close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

გერმანიაში აღმოაჩინეს სოფელი, სადაც COVID19-ით არავინ დაინფიცირებულა

გერმანიაში აღმოაჩინეს სოფელი, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით არავინ დაინფიცირებულა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გერმანიაში არის პატარა სოფელი ლიგი, რომელშიც 400 ადამიანი ცხოვრობს. დასახლება რეინლად-ფალცის მიწაზე, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს ადგილი იმით გახდა ცნობილი, რომ 14 თვეა, სოფელში კორონავირუსით არავინ დაინფიცირებულა. ამასთან გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან, COVID19-ის 3,6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

გერმანიის პატარა სოფელი მსოფლიოსთვის გახსნილია, თანაც ადგილობრივი მოსახლეობის 90% ტერიტორიას ყოველდღე ტოვებს და სამუშაოდ სხვა სოფელში მიდის.

ადგილობრივი მედია შექმნილ ვითარებას „ლიგის სასწაულს“ უწოდებს. სოფლის მერი ამას პრაგმატულად ხსნის. „ჩვენს სოფელში, ყველას სჯერა, რომ ვირუსი არსებობს. ყველა იცავს პანდემიის წესებს და დისციპლინირებულია, რადგან საფრთხე გააზრებული აქვთ. სოფლის მოსახლეობა ერთი გუნდის პრინციპით ცხოვრობს. ხანდაზმულებისთვის ხდება სურსათის ორგანიზებულად შესყიდვა. მშობლებმა სკოლაში ჰაერის გამწმენდი და დეზობარიერიდადგეს. როცა პოლიტიკოსები არ ასრულებენ დანაპირებს, მაშინ სადავეებს ჩვენს ხელში ვიღებთ“, – განუცხადა Deutsche Welle-ს ჰაინც ცილესმა.

ამის მიუხედავად, ის არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსთან მიმართებით, სოფელში ვითარება შეიცვალოს.

ამ დროისთვის გერმანიაში მოქმედებს კარანტინი და აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

“არ დაგითმობთ ჩვენს ტყეს” — პროტესტი თურქეთის პატარა ხეობაში სამთო კომპანიის წინააღმდეგ

თურქეთში, რიზეს პროვინციის იქიზდერეს უბანში, ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან ქვის კარიერის პროექტს, რომელიც, მათი თქმით, ტყის რესურსებსა და ადგილობრივთა ყოფას საფრთხეს შეუქმნის. პროცესს თან სდევს დაპირისპირება პოლიციასთან, თუმცა პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ.

თურქული “ბიანეთის” ინფორმაციით, სამუშაოები, რომელთაც მთავრობასთან დაახლოებული “ჯენგიზ ჰოლდინგი” ახორციელებს, რიზეში 21 აპრილს დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა საპრეზიდენტო განკარგულება იქ მდებარე იშქენჯედერეს ხეობის ტერიტორიის დაუყოვნებლივი ექსპროპრიაციის შესახებ.

“ჰურიეთის” ცნობით, სამთო კომპანიას 16 მილიონი ტონა ქვის მოპოვება აქვს გადაწყვეტილი, რომლის გამოყენებასაც რიზეს ლოჯისტიკური ცენტრისა და პორტის პროექტის განხორციელებისას გეგმავს.

პროცესის დაწყებას მოქალაქეთა მყისიერი პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივთა თქმით, ისინი ინვესტიციას არ ეწინააღმდეგებიან, “თუმცა ქვის კარიერის ადგილი არასწორად არის შერჩეული”. მოქალაქეებმა მშენებლობის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ხეობის შესასვლელში კი, პროცესის სამეთვალყურეოდ, კარავი გაშალეს. მიუხედავად ამისა, სამუშაოები მაინც დაიწყო.

მოქალაქეების ტერიტორიიდან გაძევების მცდელობისას ჟანდარმერიამ ადგილობრივთა მიერ გაშლილი კარავი აიღო და მშენებლობის ტერიტორია ჩაკეტა. თუმცა, მედიის ცნობით, პოლიციის მიერ მიღებული ზომებისა და პანდემიის კრიზისის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ადგილობრივები მთის გზებით გაემართნენ ხსენებული ტერიტორიისკენ და პროტესტი განაგრძეს.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, გასულ დღეებში პოლიციამ არაერთი მოქალაქე დააკავა. ისინი, ვინც უკვე გაათავისუფლეს, კვლავ დაბრუნდნენ ხეობაში და თანამოაზრეებს შეუერთდნენ. ადგილზე ასევე მიდიან მეზობელი სოფლებისა და დასახლებების მკვიდრნი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ პროექტის მოწინააღმდეგეებს.

