close

სტუდენტების გუნდმა შექმნა ვებგვერდი ,,Ikids-ი”, რომელიც ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს დაეხმარება სოციალიზაციასა და განვითარებაში. გუნდში სამი წევრია: სანდრო ალავერდაშვილი, საბა ჩხარტიშვილი და ნინო თინაშვილი. გვერდზე გამოქვეყნდება სხვადასხვა უნარის განმავითარებელი სავარჯიშოები, სარგებელს მიიღებენ არა მარტო ბავშვები, არამედ მათი მშობლები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, სპეციალური პედაგოგები და ა.შ. IkidS-ი საშუალებას მისცემს მათ, რომ ინტერესით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, განივითარონ და შეისწავლონ ესა თუ ის აუცილებელი უნარ-ჩვევა, იქნება ეს თვითმამსახურება, შემეცნება, კომუნიკაცია/მეტყველება თუ ქცევა. ვებგვერდზე განთავსდება აუდიო-ვიდეო სავარჯიშოები, რომლის შექმნაზეც იმუშავებენ გამოცდილი სპეც-პედაგოგები და ფსიქოლოგები.

ატიპიურ განვითარებაში იგულისხმება ბავშვის განვითარების ის თავისებურებები, რაც ტიპიური განვითარებისგან განასხვავებს, მაგალითად, არ შეესაბამება ასაკობრივი განვითარების სტანდარტებს. ეს შესაძლოა იყოს ამა თუ იმ ასაკისათვის დამახასიათებელი თვითმომსახურების, შემეცნებითი თუ სოციალური (მეტყველება/კომუნიკაცია) უნარების დაგვიანებით ან თავისებურად ჩამოყალიბება, ქცევითი დარღვევები და სხვ. ატიპიური განვითარება დამახასიათებელია დაუნის სინდრომის, აუტიზმის, ცერებრალური დამბლის, ჰიპერაქტივობის სინდრომის, ასევე სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენისა თუ მეტყველების დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.

,,დღევანდელ ეპოქაში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები (კომპიუტერი, სმარტფონი), რაც ხელმისაწვდომი, სასურველი და სახალისოა ბავშვებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ადრეული ასაკის ბავშვებიც კი სარგებლობენ ამ ტექნიკით, თუმცა, როგორც წესი, მათთვის მიმზიდველი და განმავითარებელი ვებგვერდები არაქართულენოვანია, რაც ერთგვარად იწვევს მეტყველების განვითარების შეფერხებას. ამას ადასტურებენ ნეიროფსიქოლოგები. აგრეთვე, შესაძლოა, არც იყოს მათი განვითარებისთვის შესაბამისი და გასაგები… ამ საკითხმა დამაფიქრა, თუმცა მჭირდებოდა სტიმული იმისათვის, რომ იდეა, რომელიც მქონდა, მოქმედებაში მომეყვანა. პირველად როცა გავიგე „social impact award”-ის პროექტის შესახებ, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილება კონკურსში და გარკვეული წვლილი შემეტანა ამ საკმაოდ აქტუალური სოციალური პრობლემის ერთგვარად გადაჭრაში” – აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – სანდრო ალავერდაშვილი.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში დაბადებული ყოველი 68 ბავშვიდან ერთს აქვს აუტისტური სპექტრი. საკმაოდ საყურადღებოა სხვადასხვა ატიპიური განვითარების ბავშვების რაოდენობა და მდგომარეობაც. ბავშვებს სწორედ ადრეული ასაკიდან ესაჭიროებათ სპეციალისტების დახმარება, მშობლების განათლება და ა.შ. რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ადვილი ხელმისაწვდომი არ არის.

 ,,სახელმწიფოს დაფინანსება სპეციალურ სერვისებზეც არასაკმარისია. ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს კი სჭირდებათ სპეციალური პროგრამები, რომელიც მარტივად, მათთვის გასაგებად მიაწოდებს იმ სავარჯიშოებსა თუ აქტივობებს, რაც, როგორც აღვნიშნე, დაეხმარება მათ განვითარებასა და სოციუმში ინტეგრაციაში. ჩვენ ვგეგმავთ, პოპულარიზაცია გავუწიოთ და მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ბენეფიციარების მშობლებს, პედაგოგებს, სპეციალისტებს  ვებგვერდის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიხმარონ და რატომ არის ჩვენი Ikids-ი ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტი” – აღნიშნავს სანდრო ალავერდაშვილი.

გუნდი სამომავლოდ არაერთ აქტივობას გეგმავს, კერძოდ, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას, დაფინანსების მოპოვებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, გვერდის განახლებას, განვითარებასა და ა.შ.

გუნდის მხარდასაჭერის სურვილის შემთხვევაში,  გადადით შემდეგ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid