close

კვლევები

კვლევებიმედიცინა

რა ენაზე ფიქრობენ სმენის არმქონე ადამიანები?

ყველას მსგავსად, სხვებთან და საკუთარ თავთან კომუნიკაცია სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც შეუძლიათ, თანაც არაერთი გზით. არ არსებობს ერთი კონკრეტული ჟესტური ენა ან მოდალობა, რომელსაც ფიქრისას ყველა სმენადაქვეითებული ადამიანი იყენებს. ადამიანის ფიქრის ბუნებას არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად: რა ასაკში წაერთვა/შეუსუსტდა მას სმენა ან აქვს თუ არა შინაგანი მონოლოგი.

ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა არაა გამოქვეყნებული, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მაინც არსებობს. პროფესორმა ბენსი ვოლმა, ჟესტური ენის ლინგვისტმა (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი), საკითხი შემდეგნაირად ახსნა:

“იმ ადამიანის ფიქრი, რომელიც სმენის გარეშე დაიბადა, მისთვის ნაცნობ ენებზე იქნება დამოკიდებული. ზოგჯერ სმენადაქვეითებული ბავშვები თავისთვის ისევე მღერიან, როგორც ნორმალური ბავშვები ესაუბრებიან საკუთარ თავს”.

სრულად სმენადაქვეითებული ზოგი ადამიანი არა ხმით, არამედ გამოსახულებებით ფიქრობს, ანუ ფიქრებს ჟესტების, დაწერილი სიტყვების ან სურათების სახით წარმოიდგენს. საკუთარი ფიქრების დეტალურად წარმოდგენა მათაც შეუძლიათ, უბრალოდ ამას განსხვავებულად აკეთებენ.

სმენის გარეშე დაბადებული ადამიანები, დიდი ალბათობით, ვერ მიხვდებიან, როგორ ჟღერს მეტყველება; მეორე მხრივ, ამაზე წარმოდგენა ექნებათ მათ, ვინც სმენა თავიდან ჰქონდათ და მოგვიანებით დაკარგეს. შესაბამისად, ზოგიერთი სმენადაქვეითებული ადამიანი შეიძლება ვიზუალების, ხმის ან ორივეს გამოყენებით ფიქრობდეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსოფლიოში დაახლოებით 300 ჟესტური ენა არსებობს. შესაბამისად, სწორედ კონკრეტულ ენაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ჟესტებს წარმოიდგენს ფიქრისას სმენადაქვეითებული ადამიანი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კვლევებმა აჩვენა, რომ ჟესტური ენის გამოყენებით ფიქრი ტვინის მარცხენა ქვედა შუბლის ქერქს ააქტიურებს. სწორედ ეს რეგიონი აქტიურდება მაშინაც, როცა ნორმალური სმენის მქონე ადამიანები იყენებენ სიტყვებს შინაგანი მონოლოგისთვის.

“ეს მიანიშნებს, რომ ჟესტური ენითა და სამეტყველო ენით ფიქრს ერთი და იგივე უბნები მართავს“, — დაასკვნეს მეცნიერებმა 1997 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში.

1970-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოკლევადიან მეხსიერებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჟესტების წარმოდგენას სასიცოცხლო როლი აქვს. ზუსტად ასევეა შინაგანი, უხმო, მეტყველება ნორმალური სმენის მქონე ადამიანებისთვის.

ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ყველა ნორმალური სმენის მქონე ადამიანი ვერბალურად, ანუ სიტყვების გამოყენებით, ფიქრობს. უკვე ფართოდ ცნობილია, რომ ზოგს შინაგანი მონოლოგი არ აქვს, ანუ მათი ფიქრები ჩუმია და მხოლოდ გამოსახულებებისგან ან სხვა აბსტრაქტული იდეებისგან შედგება.

უცნობია, რამდენად ხშირია ეს ფენომენი სმენადაქვეითებულ ადამიანებში; დაუზუსტებელია ისიც, ახასიათებთ თუ არა მათ ეს იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც — ნორმალური სმენის მქონე ადამიანებს.

ზოგიერთ ადამიანს აფანტაზია აქვს, ანუ გონებაში არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია. როგორც ჩანს, სმენადაქვეითებულებში აფანტაზიის კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. შესაბამისად, ისიც უცნობია, როგორ შეიძლება ფიქრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არც ხმის წარმოდგენა შეუძლიათ და არც გამოსახულებების.

საბოლოო ჯამში, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ფიქრობდეს სმენადაქვეითებული ადამიანი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი – ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. შესაბამის კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია მედიკამენტზე, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის.

პრეპარატის სახელია ATI-450 და იგი თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს.  ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.

ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს.

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დასახელდა პროდუქტი, რომელიც ნაწლავების კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ნაწლავების კიბოს განვითარების რისკი შემცირდება, თუ კვირაში 3-ჯერ თევზს მივირთმევთ. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, კვლევა 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ევროპაში მცხოვრები 476 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებში, რომლებიც თევზს ხშირად მიირთმევენ, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი 12%-ით ნაკლები იყო. ამასთან, მნიშვნელობა არ ჰქონდა ცხიმიან თევზს მიირთმევდნენ ისინი თუ უცხიმოს.

მეცნიერები ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ თევზი შეიცავს ცხიმიან მჟავეებს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ფუტკრის შხამში შემავალმა მოლეკულამ ლაბორატორიაში ძუძუს კიბოს უჯრედები გაანადგურა

მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ჩვენგანს ფუტკრის ნესტართან მწარე გამოცდილება გვაქვს, მათი ეს იარაღი შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ უსიამოვნება. ახალი ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ფუტკრის შხამში აღმოჩენილ მოლეკულას შეუძლია ჩაახშოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კიბოს უჯრედების ზრდა.

კვლევა ფოკუსირებული იყო ძუძუს კიბოს გარკვეულ ქვეტიპებზე, მათ შორის ძუძუს სამმაგ ნეგატიურ კიბოზე (TNBC), რომელიც წარმოუდგენლად აგრესიულია და მის წინააღმდეგ მკურნალობის დიდი არჩევანიც არ არის.

ძუძუს კიბოების 15 პროცენტი ძუძუს სამმაგ ნეგატიურ კიბოზე მოდის. მრავალ შემთხვევაში, მისი უჯრედები მოლეკულას, სახელად EGFR-ს, იმაზე დიდი რაოდენობით წარმოქმნის, ვიდრე ჩვეულებრივი უჯრედები. ამ მოლეკულის მიზანში ამოსაღებად პრეპარატების შექმნის ყოველი წინა მცდელობა არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებდნენ ჯანმრთელ უჯრედებზეც.

მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) შხამმა უკვე აჩვენა პოტენციალი სხვა სამედიცინო თერაპიებში, მაგალითად, ეგზემას მკურნალობაში; ასევე ცნობილი იყო, რომ აქვს სიმსივნის, მათ შორის მელანომას საწინააღმდეგო გარკვეული თვისებები. თუმცა, გაურკვეველი რჩებოდა, როგორ მოქმედებს ის სიმსივნეების წინააღმდეგ მოლეკულურ დონეზე. ამჯერად, ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

საკუთარ პათოგენებთან საბრძოლველად, ფუტკრები იყენებენ მელიტინს — მოლეკულას, რომელიც მათი შხამის ნახევარს შეადგენს და რაც მათ ნაკბენს საკმაოდ მტკივნეულს ხდის. მწერები ამ პეპტიდს აწარმოებენ არა მხოლოდ შხამში, არამედ ქსოვილებშიც, სადაც ის ინფექციების საპასუხოდ გამოიყენება.

ამ მოლეკულის შესასწავლად, მკვლევრებმა ლაბორატორიაში გამოზრდილი კიბოს უჯრედები და ჩვეულებრივი უჯრედები დაამუშავეს ირლანდიური, ინგლისური და ავსტრიული მეთაფლია ფუტკების შხამით და ინგლისური ბაზის (ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, Bombus terrestris) შხამით.

აღმოჩნდა, რომ ბაზის შხამს, რომელიც არ შეიცავს მელიტინს, მაგრამ აქვს უჯრედის პოტენციური მკვლელი სხვა საშუალებები — მცირე ეფექტი ჰქონდა ძუძუს კიბოს უჯრედებზე, მაგრამ სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა მეთაფლია ფუტკრის შხამი ზემოთ ხსენებული ყველა ადგილიდან.

„შხამი უკიდურესად ძლიერმოქმედი იყო. აღმოვაჩინეთ, რომ მელიტინს შეუძლია 60 წუთში მთლიანად გაანადგუროს კიბოს უჯრედის მემბრანა“, — ამბობს ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი კიარა დაფი.

