close
სამხედრო

რა არის ისრაელის დამცავი ფარი – “რკინის გუმბათი” და რა შეუძლია მას?

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების შემდეგ გავრცელდა არაერთი ფოტო და ვიდეომასალა, სადაც გასროლილი რაკეტები თითქოს უხილავ კედელს ეჯახება. სწორედ ეს არის “რკინის გუმბათი”, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ისრაელისთვის მნიშვნელოვანი თავდაცვითი სისტემა აღმოჩნდა.
“რკინის გუმბათი” არის ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელსაც შეუძლია გაანეიტრალოს რაკეტა 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან. სისტემას შეუძლია ამოიცნოს და გამოთვალოს რაკეტების ტრაექტორია და ჰაერშივე გაანადგუროს ის. “რკინის გუმბათი” ნებისმიერ ამინდში მოქმედებს და ანტირაკეტასაც უშვებს იმ შემთხვევაში, თუ რაკეტის ტრაექტორიით დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება დასახლებულ პუნქტს.
ისრაელის ოფიციალური უწყებების განცხადებით, “რკინის გუმბათი” ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტების 85-90%-ს უმკლავდება, რაც ნამდვილად დიდი რიცხვია და ექსპერტთა ნაწილს ეჭვიც კი შეაქვს მის ნამდვილობაში. თუმცა აშკარაა, რომ მას საჰაერო შეტევების დროს მიყენებული ზარალი მინიმუმამდე დაჰყავს.
სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ტესტირება 2009 წელს მოხდა. ექსპლუატაციაში კი 2011 წელს მოიყვანეს. თავდაპირველად სისტემის ეფექტიანობა დაბალი იყო. ისრაელი ანტისარაკეტო სისტემას დღემდე ავითარებს და რაკეტების უდიდეს ნაწილსაც ანეიტრალებს.
“რკინის გუმბათსაც” აქვს სუსტი წერტილი. სისტემა შესაძლოა მაშინ გადაიტვირთოს, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით რაკეტასთან მოუწევს გამკლავება. შესაძლოა რამდენიმე რაკეტა ჰორიზონტიდან დაუსხლტეს და გაარღვიოს დაცვა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0