25 აპრილს გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც მშენებლობის ადგილას მისული ადგილობრივები ჩანან, ისმის შეძახილები: “ჩვენს ტყეს არ დაგითმობთ”. 

“ჩვენი სიცოცხლე აქ არის. გვაქვს ჩაის ბაღები, გვყავს ფუტკრები, წყარო გვაქვს… მთელი ჩვენი შემოსავალი აქედან მოდის. გავნადგურდებით, კარიერი რომ აშენდეს”, — ციტირებს ერთ-ერთ ადგილობრივს გამოცემა “ჰურიეთი”.

“აქ ვართ, რათა დავიცვათ ჩვენი საკუთრება. დღე და ღამე აქ ვიქნებით, ქვასაც კი არ დავთმობთ. ისინი დაიღლებიან, ჩვენ — არა”, — ამბობს კიდევ ერთი მათგანი.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში, რომელიც პროექტს თან ერთვის, ნათქვამია, რომ დაგეგმილი სამუშაოებისას ამფეთქებელი ტექნიკის გამოყენების გამო მოსუსტებულ მასალას შესაბამისად ამოიღებენ და მშენებლობისათვის გამოიყენებენ, გამანადგურებელი ეფექტის გარეშე. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე არსებული გზები და ბილიკები  რეგულარულად მოირწყვება, რათა მტვრის ფორმირება შემცირდეს.

თუმცა ადგილობრივთა დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ არ სჯერათ სამუშაოების უსაფრთხოების. მათი თქმით, პროცესი უკანონოა და კომპანიას არც შესაბამისი ნებართვები გააჩნია. “ბიანეთის” ცნობით, პროტესტის მონაწილეებმა ხეობის შესასვლელში ფუტკრის სკები განალაგეს და ასე შეეცადნენ, ხელი შეეშალათ სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებისთვის.

გასულ დღეებში ადგილზე არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩავიდა და მოქალაქეთა მოთხოვნებს მხარი დაუჭირა.

“არცერთი მოგება თუ პროექტი არ არის სოფლის მკვიდრთა საცხოვრებელ სივრცეზე ფასეული”, — თქვა ოპოზიციური “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა მურათ ჩეფნიმ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერად.

გარეკნის ფოტო: Bianet

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს და ამიტომ შესაძლებელია, რომ მომდევნო ტალღა შედარებით რბილი იყოს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ცივ პერიოდში, რომელიც რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტული დროა, ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ახლა შევდივართ შედარებით თბილ პერიოდში. უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს და ამიტომ შესაძლებელია, რომ მომდევნო ტალღა შედარებით რბილი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჰელსინკისა და ტალინის დამაკავშირებელი უდიდესი წყალქვეშა გვირაბის მშენებლობა დაიგეგმა

დაიგეგმა წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა ფინეთსა და ესტონეთს შორის, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ორ ქალაქს, ჰელსინკსა და ტალინს. შესაბამისად, გვირაბის სახელიც იქნება „ტალსინკი“.

ბალტიის ქვეყნებს შორის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 26 აპრილს მოეწერა, რის მიხედვითაც, 103 კილომეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭიმება ფინეთის ყურის ქვეშ, ის დააკავშირებს ერთმანეთს ორივე სახელმწიფოს დედაქალაქს. ახალი გვირაბი მგზავრობის დროს შეამცირებს 2 საათიდან 30 წუთამდე და იქნება ორჯერ უფრო გრძელი, ვიდრე საფრანგეთი-ბრიტანეთის დამაკავშირებელი გვირაბი.

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ სარკინიგზო გვირაბი 2024 წლის დეკემბერში მზად იქნება იმისათვის, რომ მოემსახუროს მგზავრებს. „ტალსინკის“ პროექტი მიზნად ისახავს ტალინისა და ჰელსინკის გაერთიანებას ერთი დიდი მეგაპოლისის ქვეშ.