როდესაც მელიტინი ანტისხეულით დაბლოკეს, კიბოს უჯრედები შხამს გადაურჩა, რითაც დამტკიცდა, რომ შხამის კომპონენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ადრეული ცდების შედეგებზე, ნამდვილად მელიტინია.

ამ ყველაფერში საუკეთესო ამბავი კი ის არის, რომ მელიტინს მცირე გავლენა აქვს ჩვეულებრივ უჯრედებზე, კონკრეტულად კი მიზანში ამოღების უჯრედებზე, რომლებიც აწარმოებენ დიდი ოდენობით EGFR-სა და HER2-ს — კიდევ სხვა მოლეკულებს, რომლებსაც ჭარბად წარმოქმნიან ძუძუს კინოს გარკვეული ტიპები; მელიტინმა სრულიად მოშალა კიბოს უჯრედების გამრავლების უნარიც.

„ეს კვლევა წარმოაჩენს, როგორ აბრკოლებს მელიტინი სასიგნალო გზებს ძუძუს კიბოებში, რითაც ამცირებს უჯრედების გამრავლებას“, — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის უფროსი მეცნიერი პიტერ კლინკენი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

უფრო მყარი დასკვნისთვის, ჯგუფმა ასევე დაამზადა მელიტინის სინთეთიკური ვერსია, რაღა ენახათ, რამდენად განსხვავებული იქნებოდა მისი მოქმედება რეალური მელიტინისგან.

დაფის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სინთეთიკურმა პროდუქტმა ფუტკრის შხამის კიბოსსაწინააღმდეგო თვისებათა უმეტესობა გაიმეორა.

ამის შემდეგ, დაფიმ და მისმა ჯგუფმა თაგვებში შეამოწმეს მელიტინისა და ქიმიოთერაპიის პრეპარატების ერთობლივი მოქმედება. ექსპერიმენტულმა მკურნალობამ შეამცირა იმ მოლეკულების რაოდენობა, რომლებსაც კიბოს უჯრედები იმუნური სისტემისგან თავის დასაღწევად იყენებენ.

„დავადგინეთ, რომ ძუძუს კიბოს ძლიერ აგრესიული ტიპების სამკურნალოდ, მელიტინის გამოყენება შესაძლებელია პატარა მოლეკულებად ან ქიმიოთერაპიის სახით, მაგალითად, პრეპარატ დოცეტაქსელში. თაგვებში სიმსივნის ზრდის შესამცირებლად წარმოუდგენლად ეფექტიანი აღმოჩნდა მელიტინისა და დოცეტაქსელის კომბინაცია“, — განმარტავს დაფი.

EGFR და HER2 მოლეკულების ძლიერი ექსპრესია ასევე შეიმჩნევა სხვა ტიპის კიბოებშიც, მათ შორის, ფილტვის კიბოში; როგორც ეს კვლევა მიუთითებს, მლიტინის პოტენციური სამიზნე შეიძლება, ეს კიბოც იყოს.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაბორატორიაში, პეტრის თეფშზე კიბოს მოკვლა ძალიან ბევრ რამეს შეუძლია და მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზაა იქამდე, ვიდრე ფუტკრის შხამის ამ მოლეკულას ადამიანებში კიბოს სამკურნალოდ გამოვიყენებთ.

მკვლევართა განცხადებით, ადამიანებში ცდების დაწყებამდე, საჭიროა ოფიციალურად შეფასდეს ამ პეპტიდების ტოქსიკურობა და უსაფრთხო დოზის მაქსიმუმი.

თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, მწერების ეს საოცარი იარაღი კიდევ ერთი გასაოცარი მაგალითია იმისა, რომ ადამიანთა დაავადებების სამკურნალო ქიმიური ნივთიერებები ხშირად ბუნებაში მოიპოვება. აქვე აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სხვა მრავალ ქმნილებათა მსგავსად, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები დღეს თავად მეთაფლია ფუტკრებსაც აწუხებთ.

