close
ტურიზმი

 მედიის როლი საქართველოს ტურიზმის განვითარებაში

 

ტურიზმის განვითარების მხრივ, ბოლო დეკადა საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. ამის განმაპირობებელი უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა ნაკლებად აღინიშნება მედიის როლი, რომელიც საკმაოდ მსხვილი და მთავარი მოთამაშეა.

ის, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, უდავოა, მაგრამ, როგორ უნდა მოხერხდეს ამ პოტენციალის სრული ათვისება და ამ პროცესებში რა როლო უნდა შეასრულოს მედიამ? ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ მედია ხელიოსუფლების მეოთხე შტოს წარმოადგენს, რომელიც, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ახდენს გარკვეული პროცესების ფორმირებას. სამწუხაროდ,  თავად მედიასაშუალებები საკმაოდ მცირე ყურადღებას უთმობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც ტურისტული ბაზრის გაფართოებასთან არის დაკავშირებული, არადა, ერთობლივი მუშაობა არა კონკრეტულად ერთი, არამედ ყველა მხრისთვის სასარგებლო იქნება.

საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და მეტი და მეტი უცხოელი ვიზიტორის ჩამოსვლაში დიდი როლი ითამაშა მაგ: ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ ( ბი ბი სი), როდესაც რამდენიმე რეპორტაჟი და სარეკლამო რგოლი თავის ეთერში გაუშვა. სხვა საკითხია, თუ რა თანხა დაიხარჯა ამ დროს.

2013 წელს საქართველომ CNN-სა და BBC-ზე სატელევიზიო რეკლმების განთავსებაზე, რომელიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ისახავდა მიზნად, უარს განაცხადა,  ,,წინა ხელილსუფლებამ მხოლოდ CNN–ზე საქართველოს რეკლამირებისთვის 27 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, მიღებული შედეგი კი, არცთუ ისე ეფექტურია“ – ასეთი იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – გიორგი სიგუას კომენტარი. საინტერესოა, იქონია თუ არა ამ ფაქტმა გავლენა ტურიზმის განვითარებაზე და რა ცვლილებები შეინიშნა ბაზარზე?

2014 წლის ნოემბერში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა, რომელმაც მოქმედებისა და განვითარების სხვა გეგმა წარმოადგინა და მედიის ჩართულობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაისახა.

თუ ვინ არის ტურისტი/ვიზიტორი და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარება?

ვიზიტორია ის პირი, ვინც თავისი ბუნებრივი გარემოდან კონკრეტული მიმართულებით მოგზაურობს, იქ ერთ წელზე ნაკლები ვადით რჩება და დასაქმებული არ არის. ის ვიზიტორი ვინც კონკრეტულ ადგილზე ერთ ღამეს მაინც ათევს, ტურისტად კლასიფიცირდება.

ტურიზმის განვითარება კი, ისეთი ღარიბი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, შემოსავლის არსებობის უმთავრესი წყაროა. ტურისტების საკმაოდ დიდი მაწილი დიდ თანხას ხარჯავს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება  მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე – მოგეხსენებათ, რომ არსებობს უამრავი საკვები დაწესებულება, სასტუმრო, ჰოსტელი და ა.შ. , რომელსაც ხშირად მიმართავენ ტურისტები.

მომსახურების სახეობებს შორის ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელს მსოფლიოში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს მონაცემები, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება, გვამცნობს, რომ ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან მსოფლიო შიდა პროდუქტებში ორ ტრილიონს გადააჭარბა.

ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად იძენს ფიზიკურ კაპიტალსა და ტექნიკურ გამოცდილებას, ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, საქართველო მდიდარია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ორიგინალური ტრადიციებითა და სხვა თავისებურებებით.

ცოტა რამ ჟურნალისტიკისა და მისი როლის შესახებ – თანამედროვე ქართული მასმედია, შეიძლება ითქვას, რომ თავის განვითარებას ახლა იწყებს. მისი ისტორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 90 – იანი წლების დასაწყისიდან იწყება. დაახლოებით 17-18 წელია, რაც დამოუკიდებელმა ქართულმა მედიამ არსებობა დაიწყო.

საქართველოში, ისევე როგორც ალბათ მთელს მსოფლიოში,   აუდიტორიის მსხვილი ნაწილი ტელევიზიას ჰყავს. თუმცა, რასაკვირველია რადიოსა და პრესას ჰყავს საკუთარი სეგმენტი, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობის. თუმცა, ონლაინმედია პირველობას არავის უთმობს.

მსოფლიოში მედიის როლი დღითიდღე იზრდება, დღეს ეს არის საშუალება, რომელიც ინფორმაციის ყველაზე სწრაფი გადამცემი და გამავრცელებელია.

მედიას გააჩნია ის ბერკეტები, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობიც კი შეიძლება იყოს. თუმცა, დღეს სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის საქართველოში ჟურნალისტიკა უფრო ასრულდებდა საკუთარ როლს, ვიდრე დღეს.  დღესდღეობით, ქართული მედია სავსეა არაფრისმომცემი და მდარე ხარისხის პროდუქციით. არადა, ამ სექტორს იმაზე დიდი ფუნცია და შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

ტურიზმს რომ დავუბრუნდეთ, სტატისტიკა საკმაოდ ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალებას მოგვცემს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოში 4.4 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა. 2014 წელს პროცენტულმა ზრდამ 2% შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარში კი, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რიცხვი 3%-ით, ხოლო თებერვალში 1%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობას, 2012 წელს ტურიზმი 36%-ით გაიზარდა. 2014 წელს ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 7% შეადგინა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის (იანვარ-თებერვლის) მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5 %-ით შემცირდა

2016 წელს ქვეყანაში გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა მივიღეთ, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს თურქეთში არსებული მძიმე ვითარების ბრალია, რამაც ამ ქვეყანაში წამომსველელების გეზი საქართველოსაკენ მომართა. ამას დამატებული რამდენიმე ცნობილი ვარსკვლავის ჩამოსვლა და პროექტი ,,ჩეკ ინ ჯორჯია“ და წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ქვეყანა 5-6  მილიონამდე ვიზიტორს დაითვლის (ასეთია ექსპერტების პროგნოზი).   ამ მონაცემებით, პირველი 9 თვის მანძილზე საქართველოში 2 156 731 ტურისტი ჩამოვიდა, რაც 19,5%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ზოგადად, კონფლიქტებს ტურიზმზე ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს, თუმცა, ამის მეორე მხარეა ის, თუ რას აკეთებს ამ დროს მედია და რამდენად სწორად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, რომელთა გაშუქებაზეც არის დამოკიდებული მრავალი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება.

დღეს მსოფლიოში მიმდირე 40-მდე შეიარაღებული კონფლიქტია, ამ კონფლიქტების შედეგია 50 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი. მაგრამ, კონფლიქტის გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა სხვა შედეგიც მოჰყვება, მათ შორის ეკონომიკური, რაშიც, გარდა ინფრასტრუქტურული ზარალისა შეარაღებული შეტაკების ზონებში, დიდი ზარალი ადგება ტურიზმს და შესაბამისად, შრომით ბაზარს.

კონფლიქტის დარეგულირებამდე დაძაბული მდგომარეობა ნაწილდება გაცილებით დიდი არეალით. სწორედ ამიტომ, ხშირად ზარალდება კონფლიქტის ზონიდან მოშორებით არსებული ტურისტული ზონები. ამას ემატება გატაცების ფაქტები, რომელსაც იყენებენ ტერორისტული ორგანიზაციები. 2015 წელს დაფიქსირდა ტურისტების გატაცების უამრავი ფაქტი, ისეთ ქვეყნებში როგორებიც არის ფილიპინები, ალბანეთი, არგენტინა, ტაილანდი, ეგვიპტე და სხვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები ცნობილია თავისი ტურისტული მიმზიდველობით, კულტურის ძეგლებით, ბუნებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომსახურების სერვისით. გლობალიზაციამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ხელი შეუწყო ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას. როდესაც ტურისტი არჩევს ქვეყანას ან ქალაქს, სადაც  სურს გაატაროს დასვენების პერიოდი, უპირველეს ყოვლისა, სტუმრობს საძიებო სისტემებს, ეცნობა რეიტინგულ და საინფორმაციო ვებგვერდებს, იღებს ინფორმაციას ტელევიზიიდან. ამის გათვალისწინებით,  ტურისტის გადაწყვეტილება დამოკიდებულია მიღებულ ინფორმაციაზე.

