close
ეს საინტერესოასაქართველო

ნუცა მეტრეველის საერთაშორისო წარმატებები

ნუცა მეტრეველმა საქართველოსა  ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ გაიტანა  და ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ძალიან დიდი გეგმების დასაწყისია. პირველი საერთაშორისო წარმატება 16 წლის ასაკში, 2015 წელს საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოიპოვა და თვლის, რომ ეს გამარჯვება მის ცხოვრებაში მომდევნო წარმატებების საწინდარი გახდა.

მოგესალმებით, დავიწყოთ თავიდან , როგორც ვიცით 2015 წელს საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე “Euromath 2015”  54 ქვეყნიდან 1 ადგილის მფლობელი გახდით, რა როლი ითამაშა ამ კონფერენციამ თქვენს ცხოვრებაში?

ეს კონფერენცია იყო ჩემი ნაშრომის პირველი საერთაშორისო აღიარება და ბუნებრივია, რომ მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, როგორც მნიშვნელოვან ემოციურ მოვლენასა და ერთ-ერთ მთავარ მოტივატორს. გარდა ამისა, კონფერენციაზე დავრწმუნდი, რომ იდეათა მრავალფეროვნება და წვდომა მათი წარმოჩენის განსხვავებული გზებთან მომავალში მომცემდა საშუალებას, განმევითარებინა კრიტიკული აზროვნება და მივსულიყავი რთული პრაქტიკული პრობლემების ეფექტურ გადაწყვეტამდე. სწორედ ამიტომ, ამ კონფერენციის შემდეგ, ჩემი მიზანი იყო უმაღლესი განათლების მრავალფეროვან გარემოში მიღება, რათა შესაძლებლობა მქონოდა, გამეზიარებინა ჩემი შეხედულებები სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენლებთან და განმევითარებინა ახალი პერსპექტივა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

ცერნის ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფიზიკოსებს და უახლეს აღმოჩენებს გაეცანით.  თქვენი ემოციების და შთაბეჭდილებების შესახებ რომ მოგვიყვეთ.

ცერნის შეხვედრა ჩემთვის ძალიან დიდ ემოციასთან ასოცირდება, რადგან შესაძლებლობა მომეცა, არამარტო ახლოს გავცნობოდი ადგილობრივი კვლევების მეთოდებსა და სპეციპიკას, არამედ შევხვედროდი ცერნში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს და შემესწავლა მათი საქმიანობაც. წარმოიდგინეთ, 15 წლის რუსთაველი გოგონა, რომელსაც ფიზიკა მხოლოდ თეორიულად აქვს ნასწავლი, მსოფლიოს უდიდეს ფიზიკის ლაბორატორიაში, ბირთვულ ამაჩქარებლებთან. სულ სხვა თვალით შევხედე ფიზიკას და ზოგადად, სამყაროს განვითარების იმ ეტაპს, რომელზეც ახლა ვართ – ვცდილობთ, ხელოვნურად შევქმნათ სინათლის სიჩქარე და ამას ვაკეთებთ არა რაიმე ზებუნებრივი ძალის გამოყენებით, არამედ ადამიანის გონებრივი რესურსის დახმარებით. ვფიქრობ, ამ ასაკში ამის გაცნობიერებას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ მაშინ დავიწყე უფრო მასშტაბურ იდეებისა და მათი განხორციელების გზების გამოკვლევა ჩემს სამომავლო პროფესიულ ჭრილში.

როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას?

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში განათლება პრაქტიკული მხარით მოიკოჭლებს. სკოლების უმრავლესობას არ აქვს ლაბორატორიები, რაც შეუძლებელს ხდის მოსწავლეებისათვის საბუნებისმეტყველო საგნების მაღალ დონეზე ათვისებას. რაც შეეხება საუნივერსიტეტო განათლებას, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რატომაც ამერიკაში სწავლა გადავწყვიტე, არის ის, რომ ყველა ლექცია ჩემთვის საინტერესო და გამოსადეგია. არაა საჭირო, დავიზეპიროთ ფორმულები და ფაქტები, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ნებისმიერ საძიებო სისტემაში ადვილად ვიპოვით. ამის მაგივრად, აქ მთავარი აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, სიტუაციების შეფასების უნარსა და ზოგადი ინტელექტის ხარისხის ამაღლებაზე, რომელიც თავის თავში არ მოიაზრებს, მაგალითად, თარიღების ზეპირად ცოდნას, როგორც ამას საქართველოში ხშირად აღიქვამენ. მასწავლებლები და ლექტორები ცდილობენ, მოგვცენ საკუთარი აზრის განვითარების საშუალება და არ ჩაგვიდონ თავში მოცემული „ჭეშმარიტება“, რაც არ უნდა ცხადი იყოს ის საზოგადოების უმრავლესობისათვის. ამერიკაში უფრო აფასებენ განსხვავებულ იდეებს და ქმნიან საჭირო პირობებს მათ განსახორციელებლად, რაც შემდეგ, ცხადია, სახელმწიფოს განვითარების დონეზე დადებითად აისახება.

სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად გვესაუბრეთ, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება მომავალში  ნუცა მეტრეველი? რა არის მაქსიმუმი, რისთვისაც იბრძვით?

მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა და დიდი ინტერესისა სამეცნიერო სფეროსდმი, სუფთა მეცნიერული პროფესიაზე არასდროს მიოცნებია. ძალიან  მიყვარდა მათემატიკა და ყოველთვის მინდოდა, ჩემი ტექნიკური ცოდნის რეალიზება გამოყენებითი კუთხით მომეხდინა ფართომასშტაბიანი, საერთაშორისო მისიიაზე მორგებული ბიზნესის შექმნით. ამიტომ გადავწყვიტე, ბიზნესის ფაკულტეტზე მეწარმეობის მენეჯმენტის განხრით მესწავლა. იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ არსად ვაჟღერებ და იმედი მაქვს, არც თქვენ მიწყენთ (იცინის). ვინ იქნება მომავალში ნუცა მეტრეველი? კარგი კითხვაა და ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მაქვს – წარმატებული ქართველი ბიზნესვუმენი, თან ძალიან მალე. რაღა დარჩა, ქართველი უკვე ვარ, ბიზნესვუმენობაც მალე იქნება დიდი ალბათობით (იცინის), წარმატება კიდევ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს შრომისმოყვარეობაზე და იმაზე, რამდენად გვჯერა ჩვენი თავისა და შესაძლებლობების. მაქსიმუმი, ალბათ, ის იქნება, რომ მე თვითონ ვიყო სხვებისთვის მოტივაცია, განსაკუთრებით კი, ქალებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ თავიანთი გამბედაობით, განათლებითა და შრომით ცხოვრებაში დასახულ მიზანს ყოველთვს მიაღწევენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0