წელიწადში რვა მილიონზე მეტი ადამიანი გადის ფინეთის ყურეს და ამ მარშრუტზე სამგზავრო მიმოსვლაც სწრაფი ტემპით გაიზრდება. ის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება სკანდინავიისა და ევროპის ქვეყნებისთვის, რაც შესაბამისად ფინეთსა და ესტონეთს დამატებით ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.

ჰელსინკი-ტალინის დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის ტექნიკურ, ბიზნეს და ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე საუბარი 2015 წელს დაიწყო, მისი დასრულების შემდეგ კი ის გახდება მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დარჩა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს

6 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი  და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი,  შარლ მიშელი თურქეთში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად ჩავიდნენ. მოლაპარაკებების დარბაზში გადანაცვლების შემდეგ უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დარჩა.

შესაბამისად, ორი სკამი ერდოღანსა და შარლ მიშელს ერგო, ხოლო ევროკომისიის პირველ ქალ პრეზიდენტს მოშორებით მოუწია დაჯდომა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოპირდაპირედ.

შარლ მიშელმა შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ თურქეთის პროტოკოლის სამსახური შეცდა, რამაც აღნიშნული გამოიწვია.  ინციდენტის გამო ნამდვილად წუხს და დასძენს, რომ უკან დაბრუნება რომ შეეძლოს სიტუაციას აუცილებლად გამოასწორებდა. ასევე ის წუხს, რომ ინციდენტმა დაჩრდილა გეოპოლიტიკური და მეტად მნიშვნელოვანი სამუშაო, რისთვისაც დელეგაცია თურქეთში იმყოფებოდა.

ეროკავშირის კომისიის სპიკერმა, ერიკ მამერმა განაცხადა, რომ მიშელსა და ფონ დერ ლაიენს თანაბარი წოდება აქვთ და ამიტომ ისინი ერთმანეთის გვერდით უნდა მჯდარიყვნენ.

აღნიშნული ინციდენტი კი თურქეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოექცა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დანია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ე.წ.კოვიდპასპორტი ამოქმედდა

დანია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც, 6 აპრილიდან, ე.წ.კოვიდპასპორტის სქემა ამოქმედდა.

„კორონა პასი“ აპლიკაციის, ან დაბეჭდილი სახითაა ხელმისაწვდომი და მისი მფლობელები არიან ადამიანიანები, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინების ორივე დოზა აქვთ გაკეთებული, ვირუსი 2-12 კვირის წინ დაუდასტურდათ, ან გასული 72 საათის განმავლობაში აღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ მიღებული. დოკუმენტი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ესტუმრონ საპარიკმახეროებს, სილამაზის სალონებს, ავტოსკოლებს. მოგვიანებით კი, მის მფლობელებს მუზეუმებში, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლის ნებართვაც ექნებათ, რომელთა გახსნაც ქვეყანაში 6 მაისიდან იგეგმება.

ბიზნეს ობიექტები, რომლებიც იმ მოქალაქეებს მოემსახურებიან, რომლებსაც „კოვიდპასპორტი“ არ აქვთ, 400 ევროთი დაჯარიმდებიან, რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 6 000 ევრომდე გაიზრდება.

რაც შეეხება მომხმარებლებს, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მათ 330 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის დანიის კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული დანიის მოსახლეობის 7 პროცენტია, ვაქცინის პირველი დოზა კი 13.3 პროცენტს აქვს გაკეთებული. ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით 5.8 მილიონს შეადგენს.

დანიის მთავრობა ეკონომიკის სრულ გახსნას 21 მაისიდან გეგმავს, როდესაც, მათი ვარაუდით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია დასრულებული იქნება.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

იგეგმება თუ არა პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა ადრე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გადაჭრის ერთ-ერთ შესაძლებლობას წარმოადგებს.

ჩინეთის მთავრობა ძალადობის ფაქტს უარყოფს და 7 აპრილს ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ მომავალი წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის ბოიკოტი არ გამოაცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეაგირება  მკაცრი იქნება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჩაო ლიძიანის განცხადებით, არ უნდა იქნეს პოლიტიზირებული სპორტი და ოლიმპიური თამაშები.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტნმა კი ერთი დღით ადრე უარყო, რომ 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტი განხილვის საგანი იყო მოკავშირეებთან ერთად. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ეწინააღმდეგება ოლიმპიური თამაშების შესაძლო ბოიკოტს.

შეგახსნებთ, რომ ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ ჩინეთს სანქციები დაუწესეს მუსლიმი უიღურების უფლებების დარღვევის გამო სინძიანის ავტონომიურ რაიონში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მარვა ელსელეჰდარის თქმით, სწორედ მას დასდეს ბრალი სუეცის არხის ბლოკირებაში

მარვა ელსელეჰდარი არის ეგვიპტის პირველი ქალი კაპიტანი, რომელიც ამბობს, რომ სუეცის არხის ბლოკირებაში სწორედ მას დასდეს ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დროს ის Aida IV-ზე, ასობით კილომეტრით შორს იმყოფებოდა.

29 წლის კაპიტანმა არ იცის პირველწყაროს ვინაობა და არც დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი. ვარაუდობს, რომ აღნიშნული შეიძლება უკავშირდებოდეს მის წარმატებას საქმიანობაში, ან წარმომავლობას. მაგრამ ცხადია, რომ კარიერაში ნეგატიურად აისახება აღნიშნული ბრალდება.

“International Maritime Organisation”-ის ინფორმაციით, ქალ მეზღვაურთა წილი მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 2%-ს შეადგენს და შესაბამისად, მარვაც საქმიანობაში, სადაც მამაკაცები დომინირებენ, ბევრი მსგავსი გამოწვევის წინაშე დამდგარა.

დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს სუეცის არხის ბლოკირებაში ბრალი მარვას მიუძღოდა, ინგლისურენოვანი სტატიით მოხდა, რასაც ბევრი დრო არ დასჭირდა. ეგვიპტის პირველი ქალი კაპიტანი კი ცდილობდა სტატიაში გაჟღერებული ინფორმაცია უარეყო, რადგან მის რეპუტაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა, თუმცა გამოხმაურების ნაწილი დადებითი ხასიათის იყო და როგორც თავად ამბობს, ახლა უფრო მეტი ადამიანი იცნობს, ვიდრე ადრე.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გერმანიაში სუპერმარკეტებში შესვლისთვის COVID ტესტის გაკეთებაა საჭირო

კორონავირუსით დაინფიცირების მზარდი რაოდენობის და ვირუსის უფრო საშიში ბრიტანული ვარიანტის გავრცელების გამო, ბერლინის სენატმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებმა მაღაზიებში, მუზეუმებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლამდე მინიმუმ 1 დღის ადრე COVID ტესტი უნდა გაიკეთონ. ინფორმაციას Berlin.de ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მერმა და მისმა მოადგილეებმა მარტის ბოლოს, სენატის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შესაბამისად, თუ ტესტი სუსტად დადებით ან დადებით პასუხს აჩვენებს, მოქალაქეს მაღაზიაში, აფთიაქში, მუზეუმში, სილამაზის სალონში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში შესვლა აეკრძალება.

ამასთან, არსებული ეპიდსიტუაციის გამო, გერმანიის ინტენსიური და გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია DIVI-ში აცხადებენ, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება ორკვირიანი მკაცრი ლოქდაუნი, ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპი და სკოლებში კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მესამე ტალღა თავიდან აირიდოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

აშშ COVID-პასპორტის დანერგვას არ ემხრობა – ფაუჩი

აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ აშშ COVID-პასპორტის დანერგვას არ ემხრობა, თუმცა როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, ორგანიზაციებს შეუძლიათ, ეს მოდელი დამოუკიდებლად გამოიყენონ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფაუჩის აზრით, აშშ-ის ფედერალური მთავრობა არ გახდება COVID-პასპორტის კონცეფციის განხორციელების მთავარი ინიციატორი, თუმცა შესაძლოა, ჩაერთოს საკითხების იმ ნაწილში თუ რამდენად სამართლიანად დაინერგება COVID-პასპორტები სხვადასხვა დაწესებულებებში.

ფაუჩის განცხადებით, მთავარი პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად დაეკისრება იმ ორგნიზაციებს, რომლებიც კოვიდ-პასპორტების დანერგვას გადაწყვეტენ.

„ეს შეიძლება იყვნენ თეატრები, კოლეჯები და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ არავაქცინირებულ პირებს არ მიიღებენ, მაგრამ ეს არ იქნება აშშ-ის ფედერალური მთავრობა“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 40
Page 7 of 40