close
სამხედრო

ჩინეთმა ხელოვნურ კუნძულებზე საზენიტო-სარაკეტო სისტემები დაამონტაჟა 

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აგებულ შვიდივე ხელოვნურ კუნძულზე საზენიტო -სარაკეტო სისტემები დაამონტაჟა.

ამის შესახებ აშშ-ის ანალიტიკურმა ინსტიტუტმა ოთხშაბათს სატელიტიდან გადაღებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით განაცხადა.

როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან არსებული ორგანიზაცია – აზიის საზღვაო გამჭირვალობის ინიციატივა (AMTI) იუწყება, მათი კვლევის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის ჩინეთის ხელისუფლების განცხადებასთან, რომ პეკინს კუნძულების მილიტარიზაციის განზრახვა არ ამოძრავებს.

AMTI-ის ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებზე მიმდინარე მშენობლობაზე დაკვირვებას ორგანიზაცია ივნისიდან აწარმოებს.   აღნიშნულ კუნძულებზე უკვე აგებულია აეროდრომები, რომლებსაც, როგორც ჩანს,  სამხედრო დანიშნულება აქვთ.

სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ კუნძულებზე დამონტაჟებულია საზენიტო ქვემეხები და CIWS სისტემები. ,,რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში პეკინი თავის კუნძულებს დაიცავს,” –  აცხადებს აზიის საზღვაო გამჭირვალობის ინიციატივა.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გასული წლის სექტემბერში აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანას სპრატლის არქიპელაგის მილიტარიზაცია არ სურს. ამავდროულად პეკინი ამტკიცებს, რომ კუნძულები მას ეკუთვნის და მათი დაცვა მისი პრეროგატივაა.

რამდენიმე თვის წინ საერთაშიროსი ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე სადავო ტერიტორიებზე ისტორიული უფლება არ აქვს. ჩინეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოსა და უსამართლოს უწოდებს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response