკვე არსებული მოდელებისგან?
-პრეზენტაციაზე ჩვენი პროექტის უპირატესობების საჩვენებლად, გავეცანით მსგავს პროდუქტებს და აღმოვაჩინეთ, რომ ჭკვიანი ნაგვის ურნების პროექტის მასობრივი განხორციელების ინცინდენტს მხოლოდ ორ ქალაქში – ჩიკაგოსა და გოიანგში ჰქონდა ადგილი და ამ შემთხვევაშიც, ასეთი ნაგვის ურნები მხოლოდ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იყო გათვლილი, სხვა ქალაქებში დანერგვა კი, სრულიად ახალი, ელექტრონულად აღჭურვილი ნაგვის ურნების შეძენას გულისხმობს, ეს ბუნებრივია, საოცრად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენი პროდუქტი უკვე არსებული ნაგვის ურნების „გათანამედროვებისთვის“ შეიქმნა, მსგავსი პროდუქტი ბევრად უფრო ბიუჯეტური გადაწყვეტაა, ასევე, გათვლილი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დიდ ქალაქებზე.
-რა ეტაპზეა ამჟამად პროდუქტის პროტოტიპი?
-პროტოტიპის დაახლოებით 80% დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ორი სენსორისა და მიმღებთან საკომუნიკაციო მოდულს დამონტაჟება, რის შემდეგაც, ჩვენი „ყუთი“ სრულად იქნება ტექნიკურად უზრუნველყოფილი.

-დაბოლოს, როგორ აპირებთ პროდუქტის განვითარებას?
-ჯერჯერობით, ვცდილობთ კარგად შევისწავლოთ და შევადაროთ რამდენიმე ტიპის სენსორი, რათა დავხვეწოთ „ყუთის“ რეაგირების დრო და სიზუსტე. პროტოტიპის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, ვეცდებით, თბილისის მერიასთან თანამშროლობას და მათთან ერთად, ამ პროექტის სატესტოდ რამდენიმე ლოკაციაზე დანერგვას.

გაზიარება:
fb-share-icon0