სწორედ არჩევანის პროცესში ახდენს უდიდეს ზეგავლენას მასმედია ტურისტის არჩევანზე, საინფორმაციო სააგენტო ,,ტელეგრაფის“ ცნობით. ბოლო რამდენიმე წელიწადში ეგვიპტეში საგრძნობლად იმატა ტურისტების გატაცების ფაქტებმა. არსებული სტატია ძალიან ბუნდოვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ეტაპზე ეგვიპტეში ჩასვლა სარისკოა. მაგრამ თუ დავაკვირდებით ,,ალ ჯაზირას“ 2013 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში, „Tourists kidnapped near Egypt beach resorts“, წავიკითხავთ, რომ აღნიშნული ტურისტები მოგზაურობდნენ პროვინცია ტაბაში  და  დაარღვიეს  ეგვიპტის და ისრაელის საზღვართან სახიფათო ზონა.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე კონფლიქტს, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვერ ვიტყვით, რომ საინფორმაციო საშუალებებმა არასწორად გაავრცელეს ინფორმაცია, რადგანაც არსებული სიტუაცია ხალხისათვის მართლაც საშიში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამან უდიდესი ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია, მედია ვალდებული იყო, არსებული ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისათვის.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2013 წლის ანგარიშის (World Tourism Barometer, January 2014) მიხედვით, ვიზიტორების ზრდის 21.2%-იანი მაჩვენებლით საქართველო მოწინავე ქვეყანაა ევროპაში. 2013 წელს, ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სია შემდეგნაირად გამოიყურება: ( ყაზახეთი  21,9 %, საქართველო 21,2, ბოსნია და ჰერცოგოვინა 21,0%, ისლანდია – 17,5 %, საბერძნეთი 15,3% და ა.შ.

2006 წლიდან დღემდე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ტურისტული აქტივობები შენელდა, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა  23%-ით გაიზარდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ბოლო 5 წლის მანძილზე, ევროპის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 7% მოდის. ამასთანავე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რის გამოც ტურიზმი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 101 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ტურიზმის შემცირება ეკონომიკის მრავალი სექტორის შემცირებაზე აისახება. ყველაზე აშკარად ეს შემცირება სასტუმროების, რესტორნებისა და ტრანსპორტის  სექტორზე აისახება.

ბოლო პერიოდში ნათელი გახდა, რომ მნიშვნელოვანია სოციალური მედიის როლი მარკეტინგისა და  ტურიზმის განვითარების კუთხით. სოციალური ქსელების მნიშვნელობა იმდენადაა გაზრდილი, რომ ამ სფეროს გამოუყენებლობა არ შეიძლება. ისიც  გასათვალისწინებელია, რომ  მწერლები თუ ჟურნალისტები და ბლოგერები, მხოლოდ ერთი გამოცემისთვის არ წერენ და ხშირად თითოეული მათგანი რამდენიმე ჟურნალსა და ინტერნეტგამოცემაში აქვეყნებს  ტექსტებს. მათი ნაწერები კი, ხშირ შემთხვევაში,  მოდის განმსაზღვრელია – თუ რომელ ქვეყანაში სჯობს ამა თუ იმ წელს ვიზიტი.

როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს მავანთათვის, მედიას ზემოქმედების საუკეთესო უნარი აქვს და იგი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანების ცნობიერების ფორმირებას უწყობს ხელს. მაშინ, როდესაც ტურიზმით დაინტერესებული ადამიანი რომელიმე ,,წონიან“ მედიასაშუალებაში აღმოაჩენს ქვეყანას, რომელიც დადებით კონტექსტშია მოხსენიებული, იღებს მესიჯს, რომელიც მას ამ ქვეყნაში წამოსვლისკენ უბიძგებს.

დღეს მსოფლიოში არცერთი მთავარი მოვლენა არ რჩება მედიის ყურადღების მიღმა. 2008 წელს საქართველოში მომხდარმა ომმა ბევრი უცხოური მედიასაშუალება დაააინტერესა და საკითხი ფართოდ გაშუქდა, მსოფლიოში მრავალმა ადამიანმა შეიტყო, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარება იყო და უამრავი ვიზიტი გაუქმდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ნორმალური და აბსოლუტურად რელევანტური გადაწყვეტილება იყო ვიზიტორების მხრიდან, თუმცა ქვეყანა ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი განიცადა ტურიზმის შემცირებით, სხვა, იმ დროისათვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს თავი რომ გავანებოთ.

მას შემდეგ, საქართველოში მიმდინარე ამბები ბევრად უფრო ფართოდ შუქდება და შეიძლება ითქვას, რომ საქართველო  უცხოური მედიისათვის საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ყველა რეპორტაჟი თუ სტატია საქართველოს დადებით კონტექსტში მოიხსენიებას ემსახურება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, უცხოურ მედიასაშუალებებში (მაგ: The Washingtom Post), საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ.  საინტერესოა, მიუძღვით თუ არა წვლილი მსგავს მედიაპროდუქტებს ტურიზმის განვითარების შეფერხებაში?  ტურისტების რაოდენობის შემცირება,  ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, ამასაც შეიძლება დაბრალდეს. ადამიანების უმეტესობა სხვის მოსაზრებას ეყრდნობა და სასურველი ქვეყნების არჩევაში სწორედ მედია ეხმარება – მოგეხსენებათ, რომ, ბოლო პერიოდში ამ კუთხით, სოციალური მედია ყველაზე მეტად გააქტიურდა.

მიუხედავად გიორგი სიგუას განცხადებისა, დღეს უცხოურ მედიასაშუალებებში არაერთი ვიდეორგოლი გადის საქართველოს შესახებ, რადგანაც, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, მედიაში ჩადებული ფულის ასმაგად ამოღება შეიძლება და გაღებული რამდენიმე მილიონი (რომელიც ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისათვის სულაც არ წარმოდგენს ცოტა თანხას), ღირს, რადგან შედეგი უფრო ეფექტურია.

საინტერესოა, ამ კუთხით რა ხდება დღეს?

როგორც გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც მიიღების სიგნალები ტურიზმის შემცირების შესახებ, სასწრაფო წესით შეიქმნა კრიზისის მენეჯმენტის საბჭო, სადაც განისაზღვრა აღნიშნულ გარემოებებში ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და შედეგად ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით აქცენტი იმ საერთაშორისო აქტივობებზე გაკეთდა, რომელიც ახალი ბაზრებიდან მოგზაურების გაზრდას გაუკეთებდა სტიმულირებას და უკვე ათვისებულ ბაზრებზე სიტუაციას გამოასწორებდა.

საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული კამპანიები რამდენიმე მიზნობრივ ბაზარზე (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უნგრეთი, ისრაელი თურქეთი და სხვ.), მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით (CNN; Euronews), 300-მდე  მეტი ჟურნალისტის მოწვევა, მედიაფორუმი, მოლაპარაკების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად.

განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას, უნდა ითქვას ისიც, რომ ადმინისტრაციაში შეიქმნა ინტერნეტრეკლამის ჯგუფი, განახლდა  საიტი სადაც შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება  საქართველოს შესახებ.

ასევე ხაზგასასმელია, რომ მოვხვდით რამდენიმე მნიშვნელოვან რეიტინგში. განსაკუთრებით კი ნიშვნელოვანია, რომ National Geographic-მა 50 ქვეყანას შორის მოგვახვედრა და რამდენიმემილიონიან მკითხველს საქართველოში მოგზაურობა ურჩია. ასევე გამოქვეყნდა  სტატიები New yourk Times-ში, გარდიანში, CNN-მა სოციალურ ქსელში სვანეთის ფოტოები ატვირთა, სტატია დაიბეჭდა გავლენიან ამერიკულ გამოცემა ,,ბლუმბერგში“, სადაც გამოცემის მიმომხილველმა მკითხველს საქართველოში მოგზაურობა და ქართული ღვინის დაგემოვნება ურჩია. ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სტატია დაიბეჭდა Washington Post-შიც. სვანეთის სოფლებს BBC-ის ჟურანლსიტმა ევროპის ძლიერი და ლეგენდარული სოფლები უწოდა და სტატია გამოაქვეყნა.

მნიშვნელოვანი მოვლენაა შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია – ,,გაიცანი საქართველო“, რომელშიც  ძალიან ბევრი  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არის ჩართული, დამზადებულია სპეციალური ვიდეორგოლები, რომელიც ტელეარხებზე ტრიალებს, ტარდება პრესტურები და ეს ყველაფერი, ჯამში სწორედ ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

საქართველოს რეკლამა  გავიდა   Euronews-ზე, ეს არის 30-წამიანი საიმიჯო რგოლი ქვეყნის შესახებ, მოგეხსენებათ რომ Euronews-ს ჰყავს 400  მილიონიანი აუდიტორია, მაუწყებლობს 14 ენაზე, 155 ქვეყანაში და ეს  საკმაოდ ეფექტური გზაა განვითარების კუთხით. კლიპი  21 კვირის განმავლობაში ტრიალდებდა Euronews-ზე.

გარდა ამისა, საქართველოს საიმიჯო რგოლი ტრიალებდა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ცნობილ, რეიტინგულ და პოპულარულ ტელეარხზე CNN-ზე, რომელაც ასევე რამდენიმე ასეულ მილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

წელს მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ონლაინ–კამპანია ჩაატარა მსოფლიოს 16 ქვეყანაში.

საქართველომ მონაწილეობა მიიღო 14 საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ გამოფენაში, ხოლო საქართველოს 434 უცხოელი ჟურნალისტი და 238 ტუროპერატორი ესტუმრა.

ამასთანავე, იგეგმება დამატებით მრავალი პრეს-და გაცნობითი ტურები წამყვანი საერთაშორისო ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას.

ამჟამად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკმაოდ სწორი გეზი აქვს არჩეული. ის, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი არაერთი ფაქტორი არსებობს, უდავოა. ჩვენ ჯერ კიდე ვდგავართ ინფრასტრუქტურული, მენტალური თუ სხვა პრობლემების წინაშე, თუმცა, მედიას გააჩნია ფუნქცია, რომელიც საზოგადოებას აჯერებს, თუნდაც ირეალურ ფაქტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მოუწესრიგებელია, დღეს ყველა ერთხმად აღნიშნავს იმას, რომ საქართველო ტურისტული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო და  ეგზოტიკური ქვეყანაა. ეს ყველაფერი კი სწორი ფორმით უნდა მიეწოდოს მსოფლიო საზოგადოებას. შეიძლება ამას ამ ეტაპზე მილიონები დასჭირდეს, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ  ყველა ნაბიჯი  ჩადებული თანხის გაასმაგების საშუალებას იძლევა, პოტენციალის გამოუყენებლობა კი – ყველაზე დიდი დანაშაული იქნება.

გამოყენებული ლიტერატურა:

http://cnn.it/2dwfU4W   ( ბოლო ნახვა, 22 ოქტომბერი)

http://wapo.st/2ei29bE  ( ბოლო ნახვა, 22 ოქტომბერი)

http://bit.ly/2ealesx  ( ბოლო ნახვა, 22 ოქტომბერი)

http://bit.ly/2espS8E  ( ბოლო ნახვა, 22 ოქტომბერი)

http://bit.ly/2egQEi3    ( ბოლო ნახვა, 22 ოქტომბერი)

http://bit.ly/2dxHMAJ (ბოლო ნახვა, 22 ოქტომბერი)

http://bit.ly/2ei0ymh (ბოლო ნახვა, 22 ოქტომბერი)

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონია
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0