კვლევა ჟურნალ Nature Precision Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია perkins.org.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ძუძუს კიბოს საცდელმა პრეპარატმა თაგვებში სიმსივნე მხოლოდ ერთი დოზით გაანადგურა

ძუძუს კიბოს ესტროგენის რეცეპტორ პოზიტიური (ER+) ფორმის მკურნალობა ხშირად რთულ და ხანგრძლივ პროცესს მოითხოვს. ის, ძირითადად, ქირურგიულ ჩარევებსა და მრავალწლიან ჰორმონალურ თერაპიას გულისხმობს, რომელიც, თავის მხრივ, არაერთ უსიამოვნო გვერდით ეფექტს იწვევს. ამის მიუხედავად, ბოლო კვლევა ახალი გზის აღმოჩენის იმედს აჩენს.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მოლეკულურმა საცდელმა პრეპარატმა სხვადასხვა ზომის სიმსივნის სრული ან თითქმის სრული განადგურება ერთჯერადი დოზით შეძლო.

ძუძუს კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. მართალია, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით გადარჩენის შანსი გაიზარდა, მაგრამ ეს თერაპიები სრულყოფილი არაა. ER+ კიბოს შემთხვევაში, სიმსივნის ზრდას ჰორმონ ესტროგენის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები განაპირობებს. მის საწინააღმდეგოდ მიმართულ ჰორმონალურ თერაპიას ხშირად მთელი ორგანიზმისთვის მძიმე შედეგები მოაქვს, როგორიცაა ტკივილი, სქესობრივი დისფუნქცია, ქრონიკული დაღლილობა და ძვლების სისუსტე. ზოგიერთი პაციენტისთვის ის ენდომეტრიული კიბოს განვითარების რისკსაც ზრდის, თანაც მკურნალობის მიუხედავად მაინც არსებობს მაღალი შანსი, რომ დაავადება ხუთი წლის განმავლობაში განმეორდეს.

მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ ისეთ პრეპარატზე, რომელიც მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე იმოქმედებს და მინიმალური გვერდითი ეფექტი ექნება. ერთ-ერთი ასეთი კვლევის ავტორი პოლ ჰერგენროთერია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად პრეპარატი ErSO შექმნა. ის სიმსივნურ უჯრედებს ნეკროზის პროცესის გზით ანადგურებს, თუმცა მისი საწყისი ფორმა გარკვეულ არასასურველ სიმპტომებს იწვევდა. მათ აღმოსაფხვრელად სპეციალისტებმა მედიკამენტის ახალი ვერსია, ErSO-TFPy, შექმნეს, რომელიც სიმსივნეების განადგურებას გვერდითი ეფექტების გარეშე ახერხებს.

თაგვებზე ჩატარებული კვლევის დროს, ER+ ძუძუს კიბოს სამი განსხვავებული მოდელის საფუძველზე, ErSO-TFPy-ს ერთჯერადი დოზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ სიმსივნეები სრულად ან თითქმის სრულად გამქრალიყო. უფრო მეტიც, პრეპარატმა მინიმალური გვერდითი ეფექტი აჩვენა არა მხოლოდ თაგვებში, არამედ ვირთხებსა და ძაღლებშიც.

ეს მიღწევა იმედის მომცემია, რადგან ერთჯერადი ან რამდენიმე დოზით მკურნალობა პაციენტებს მრავალწლიანი თერაპიის საჭიროებისგან ათავისუფლებს და გვერდითი მოვლენების ალბათობას ამცირებს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მკურნალობა ძუძუს კიბოს თერაპიის სფეროს რადიკალურად შეცვლის.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს ისიც, რომ ამ ეტაპზე კვლევის შედეგები მხოლოდ ცხოველთა მონაცემებს ეფუძნება. ErSO-TFPy ადამიანის ER+ უჯრედებს ლაბორატორიულ პირობებში ეფექტიანად ანადგურებს, მაგრამ ყოველთვის გარანტირებული არ არის, რომ ცხოველის ან უჯრედული მოდელის შედეგები ცოცხალ ადამიანზეც იმავენაირად გავრცელდება.

მართალია, კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მეცნიერები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

თაგვები ნავიგაციისთვის წარმოსახვას იყენებენ – კვლევა

კვლევის თანახმად, თაგვები ნავიგაციისთვის წარმოსახვას იყენებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებით ვირთხებს ძალიან კარგად განვითარებული ფანტაზიის უნარი გააჩნიათ. გარდა ამისა, ისინი მახსოვრობითაც გამოირჩევიან, ამიტომ თაგვებს შეუძლიათ, გზა იმის მიხედვით გაიკვალონ, თუ როგორ გამოიყურებოდა კონკრეტული სივრცე წარსულში ან რა შეიძლება დახვდეთ იმ ადგილას, რომელიც ძალიან ჰგავს უკვე ნანახს.

