close

კვლევები

კვლევები

რობოტის დახმარებით ადამიანებში სმენითი ჰალუცინაციები გამოიწვიეს — უჩვეულო კვლევის შედეგები

სმენითი და ვერბალური ჰალუცინაციების შესასწავლად შვეიცარიელმა მეცნიერებმა უჩვეულო მიდგომას მიმართეს. კვლევის ფარგლებში მათ რობოტი დაიხმარეს და ჰალუცინაციები გამოიწვიეს ადამიანებში, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებების ისტორია არ ჰქონიათ.

ექსპერიმენტული მეთოდოლოგიის შესახებ პავო ორეპიკმა, ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარმა და ნაშრომის თანაავტორმა, ისაუბრა PsyPost-თან ინტერვიუში. კვლევა ჟურნალში Psychological Medicine გამოქვეყნდა.

არსებული ნაშრომების თანახმად, ვერბალური და სმენითი ჰალუცინაციები — ხმებისა თუ სიტყვების გაგონება მაშინ, როდესაც ისინი ობიექტურ სივრცეში არსებული არანაირი წყაროდან არ მოდის — იმის შედეგია, რომ ტვინი საკუთარ ფიქრებს თავისივე ქმნილებად არ მიიჩნევს და ისე ამუშავებს, როგორც გარე სტიმულს. მიუხედავად ამისა, ფსიქიატრია და ნევროლოგია ამ ფენომენს საფუძვლიანად მაინც ვერ ხსნის.

სმენითი ჰალუცინაციები ხშირად შიზოფრენიას უკავშირდება. მეორე მხრივ, ხმები ზოგჯერ სხვა ფსიქიკური პრობლემების მქონე ანდა სულაც ისეთ ადამიანებსაც კი ესმით, რომელთაც არანაირი დიაგნოზი არ აქვთ. მეცნიერებმა ამის ზუსტი მიზეზი ჯერაც არ იციან.

საკითხის შესასწავლად პავო ორეპიკმა და მისმა კოლეგებმა (ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა) 48 ჯანმრთელი ადამიანი შეკრიბეს. ცდისპირები, ანუ კვლევის მონაწილეები, თავისუფლად ფლობდნენ ფრანგულ ენას; მათ არ იცოდნენ, რა იყო კვლევის მიზანი.

თავდაპირველად მკვლევრებმა ცდისპირთა ხმები ჩაიწერეს, რომლებშიც ისინი 9 ერთმარცვლიან სიტყვას ამბობდნენ. ამ სიტყვებს უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სმენით-ვერბალური ჰალუცინაციებისას ხშირად უხეში ან ცუდი სიტყვები ესმით ხოლმე. ჩაიწერეს ცდისპირთათვის უცნობი ადამიანების ხმებიც, რომლებიც ამავე სიტყვებს ამბობდნენ.

ამის შემდეგ თვალახვეული ცდისპირები რობოტული ერთეულის ორ ნაწილს შუა დასვეს. ერთი მონაწილეების წინ იყო; ცდისპირებს სთხოვდნენ, რომ მისთვის ხელი მიერტყათ. მეორე რობოტული ნაწილი მათ უკან იყო და პირველი დარტყმის საპასუხოდ მონაწილეებს ზურგზე ეხებოდა.

მკვლევრებმა პროცესი ისე დაგეგმეს, რომ ორივე შეხება ერთდროულად წარმართულიყო — მეორე რობოტი ზურგზე სწორედ მაშინ ეხებოდა ცდისპირს, როცა ცდისპირი მიარტყამდა პირველ რობოტს. იყო ხანმოკლე შეყოვნებებიც, ანუ რობოტი რამდენიმე წამის დაგვიანებით ეხებოდა ადამიანს.

კვლევის შემდეგ ეტაპზე მეცნიერებმა მონაწილეების სმენა, მათი სმენის ზღურბლები, შეამოწმეს. ცდისპირებს თავიანთივე ხმის ჩანაწერები მოასმენინეს, რომლებიც მხოლოდ მომენტებში ირთვებოდა “ვარდისფერი ხმაურის” ფონზე — თეთრ ხმაურზე დაბალი სიხშირის მქონე ხმის, რომელსაც მეტად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. იგივე გააკეთეს უცხო ადამიანების ჩანაწერებითა და ვარდისფერი ხმაურითაც.

ამის შემდეგ მკვლევრებმა მხოლოდ ვარდისფერი ხმაური მოასმენინეს მონაწილეებს, ადამიანების ხმის ჩანაწერების გარეშე. ამ ხმას ზოგჯერ რობოტის შეხებებთან ერთად რთავდნენ, ზოგჯერ კი — მათ შემდეგ.

მონაწილეებს სთხოვეს, რომ ვარდისფერ ხმაურში ხმების გაგონებისას ღილაკისთვის დაეჭირათ, მოგვიანებით კი ეს ხმა აღეწერათ. ამის მიხედვით მეცნიერებს იმის დადგენა უნდოდათ, ადამიანები საკუთარ ხმას გაიგონებდნენ თუ უცხო ადამიანებისას.

არარსებული ხმები მონაწილეებს ყველაზე ხშირად სინქრონული დარტყმების დროს ესმოდათ. ცდისპირებმა აღნიშნეს ისიც, რომ ხმაურში საკუთარი ხმები უფრო ხშირად ესმოდათ, ვიდრე უცხო ადამიანების.

ორეპიკის განცხადებით, ამასთან ერთად ისიც შენიშნეს, რომ დელუზიური აზროვნებისაკენ მეტად მიდრეკილ ადამიანებს ხმები უფრო ხშირად ესმოდათ.

“ეს იმ თეორიას ამყარებს, რომ ჰალუცინაციებისა და დელუზიების მსგავსი გამოცდილებები გენერალურ პოპულაციაშიც კი ფენომენოლოგიურ სპექტრზე არსებობს”, — აღნიშნა მკვლევარმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰალუცინაციებისა და დელუზიების გამოცდილება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და არა მხოლოდ მათ, ვისაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ.

საბოლოო ჯამში, უჩვეულო ექსპერიმენტი ერთგვარი ნაზავია კლასიკური განპირობებისა და ჩვენი მიდრეკილების, რომ შემთხვევით რაღაცებში კანონზომიერებები ვეძიოთ. ასეა თუ ისე, დაზუსტებით ვერც რაიმე დასკვნას გავაკეთებთ, იმის გარდა, რომ ტვინი ძალიან კომპლექსური ბიოლოგიური მექანიზმია და საოცრად ბუნდოვანი კანონზომიერებების შემჩნევა თუ მათი სულაც მოგონება შეუძლია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა გავლენას ახდენს კოფეინი, ალკოჰოლი და ნიკოტინი ძილზე

ამერიკელმა მეცნიერებმა ძილზე კოფეინის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის გავლენა შეისწავლეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Sleep-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტების დასკვნით, ყავის ან ჩაის მირთმევა დაძინებამდე 4 საათით ადრე ადამიანზე უარყოფითად არ მოქმედებს, ალკოჰოლი და ნიკოტინი კი უძილობის რისკს ზრდის.

კვლევაში 785 ადამიანი მონაწილოებდა, როლებსაც მეცნიერები 5 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეები დღიურში ინიშნავდნენ კოფეინის შემცველი სასმელების და ალკოჰოლის დოზას, ასევე ძილის წინ მოწეული სიგარეტის რაოდენობას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ადამიანები ისევე ირჩევენ ძაღლებს, როგორც პარტნიორს

როდესაც საუბარია ოთხფეხა მეგობრების შერჩევაზე, ადამიანები მათი არჩევის დროს ხასიათის იმავე ნიშნებს ავლენენ, როგორსაც ცხოვრების პარტნიორის შერჩევისას – ისინი ირჩევენ ისეთი ხასიათის ცხოველს, რომელიც მათ მოთხოვნებს არ შეესაბამება. კვლევის შესახებ ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.

კვლევა Behavior Research Methods-ში გამოქვეყნდა და ის ინდიანის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ ძაღლები 13 კატეგორიად დაყვეს: ასაკი, სქესი, ფერი, ჯიში, თამაშის სიყვარული, მონადირული თვისებები და ა.შ. მათ ცხოველთა თავშესაფრებში 1229 ადამიანი გამოკითხეს, რომელთაგან 145 ადამიანმა აიყვანა ცხოველი.

