close
აქართველოოფლის მეურნეობაექნოლოგიები

ჰიდროფონიკის ტექნოლოგია – უნიკალური მეთოდი ბუნებრივი საკვების საწარმოებლად

22555953_1530591200355112_507102331_o

ჰიდროფონიკის მეთოდი გულისხმობს მარცვლეულისგან მიღებული ჯეჯილის წარმოებას მიწის გარეშე (მხოლოდ წყალზე). ჰიდროფონიკის ჯეჯილის საშუალებით პირუტყვის გამოკვება გაცილებით მარტივი და კომერციულად მომგებიანია. აღნიშნული პროექტის ავტორია შალვა ლაღაძე, აგროტექნოლოგიის ბაკალავრი, აგროინჟინერიის მაგისტრი, რომელმაც არაერთი ტრენინგმოდული გაიარა აგრარული ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის გაცვლითი პროგრამა – „ღია სამყარო“ – ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ბიზნესიდეა პროექტად ჩამოყალიბდა და დაფინანსდა პროექტ ,,YES Georgia-ს” ფარგლებში, სადაც გავიარე 3-თვიანი ტრენინგთა ინტენსიური კურსი და მოვიპოვე დაფინანსება. ერთ-ერთ რუტინულ სამსახურში მუშაობისას მომივიდა იდეა დამეწყო ბიზნესი ჩემი პროფესიის სფეროში. დავიწყე ძიება თუ რისი გაკეთება შემეძლო და მივაგენი ჰიდროფონიკის ტექნოლოგიას, რომელიც ახალი და მიმზიდველი დარგია აგრარულ სფეროშო. ერთწლიანი კვლევისა და ტესტირების გავლის შემდეგ, მოვიპოვე დაფინანსება და დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილი ვართ სრულყოფილი პროდუქციითა და მომსახურებით“, – აღნიშნავს შალვა ლაღაძე.

აღნიშნული მეთოდით მიღებული საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს მერძეული ფურისათვის საჭირო აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს (საკვებ ერთეულს, მონელებად პროტეინს, კაროტინს, კალციუმსა და ფოსფორს). ჯანსაღი საკვების დამზადება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

ჰიდროფონიკის სისტემით მოყვანილ მწვანე საკვებს შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს თივა, ნამჯა, სილოსი და სენაჟი. მერძეული პირუტყვის მწვანე მასით კვება უხეში საკვებით კვებასთან შედარებით იაფი ჯდება, რძის გამოსავლიანობა კი 30 %-ით იზრდება.

ზამთარ-ზაფხულ მწვანე, წვნიანი საკვებით კვების საშუალება, როგორც წესი, ზრდის წველადობას 30%-ით, ზრდის წონას, ზრდის რძის ცხიმიანობას, საქონელი არ შრება ზამთარში, აუმჯობესებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ბეწვის მდგომარეობას, იზრდება განაყოფიერების მაჩვენებელი, ხდება მიწის ეფექტური გამოყენება, მცირდება ფერმერის დატვირთვა, მცირდება წარმოების ჯაჭვი, არ გამოიყენება პესტიციდები, საკვები მასა არის ბიოლოგიურად სუფთა, მცირდება მავნე გაზის – მეთანის –  გამოყოფა.

„ამ სისტემის ინოვაციურობა გამოიხატება იმაში, რომ 50 კვადრატულ მეტრ შენობაში, ყოველდღიურად შესაძლებელია 400კგ ეკოლოგიურად სუფთა მწვანე მასის მიღება, რაც თითქმის იმდენივეა წელიწადში, რამდენიც ბუნებრივ პირობებში 20 ჰექტარ საძოვარზე მოიპოვება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ 3-კვირიან გამოსაცდელ პერიოდს, რათა ნახონ შედეგი და ამის შემდეგ დაიწყონ ჩვენგან ჯეჯილის შესყიდვა, ასევე, ჩვენი სერვისი მოიცავს კონსულტაციებს და საწარმოს მათთვის მოსახერხებელ ადგილას მოწყობას დახურულ შენობებში“ – აღნიშნავს შალვა ლაღაძე.

ჰიდროფონიკა უნიკალური საშუალებაა მცირემიწიანი ფერმერებისთვის და მათთვის, ვინც აპირებს, მეცხოველეობის ფერმის გაფართოებას და განვითარებას.

ბიზნესის ავტორი სამომავლოდ ქსელის გაფართოებასა და საწარმოთა ფილიალების შექმნას გეგმავს სხვადასხვა კუთხეში. აგრეთვე, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, რათა კიდევ უფრო შეამციროს ჯეჯილის წარმოების თვითღირებულება.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2