როდესაც ადამიანები ადგილებს განმეორებით სტუმრობენ, ისინი ნავიგაციაზე დიდ გონებრივ რესურსს არ ხარჯავენ – ტვინმა იცის, სად წავიდეს. მკვლევრებს სურდათ, გაერკვიათ, მუშაობს თუ არა ვირთხების ტვინი და წარმოსახვა თითქმის ანალოგიურად. ცდების შედეგებმა ცხადყო, რომ მათი სივრცეში გადაადგილების უნარი თითქმის ადამიანის შესაძლებლობის მსგავსია.

მეცნიერებმა პასუხი ვირტუალური რეალობის დახმარებით მიიღეს. მათ რამდენიმე სახის გარემო დააპროექტეს – ზოგი ერთმანეთის იდენტური, ნაწილი მსგავსი, ზოგიერთი კი აბსოლუტურად განსხვავებული – და მოწყობილობა თაგვებს მოარგეს. მათ მოსალოდნელზე უკეთ მოახერხეს გადაადგილება იმ სივრცეში, რომლის მსგავსშიც ადრეც ყოფილან. მკვლევრების განცხადებით, ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მღრღნელების ტვინისა და შესაძლებლობების შესწავლა სამეცნიერო სამყაროს ჯერ კიდევ უამრავ ახალ აღმოჩენას სთავაზობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული

 ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც პოტენციურად კიბოს იწვევს.

კიბო, როგორც წესი, გენეტიკურ კოდში გარკვეული ცვლილებებით ჩნდება. ეს უჯრედებს მის მართვაში უშლის ხელს. ამ შეფერხებების აღმოფხვრამ შეიძლება თავიდან აიცილოს სიმსივნის გავრცელება.

დღეისათვის ცნობილია 600-ზე მეტი გენი, რომელიც კიბოს იწვევს. ეს მაშინ ხდება, როდესაც მათი თანმიმდევრობა მუტაციისას ზიანდება. თუმცა, კიბო შეიძლება სხვა გზებითაც განვითარდეს.

წინა კვლევებისას თავად დნმ-ის თანდაყოლილი ანომალიები შეისწავლეს, თუმცა ამჯერად, უშუალოდ იმ ანომალიებს დააკვირდნენ, რომლებიც დნმ-იდან ინსტრუქციების გადაცემისას წარმოიქმნება.

ესპანეთში, ბარსელონას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (BIST) მკვლევრებმა გამოიყენეს ალგორითმები, რათა გამოევლინათ შეცდომები გენეტიკურ კოდში. ეს შეცდომები დაკავშირებულია ეგზონებთან: გენეტიკური მიმდევრობის ნაწილებთან, რომლებიც პირდაპირ ითარგმნება ცილებად.

მკვლევრებმა ალგორითმები იმ 813 გენის დასადგენად გამოიყენეს, რომლებიც შერწყმისას კიბოს გაჩენას უწყობს ხელს. შედეგად შეადგინეს კიბოს “წამახალისებელი” გენების სია, რომელიც აქამდე უკვე ცნობილ 626 გენს ეფუძნება.

„ეს არ არის კლასიკური ონკოგენები, არამედ წარმოადგენს კიბოს პოტენციურად წარმომქმნელ სრულიად ახალ კლასს”, – აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრებს ახლა იმის თქმაც შეუძლიათ, თუ რომელი გენი უფრო სახიფათოა და რომელი უფრო უწყობს ხელს კიბოს განვითარებას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ჩამდინარე წყლებში პლასტმასის მჭამელი ბაქტერიები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ჩამდინარე წყლებში პლასტმასის მჭამელი ბაქტერიები აღმოაჩინეს. მათ დაადგინეს ჩამდინარე წყლების ბაქტერია, რომელსაც შეუძლია PET (პოლიეთილენ ტერეფტალატი) პლასტმასის დაშლა, რაც განსაკუთრებით პრობლემურია მისი სიძლიერისა და დეგრადაციისადმი გამძლეობის გამო, წერს უცხოური გამოცემა.

„ჩვენ პირველები ვართ, ვინც ვაჩვენეთ, რომ ჩამდინარე წყლების ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასის მასალა და გამოიყენონ ისინი ნახშირბადის წყაროდ“, – თქვა ერთ-ერთმა მეცნიერმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ბაქტერიის ფარული ძალა, რომელიც ნაპოვნია ურბანულ წყლებში და ჩამდინარე წყლებში: ის იკვებება პლასტმასის ნარჩენებით.

ის ჯერ„ღეჭავს“ პლასტმასს პატარა ნაჭრებად, შემდეგ ათავისუფლებს ფერმენტს, რომელიც შემდგომ ანადგურებს პლასტმასს, რაც ბაქტერიებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ნახშირბადის ატომები საკვებად.

პარალელურად, მეცნიერებმა შეისწავლეს ბაქტერიების შიდა სტრუქტურა, რათა გაეგოთ პლასტმასის დაშლის მექანიზმები.

აღნიშნულია, რომ ამ აღმოჩენამ შესაძლოა წყლები პლასტმასის ნარჩენებისგან გაათავისუფლოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერები: ,,ჩვენს წინაპრებს ჩვენზე ნაკლები ეძინათ”

ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვენს წინაპრებს დღის განმავლობაში ნაკლები ეძინათ, ვიდრე ჩვენ.

ამერიკელმა მკვლევარებმა შეისწავლეს აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ტრადიციული საზოგადოების იმ წევრების ძილის რეჟიმი, რომელთა ცხოვრების წესი ძალიან ახლოსაა უძველესი მონადირე- შემგროვებელი ადამიანების ცხოვრების წესთან.

ისინი დააკვირდნენ 98 ადამიანს 1,165 ღამის განმავლობაში, და აღმოჩნდა, რომ მათ ეძინათ საშუალოდ 6.5 საათი ღამეში.

შედარებისთვის, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანების უმრავლესობას აშშ-ში დაახლოებით შვიდი საათი სძინავს.

ჟურნალ ,,Current Biology-ში” გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძილის სტილის ჩამოყალიბებაში სინათლეზე უფრო დიდ როლს ტემპერატურა თამაშობს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

2050 წლისთვის სიმსივნის მქონე კაცებში სიკვდილიანობა, შესაძლოა, 93%-ით გაიზარდოს – კვლევა

ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების ახალ კვლევაში მეცნიერები სამომავლო პროგნოზს გვიზიარებენ, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მომავალში კაცებში სიმსივნის შემთხვევები და ამით გამოწვეული სიკვდილიანობა საგრძნობლად გაიზარდოს.

კერძოდ, 2050 წლისთვის პირველი მაჩვენებლის მატება 84%-ითაა მოსალოდნელი, მეორისა კი – 93%-ით, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა და საგანგაშო სტატისტიკაზე მიანიშნებს.

იმის მიუხედავად, რომ კვლევა ამერიკულ ონკოლოგიურ საზოგადოებას ეკუთვნის, ის გლობალური ხასიათისაა. მის ფარგლებში სპეციალისტებმა მეტწილად ავსტრალიაში, ეთიოპიასა და ჩინეთში მდებარე უნივერსიტეტებთან ითანამშრომლეს. ასევე, ონკოლოგიური მონაცემების ფართომასშტაბიანი ბაზა გამოიყენეს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ერთობლივი პროექტია. საბოლოო ჯამში, ავტორებმა185 ქვეყანაში/ტერიტორიაში კიბოს 30 ტიპი გააანალიზეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ სიმსივნის შემთხვევები ქალებშიც იმატებს, მაგრამ კაცებში ეს ტენდენცია უფრო შესამჩნევია. საქმე ისაა, რომ მათში ამ დაავადების ჩამოყალიბებისა და მისით განპირობებული სიკვდილიანობის რისკს ბიოლოგიური განსხვავებები, მავნე ჩვევები და იშვიათი სამედიცინო შემოწმებები იწვევს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ცუდ ვითარებაში შედარებით ასაკოვანი (65 წელს გადაცილებული) კაცები არიან და ისინი, რომლებიც ადამიანთა განვითარების დაბალი ინდექსის მქონდე ქვეყნებში ცხოვრობენ. გაეროს ეს საზომი მოსახლეობის განათლების დონეს, ჯანდაცვასა და ცხოვრების სტანდარტებს ითვალისწინებს. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ინდექსი სამხრეთ სუდანს აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი — შვეიცარიას.

საბოლოოდ, კვლევის მიხედვით მიღებულმა პროგნოზმა აჩვენა, რომ 2050 წლისთვის სიმსივნის შემთხვევების 10.3 მილიონიდან 19 მილიონამდე გაზრდაა მოსალოდნელი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 5.4-დან 10.5 მილიონამდე მოიმატებს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში CANCER გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 113
Page 12 of 113