მონაცემების შედარებისას მკვლევრებმა დაასკვნეს: მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებმა ოთხფეხამეგობრების არჩევასთან დაკავშირებით ბევრი სურვილები ჩამოთვალეს, მათგან შერჩეული ცხოველი თითქმის არცერთ მათგანს არ აკმაყოფილებდა.

“მსგავსად იქცევიან ადამიანები პარტნიორის შერჩევის დროს. ჩვენ გვაქვს გარკვეული სურვილები პოტენციურ პარტნიორთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ ვირჩევთ მათ, რომლებიც ამ სურვილებსა და მოთხოვნებს ძლივს აკმაყოფილებენ”, – ამბობენ კვლევის ავტორები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ქალების ჯანმრთელობისთვის კვირაში ორჯერ მეგობრების ნახვა აუცილებელია

იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესონ, კვირაში ორჯერ მეგობრებთან ერთად უნდა გაატარონ დრო. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა.

როგორც გაირკვა, მეგობრებთან დროის გატარება ქალებს უფრო აბედნიერებს და ამხიარულებს, რაც დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ფსიქოლოგი და კვლევის ავტორი რობინ დუნბარი ამბობს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება თუ ის კვირაში ორჯერ ოთხ საუკეთესო მეგობართან ერთად ატარებს დროს და სხვადასხვა რამით კავდება. კვლევის მიხედვით, ეს “სხვადასხვა რამეა”: ლუდის დალევა, ჭორაობა, მათ მეტოქეებზე საუბარი და ა.შ.

მეგობრებთან დროის გატარების დადებითი მხარეები, რომლებიც ქალის ჯანმრთელობაზე აისახება არის შემდეგი: ისინი ავადმყოფობას მალე ერევიან; უმცირდებათ შეშფოთებისა და მღელვარების დონე; იზრდება გულუხვობის დონე, რაც მათ თავს უკეთ აგრძნობინებთ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყოველი 5 ქალიდან მხოლოდ 2 ახერხებს კვირაში ერთხელ მაინც მეგობრების ნახვას. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს (შესაძლოა კაცებზე მეტადაც კი) სჭირდებათ ამგვარი კავშირები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა გავლენას ახდენს ტელევიზორის ყურება და სოცქსელები მოზარდებზე

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტელევიზორის ყურება და სოციალური ქსელების გამოყენება მოზარდებში დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს. ამის შესახებ JAMA Pediatrics-ი წერს.

სპეციალისტების განმარტებით, სატელევიზიო გადაცემებსა და სოციალურ მედიაში ბავშვები ხშირად ხედავენ უფრო უზრუნველყოფილ ბავშვებს, რაც მათ თვითშეფასებას ამცირებს და ხასიათის გაუარესებას იწვევს.

ამასთან, მოზარდები რაც უფრო დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში და ტელევიზორთან, მით უფრო რთულია ხდება დეპრესიის სიმპტომები.

გარდა ამისა, მეცნიერების მტკიცებით, ვიდეოთამაშები და კომპიუტერის გამოყენება მოზარდების განყობაზე გავლენას არ ახდენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ჩაისა და ყავის მოხმარება ინსულტისა და დემენციის რისკებს ამცირებს☕

ბრიტანეთში, იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩაისა და ყავის მოხმარება ინსულტის, იშემიისა და დემენციის რისკს ამცირებს. მათი კვლევა ჟურნალში Sci News გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილეობა 365 682-მა ადამიანმა მიიღო. ისინი კვლევას 2006-დან 2010 წლამდე შეუერთდნენ და ექიმები მათ ჯანმრთელობას 2020 წლამდე აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში 5 079 მათგანს ჭკუასუსტობა განუვითარდა, 10 053-ს კი ინსულტი.

ინსულტისა დ ჭკუასუსტობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი მათ შორის დაფიქსირდა, ვინც დღეში 2-3 ჭიქა ყავას, 3-5 ჭიქა ჩაის ან კომბინირებულად – ჩაისა და ყავის 4-6 ჭიქას მიირთმევდა. ამ ადამიანთა ჯგუფში ინსულტის რისკი 32%-ით ნაკლები იყო, დემენციის განვითარებისა კი 28%-ით ნაკლები, მათთან შედარებით, ვინც ჩაისა და ყავას არ სვამდა.

ამასთან, ავტორები გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი დაკვირვებითი კვლევები არ შეიძლება გამოვიყენოთ მიზეზობრივი კავშირის დასადგენად. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევის მონაწილეები (ბრიტანეთის ბიოფონდის მოხალისეები), როგორც წესი კარგ ფზიკურ ფორმაში არიან, ამიტომ შესაძლოა მიღებული შედეგები ზოგად მოსახლეობაში არსებულ სურათს სრულად არ ასახავდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მოწევა დნმ-ის მუტაციებს იწვევს და ეს კიბოსთანაა დაკავშირებული — კვლევა

წლების განმავლობაში კვლევებმა აჩვენა, რომ მოწევა დნმ-ზე ცუდად მოქმედებს და ეს საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სიგარეტის კვამლში შემავალმა ტოქსიკურმა ნივთიერებებმა და სხვა ნაერთებმა შეიძლება გამოიწვიოს საშიში მუტაციები. ამ ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე და გაზარდოს რიგი დაავადებების განვითარების რიკსები.

და აი ახლა, ახალი კვლევა ადასტურებს, რომ თამბაქოს მოწევამ შეიძლება მართლაც გამოიწვიოს დნმ-ის მუტაციები და ამას კიბომდე მივყავართ. ეს მუტაციები სხეულს სპეციფიკური ცვლილებების გამომუშავების უნარს უბლოკავს და ამით კიბოს განვითარების მიმართ დაუცველები ვხდებით.

გარდა ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს პროცესი კიბოს საწინააღმდეგო ცილების წარმომქმნელ გენებს ბლოკავს. საბოლოოდ ამით კიბოს უკონტროლო ზრდას ვიღებთ.

“კვლევამ აჩვენა, რომ მოწევა დაკავშირებულია დნმ-ის ცვლილებებთან, რომელიც საბოლოოდ ორგანიზმს სიმსივნის მიმართ დაუცველს ტოვებს. ბუნებრივია, ასე კიბო უფრო მარტივად ვითარდება”, — თქვა ნინა ადლერმა, ტორონტოს უნივერსიტეტის დოქტორანტმა და კვლევის ავტრომა.

გამოთვლითი მეთოდების გამოყენებით, მკვლევრებმა შეისწავლეს 12 000-ზე მეტი სიმსივნის ნიმუშის დნმ და ეს 18 განსხვავებული ტიპის კიბოსგან.

“ყველამ იცის, რომ მოწევა კიბოს განვითარებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმის ახსნა, თუ როგორ მუშაობს ეს მოლეკულურ დონეზე უმნიშვნელოვანესია”, — თქვეს მკვლევრებმა.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მეტი კვლევაა საჭირო სხვა ფაქტორების გამოსავლენად. საუბარია ალკოჰოლის მოხმარებასა და არაჯანსაღ დიეტაზე. თუმცა, ამ დროისთვის არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ მოწევა იწვევს კიბოს და ამ დასკვნას წინა კვლევებიც ადასტურებს.

ძველმა კვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს კვამლში შემავალი ქიმიკატები, როგორიცაა პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (PAH) და ნიტროზამინები, უშუალოდ უკავშირდებიან დნმ-ს და იწვევენ მუტაციებს. საბოლოოდ ეს არღვევს ნორმალურ უჯრედლ პროცესებს და იზრდება კიბოს განვითარების საფრთხე.

მკვლევრების თქმით, ამის გარდა, მოწევამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეპიგენეტიკური ცვლილებები. ეს დნმ-ის მოლეკულის მოდიფიკაციაა, რომელიც გავლენას ახდენს გენის ექსპრესიაზე და აქვს გრძელვადიანი გავლენა ჯანმრთელობაზე, მათ შორის მომავალ თაობებზე გადაცემის ჩათვლით.

ახალი კვლევა გვაწვდის მეტ მტკიცებულებას იმაზე, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და ის დაკავშირებულია კიბოს განვითარების მომატებულ რისკებთან.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: შაქრის დღიური დოზის მისაღებად, 2 ჭიქა ღვინო საკმარისია

დიდ ბრიტანენთში, Alcohol Health Alliance-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შაქრის მაქსიმალური დღიური დოზის მისაღებად, საკმარისია, ადამიანმა დღეში 2 ჭიქა ღვინო მიირთვას, – ამის შესახებ BBC წერს.

დამოუკიდებელი ლაბორატორიის მკვლევარებმა ბრიტანეთში ცნობილი ბრენდების წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ხილისა და ცქრიალა ღვინოები შეისწავლეს.

„დადგინდა, რომ ზოგიერთი სახეობის ერთი ბოთლი ღვინო 59 გრამამდე შაქარს შეიცავს, რაც მომინანქრებულ დონატში შაქრის შემცველობასაც კი აღემატება“, – წერს BBC.

30-ზე მეტი შესწავლილი ბოთლიდან ეტიკეტზე არცერთს არ ეწერა კვებით ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ამას კანონი არ ითხოვს.

ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციის თანახმად, ზრდასრულმა ადამიანმა დღეში მაქსიმუმ 30 გრამი შაქარი შეიძლება მიიღოს. მკვლევარების თქმით, დღიური ლიმიტის მისაღწევად, საკმარისია, ადამიანმა საშუალო ზომის ჭიქით, ორჯერ მიირთვას ღვინო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ალკოჰოლი ხანდაზმულებისთვის სასარგებლოა

პირტიანი სასმელის ზომიერი მიღება 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობის დიაგნოზი აქვთ დასმული, სასარგებლო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ეს მათ სიცოცხლეს საშუალოდ 1 წლით ახანგრძლივებს. კვლევა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. დასკვნა დაწესებულების ვებგვერდზე ქვეყნდება.

სპეციალისტებმა 1989-1993 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები შეისწავლეს, რომელშიც 5888 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 393 წელს ამ დროისთვის გულის უკმარისობა განუვითარდა. . მათი საშუალო ასაკი 79 წელი იყო. лет. მონაწილეები 4 კატეგორიად დაყვეს – ვისაც არასდროს დაულევია, ვინც სმას თავი დაანება, ვინც კვირაში 7 პორციას სვამდა და ვინც 8 პორციაზე მეტს სვამდა. პორცია ლიტრი ლუდით, 0,18 ლიტრი ღვინით და 0,04 ლიტრი ლიქიორით განსაზღვრეს.

აღმოჩნდა, რომ მესამე კატეგორია 1 წლით მეტს ცხოვრობდა პირველ ორთან შედარებით. მეოთხე ჯგუფში ცოტა ადამიანი შედიოდა, ამიტომაც მათზე ნაკლები ცნობა არსებობს.

ეს არ ნიშნავს, რომ პენსიონრებმა ალკოჰოლური თრობა დაიწყონ, მაგრამ ძილის წინ თითო ბოკალი ლუდი, ან ღვინო მათთვის სასარგებლოა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მწვანე ჩაის მოყვარულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ

მწვანე ჩაი ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ამის შესახებ National Geographic-ი ჩინელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტების კვლევა უკვე 22 წელია გრძელდება. მასში 100 902 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც გულისა და სისხლძარღვების დაავადებები არ აღენიშნებოდათ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფის წევრები კვირაში სამჯერ ან უფრო ხშირად სვამდნენ მწვანე ჩაის, მათი „კოლეგები“ კი უფრო იშვიათად ან საერთოდ არ სვამდნენ.

კვლევამ დაადგინა, რომ ჩაის მოყვარულებს შორის გულისა და სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი საშუალოდ 20%-ით ნაკლებია, ინსულტის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენს, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის რისკის შანსები კი 15%-ით დაბალია.

ამასთან, გაირკვა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობა მწვანე ჩაის ანიჭებდა უპირატესობას, შავს კი მხოლოდ 8% სვამდა. მეცნიერებმა ეს დეტალიც შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელობაზე დადებითად მხოლოდ მწვანე ჩაი მოქმედებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 114
Page 28 of 114