close
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინასაქართველო

ექსპერიმენტალური ინსტიტუტი სოხუმში, რომლის ანალოგიც მსოფლიოში ერთადერთი იყო

საბჭოთა კავშირში აქტიურად ცდილობდნენ, ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების ფორმულისათვის მიეგნოთ. როგორც ცნობილია, სისხლის გადასხმის გარდა (ახალგაზრდის სისხლი ხანდაზმულს), პოპულარული იყო ექსპერიმენტები მაიმუნებზეც. სწორედ ამიტომ – ცნობილი ქირურგის – სერგეი ვორონოვის თაოსნობით,  1927 წელს სოხუმის მაიმუნების საშენი დაარსდა. აქ, ექსპერიმენტების ჩატარების გზით, ადამიანის დაავადებები უნდა შეესწავლათ.

1927 წლის 24 აგვისტოს ხომალდმა „პესტელმა“ გვინეაში შეძენილი ანუბისი და შიმპანზე ბათუმიდან სოხუმში ჩაიყვანა. საშენის ბაზაზე, 1958 წელს შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის ლაბორატორია, სადაც ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ექსპერიმენტები ტარდებოდა. იმ დროს 100-მდე მაიმუნი ჰყოლიათ, რომლებსაც ჯერ დააავადებდნენ, შემდეგ საწინააღმდეგო აცრებს უკეთებდნენ.

საშენი რამდენიმე მიმართულებით იყო დატვირთული – აქ არსებობდა ექსპერიმენტალური თერაპიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ცდები არა მხოლოდ მაიმუნებზე, არამედ – ბოცვერებზე, ვირთხებზე, ზღვის გოჭებზე, კურდღლებზე, თაგვებზე მიდიოდა. აქ მოლეკელუურ, ბიოლოგიურ და გენეტიკურ დონეზე შეისწავლიდნენ ცოცხალ ორგანიზმებს, მათ პათოლოგიებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს. აქტუალური მიმართულებები იყო ვირუსოლოგია, რადიოლოგია.

უნდა ითქვას, რომ – როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის კვლევითი ინსტიტუტი იმ დროისათვის მხოლოდ ამერიკაში – სან-ფრანცისკოში იყო და მეორე – საბჭოთა კავშირში – სოხუმში.

ერთ-ერთი ვერსიით, აქ პროექტიც კი მიმდინარეობდა –  ეგრეთ წოდებული, „ჩო 01“, რაც რუსული აბრევიატურაა და ნიშნავს ადამიანის მსგავს მაიმუნს.   როგორც ირკვევა, სტალინი დაჰყვა ბიოლოგ იაკობ კრასინსკის მიერ მოფიქრებულ და თეორიულად ჩამოყალიბებული იდეას, ეგრეთ წოდებული ძლიერი მუშა-მებრძოლის ტიპის შექმნის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, კრასინსკი  ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნის ერთმანეთთან შეჯვარების საექსპერიმენტო სამუშაოებს ატარებდა, რათა ისეთი არსება ,,გამოეძერწათ”,  რომელიც დაუღალავად იშრომებდა მრავალი საათის განმავლობაში, უშიშრად შეებრძოლებოდა მტერს და, რაც მთავარია, უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ნებისმიერ ბრძანებას.

მაიმუნების „პიტომნიკში“  ამ პროექტმა მხოლოდ ერთ წელს იარსება, შემდეგ კი – კრასინსკი თაღლითობის გამო დახვრიტეს კიდეც.

შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1992-1993 წლებში მაიმუნების საშენი ნაწილობრივ განადგურდა. ცხოველების უმრავლესობა დაიღუპა. მოგვიანებით – საშენი აღადგინეს და ახლა იქ მეცნიერული კვლევითი ცენტრი მუშაობს.

გამოყენებული ლიტერატურა:

    1. თარხან-მოურავი, გიორგი. ,,ჯიხვთა, მაიმუნ-ადამიანი, ბურჟუაზიული ცრუმეცნიერებები და სხვა” (გვ.77),   წიგნში – ,,საბჭოთა ხანის სამეცნიერო ექსპერიმენტები”.
    2. ლაშაური, ნიკა. რატომ გაიხსნა მაიმუნების საშენი უშუალოდ ბერიას თაოსნობით სოხუმში. ჟურნალი ,,თბილისელები” #47.
    3. სოხუმის მაიმუნების საშენი – სასიკვდილოდ განწირული ცხოველები, www.livepress.ge (28.07.2018)

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid